მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.
ვახუშტი ბაგრატიონი საჩინოს შესახებ გადმოგვცემს: „და გამოვლის (რიონი) რაჭას, ლეჩხუმს, ოკრიბას, ვაკესა და სალომინაო-საჩინოს შუა, და განჰყოფს ოდიშსა და გურიას; და სიგრძე აქუს კავკასიიდამ ზღუამდე, ესრეთ გრეხის დინებითა“ (ქც 4: 747,11). „ხოლო მზღვრის საჯავახოს: აღმოსავლით მთა მცირე, ფერსათიდამ ჩამოსული ჩრდილოთ კერძოდ, საჯავახოსა და საჩინოს შორისი“ (ქც 4: 751,12). „არამედ განჰყოფს საჩხეიძოსა და არგუეთს ჩდილოთ ჩხერიმელა, ძირულა და ყვირილა, მერმე საჩხეიძოსა და ვაკეს – მდინარე რიონი საჩინომდე“ (ქც 4: 772,7).
მდებარეობს ვანის მუნიც-ში, ქ. სამტრედიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 25 კმ-ის დაშორებით, მდ. რიონის მარცხენა შენაკადის, მდ. სულორთან, თანამედროვე ქ. ვანის ტერიტორიაზე.
ვანში სიძველეთა აღმოჩენის ფაქტები ჯერ კიდევ XIX ს-ის შუახანებიდანაა ცნობილი; პირველი ცნობები ადგილობრივ პრესაში 1876 წ. გამოქვეყნდა. პირველი მეცნიერული გათხრები კი აქ ექ. თაყაიშვილმა ჩაატარა 1896 წ. 1936, 1938 და 1946 წწ. ვანსა და მის მიდამოებში ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა დაზვერვები ჩაატარა ნ.ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით. ვანის ნაქალაქარისა და ძველი ქალაქის ირგვლივ მდებარე ტერიტორიის („ვანის ქვეყნის“) სისტემატურ გათხრებს 1947 წ-დან აწარმოებს იმავე ინსტიტუტის, 1977 წ-დან კი არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ვანის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძ. ნ.ხოშტარია 1947-1966 წწ.; ო.ლორთქიფანიძე 1966-2002 წწ.; დ. კაჭარავა 2002 წ-დან).
წლების მანძილზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ვანში გამოვლენილია ნაქალაქარი. ნაქალაქარის ფართობია 18 ჰა. ის განლაგებულია ქალაქის დასავლეთ განაპირას მდებარე ბორცვზე, რომელიც ახვლედიანების ბორცვის სახელითაა ცნობილი, რადგანაც აქ XVIII ს-ში დასახლდნენ ლეჩხუმიდან გადმოსახლებული ახვლედიანები. სამკუთხა მოყვანილობის ბორცვი სამ ტერასადაა დაყოფილი. ბორცვს სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან საქვაბიასა და კაპრანიას საკმაოდ ღრმა ხევები იცავს. ძველ დასახლებას სამივე ტერასა ჰქონდა დაკავებული.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალის საფუძველზე ძველი ვანის ისტორიაში ოთხი პერიოდი გამოიკვეთება.
პირველი პერიოდი ძვ. წ. VIII-VII სს-ით თარიღდება. ეს ეტაპი წარმოდგენილია შედარებით მცირერიცხოვანი მასალით. ზედა ტერასაზე ამ ხანას თითო-ოროლა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი და ბრინჯაოს ისრისპირი მიეკუთვნება, რომლებიც აღმოჩნდა ადრეანტიკური ხანის ხის ტაძარ-სამლოცველოს ქვეშ (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე 1979: 37, სურ. 123).
ამ ეტაპზე ათვისებული ჩანს ცენტრალური ტერასაც, კერძოდ, მისი ჩრდილო-აღმოსავლეთი ფერდობი. აქ განსახილველ პერიოდს მიეკუთვნება საკურთხეველი და საკულტო კომპლექსი.
აქვე გათხრილი ძვ. წ. VIII-VII სს-ის საკულტო კომპლექსი (90 კვმ) წარმოდგენილია ნაგებობათა ნაშთებით.
მეორე პერიოდი ძვ. წ. VI-IV ს-ის პირველ ნახევარს მოიცავს. ეს ეტაპი წარმოდგენილია კულტურული ფენებით, არქიტექტურული ძეგლებით, სამარხებით, რიტუალური მოედნით.
ძვ. წ. VI-IV ს-ის პირველი ნახევრის ფენები გამოვლენილია ნაქალაქარის ზედა და აგრეთვე ცენტრალურ ტერასებზე, კერძოდ, ტერასის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ამ ფენებში, რომელთა სიდიდე საშუალოდ 1-1,5 მ-ია, უპირატესად კერამიკული მასალაა დაფიქსირებული. ამ ხანის არქიტექტურა წარმოდგენილია როგორც ხის, ასევე ქვის ნაგებობებით. პირველ ყოვლისა აღსანიშნავია ხის ტაძარ-სამლოცველო, გათხრილი ზედა ტერასაზე. ესაა თიხით შელესილი ნაგებობა, რომელიც აღმოსავლეთისაკენ ღიაა. მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები, რომელთა სიგანე 2,5 მ-ია, ერთნაირი კონსტრუქციისაა: კედლების შიდა და გარეთა პერანგები ამოყვანილია ხის ძელებით, რომელთა შორის სივრცე ამოვსებული იყო რიყის ქვებზე დაყრილი თიხით; კედლის შიდა სივრცე შეკრული იყო ხის ძელებითვე ამოყვანილი ტიხრებით. ორივე კედელი 8 მ სიგრძეზეა შემორჩენილი. დასავლეთ კედელში არაა დადასტურებული ხის ტიხრები; ფართობი ბუდეების ორ პარალელურ რიგს შორის ნიველირებულია. ივარაუდება, რომ დასავლეთ კედელს დერეფნის სახე ჰქონდა. კედლებს შორის ფართობზე (9,5 X 9 მ) იატაკის მომზადება გაიწმინდა ყვითელი თიხნარის სახით. ნაგებობის გარშემო არე საგანგებოდ იყო ნიველირებული – სამხრეთითა და დასავლეთით არსებული არხი ამოვსებული იყო ხის ძელებით გამაგრებული ქვაყრილით, რომელიც თიხით იყო გადალესილი (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ყიფიანი 1979: 30-33, სურ. 133).
ხის ტაძარ-სამლოცველოს ჩრდილო-დასავლეთით თიხით შელესილი ხის კიდევ ერთი ნაგებობა გაითხარა. ნაგებობა დანგრეულია ძვ. წ. V ს-ის მიწურულში ან IV ს-ის დასაწყისში.
ზედა ტერასაზე ქვის ორი ნაგებობაცაა აღმოჩენილი, რომლებიც წინარეელინისტურ ხანას განეკუთვნებიან. ორივე თეთრი კირქვისა და თირის ქვებითაა ნაგები.
ქვით ნაგები ორი ნაგებობა, რომელთა ნაშთები ცენტრალურ ტერასაზეა გამოვლენილი, ძვ. წ. IV ს-ს მიეკუთვნება (ლორთქიფანიძე 1972: 8, 9).
ძვ. წ. V-IV სს-ით თარიღდება ცენტრალურ ტერასაზე 1970-1971 წწ. გათხრილი თეთრი ქვის ნაგებობა, რომელიც გეგმაში ოთხკუთხაა. მისი აღმოსავლეთი კედელი მონგრეულია, რაც აძნელებს ნაგებობის სიგანის დადგენას; სიგრძე კი 14 მ-ია. ნაგებობის საძირკველი რიყის ქვითაა ნაგები, იატაკი თიხატკეპნილია (ლორთქიფანიძე ... 1976: 26, 27, სურ. 41-44).
ვანში გათხრილი 22 სამარხიდან მეორე პერიოდს განეკუთვნება №№6, 8, და 11. მათგან ყველაზე ადრეულია №11 სამარხი, რომელიც ძვ. წ. V ს-ის შუახანებით თარიღდება. ამავე დროს, ესაა ყველაზე მდიდრული სამარხი ვანში დღემდე აღმოჩენილთაგან (მასში 1700-ზე მეტი ოქროს ნივთია აღმოჩენილი). სამარხი კლდოვან დედაქანში ამოჭრილ ოთხკუთხა ორმოში (3 X 3,70 მ) იყო გამართული. ორმოში, როგორც ჩანს, იდგა ხის სარკოფაგი თუ კუბო, რისი მოწმობაცაა რკინის დიდი ზომის ლურსმნების აღმოჩენა. ამ კონსტრუქციას რიყის ქვაყრილი ფარავდა. სამარხ ორმოში ოთხი ადამიანისა და ერთი ცხენის ნაშთი დადასტურდა. ცხენი სარკოფაგის გარეთ იყო დასვენებული, იქვე იყო რკინის ლაგამი. ორმოში დაკრძალულ ოთხ მიცვალებულს შორის გამოკვეთილია მთავარი, რომელსაც მეტად მდიდრული ინვენტარი ჰქონდა ჩატანებული: ოქროსა და ვერცხლის სამკაული (დიადემა, სასაფეთქლეები და საყურეები, ყელსაბამები, სამაჯურები, მშვილდსაკინძი, ბეჭდები), ტანსაცმლის მოსართავი ოქროს ფირფიტები, ბრინჯაოს, ვერცხლისა და მინის ჭურჭელი, ოქროს ზოდი. გარდაცვლილისთვის საგზალიც გაუტანებიათ – თიხის ჯამებსა და შავლაკიან კილიკზე ეწყო საქონლისა და ფრინველის ძვლები. მიცვალებულს გადაფარებული ჰქონდა სუდარა, რომელიც ოქროს ღილაკებით, მილაკებითა და ორნამენტირებული ფირფიტებით იყო გაწყობილი. დანარჩენ დაკრძალულებს გაცილებით ღარიბული ინვენტარი ახლდათ. ერთ მათგანს ჩატანებული ჰქონდა ვერცხლის ორი დიადემა, ოქროს სხივანა საყურეები, ვერცხლის სამაჯურები; მეორეს – ვერცხლის დიადემა, ოქროს სხივანა საყურეები, აგრეთვე ოქროსა. მესამეს კი ერთადერთი ოქროს საყურე ამკობდა. სამარხი ძვ. წ. V ს-ის შუახანებით თარიღდება (ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, თოლორდავა, ჭყონია 1972: 212, 213, სურ. 183-225).
№8 სამარხი, რომელიც ასევე თირში ჩაჭრილ სწორკუთხა ორმოში (3 X 4 მ) იყო გამართული, გაძარცული აღმოჩნდა. ინვენტარიდან შემორჩა მხოლოდ ოქროს ერთი საყურე, მინისა და პასტის მძივები და შავფიგურული კილიკი. შემორჩენილი ნივთების განლაგების მიხედვით, მიცვალებული დამხრობილი იყო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ფუთურიძე, ხოშტარია, ჭყონია 1972: 120, სურ. 34, 67, 68). სამარხი ძვ. წ. V ს-ის მეორე მეოთხედით თარიღდება (კაჭარავა 1983: 29, სურ. 11, კატ. №108).
№6 სამარხი უფრო გვიანდელია – მას ძვ. წ. IV ს-ის პირველ ნახევარს აკუთვნებენ (ლორთქიფანიძე 1972: 9). სამარხი თირში ჩაჭრილ მოედანზე იყო გამართული. მიცვალებული ამ მოედნის დასავლეთ ნახევარში იყო დასვენებული. მიცვალებული 25-ოდე წლის ქალი ყოფილა. ინვენტარი, რომელიც ძირითადად სამარხის ჩრდილოეთ ნაწილში იყო განლაგებული, შედგებოდა ოქროს სამკაულების (დიადემა, საყურეები, კისრის რკალი, ყელსაბამები, პექტორალი, სამაჯურები, საბეჭდავი ბეჭდები, დასაკერებელი ფირფიტები, მშვილდსაკინძი, საკიდები, მძივები და მილაკები, კილიტები), ოქროს (ფიალა), ვერცხლის (ფიალა, სასმისი, სარწყულა, მათარისებური ჭურჭელი), მინისა (ამფორისკოსები, ოინოხოა) და თიხის (ცალყურა დოქი) ჭურჭლის, რიტუალური ნივთის (ოქროს საავგაროზე), ქარვისა და ოქროს საბეჭდავებისა და ოქროს ზოდისაგან (ფუთურიძე, ხოშტარია, ჭყონია 1972: 113-117, სურ. 35-65). შესაძლოა, იმავე პერიოდს მიეკუთვნებოდა №7 სამარხი, რომელიც №6 სამარხის პარალელურად ორი მ-ის დაცილებით აღმოჩნდა. ის გაძარცულია (ფუთურიძე, ხოშტარია, ჭყონია 1972: 119, სურ. 34).
ე. წ. დახურული კომპლექსებიდან, რომლებიც ადრეანტიკურ ხანას მიეკუთვნებიან, საგანგებო ყურადღებას იქცევს ზედა ტერასაზე გათხრილი რიტუალური მოედანი, მოგებული თირის ქვებით. მოედნის ფართობი დაახლოებით 12 კვ მ უნდა ყოფილიყო. ის გამართული იყო საგანგებოდ გაფხვიერებული თირის 0,20-0,25 მ სისქის ფენაზე. თირის ქვები ადგილზევე იყო გაწითლებული ცეცხლის ზემოქმედების შედეგად. რიტუალში გარკვეულ როლს ცეცხლი თამაშობდა.
იმავე პერიოდს მიეკუთვნება მონუმენტური საკურთხევლის ქვეშ აღმოჩენილი თირში ნაკვეთი კომპლექსი, რომელიც შედგება ღრმულის, ორი ურთიერთგადამკვეთი არხისა და ორი ორმოსაგან. ივარაუდება, რომ ეს კომპლექსი ქტონიურ ღვთაებებთან იყო დაკავშირებული. ადრეანტიკურ ხანას უნდა უკავშირდებოდეს ორმო, რომელიც ზედა ტერასის სამხრეთ-დასავლეთ კიდეში გაითხარა (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ყიფიანი 1979: 37).
ვანის არქეოლოგიურ მონაპოვარში განსაკუთრებული სიმრავლითა და მრავალფეროვნებით ხასიათდება ძვ. წ. VI-IV სს-ის ადგილობრივი კერამიკა. კოლხური კერამიკის შემცველი ფენები აღმოჩენილია ნაქალაქარის სამივე ტერასაზე, თუმცა შედარებით ნაკლებად ქვედაზე გვხვდება. დანიშნულების მიხედვით თიხის ჭურჭელში განასხვავებენ ხუთ ჯგუფს: სამეურნეო (ქვევრები და დერგები), სამზარეულო (ქოთნები, ქვაბები, ხუფები და საწურები), სუფრის (დოქები, სასმისები და ჯამები), სამგზავრო (მათარები) და დეკორატიული ჭურჭელი (ლარნაკები). გარდა ამისა, აღმოჩენილია თიხის მცირე ქანდაკებები. მიუხედავად ტიპოლოგიური მრავალფეროვნებისა (15 სახეობა გამოიყოფა), ვანის თიხის ჭურჭელი გარკვეული ერთიანობით ხასიათდება, რაც ვლინდება როგორც მოყვანილობასა და ორნამენტში, ასევე ორნამენტის დატანის ტექნიკასა და დამზადების ტექნოლოგიაში. ჯერ ერთი, ჭურჭლის მოყვანილობაში შეიმჩნევა ერთგვარი გეომეტრიზმი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჭურჭლის ცალკეული სეგმენტების გამოყვანაში; ყველა ფორმისთვის დამახასიათებელია უქუსლო ბრტყელი ძირი. ყურები, როგორც წესი, ვერტიკალურია; მეორე, სხვადასხვა დანიშნულებისა და მოყვანილობის ჭურჭელს აერთიანებს ორნამენტი: წამყვანი ორნამენტული სახეები (ტალღისებური და წიწვისებური ორნამენტი, რომბული ბადე, ჯვარედინი და მერიდიანული ხაზები, ირიბი ნაჭდევები, ირგვლივი ღარები და ღილაკები) გვხვდება ერთდროულად სხვადასხვა კერამიკულ ფორმაზე. ერთგვაროვანია ორნამენტის დატანის პრინციპიც – ორნამენტის სარტყლებად განლაგება, მერიდიანული და ირგვლივი სახეების მონაცვლეობა; მესამე, თიხის ნაწარმს აერთიანებს ორნამენტირების ტექნიკაც. სხვადასხვა ტექნიკით (წნეხვა, ამოკვეთა, დაძერწვა, ტვიფრვა) გამოყვანილი ორნამენტი ხშირად ერთდროულად გვხვდება ერთსა და იმავე ჭურჭელზე. როგორც წესი, ყველა ჭურჭელს ზედაპირი მოსწორებული აქვს, მოსწორების კვალი კი ორნამენტის ორგანულ ნაწილს ქმნის; მეოთხე, საერთოა კეცი – რუხი ან ყავისფერი, რასაც ხსნიან გამოწვის ერთნაირი რეჟიმითა და თიხის ერთგვაროვანი შედგენილობით; მეხუთე, თიხის ყველა ჭურჭელი სწრაფმბრუნავ ჩარხზე არის დამზადებული (ლორთქიფანიძე 1972: 22, 23, სურ. 217-223; ლორთქიფანიძე ... 1981). აღსანიშნავია, რომ ვანში მოპოვებული ადრეანტიკური ხანის თიხის ნაწარმი ანალოგებს პოულობს კოლხეთის სინქრონულ ძეგლებზე, თუმცა გარდა საერთო კოლხურისა, ვანში მხოლოდ მისთვის სპეციფიკური ფორმები (ბიკონუსურტანიანი დოქები, ორყურა დერგები, ლარნაკები), მორფოლოგიური ნიშნები (ჯამისებური ხუფების პირები, ყურმილიანი დოქების გამოზიდული ძირი) თუ ორნამენტული მოტივები გამოიკვეთება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კოლხური კერამიკა ვანში, ისევე როგორც კოლხეთის სხვა ძეგლებზე, ბევრად სჭარბობს იმპორტულს. ერთი სიტყვით, ვანის მონაპოვარი ადასტურებს, რომ მეთუნეობა ძვ. წ. VI-IV სს-ის კოლხეთის ხელოსნობის ერთ-ერთ მეტად დაწინაურებულ დარგს წარმოადგენდა.
იმ პერიოდის ოქრომჭედლობის ძეგლები წარმოდგენას გვიქმნიან საზოგადოების მაღალი ფენის მორთულობის შესახებ. ირკვევა, რომ თავსამკაულის ძირითადი ელემენტებია დიადემა და სასაფეთქლეები. ვერცხლისა და ოქროსაგან დამზადებული დიადემები გრეხილრკალიანია, დაბოლოებულია რომბისებური ფირფიტებით და შეკრულია კაუჭებით. ჰორიზონტალური ხაზით ორ სამკუთხედად გაყოფილი რომბისებური ფირფიტები ორნამენტირებულია. თითოეულ სამკუთხედში სამ-სამი ელემენტია გამოსახული: ვერცხლის ნიმუშებზე – ვარდულა და თითისტარისებური ბურცობები, ხოლო ოქროსაზე – სამი ცხოველის ბრძოლის სცენა. სასაფეთქლეებისა თუ საყურეების რამდენიმე სახეობაა ამ ხანაში გავრცელებული: სხივებიანი, ბურთულიანი, ფიგურულგამოსახულებიანი, ნავისებური ანუ ნახევარმთვარისებური, ძეწკვებიანი. ზოგიერთ სახეობაში ქვესახეობებიცაა გამოყოფილი. მაგ. ბურთულიან სასაფეთქლეებში განასხვავებენ ჭვირულბურთულიან, დაღარულ-ბურთულიან და დაცვარულბურთულიან ქვესახეობებს. ამავე ჯგუფში ერთიანდება ბიკონუსურსაკიდიანი საყურეები (ჭყონია 1977: 81-100, სურ. 65-90). ძვ. წ. IV ს-ის პირველ ნახევარში ჩნდება ოთხკუთხაგანივკვეთიანი მავთულისაგან დამზადებული საყურე რგოლები. მათაც, სასაფეთქლეების ანალოგიურად, თავები დაბრტყელებული და გახვრეტილი აქვთ. ყელის სამკაული სხვადასხვა სახის საკიდებითა (კუს, ჩიტისა და ვერძის, ხბოს თავის, სიმინდის ტაროსებური, წვეთისებური, დოლისებური) და მძივებით შედგენილი ყელსაბამებითაა წარმოდგენილი. ამ ეტაპის დასასრულისკენ ჩნდება ფუყე მძივ-ბურთულებისგან შედგენილი სამკუთხა საკიდებიანი ყელსაბამები. აღნიშვნის ღირსია შემკრები მძივები, რომლებიც ასევე მოგვიანო საფეხურზე იჩენს თავს. სამარხი №22-ში აღმოჩენილი ერთი ამგვარი მძივი სვასტიკის ფორმისაა, მეორეს კი წაგრძელებული ოთხკუთხედის მოყვანილობა აქვს. ხელის სამკაულად, სამაჯურებს გარდა, მძივების (ოქროს, სარდიონის) ასხმებიცაა დადასტურებული. ამ რიგის სამკაულია ბეჭდებიც. ოქროს სამაჯურები, ჩვეულებრივ, ცხოველთა (ჯიხვის, ლომის, ხბოს, ვერძისა და ტახის) თავებითაა დამშვენებული. ვანში აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ნიმუშების უდიდესი ნაწილის ადგილობრივი წარმომავლობის დამადასტურებლად მიჩნეულია მხატვრული ფორმის ორიგინალობა, სხვადასხვა სახის სამკაულის (მათ შორის შემოტანილი ფორმის) მხატვრულ-სტილისტური ერთიანობა, ფორმათა ერთგვაროვნება სხვადასხვა ლითონისგან (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) დამზადებულ ნიმუშებზეც, ტექნოლოგიური ნიშნების ერთიანობა სხვადასხვა ფორმის, დანიშნულებისა და ლითონის ნივთებზე (ლორთქიფანიძე 1972: 11-21; ჭყონია 1983: 92-97; ლორთქიფანიძე 1991: 164-171). ივარაუდება ვანში ოქრომჭედლობის სახელოსნო ცენტრის არსებობა. ამის საბუთად მიჩნეულია ოქროს ჩამოსხმული ზოდების არსებობა სამარხებში (№№6, 11), ოქროს ნაღვენთებისა და ნამზადების აღმოჩენა (ჭყონია 1976: 205-214). საყურადღებოა, რომ სამარხებში აღმოჩენილი ოქროს სამკაულების გარკვეული ნაწილი ატარებს შეკეთების კვალს. ზოგიერთი სამკაული ხმარების შედეგად დამტვრეული არის ჩატანებული სამარხში. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მხოლოდ დაკრძალვის რიტუალისთვის არ იყო დამზადებული, მათ სიცოცხლეში ატარებდნენ.
ამ ეტაპის დასასრულს ჩნდება ვერცხლის საკისრე რგოლები, დამზადებული ვერცხლის მრავალკუთხა ღეროსაგან, შეკრული კაუჭებით. პირველად ისინი თავს იჩენენ №22 სამარხში. ამგვარი საკისრე რგოლები აღმოჩენილია, ვანს გარდა, ითხვისში (სამარხი №2 – ძვ. წ. IV ს-ის მეორე ნახევარი), მოდინახესა (სამარხი №3 – ძვ. წ. V ს-ის მეორე ნახევარი) და შრომისუბანში (სამარხი №2 – ძვ. წ. V ს-ის მიწურული).
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ვერცხლის სარტყელი, აღმოჩენილი №22 სამარხში. ის ფურცლოვანი ვერცხლისგან არის დამზადებული და შემკულია მარტივი დეკორატიული მოტივებით: სამკუთხედები, სვასტიკები, ჩიტები, რომლებიც გამოყვანილია წერტილოვანი ტექნიკით. სარტყლის კიდეებს ნახვრეტები გასდევს. როგორც ჩანს, თავის დროზე მას ქსოვილის ან ტყავის სარჩული ჰქონდა. ვერცხლისა და ბრინჯაოს ზარაკების, აგრეთვე მძივების განლაგება ვერცხლის სარტყლის კიდეების გაყოლებაზე საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ნახვრეტების ნაწილი მაინც გამოყენებული იყო ზარაკებისა და მძივების ჩამოსაკიდებლად. ცნობილია ოქროს ქამრის აღმოჩენის ფაქტი ახალგორის განძში, ბრინჯაოს ქამრის ფრაგმენტი შედის ყაზბეგის განძში.
ვანში აღმოჩენილი კოლხური ბრინჯაოს მხატვრული დამუშავების ნიმუშებიდან აღსანიშნავია სიტულები. ისინი ძვ. წ. V ს-ის შუახანების კომპლექსშია აღმოჩენილი (სამარხი №11) (ლორთქიფანიძე 1991: 163-165). აღსანიშნავია მცირე ზომის სიტულა, რომლის სახურავი ცხოველთა გრავირებული გამოსახულებებითაა შემკული (ლორთქიფანიძე 1972: 22, სურ. 224, 225).
ვანის გლიპტიკურ ნაწარმში, კერძოდ, №9 სამარხში აღმოჩენილი ვერცხლის საბეჭდავი-ბეჭდები, რომელთა ფარაკზე გამოსახულია ცხოველები (ჯიქისა და ხარის ბრძოლის სცენა, დედალი და მამალი), აგრეთვე ოქროს საბეჭდავი-ბეჭედი დედატოსის წარწერითა და ცხენოსნის გამოსახულებით (ლორთქიფანიძე 1976ა: 116-166), ოქროს საბეჭდავი-ბეჭედი №22 სამარხიდან, რომლის ფარაკზე სასიყვარულო სცენაა გამოსახული.
უცხოური ნაწარმი ძვ. წ. VI-IV სს-ის პირველ ნახევარში წარმოდგენილია როგორც ლითონის, ასევე თიხის ნივთებით, უპირატესად, ჭურჭლით. იმპორტული ნაწარმი, როგორც წესი, მდიდრულ სამარხებშია დადასტურებული. თიხის ჭურჭლის ცალკეული ფრაგმენტები ფენებსა და ხის ტაძარ-სამლოცველოში და სხვა (ქვის) ნაგებობებშიც არის აღმოჩენილი. უადრესი იმპორტული ამფორებია (ძვ. წ. VI-V სს) – ლესბოსური ნაცრისფერკეციანი და ქიოსური ამფორები. ქიოსური ამფორების უადრესი ნიმუშები ძვ. წ. VI ს-ის დასასრულს, V ს-ის დასაწყისსა და ძვ. წ. V ს-ის პირველ ნახევარს მიეკუთვნება (ფუთურიძე 1983: 9, ტაბ. I, კატ. №№3-6). სამარხებში ამფორები პირველად გვხვდება ძვ. წ. IV ს-ის შუახანებით დათარიღებულ №22 სამარხში (ქიოსური ე. წ. ჩაჩისებურძირიანი და მენდეს ამფორები). ძვ. წ. IV ს-ის პირველი ნახევრის ამფორებში განისაზღვრა ქიოსური, თასოსური, მენდეს ნაწარმი (ფუთურიძე 1976: 79-82, სურ. 120; 1983: 9, ტაბ. I-II, კატ. №№9-11).
კერამიკული იმპორტის მნიშვნელოვან ჯგუფს ქმნის მოხატული და შავლაკიანი ჭურჭელი. მოხატული კერამიკიდან ერთადერთი ფრაგმენტი – ძვ. წ. VI ს-ის პირველი ნახევრის ქიოსური თასი გახლავთ. იმავე დროს, ესაა უადრესი იმპორტი ვანის კერამიკულ მონაპოვარში (კაჭარავა 1983ა: 26, სურ. 11, კატ. №101). დანარჩენი ნიმუშები მოხატული კერამიკისა, როგორც შავფიგურული, ისე წითელფიგურული, ატიკაშია დამზადებული. შავფიგურული კერამიკიდან ყველაზე ადრეულია წვრილ-ფიგურული კილიკები; ყველაზე გვიანდელი კი – ბელდამის მხატვრის სახელოსნოში დამზადებული ლეკითოსი. აღსანიშნავია ჰაიმონის ჯგუფის ლანკუტის ქვეჯგუფის სკიფოსი №8 სამარხიდან, რომელზეც კენტავრია გამოსახული. ძვ. წ. V ს-ის მეორე ნახევარს მიეკუთვნება ვანში აღმოჩენილი ატიკური მოხატული კერამიკა (კაჭარავა 1977: 115-118, სურ. 113; კაჭარავა 1983ა: 30-31, კატ. №№112-117, სურ. 12; 1983ა: 31-32, კატ. №№121-122, სურ. 13). წითელფიგურული ატიკური კერამიკის ყველაზე გვიანდელი ნიმუშები წარმოდგენილია ე. წ. ბადისებურორნამენტიანი ლეკითოსებით, რომლებზეც გამოსახულია სცენები გინეკეიონის ცხოვრებიდან და ტალღოვანი ორნამენტით შემკული სათევზე ლანგრებით. ეს ნიმუშები ატიკური ვაზათმხატვრობის უკანასკნელ ეტაპს მიეკუთვნება – ძვ. წ. IV ს-ის შუახანები, მიწურული (კაჭარავა 1983ა: 32-34, კატ. №№123-127; 135-137, 147, სურ. 14-16). რაც შეეხება სადა, შავლაკიან თიხის ჭურჭელს, ის მხოლოდ და მხოლოდ ატიკური ნაწარმითაა წარმოდგენილი. ჯერჯერობით მხოლოდ სუფრის ჭურჭელია დადასტურებული ნაქალაქარზე, უპირატესად სასმისები: სკიფოსები, კილიკები, ბოლსალები, კანთაროსები და ჯამები. სუფრისთვის განკუთვნილი სხვა ჭურჭელი თეფშებითაა წარმოდგენილი. შედარებით იშვიათია სუფრის სხვა ჭურჭელი, კერძოდ, სათევზე ლანგრები. ჩამოთვლილი შავლაკიანი ნიმუშებიდან ყველაზე ადრეულია ძვ. წ. V ს-ის მეორე მეოთხედის აკროპოლისის ჯგუფის კილიკი (№11 სამარხიდან), საკმაო რაოდენობითაა აღმოჩენილი ნატიფი კლასის კილიკები დათარიღებული ძვ. წ. 420 წლით (კაჭარავა 1983ა: 35-42, კატ. №№152-183, სურ. 17-19).
იმპორტული ლითონის ჭურჭელი არამასობრივი ხასიათის იმპორტს განეკუთვნება. ესენია: ბრინჯაოს ანთროპომორფულტარიანი პატერა და ოინოხოა, ვერცხლის არიბალოსი, კილიკები და სარწყულები, კოვზი (№№ 11, 6 სამარხებიდან). ყველა ეს ნივთი ძვ. წ. V ს-ის მეორე მეოთხედის პირველი ნახევრის ატიკურ ნაწარმადაა მიჩნეული (ლორთქიფანიძე 1983: 89-91, კატ. 402-414, სურ. 39-41).
ვანში აღმოჩენილი განსახილველი პერიოდის გლიპტიკური ძეგლების ნაწილი იმპორტულია. მათგან ყველაზე ადრეული ნიმუშები (№№6, 11 სამარხებში აღმოჩენილი) არქაულ ხანას (ძვ. წ. 600-480 წწ.) მიეკუთვნება. ესაა ოქროს ფარაკიანი ინტალიო-ბეჭდები. №6 სამარხის ერთი ოქროს ბეჭდის ფარაკზე მტაცებელი ცხოველია გამოსახული; მეორეზე – ნიამორი, მესამეზე – გარეული თხა. პირველი ორი თარიღდება ძვ. წ. V ს-ის დასაწყისით, მესამე – ძვ. წ. VI ს-ის დასასრულით. ეს საბეჭდავი-ბეჭდები იონიელი ოსტატების ნახელავადაა მიჩნეული. №11 სამარხში აღმოჩენილი ოქროს ფარაკიანი ბეჭედი შემკულია ცხოველისთავიანი ადამიანის გამოსახულებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია შესაკიდი საბეჭდავი – ქარვის ორმხრივი ინტალიო, აღმოჩენილი №6 სამარხში, რომლის ერთ პირზე ირემია გამოსახული, მეორეზე – კურდღელი. ის მიეკუთვნება ბერძნული ორიენტალიზებული სტილის გემების ჯგუფს (ლორთქიფანიძე 1976: 109-115, სურ. 130, 131; 1983: 91-94, კატ. №№415-418, სურ. 44, 45).
ყურადღებას იქცევს პოლიქრომიული მინის კოლექცია ვანის ნაქალაქარიდან (ფირცხალავა 1983: 79-86, კატ. №№392-398, სურ. 37).
ვანში ადრეანტიკურ ხანაში შემოჰქონდათ სხვადასხვა ქვის მძივები – სარდიონის, ქარვის, შესაძლოა, გიშრისაც (გიგოლაშვილი 1983: 96-89, კატ. №№423-425, 449-450, სურ. 46).
განხილულ ეტაპზე ვანი მიჩნეულია ადგილობრივი მმართველი ზედაფენის (საგვარეულო არისტოკრატიის) რეზიდენციად და კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად. ითვლება, რომ ის იყო ცენტრი კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა (ლორთქიფანიძე 1979: 16).
მესამე პერიოდი ძვ. წ. IV ს-ის მესამე მეოთხედსა და III ს-ის დასაწყისს მოიცავს (ლორთქიფანიძე 1977: 14), ან დაახლოებით ძვ. წ. 350-250 წლებს (ლორთქიფანიძე 1991: 177). ამ პერიოდს მიეკუთვნება თიხაზვინული ზედა ტერასაზე, მონუმენტური კედელი და რიყის ქვის კომპლექსი ცენტრალურ ტერასაზე, აგრეთვე ქვის ნაგებობა, რომლის ადგილას გვიანელინისტურ ხანაში მრგვალი ტაძარი აიგო.
ზედა ტერასაზე გამოვლენილი წაგრძელებული ოვალის ფორმის (13 მ X 17 მ) თიხა-ზვინული, რომელსაც ნაპირები თავის დროზე თირის ბრტყელი ქვათლილებით ჰქონდა შემოზღუდული, სტრატიგრაფიული მონაცემებით ძვ. წ. III ს-ის პირველ ნახევარში მაინც უკვე არსებობდა. რაც შეეხება მის ფუნქციას, შესაძლოა, ის სამსხვერპლოს თუ საკურთხევლის როლს ასრულებდა (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ყიფიანი 1979: 2-25, სურ. 100, 101).
ძვ. წ. IV ს-ის მეორე ნახევარსა და III ს-ს მიეკუთვნება რიყის ქვის კომპლექსი, გათხრილი ნაქალაქარის ცენტრალურ ტერასაზე. ის შედგება ქვაფენილისაგან, რომელიც სამი მხრიდან შემოსაზღვრულია რიყის ქვების მძლავრი (3 მ-მდე სისქის) კედლებით. ქვაფენილის ფართობი 40 კვმ-ს აღწევს. ქვაფენილში რიყის ქვებითვე გამოყვანილია ოთხი მრგვალი ორმო (დმ 0,3-0,4 მ). ივარაუდება, რომ ეს კომპლექსი საკულტო ხასიათისა იყო (ჭყონია 1986: 97-99, სურ. 82).
განსახილველი პერიოდის სამარხები აღმოჩენილია ნაქალაქარის ზედა და ცენტრალურ ტერასებზე. სამარხთა ერთი ნაწილი დაზიანებულია. №9 სამარხი თირში ამოკვეთილ ორმოში იყო გამართული. ორმო სწორკუთხაა, 4 მ სიგრძისა და 2 მ სიგანის, ორიენტირებული ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ცენტრალურ ნაწილში დაკრძალული იყო ერთი მიცვალებული, ზურგზე გაშოტილი, თავით ჩრდილოეთით; ხელები მენჯის ძვალზე ეწყო. როგორც ჩანს, მიცვალებული დაკრძალული იყო ხის სარკოფაგში ან ხის სარეცელზე. ამას უნდა მოწმობდეს რკინის ლურსმნების არსებობა, თუმც საკუთრივ ხის ნაშთები არ არის შემორჩენილი. მიცვალებულს საკმაოდ მდიდრული ინვენტარი ჰქონდა ჩატანებული: თავს უმკობდა თავსაბურავი, შედგენილი საკიდების, მძივებისა და მილაკებისაგან. ყელზე ეკეთა ნახევარმთვარისებური საკიდებისა და მძივებისაგან შედგენილი ყელსაბამი, მაჯებზე – ოქროს ორი და ვერცხლის სამი სამაჯური; ხოლო თითებზე – ოქროს (2), ვერცხლისა (2) და რკინის ბეჭდები. თავის ქალასთან აღმოჩნდა ერთი ბურთულიანი საყურე, ოქროს კლაკნილი მავთული. კისრის არეში დადასტურდა ოქროს მონეტა – ფილიპე II მაკედონელის ოქროს სტატერი. გარდა სამკაულისა, მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა ოქროს გარსაკრავიანი სალესი ქვა, ბრინჯაოს ლანგარი და თიხის ჭურჭელი (ადგილობრივი ჯამი, მოხატული დოქი, შავლაკიანი კანთაროსი, სოლოხა I ტიპის ამფორა). განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა იარაღი (მახვილი, შუბისპირები, ისრისპირები და ფარი). გარდა ამისა, მთელ სამარხში მიმოფანტული იყო ბრინჯაოსა და რკინის ისრისპირები; ორ ადგილას კი ისრისპირები მიჯრით იყო ჩაწყობილი (ტყავის ან ხის კაპარჭში ჩადებული?). აღმოჩნდა, აგრეთვე, კისრის საფარი – პექტორალი, ხოლო მიცვალებულის ფერხთით ფარის ფრაგმენტები დაფიქსირდა. მიცვალებულის ქვედა კიდურები დაფარული იყო საწვივეებითა და საბარკულებით.
დამატებითი სამარხი ცენტრალურ სამარხზე 10 სმ-ით მაღლა იყო მოწყობილი. აქ ქალის, მამაკაცისა და ძაღლის ჩონჩხები გაიწმინდა. მხოლოდ ერთ მიცვალებულს ჰქონდა ჩატანებული ინვენტარი პასტის მძივების სახით. დამატებითი სამარხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ხის ბორბლის ანაბეჭდი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში იდგა 5 ამფორა – 2 სოლოხა I ტიპისა, 2 კოლხური და 1 სინოპური. სინოპური ამფორა დამღიანი აღმოჩნდა. ამ დამღით, ფილიპე მაკედონელის სტატერითა და შავლაკიანი კანთაროსით მეომრის სამარხი ძვ. წ. IV ს-ის მესამე მეოთხედით დათარიღდა (ლორთქიფანიძე 1972: 25, 26, სურ. 163, 164 174, 175; ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, თოლორდავა, ჭყონია 1972: 202, 203, სურ. 160-177).
ძვ. წ. IV ს-ის მიწურულს მიეკუთვნება სამარხი №10 (ბავშვისა), გამართული თირში ამოკვეთილ ოვალურ ორმოში (1,4X0,9 მ). ინვენტარი წარმოდგენილია სამკაულით (ოქროს საყურე რგოლები, ოქროს 1, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 2 სამაჯური, ვერცხლისა და ბრინჯაოს თითო-თითო ფარაკიანი ბეჭედი, პასტისა და გიშრის მძივები); მონეტებით (3 ჩვეულებრივი ტიპის ტრიობოლი); თიხის ჭურჭლით (4 დოქი, თითო სასმისი, სანელსაცხებლე და ქოთანი) (ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, თოლორდავა, ჭყონია 1972: 211-213, სურ. 179-181; თოლორდავა 1986: 89-92, სურ. 75-78).
სამარხი №19 ასევე გამართულია კლდოვან დედაქანში ამოკვეთილ ოთხკუთხა (2,5 X 1,7 მ) ორმოში, რომელიც აღმოსავლეთიდან სამხრეთისკენ არის დამხრობილი. შემორჩენილი ძვლოვანი მასალა საფუძველს გვაძლევს აღვადგინოთ მიცვალებულის პოზა: ზურგზე, თავით აღმოსავლეთით, ხელის მტევნები თეძოებზე ეწყო. პირთან ახლოს აღმოჩნდა 2 კოლხური თეთრი – ჩვეულებრივი ტიპის ტრიობოლი. თავის არეში განლაგებული იყო ოქროს 2 ბიკონუსურბურთულიანი სასაფეთქლე, თავსამკაული, რომელიც შედგება ნახევარმთვარისებური საკიდებისა და სფერული მძივებისაგან; ყელსაბამი, რომელიც შედგება სფერული მძივების, ორი ნახევარმთვარისებური საკიდისა და ბურთულა-საკიდისაგან. ბურთულა-საკიდში ჩასმულია მთის ბროლის კენჭი. აქვე აღმოჩნდა ოქროს საკიდი მსხლისებური ფორმისა, ყვითელი მინის მძივი. მაჯებზე დადასტურდა თითო-თითო ვერცხლისა და რკინის სამაჯური. როგორც ვერცხლის, ასევე რკინის სამაჯურები მრგვალგანივკვეთიანი მავთულისაა, თხელი, თავგახსნილი. 2 ვერცხლის საბეჭდავი-ბეჭდიდან ერთზე ტახია გამოსახული, მეორეზე – ჩიტი და რტო. ტახი მოოქრულია. ინვენტარი განლაგებული იყო ორმოს ჩრდილოეთი კიდის გაგრძელებაზე, მიცვალებულის მარჯვნივ. ბრინჯაოს წრიულქუსლიანი ლანგარი ძლიერ ფრაგმენტულია. ბრინჯაოს კიდევ რაღაც ნივთი, ისევე როგორც რკინის გაურკვეველი ნივთი, ამოღებისას დაიშალა. თიხის ჭურჭელი ექვსი ნიმუშით იყო წარმოდგენილი: წითელი საღებავით მოხატული დაბალყელიანი ჭურჭელი, რომლის ტანი შევრონებითაა მოხატული; ოინოხოის ტიპის დოქი, მორუხოზედაპირიანი, ყავისფერკეციანი, შემკული ნაკვეთი და დანაძერწი ორნამენტით (ტალღები, თევზიფხური ორნამენტი, კოპები); სფერულტანიანი და ძაბრისებურყელიანი დოქი; ორყურა ქოთანი; პირმოყრილი ჯამები. ჭურჭელთან აღმოჩნდა საგზალი – ძროხის ძვლები. სამარხი თარიღდება ძვ. წ. IV ს-ის მეორე ნახევრით (ლორთქიფანიძე . . . 1995: 95-97).
სამარხი №15 რიგი თავისებურებებით ხასიათდება. თირში ამოჭრილი სამარხი ორმო (3 X 2,6 მ), დამხრობილი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, შიგნით შემორაგული ყოფილა ხის წნულით, რომელიც შელესილი იყო ნაშალი თირისა და თიხის ნაერთით. ფიქრობენ, რომ წნული სარკოფაგის დანიშნულებას ასრულებდა, რადგან სამარხში არც რკინის ლურსმნები და არც თავად ხის ნაშთები აღმოჩენილა. ასეთივე წნულით იყო გამოყოფილი სამარხი აღაპის ნაშთისგან, რომელშიც თიხის ჭურჭელი, მათ შორის კოლხური ამფორა და ცხოველთა დამწვარი ძვლები აღმოჩნდა. სამარხი ორმოს ერთი მონაკვეთი ჩრდილოეთი მხრიდან კრამიტებით იყო შემოსაზღვრული. მცირე ძვლოვანი ნაშთებისა და ინვენტარის განლაგების მიხედვით მიცვალებული თავით ჩრდილო-დასავლეთისაკენ უნდა ყოფილიყო დამხრობილი. კოლხური ამფორა იდგა სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში; აღმოსავლეთი კედლის გაყოლებაზე ჩამწკრივებული იყო ბრინჯაოს სარკე, 2 სტრიგილი, ლანგარი და ოინოხოა, თიხის 2 სანელსაცხებლე (იმპორტული) და 2 ადგილობრივი ქოთანი; ჩრდილოეთ კედელთან აღმოჩნდა ვერცხლის კოვზი. ცენტრალურ ნაწილში მიმობნეული იყო ყელსაბამის ნაწილები (ოქროს, მინისა და სარდიონის მძივები, მინის თვლიანი ოქროს საკიდი), ოქროს საავგაროზე, ოქროს 2 მონეტა – ალექსანდრე მაკედონელისა (ძვ. წ. 356-323) და ფილიპე III მაკედონელის (ძვ. წ. 323-316) სტატერები, აგრეთვე 2 კოლხური ტრიობოლი ჩვეულებრივი ტიპისა. ატიკური ფიალის, იმპორტული სანელსაცხებლეებისა და მონეტების საფუძველზე სამარხი ძვ. წ. III ს-ის დასაწყისს განეკუთვნება (თოლორდავა 1986: 83-89, სურ. 64-71).
ზედა ტერასაზე რამდენიმე სამარხი მიეკუთვნება აღნიშნულ ხანას. №12 სამარხი დაზიანებულია. შემორჩენილია სამარხის მხოლოდ ჩრდილოეთი ნაწილი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ წაგრძელებულ სწორკუთხა ორმოსამარხში (6,8X3,8 მ) 7 ინდივიდი, 4 ცხენი და 1 ძაღლი იყო დაკრძალული. სამარხი ძვ. წ. III ს-ით თარიღდება (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ყიფიანი 1979: 25-27, სურ. 103-106). სავარაუდოდ, ამ სამარხს უკავშირებენ იქვე ახლოს აღმოჩენილ ოქროს მონეტასა და რქოსანი ლომის თავებით დაბოლოებულ წნულ ძეწკვს. მონეტა სირაკუზის ტირან ჰიერონ II-ის (ძვ. წ. 275-216) სტატერია (დუნდუა, ლორთქიფანიძე 1977: 132, №31), ხოლო ძეწკვი ძვ. წ. III-II სს-ით თარიღდება (ჭყონია 1981: 72, 73, 115, №90, სურ. 46).
№13 სამარხი გამართული იყო კლდოვან დედაქანში ამოკვეთილ ოვალურ ორმოში (3,10X2,60 მ), რომელიც გადახურული უნდა ყოფილიყო ხის ძელებით, რისი მანიშნებელიცაა ორმოს დასავლეთ კედელში არსებული ფოსოები. ხის კონსტრუქციის არსებობის დამადასტურებელია სამარხში აღმოჩენილი რკინის ლურსმნები. როგორც ჩანს, სამარხის თავზე თირის ქვების ყრილი იყო გამართული, რომლის ნაშთია ორმოში დადასტურებული თირის ქვების ამორფული მასა. ორმოს სიღრმე 0,60-1,50 მ-ია. სამარხი ინდივიდუალურია. მიცვალებულის ჩონჩხიდან მხოლოდ ყბის ძვლები და კბილები გადარჩა. მიცვალებულთან ერთად დაკრძალული იყო ცხენი (ორმოს დასავლეთ ნაწილში). სამარხი ასევე ძველადვე დაზიანებულია. ინვენტარიდან შემორჩენილი იყო ბრინჯაოს ხუფიანი სიტულა, ბრინჯაოს ომფალოსიანი ფიალა, თიხის 2 ჯამი, რკინის ოთხკუთხა ბალთა, რკინისავე რაღაც გაურკვეველი ნივთები, მინის მძივები. სავარაუდოდ, ამავე სამარხს მიეკუთვნებოდა სამარხიდან ოდნავ დაცილებით ფენაში აღმოჩენილი ნივთები: ვერცხლის სამკაულები – ჟღარუნა, სასაფეთქლე რგოლი და საკიდები, შედგენილი ვარდულის, შეწყვილებული მძივების, ყუნწების, რგოლებისა და საკიდებისაგან; ოქროს მძივები, აქატისა და სარდიონის მძივები, აქატის საკიდი, რომლებიც შესაძლოა ერთ ყელსაბამს ქმნიდა (ჭყონია 1981: 71, 115, №88, სურ. 45, 53). აქვე აღმოჩნდა ბრინჯაოს ჯავშნის ფრაგმენტი და ბრინჯაოსავე ისრისპირი. სამარხი ძვ. წ. III ს-ს მიეკუთვნება (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ყიფიანი 1979: 27, სურ. 108-111).
№14 სამარხი იმდენად დაზიანებულია, რომ არც სამარხი ნაგებობის შესახებ შეიძლება მსჯელობა, არც მიცვალებულის პოზაზე და არც ინვენტარზე. სამარხი ძვ. წ. III ს-ით თარიღდება (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ყიფიანი 1979: 27, სურ. 113, 114).
№16 სამარხი გამართული იყო თირში საგანგებოდ ამოკვეთილ ოთხკუთხა ორმოში (2,5X1,80 მ). სამარხის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთი კიდე დაზიანებული იყო. სამარხში რკინის დიდი ზომის ლურსმნებისა და კავების აღმოჩენის ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ მიცვალებული დასვენებული იყო ხის რაღაც კონსტრუქციაზე (სარეცელი, კუბო). საკმაოდ მდიდრული ინვენტარი წარმოდგენილია სამკაულით, ცხენის აღკაზმულობით, იარაღით, მონეტებით, ჭურჭლით. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს სამკაული ქმნის, რომელიც შედგება თავის, ყელისა და ხელების სამკაულისგან, აგრეთვე ტანსაცმლის მოსართავი დეტალებისგან. თავსამკაულში შედის 5 საყურე, რომელთაგან 3 ბურთულიანია (2 დაღარულბურთულიანი და 1 ჭვირულბურთულიანი), დანარჩენი 2 ოთხ-კუთხაგანივკვეთიანი მავთულისგან დამზადებულ მარტივ რგოლს წარმოადგენს. ყელის სამკაულს მიეკუთვნება ადამიანის თავის გამოსახულებიანი ელექტრუმის საკიდები, ოქროს მძივები და მილაკები, აგრეთვე ვერცხლისა და ბრინჯაოს თითო ხატისუღელი. უთუოდ ყელის სამკაულს ეკუთვნოდა მძივებისა და საკიდების ერთი ნაწილი მაინც, დამზადებული სერდოლიკის, გიშრის, აგრეთვე მინისაგან. მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა სხვადასხვა ლითონისაგან (ვერცხლი, ბრინჯაო, რკინა) დამზადებული 27 სამაჯური და 10 ბეჭედი, რომლებიც 8 გროვად იყო განლაგებული. თითოეულ გროვაში სამივე ლითონის სამაჯური შედიოდა, როგორც წესი, და ხშირად მძივები ახლდა თან. გარდა ამისა, სამარხში აღმოჩნდა რაღაც სამკაულის ქარვის ჩასართავები. ტანსაცმლის მოსართავად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი ოქროს ფირფიტები (გრიფონისა და ტახის გამოსახულებიანი) და ღილაკი, აგრეთვე ვერცხლის ფიბულა. აღსანიშნავია, რომ გარდა 80 კოლხური თეთრისა (ჩვეულებრივი ტიპის ტრიობოლები), რომლებიც სამაჯურების ორ გროვას შორის დაფიქსირდა, სამარხის ინვენტარი შეიცავს ოქროს ზოდსაც. იარაღი წარმოდგენილია ვერცხლის ისრის პირით, რკინის შუბისპირის, სატევრის, ქარქაშის ფრაგმენტებით, დანებით, ე. წ. ქერცლისებური ბექთარის ფრაგმენტით. ორ გროვად გაიწმინდა ცხენის აღკაზმულობა, რომელშიც შედიოდა ბრინჯაოს ლაგამი სამყუნწიანი საყბეურით, ვერცხლის ნახევარმთვარისებური საკიდები და კონუსური ბალთები, ვერცხლის ექვსწახნაგა ღერო, ვერცხლისა და რკინის რგოლები, ბრინჯაოს საშუბლე ფირფიტა და სხვ. ჭურჭლიდან სამარხეულ ინვენტარში შედიოდა ბრინჯაოს სიტულა, სინოპური ამფორა და ადგილობრივი თიხის ჭურჭელი. აღსანიშნავია, რომ სამარხში ორი ძველადვე შეკეთებული ნივთი არის ჩადებული – ოქროს ჭვირულბურთულიანი სასაფეთქლე და ვერცხლის ნახევარმთვარისებური საკიდი. პარალელური მასალებით №16 სამარხი მიეკუთვნება ვანში გამოვლენილი სამარხების იმ ჯგუფს, რომელიც ძვ. წ. IV ს-ის დასასრულს-III ს-ის დასაწყისისა უნდა იყოს (კაჭარავა, მჟავანაძე 1986: 15-25, ტაბ. 7-15).
№16 სამარხის სინქრონულია მის ჩრდილო-აღმოსავლეთით აღმოჩენილი სამარხი №17, რომელიც ასევე კლდოვან დედაქანში ამოკვეთილ სწორკუთხა ორმოში (6X2 მ) იყო გამართული. ორმოს იატაკი დამუშავების კვალს ატარებს. ეს სამარხიც დაზიანებულია. მისი ინვენტარიდან მხოლოდ ადგილობრივი წარმოების დერგი და ჯამი, სინოპური ამფორა, რკინის შუბისპირის ფრაგმენტები, 2 კოლხური თეთრი, ბრინჯაოს ბეჭედი, 4 ცილინდრული ზარაკი და მინის 7 მძივი შემორჩა. როგორც ჩანს, აქაც ხის კონსტრუქცია იყო, რასაც მოწმობს რკინის ლურსმნების აღმოჩენის ფაქტი და იატაკის დამუშავების სტილი (გრძივი ღარები ძელების ჩასადებად) (კაჭარავა, მჟავანაძე 1986: 25, 26, სურ. 17).
№18 სამარხი გამართულია კლდოვან დედაქანში ამოკვეთილ მოედანზე, რომელიც ღიაა სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან. მოედანი სამი მხრიდან შემორაგულია თირის კედლებით. მოედნის შემომრაგველი ჩრდილო-აღმოსავლეთი კედლის სიმაღლე 1 მ-დან ნულზე დადის სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით, სიგრძე კი 5 მ-ია. მოედანზე, კედლების პარალელურად, მათგან 1-1,75 მ-ის დაცილებით გაითხარა ნაგებობა, რომლის კედლები დაზიანებულია, ზოგჯერ მხოლოდ ბუდეებია შემორჩენილი. მაგრამ მაინც შეიძლება გეგმის აღდგენა. ესაა სწორკუთხა (2,5X9,10 მ) ნაგებობა, ღია სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან. მოედნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნაგებობასა და მოედნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელს შორის, აღმოჩნდა თირში ამოკვეთილი ორმო, რომელიც ამოვსებული იყო თიხანარევი სილით. ორმოში გამართული იყო ქვევრსამარხი. ქვევრი ჰორიზონტალურად იდგა, მაგრამ გადახერხილი იყო არა სიგრძეზე, არამედ სიგანეზე (მაქსიმალური დიამეტრის ადგილას). პირი დაფარული იყო სინოპური კალიპტერის ფრაგმენტით და შევსებული იყო რიყის ქვებით. სამარხი ბავშვისაა – შემორჩა სარძევე კბილი. ინვენტარი შეიცავდა თიხის ჭურჭელს (დოქები, ჯამები, ამფორისკოსი), ოქროს სამკაულებს (წყვილი საყურე, სფერული მძივები, ცვარასგან შედგენილი მძივი), რკინისა და ბრინჯაოს სამაჯურებს, რკინის ბეჭედს. სამარხი ძვ. წ. III ს-ის პირველ ნახევარს მიეკუთვნა (ლორთქიფანიძე ... 1991: 73-74, ტაბ. 177, 178).
ცალკე ჯგუფს ქმნის როგორც ტიპოლოგიური, ასევე ტოპოგრაფიული თვალსაზრისით სამარხების ჯგუფი, გამართული ზედა ტერასის იმ მონაკვეთზე, რომელზეც ორი სამლოცველოა გათხრილი. აქ ჯერჯერობით 5 სამარხია აღმოჩენილი. ერთი მათგანი ქვაყუთს წარმოადგენს, დანარჩენი სამარხები კი გამართულია კლდეში ნაკვეთ ოთხკუთხა ორმოებში. ოთხივე ერთი კონსტრუქციისაა – ორმოს დასავლეთი კედლის გაყოლებაზე პლატფორმაა გამართული. პლატფორმა, ჩვეულებრივ, კლდეშია გამოკვეთილი. ყველა სამარხი დაზიანებულია, როგორც ჩანს, იმ კომპლექსის მშენებლობისას, რომელსაც ეკუთვნის კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი არხი და ამ არხიდან გამოსული, არხისკენ, ღია ბუდეები.
სამარხი №21 ძლიერაა დაზიანებული. სამარხის შევსებაში აღმოჩენილი ნივთები, როგორიცაა ვერცხლის მონეტები, ოქროს, მინისა და კვარცის მძივები, იოტები, რკინის იარაღით (მახვილი, ისრისპირი, დანა, აბჯარი) და ბრინჯაოს ზარაკები, სამარხის ინვენტარის ნაშთად შეიძლება ჩაითვალოს. მონეტა შვიდია. შვიდივე კოლხური თეთრია – ჩვეულებრივი ტიპის ტრიობოლი.
სამარხი №23 გამართულია ოთხკუთხა ორმოში, რომელიც კლდოვან დედაქანშია ამოკვეთილი. სამარხი ორმოს სამხრეთ კედელს 2 მ-ის სიგრძეზე გასდევს ასევე კლდეში ამოკვეთილი პლატფორმა, რომლის სიგანე 1 მ-ია. პლატფორმა ორმოს ზედაპირიდან 1,20 მ-ის სიღრმეზე მდებარეობს. ორმოს აღმოსავლეთი კედელი არ არის შემორჩენილი. ის, შესაძლოა, არხის გაჭრის დროს დაზიანდა, ისევე როგორც მთელი სამარხი. პლატფორმაზე არაფერი არ აღმოჩენილა. ძირითადი სამარხიც დაზიანებული ჩანს. ჩონჩხიდან მხოლოდ ადამიანის თავის ქალის ნაშთები და კბილები, აგრეთვე ცხენის ჩონჩხის ნაწილი შემორჩა, რომელიც ადგილიდან დაძრული ჩანს. ინვენტარიდან შემორჩენილია თიხის ჭურჭელი – 2 დოქი, და 1 ჯამი, სამკაულები – ვერცხლის საყურეები, რკინისა და ბრინჯაოს სამაჯურები, რკინის ხატისუღელი, მინისა და მინისებური პასტის მძივები. ორივე დოქი მსხლისებურტანიანია, ოღონდ ერთი შავზედაპირიანია, მეორე – ჩალისფერკეციანი, მოყვითალო ანგობით დაფარული, მოხატულია წითელი საღებავით გამოყვანილი შევრონებით. სარიტუალო ნივთებიდან ზარაკებია წარმოდგენილი. სამარხში აღმოჩენილი ნივთებიდან დასათარიღებლად გამოდგება მხოლოდ დოქი, მოხატული წითელი საღებავით. ამგვარი დოქები აღმოჩენილია №9 სამარხში, რომელიც ძვ. წ. IV ს-ის მესამე მეოთხედს მიეკუთვნება და №19 სამარხში, რომელიც ძვ. წ. IV ს-ის მეორე ნახევრით თარიღდება.
სამარხი №24 ასევე კლდეში ამოკვეთილ ორმოშია გამართული (2X1,80 მ). ორმოს სამხრეთი კედლის გასწვრივ პლატფორმა იყო გამართული, რომელიც თირის ბელტებითაა ნაგები. მისი სიგანე 0,50 მ იყო, ხოლო სიმაღლე – 1 მ. სამარხის ძირითადი ნაწილი ქვაყრილით იყო ამოვსებული. როგორც ჩანს, სამარხში იდგა ხის რაღაც კონსტრუქცია – კუბო, სარეცელი თუ სარკოფაგი, რომელიც არ შემორჩენილა. მის არსებობას ადასტურებს ორმოს პერიმეტრზე აღმოჩენილი რკინის ლურსმნები. სამარხში 5 მიცვალებული და 1 ცხენი იყო დაკრძალული. მთავარი მიცვალებული ორმოს ცენტრალურ ნაწილში იყო დასვენებული. ორმოშივე იყო დაკრძალული სამი მსახური და ცხენი. ერთი მსახური პლატფორმაზე ესვენა. პლატფორმაზე დასვენებული იყო ერთი მიცვალებული (მსახური). ინვენტარი ღარიბულია (ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები, ბეჭდები), მაგრამ ყველა მსახურს ჩატანებული ჰქონდა ერთი ტიპის ვერცხლის ხატისუღელი. მსახურებისთვის ჩატანებული საკისრე რგოლები იმ ტიპისაა, რომელიც საკმაოდ კარგადაა ცნობილი და ჩვენში გვხვდება ძვ. წ. V ს-ის მეორე ნახევრის – IV ს-ის მეორე ნახევრის კომპლექსებში.
მთავარი მიცვალებულის ჩონჩხი არ შემორჩენილა, მაგრამ სამარხეული ინვენტარის განლაგება საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ მისი ორიენტაცია და პოზა. აშკარაა, ის დასვენებული იყო თავით სამხრეთით, იწვა ზურგზე გაშოტილი. მიცვალებულის სქესი არაა დადგენილი, თუმცა არის იმის მიმანიშნებელი მომენტები სამარხეულ ინვენტარში, რომ დაკრძალული ქალი უნდა იყოს. მთავარ მიცვალებულს გადაფარებული უნდა ჰქონოდა სუდარა, რომლისგან მხოლოდ ათასობით მინის მძივი შემორჩა, ხოლო მისი ტანსაცმელი უხვად იყო შემკული ოქროს დასაკერებელი ფირფიტებით, რომლებიც არწივებისა და იხვების გამოსახულებებს წარმოადგენდა. მხარსა და მკლავებს გასდევდა არწივების რიგი, იხვების რიგით იყო გაწყობილი საყელო; მკერდზე იხვების გამოსახულებები რაღაც ორნამენტულ სახეს ქმნიდა; ზურგზეც იყო დაკერებული არწივების ერთი რიგი (ეს რიგი უკუღმა იდო სამარხის იატაკზე). მიცვალებულს ამკობდა თავსაბურავი, ყელსაბამები, სამაჯურები, ბეჭდები. მის პირთან ვერცხლის მონეტა აღმოჩნდა. ინვენტარის დიდი ნაწილი კონცენტრირებული იყო მთავარი მიცვალებულის თავის მახლობლად, მისგან მარცხნივ. აქ აღმოჩნდა თიხის 4 ამფორა, 2 ბადისებურორნამენტიანი ლეკითოსი, ვერცხლის ფიალა, ვერცხლის ჩამჩა. ვერცხლის სარწყულა და სანელსაცხებლე, ბრინჯაოს ჭურჭელი – დოქი, ფიალა და ლანგარი, ბრინჯაოსავე სარკე, ადგილობრივი კერამიკა – ჯამი და 3 დოქი. სამარხი ორმოს დასავლეთი კედლის გასწვრივ 2 იმპორტული თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა – წითელფიგურული სკიფოსი და შავლაკიანი ჯამი. მთავარი მიცვალებულის არის აღმოსავლეთ კიდესთან ვერცხლის სამკაულის გროვა აღმოჩნდა. ინვენტარი შეიცავს 1000-ზე მეტ ოქროსა და ასობით ვერცხლის სამკაულს, თიხის 12 ჭურჭელს, ვერცხლის 8 და ბრინჯაოს 2 ჭურჭელს, ბრინჯაოს სარკეს, 15 000-ზე მეტ მინის, ეგვიპტური ფაიანსის, სარდიონის, ქარვისა და გიშრის მძივს, ვერცხლის მონეტას, ქალცედონის საბეჭდავს, ბრინჯაოს ზარაკებს, რკინის შუბისპირს. ყველზე ადრეული ნივთი სამარხიდან ასურული თუ ახალ-ბაბილონური საბეჭდავია. ყველაზე გვიანდელი ნივთი კი მონეტაა – პანტიკაპეიონის მონეტა, დათარიღებული ძვ. წ. 340-330 წლებით.
დაკრძალვის წესებში თანაარსებობს ტრადიციული ელემენტები (სამარხის აღნაგობა, სამკაული) და ახალი წესები. ამ უკანასკნელთაგან აღსანიშნავია მონეტისა (ქარონის ობოლი) და ამფორების ჩატანების წესი. ქვევრსამარხი ასევე სიახლეა საკუთრივ ვანის ნაქალაქარისთვის, თუმცა მის მახლობლად ქვევრსამარხების შემცველი სამაროვნები კარგადაა ცნობილი (დაბლაგომი, დაფნარი). სიახლეა აგრეთვე ქვაყუთებში დაკრძალვა. სიახლეებს ბერძნულ და სკვითურ-ირანულ სამყაროსთან კონტაქტით ხსნიან (ლორთქიფანიძე 1979: 19, 20). სამარხში ბექთარის ჩატანების წესი ვანში ადრეელინისტურ ხანაში არის დადასტურებული (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ყიფიანი 1979: 27, 79, კატ. №501; გვ. 117, სურ. 186; კაჭარავა, მჟავანაძე 1986: 23, 31, კატ. №56, სურ. 15,4).
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რკინისა და ბრინჯაოს ფიგურები, რომელთა რაოდენობა ექვსს აღწევს. მათგან 3 რკინისაა, 3 – ბრინჯაოსი. ქანდაკებები მცირე ზომისაა: ბრინჯაოს ქალის ქანდაკება 16 სმ სიმაღლისაა, მისი წყვილი – 18 სმ სიმაღლის. რკინის ქანდაკებებიდან ყველაზე მაღალია მამაკაცის ითიფალური ფიგურა (30 სმ). ყველა ფიგურა მდგარ პოზაშია გამოსახული, შიშველი; ხელები წინა აქვთ გაშვერილი. ყველა ნაქალაქარის ზედა ტერასაზეა აღმოჩენილი. ოთხი მათგანი (რკინის 3 ფიგურა და ბრინჯაოს 1 ფიგურა) კლდოვან დედაქანში საგანგებოდ ამოკვეთილ ორმოში ჩადგმულ ღარიან კრამიტზე იყო დასვენებული და ღარიანი კრამიტივე ეხურა ზემოდან. უკლებლივ ყველა ფიგურა ოქროს სამკაულებს ატარებს. რკინის კაცი შემკულია ოქროს საყურეებით, საკისრე რგოლით. საყურეებისა და საკისრე რგოლების ბოლოები მომრგვალებულია და შემკულია ღარებით. ფიგურის მახლობლად აღმოჩნდა ღილაკები – 13 პალმეტისებური, 9 მრგვალი, 2 კონუსის ფორმის ფოჩების სამაგრი. ფიგურა ნაჭედია ორ ნაწილისაგან – ცალკეა გამოჭედილი ტანი თავთან და ფეხებთან ერთად, ხოლო მკლავები და მხრები – ცალკე. სხეულზე შეიმჩნევა ქსოვილის ანაბეჭდები, ტანსაცმლისა თუ სუდარისა (კაჭარავა 1983: 33, 34; ხოშტარია 1979: 115, 116, სურ. 183-185).
ადგილობრივი კერამიკა, ერთი მხრივ, ორგანული ნაწილია წინა პერიოდის კოლხური მეთუნეობისა, შენარჩუნებულია ადრეანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი ისეთი ფორმები, როგორიცაა ქვევრები, ყურმილიანი დოქები, ბრტყელძირა ჯამები, ჯამისებური ხუფები; კეცის დამუშავებაცა და ორნამენტიც ძველ ტრადიციებს აგრძელებს. მეორე მხრივ კი, ჩნდება ახალი ტიპის ჭურჭელი. პირველ ყოვლისა აღვნიშნავთ დერგისებურ ჭურჭელს, რომელთა მთელი ნიმუშები აღმოჩენილია №12 სამარხში. მათ ბრტყელი ძირი, კვერცხისებური ტანი, დაბალი, შეზნექილპროფილიანი და ზემოთკენ გაფართებული ყელი, სადა გარეთ გადახრილი პირი აქვთ. ახალ ფორმად გვევლინება ბადიები, რომელთა დამახასიათებელი ნიშანია თარაზული, ფართოდ (2,5-6 სმ სიგანის) გადაშლილი პირი, გამობერილი კალთა. სუფრის ჭურჭელში ახალი ფორმებია კონუსური და შედგენილტანიანი სასმისები. ახალი კერამიკულ ფორმებს მიეკუთვნება აგრეთვე ე. წ. დაფანჯრული ჭურჭელი. სიახლე ჯამებში გამოიხატა გამოყოფილი ქუსლით. ყველაზე დიდი სიახლე მეთუნეობაში ბერძნული კერამიკული ფორმის, ამფორების დამზადებაა. სიახლე ძველ ფორმებშიც აღინიშნება: მათ ახალი მორფოლოგიური ნიშნები უჩნდებათ. მაგ.: მართალია, ქვევრები ზედმიწევნით იმეორებენ ძვ. წ. VI-IV სს-ის პირველი ნახევრის ნიმუშებს, მაგრამ ოთხკუთხაგანივკვეთიან პირის გვირგვინებში ზოგჯერ იცვლება გვერდების თანაფარდობა. სიახლე ფიქსირდება ორნამენტშიც: ქვევრების ტანზე მერიდიანულ ქედებს შორის ზედაპირზე ტრადიციული ღარების ნაცვლად პრიალა ზოლები ჩნდება (ჭყონია 1986: 100, სურ. 84-86; ლორთქიფანიძე 1991: 178).
სიახლე დაფიქსირებულია კოლხურ ოქრომჭედლობაშიც. ქრება წინა პერიოდისთვის დამახასიათებელი სამკაულები, როგორებიცაა რომბულფირფიტიანი დიადემები, ფიგურული საკიდებით შედგენილი ყელსაბამები. დიადემებს ცვლის რთული თავსაბურავები, რომლებიც სხვადასხვა სახის დეტალებისგან არის შედგენილი. ამის მაგალითია დედატოსის სამარხისა და №24 სამარხის ნიმუშები. დედატოსის თავსამკაული შედგება ცხენოსნისა და ფრინველის გამოსახულებიანი საკიდების, მძივებისა და მილაკებისაგან, ხოლო №24 სამარხის თავსამკაულის ნაწილებია: ჭვირული ნივთი, ტენია, გრიფონის სტილიზებული გამოსახულებიანი დასაკერებელი ფირფიტები, გრანულაციით შემკული მილაკები. უნიკალური ჩანს აჟურული ნივთი, რომელიც აგვირგვინებდა თავსამკაულს. მის ორივე მხარეზე ერთი და იგივე გამოსახულებაა – ირემი და 3 შველი, ხოლო თავზე ჩიტების 2 რიგია, რომელთა ბოლოში თითო ლომია. გვხვდება გაცილებით მარტივი თავსაბურავიც. ამის მაგალითია №4 სამარხის თავსაბურავი, რომელიც ვარდულებისგან შედგებოდა. კვლავ იხმარება ისეთი სამკაული, როგორიცაა სასაფეთქლე. სიახლეა მათი უფრო რთული შედგენილობა – საკიდი წარმოადგენს ჭვირულ ბურთულას, რომელიც შემკულია ჩიტების 2 რიგით, ძეწკვებით, რომლებიც ბოლოვდება რკოსებრი საკიდებით. სასაფეთქლის საყურე რგოლი კი ხასიათდება ყველა იმ ნიშნით, რაც ჩვეული ამბავია ადრეანტიკური ხანის საყურეების ყველა ტიპისათვის – საყურე რგოლის წინა მხარის შემკობა ორნამენტული სარტყლით, ვარდულის არსებობა რგოლის ზედა კიდეზე, მინიატურული ჩიტის სკულპტურული გამოსახულება ვარდულაზე, რგოლის ბოლოების დაბრტყელება და გახვრეტა. სამაგიეროდ, ჩნდება ახალი სახეობანი, რომლებიც უფრო ბერძნულ სამყაროსთან სიახლოვეს ავლენენ. ტენიასმაგვარი სამკაული №24 სამარხიდან წარმოადგენს მილაკების, ბიკონუსური საკიდებისა და ძეწკვების ერთობლიობას. სიახლეა საყურეებში – ჩნდება მოძრავსაკიდიანი საყურე და გახსნილი რგოლები. მოძრავი საკიდი ელინისტური ხანის საიუველირო ხელოვნების ნაკადის შემოჭრის მანიშნებელია (ჭყონია 1981: 69). საყურე რგოლები თავდაპირველად ადრეანტიკური ხანის სასაფეთქლეების ნიშანს იმეორებენ, კერძოდ, მათი ბოლოები დაბრტყელებული და გახვრეტილია. შემდეგ კი, როგორც ეს ჩანს №16 სამარხის საყურეებზე, ეს ნიშანი ქრება (კაჭარავა, მჟავანაძე 1986: 17, 27, კატ. №3, სურ. 9,3). ყელსაბამებზეც აისახა ბერძნულ სამყაროში ამ დროს გავრცელებული მხატვრული ხერხები და ფორმები: ჩნდება მცირე ზომის ჟღარუნა საკიდები, ნახევარმთვარისებური მოყვანილობის საკიდები; ყელსაბამის ცენტრალური ნაწილის აქცენტირება ხდება მძივსაკიდით. ამავე დროს, შენარჩუნებულია წინარე ეპოქის კოლხური ოქრომჭედლობის ისეთი ნიშნები, როგორიცაა გრანულაციის გამოყენება სხვადასხვა გეომეტრიული სახის გამოსაყვანად, დაკეჭნილი მავთულით კიდეების შემოსაზღვრა. ამ ეტაპზე სამაჯურებისთვის დამახასიათებელია ზურგშედრეკილობა, გახსნილი რკალი, მრავალკუთხაგანივკვეთიანი ღერო, ბოლოების შემკობა ირგვლივი ღრმა ღარებით, რომელთა შორის ზედაპირი ირიბი ნაჭდევებით არის დაფარული. ამგვარი სამაჯურები ოქროსიცაა და ვერცხლისაც. სიახლეა წნული ძეწკვი და სხვ. წინა ეპოქისაგან განსხვავებით, როდესაც ცვარა, როგორც წესი, სარტყლებადაა განლაგებული, მძივების მთელი ზედაპირი იფარება მავთულშემოვლებული ცვარათი. აღსანიშნავია, რომ ძვ. წ. IV-III სს-ში ვანში საოქრომჭედლო სახელოსნოს არსებობა ივარაუდება (ჭყონია 1986: 54-91).
ბრინჯაოს ჭურჭლიდან აღსანიშნავია სიტულები. თითო სიტულაა აღმოჩენილი №2 და №13 სამარხებში. დამზადების ტექნიკით ისინი წინარეელინისტური ხანის კოლხური სიტულების ანალოგიურია – თარგზე გამოჭრილი ფურცლებისგანაა შეკერილი; ფორმით კი განსხვავებულია – სფერულია. სიტულებს სხმული ყურები აქვთ, რომლებიც ჭურჭელზევეა ჩამოსხმული. №13 სამარხის სიტულას ქუსლი არა აქვს, პირ-ყელიც არ არის გამოკვეთილი. უფრო ადრეული ჩანს №13 სამარხის სიტულა (ძვ. წ. III ს-ის დასაწყისი), რომელსაც ზოომორფული ყურები აქვს, ჭურჭელზევე ჩამოსხმული, რითაც უფრო მეტად უახლოვდება წინარეელინისტური ხანის სიტულებს (მათიაშვილი 1977: 101-103, სურ. 92, 93, 97).
ადგილობრივად დამზადებულადაა მიჩნეული №2 სამარხში აღმოჩენილი ვერცხლის ფიალა, რომელიც, მართალია, მოყვანილობით ემსგავსება ირანულ ფიალებს, ირანულ სამყაროსვე უკავშირდება ორნამენტის ნაწილი – ნუშისებური ბურცობები და ლოტოსის ყვავილი, მაგრამ ორნამენტის თავისებური ელემენტია ცხოველთა გამოსახულებები, რომლებიც ამკობენ ფიალის ცენტრალურ ნაწილს – ომფალოსის გარშემო განლაგებულია ერთმანეთის საპირისპიროდ ცხოველთა წყვილები (ლომი და ტახი, ავაზა და ირემი). საქმე ისაა, რომ ჩვეულებრივ ირანულ ფიალებზე ცხოველთა გამოსახულებები არ გვხვდება. ამ თავისებურების საფუძველზე ივარაუდება ფიალის ადგილობრივ დამზადება. აღმოჩენის პირობებით ეს ფიალა ძვ. წ. III ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება (მათიაშვილი 1977: 105, 106, სურ. 101ა,ბ).
ბრინჯაოს ფიალა, აღმოჩენილი №13 სამარხში, ე. წ. ბერძნული ტიპის ფიალაა, მაგრამ პირზე წიბოს არსებობით განსხვავდება ამგვარი ფიალებისაგან. მისი წარმომავლობის ზუსტი განსაზღვრა არ ხერხდება, თუმცა ივარაუდება ადგილობრივ დამზადება. კონტექსტი ფიალას ძვ. წ. III ს-ის დასაწყისს მიაკუთვნებს (მათიაშვილი 1977: 107, სურ. 103). ადგილობრივ ნაწარმად მიიჩნევენ №3 სამარხში აღმოჩენილ ბრინჯაოს თასსაც. ის კოლხური ტორევტიკისთვის დამახასიათებელი წესითაა დამზადებული – ორი ორმაგი ფურცლისაგან ნაწილ-ნაწილაა გამოკვერილი, ცალკეული ნაწილები კი ერთმანეთზე სამაგრებითაა გადაკერებული. ქუსლი გარეთა ფურცელშია გამოყვანილი, შიდა ფურცელი კი მომრგვალებულია და ფსკერს ქმნის (მათიაშვილი 1977: 107, სურ. 98, 102).
ამ ეტაპზე ბერძნული იმპორტი წარმოდგენილია თიხის ჭურჭლით, ტორევტიკის ნიმუშებით, მინერალებით. თიხის ჭურჭელში რამდენიმე ჯგუფი შეიძლება გამოიყოს – ამფორები, მოხატული ჭურჭელი, შავლაკიანი და სადა კერამიკა. ამფორებიდან ვანში აღმოჩენილია მენდეს, ქიოსური (ე. წ. ჩაჩისებურძირიანი და კონუსურძირიანი), სინოპური, სოლოხა I ტიპის, ჰერაკლეის ამფორები. მათ შორის არის დამღიანი ნიმუშებიც. მაგალითად, დედატოსის სამარხში აღმოჩენილი სინოპური ამფორა, რომელსაც I ქრონოლოგიური ჯგუფის (ფაბრიკანტ ჰისტიაიოსისა და ასტინომოს კიროსის) დამღა აქვს (ფუთურიძე 1976: 83; 1983: 20, 21, კატ. №49). აგრეთვე ამავე სამარხში აღმოჩენილი სოლოხა I ტიპის ამფორები, რომელთაც მრგვალი დამღები აქვთ ყურზე (ფუთურიძე 1976: 87); ჰერაკლეის ამფორის პირ-ყელის ფრაგმენტი მეთუნე კალიასის ენგლიფური დამღით ძვ. წ. IV ს-ის; მეორე ფრაგმენტზეც ენგლიფური დამღაა – I (ძვ. წ. IV ს-ის დასასრული – III ს-ის დასაწყისი); №24 სამარხში აღმოჩნდა ფაბრიკანტ არხელასის დამღიანი ნიმუში (ძვ. წ. IV ს-ის 90-80-იანი წლები). გვაქვს ქიოსური დამღიანი ყურებიც (ფუთურიძე 1983: 10, ტაბ. II, კატ. №№12-15). ძვ. წ. IV ს-ის ატიკურ ამფორებს უნდა ეკუთვნოდეს რამდენიმე ფრაგმენტი (ფუთურიძე 1983: 10, ტაბ. 2, კატ. №№27-28).
შემოტანილი კერამიკის ერთ ნაწილს შეადგენს მოხატული კერამიკა. მოხატული კერამიკის ერთი ჯგუფი ატიკური წარმომავლობისაა და წარმოდგენილია წითელფიგურული ნიმუშებით, რომელთა შორისაა ამფორისკოსები, დაფნის ფოთლის გირლანდით შემკული ლეკანიდები, ლეკანიდების ხუფები, მოხატული სცენებით გინეკეიონის ცხოვრებიდან; ბადისებურორნამენტიანი ლეკითოსები, სათევზე ლანგრები, გნათიას სტილის კერამიკა (კაჭარავა 1983: 33; მათიაშვილი 1983: 51). №22 სამარხში აღმოჩენილ წითელფიგურულ არიბალურ ლეკითოსზე გამოსახულია ქალისა და მამაკაცის თავები, ერთმანეთის პირისპირ. არიბალური ლეკითოსები, შემკული ქალის თავებით ან მთელი ფიგურებით, ფართოდაა გავრცელებული ე. წ. გვიანკლასიკურ I ეტაპზე (ძვ. წ. V ს-ის უკანასკნელი მეოთხედი – 370-იანი წლები). პირის გვირგვინის მოყვანილობა ამ ნიმუშს ძვ. წ. 400-375 წლებით ათარიღებს. მეორე ჯგუფს ქმნის მოყვითალო-თეთრ ანგობზე წითელი საღებავით მოხატული ჭურჭელი (ჭყონია 1986: 109). წამყვანია მსხლისებურტანიანი დოქები, რომელთაც ყურის ზედა ბოლო ზედ პირის კიდეზე აქვთ მიძერწილი. მსხლისებურტანიან ნიმუშებთან ერთად გვხვდება ასე მოხატული ფიგურული ჭურჭელიც – ღორის ფორმის, ხარის ფორმის. შავლაკიანი კერამიკა წარმოდგენილია ძვ. წ. IV ს-ის შუახანების, მეორე ნახევრისა და უკანასკნელი მეოთხედის ჯამებისა და იხთიების თითო-ოროლა ფრაგმენტით (კაჭარავა 1983: 40-42). იმპორტული კერამიკიდან აღსანიშნავია სანელსაცხებლების მცირერიცხოვანი ჯგუფი. მათ შორის უძველესია წითელი საღებავის ზოლებით მოხატული სანელსაცხებლე ძვ. წ. IV-III ს-ის მიჯნით დათარიღებული №10 სამარხიდან; 2 სანელსაცხებლე №15 სამარხიდან ძვ. წ. III ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება (თოლორდავა 1983: 75, 76, კატ. №№357-358). სადა იმპორტული კერამიკის არცთუ მცირე ჯგუფს ქმნიან სინოპური წარმოების ლუთერიები, უფრო სწორად, მორტარიუმები, რომლებიც ძვ. წ. IV-III სს-ით თარიღდება (თოლორდავა 1983: 78, 79, კატ. №№386-391, სურ. 36).
ოქროს ნივთების იმპორტიც ხდებოდა ამ დროს. ამისი ნიმუშებია რქიანი ლომის თავებით დაგვირგვინებული ძეწკვი, ჰერაკლეს კვანძის გამოსახულებიანი დიადემის ნაწილები.
იმპორტული ბრინჯაოს ნაწარმიდან აღსანიშნავია იტალიკური სიტულა, №2 სამარხში აღმოჩენილი (მათიაშვილი 1977: 101, 102, სურ. 91); №4 სამარხში აღმოჩენილი ატიკური ვერცხლის კილიკი, რომელსაც ფსკერი შემკული აქვს როულლეტინგის სარტყლებით შემოჩარჩოებული ვარდულითა და მის ირგვლივ რადიალურად განლაგებული გადაბმული პალმეტებით. ის ძვ. წ. III ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება ათენში აღმოჩენილი ანალოგიების საფუძველზე (მათიაშვილი 1977: 108, 109, სურ. 105-108; ლორთქიფანიძე 1983: 91, კატ. №411, სურ. 42); ბრინჯაოს ლანგრებიც, №9 და №15 სამარხებიდან, კონტექსტის მიხედვით თარიღდება, შესაბამისად, ძვ. წ. IV ს-ის შუახანებითა და ძვ. წ. III ს-ის პირველი ნახევრით; ბრინჯაოს ოინოხოა და სარკე №15 სამარხიდან, რომლებიც თანმხლები მასალით ძვ. წ. III ს-ის პირველ ნახევარს მიეკუთვნება (ლორთქიფანიძე 1983: 91, კატ. №№412, 414, სურ. 43).
იმპორტულ ნაწარში გარკვეულ ჯგუფს ქმნის ნახევრადძვირფასი ქვები – სარდიონი, აქატი, გიშერი, ქარვა, რომელთაგან მძივები მზადდებოდა ადგილობრივ. შემოტანილი ჩანს მინისა და მთის ბროლის მძივებიც – პოლიქრომიული და ერთფერი (გიგოლაშვილი 1983: 96-112, კატ. №№424, 426, 428-430, 433-437, 444, 446-448 451-457 და შემდ.).
დიდ ინტერესს იწვევს ვანში (სამარხი №9) ფილიპე II-ის (ძვ. წ. 359-336) სტატერის აღმოჩენა, რადგან, სხვა რომ არა იყოს რა, ის ერთადერთია მთელი საქართველოს მასშტაბით (დუნდუა, ლორთქიფანიძე 1977: 121, კატ. №25, სურ. 114). სირაკუზის ტირანის ჰიერონის (ძვ. წ. 275-216) ნახევარსტატერი ჩვენში უნიკალური აღმოჩენების რიცხვს განეკუთვნება. თითო ნიმუშითაა წარმოდგენილი ვანის ნუმიზმატიკურ მონაპოვარში ალექსანდრე მაკედონელისა (ძვ. წ. 336-327) და ბიზანტიონში მოჭრილი ლისიმაქეს სტატერები (ძვ. წ. 306-282), თუმცა ასევე ცნობილია ამ ტიპის მონეტების სხვა დროს აღმოჩენის შემთხვევები ვანში (დუნდუა, ლორთქიფანიძე 1977: 121, 122, კატ. №29).
დიდად მნიშვნელოვანია ვანში აღმოჩენილი ბერძნული წარწერა ბრინჯაოს ფირფიტაზე. წარწერის აღმოჩენის კონტექსტი დაკავშირებულია ქალაქის ნგრევასა და, შესაბამისად, სტელის გატეხის დროსთან. პალეოგრაფიულად კი მას ძვ. წ. IV ს-ის მიწურულსა და III ს-ის დასაწყისს აკუთვნებენ. სტელის შუა ნაწილის ფრაგმენტი გვაქვს ხელთ, რომელზეც წარწერის 28 სტრიქონის ნაწილებია შემორჩენილი. რაც შეეხება წარწერის ხასიათს, ის მიეკუთვნება საზოგადოებრივი დოკუმენტების რიგს. თ. ყაუხჩიშვილი წარწერას ძვ. წ. III ს-ით ათარიღებს და ტაძრის საკანონმდებლო აქტად მიიჩნევს.
კარიბჭის კომპლექსი განლაგებულია ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. ის შედგება დიპილონის ტიპის კარების, მასზე მიშენებული სამლოცველოს, ორი (ოვალური და მრავალკუთხა) კოშკისა და მათ შორის არსებული კურტნისაგან. ის რუსტებიანი, კარგად გათლილი ქვებითაა ნაგები. წყობა ფსევდო-ისოდომურია, პერანგული. კედლის შიდა და გარეთა პერანგებს შორის სივრცე შევსებულია უწესრიგოდ გათლილი სხვადასხვა ზომის ქვებით, რომლებიც ერთმანეთთან თიხითაა დაკავშირებული. აქვე დაფიქსირებული ხის ძელების ფრაგმენტები კი სართულებსშორისი გადახურვის არსებობის დამადასტურებელი უნდა იყოს – ე. ი. ორსართულიანი მაინც იყო ეს ნაგებობა. სამლოცველოს თიხატკეპნილი იატაკი აქვს. მის დასავლეთ კედელზე საკურთხეველია მიდგმული. სამლოცველოს იატაკზე შეწირულობა აღმოჩნდა: ადგილობრივი თიხის ჭურჭელი.
კარიბჭის ჩრდილოეთ კედელზე მიშენებულია კვარცხლბეკი, რომელზეც მარმარილოს ქანდაკება უნდა ყოფილიყო ჩამაგრებული. კვარცხლბეკის გვერდით, სამლოცველოს ჩრდილოეთ კედელზე, ბერძნული წარწერაა: „გევედრები, მეუფეო ქალღმერთო“. ყოველივე ზემოთაღნიშნული საფუძველს იძლევა იმის დასამტკიცებლად, რომ ქალაქის მფარველი ქალღვთაების მარმარილოს ქანდაკება იყო აღმართული ქალაქის შესასვლელთან (ყაუხჩიშვილი 1967: 253-258). ორმაგი კარები შედგება კატარაქტისაგან, რომლისთვისაც ჩრდილოეთ კედელში საგანგებო ნიშაა ამოკვეთილი, და ე. წ. ცოტა კარისაგან, რომლის საყრდენი გამოწეული ბურჯის სახითაა გაფორმებული. ბურჯის შიდა კუთხეში შემორჩენილია კარის ჩასადგმელი ღერძისათვის განკუთვნილი ოთხკუთხა ფოსო. კარიბჭეს აღმოსავლეთით ოვალური კოშკი ედგმის, რომლის დასავლეთი ნაწილი მთლიანადაა მონგრეული. ოვალური კოშკი კურტანით ებმის მრავალკუთხა კოშკს. თავდაცვითი კედლის მიღმა გამოვლენილია ყაზარმა თუ არსენალი – წაგრძელებული ნაგებობა, რომელიც კრამიტით იყო გადახურული.
კარიბჭის კომპლექსი და საერთოდ, მთელი სისტემა ქალაქის გამაგრებისა გარკვეულ მსგავსებას ავლენს ელინისტურ საფორტიფიკაციო სისტემასთან სამშენებლო ტექნიკისა და კონსტრუქციის თვალსაზრისით (ხოშტარია, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ლეჟავა 1972: 153-160, სურ. 99-117).
თავდაცვითი სისტემის ნაწილი გაითხარა ზედა ტერასის სამხრეთ კიდეზე საქვაბიას ღელის გაყოლებაზე – სასიმაგრო კედლების ორი პარალელური რიგი, რომლებიც ერთმანეთს დაცილებული იყო არანაკლებ 5 მ-ისა; კედლებს შორის არსებული ტიხრები ქმნიდნენ სათავსოებს, რომლებიც კრამიტით იყო გადახურული (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ყიფიანი 1979: 14, სურ. 43, 46-56).
ცენტრალურ ტერასაზე გამოვლენილი ნაგებობანი, რომლებიც ძვ. წ. III-I სს-ს მიეკუთვნება, საკულტო ან საზოგადოებრივი დანიშნულებისაა. ტერასის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 3 სამშენებლო პერიოდია დადასტურებული. ადრეელინისტური ხანის რაღაც ნაგებობას, რომლის კედლებს ჩვენამდე არ მოუღწევია, მიეკუთვნება რიყის ქვებით მოკირწყლული იატაკის ფრაგმენტი (2,20X1,70 მ). ამ ნაგებობას ჰქონდა სხვადასხვაფრად შეღებილი ბათქაშის კედლები.
არხი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიემართება, 18 მ სიგრძისაა. ის იწყება საკულტოდ გააზრებული ორმოების ჯგუფიდან და გადადის საკურთხევლის კედელზე. მისთვის კედელში საგანგებოდ ღია ადგილია დატოვებული. საკურთხევლის აღმოსავლეთი ფასადი კორინთული კაპიტელებით შემკული სვეტებით იყო გაფორმებული. საკუთრივ სვეტები მუხისა იყო, დაგვირგვინებული თეთრი კირქვის კაპიტელებით. აქ 3 კაპიტელი აღმოჩნდა, სამივე კორინთული ორდერისა. მათგან 1 ქალღვთაების მკერდზედა გამოსახულებითაა შემკული ოთხივე მხარეზე; დანარჩენ 2 სვეტისთავზე კი ქალის ბიუსტს ვარდულა ცვლის. საკურთხეველთან ორსაფეხურიანი კიბე იყო გამართული (ფუთურიძე 1986: 38-39). კაპიტელები ძვ. წ. II ს-ის მეორე ნახევრით თარიღდება (ყიფიანი 1983: 43).
ამ საზეიმო საკურთხევლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 მ-ის დაცილებით გაითხარა ნაგებობა, რომელსაც ე. წ. მოზაიკურიატაკიანი ნაგებობა ეწოდებოდა. ეს ნაგებობა რამდენიმე სათავსოიანია. ყველაზე დიდ დარბაზში იდგა საკურთხეველი – ოვალურგანივკვეთიანი სვეტი (0,70 მ სიმაღლისა და 0,50 მ სიგანის), აღმართული ორი კვადრისგან შედგენილ ბაზისზე. არის მოსაზრება, რომ სვეტზე თავის დროზე ფილა იდო, ე.ი. საქმე გვაქვს ე. წ. მაგიდისებურ საკურთხეველთან. ტაძარში მდიდრული შეწირულობა აღმოჩნდა – კოლხური ქვევრი და 40-მდე ამფორა, 120 სპილენძის მონეტა, კისტოფორი, რკინის სასაკმევლე, ბრინჯაოს სარიტუალო ჭურჭელი. ტაძარი მეღვინეობა-მევენახეობის კულტს უკავშირდება (ლორთქიფანიძე 1972: 30-34, სურ. 120-143). ის ძვ. წ. I ს-შია დანგრეული, აგებული კი უნდა იყოს არა უადრეს ძვ. წ. II ს-ის მეორე ნახევრისა (ხოშტარია, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე 1972: 179).
ქალაქის არსებობის უკანასკნელ საფეხურს მიეკუთვნება ცენტრალური ტერასის დასავლეთ ნაწილში გათხრილი 12-საფეხურიანი საკურთხეველი, საგანძური და მრგვალი ნაგებობა. ნაგებობის გარე დიამეტრი 17,5 მ-ის ტოლია, ხოლო შიდა – 16 მ. ივარაუდება, რომ ნაგებობა მთლიანად ქვისა იყო (ფირცხალავა, ყიფიანი 1986: 53, სურ. 34). ნაგებობიდან ორიოდე მ-ის დაცილებით განლაგებულია 2 სამსხვერპლო. მრგვალი ნაგებობისა და სამსხვერპლოების თარიღი ძვ. წ. III ს-ის მეორე ნახევარსა და ძვ. წ. II ს-ის პირველ ნახევარს შორის თავსდება (ფირცხალავა, ყიფიანი 1986: 53-55, სურ. 35, 36). საკურთხევლის განძთსაცავი – თიხით შელესილი ხის ნაგებობა, კვადრატული გეგმისა (5X5 მ) – შეიცავდა შეწირულობებს: თიხის ჭურჭელს, მათ შორის თიმიატერიონებს; 150-მდე საწაფს; 2 კვირისტავს; მრავალრიცხოვან მძივებს, რომელთა შორისაა გაუმჭვირვალე ლურჯი მინის, ოქროფენილი, თვალებიანი, აგრეთვე სარდიონის; რკინის იარაღს (3 შუბისპირს, 3 სატევარს), ფარის ბრინჯაოს უმბონებს; ბრინჯაოს სარკეს; ვერცხლის მონეტას (პართულ დრაქმას ოროდ II-ისა – ძვ. წ. 57-38/37); აპოლონის ვერცხლის მცირე ზომის 2 ქანდაკებას; ვერცხლის მოოქრულ ემბლემას ქალღმერთის ჰორელიეფური გამოსახულებით; ოქროს 2 ფირფიტას ქალღმერთის გამოსახულებით. განძთსაცავი საკურთხეველთან ერთად უნდა დანგრეულიყო ძვ. წ. I ს-ის შუახანებში (ფირცხალავა, ყიფიანი 1986: 63-78, სურ. 48-58).
ცენტრალურ ტერასაზე გამოვლენილი მრგვალი ტაძარი ძვ. წ. III ს-ის მეორე ნახევარში უნდა აღემართათ ადრე არსებული სწორკუთხა შენობის საფუძველზე. მრგვალი ტაძრის დმ 10 მ-ია (შიდა დმ – 5,40 მ), კედლების სისქე 2,40 მ-ს აღწევს (ლორთქიფანიძე, ფუთურიძე 1972: 201, სურ. 157).
ე.წ. აფსიდიანი ნაგებობა, რომლის საძირკველი თირის ქვათლილებითაა ამოყვანილი, სწორკუთხა სათავსოსა და ნახევარწრიული მინაშენისაგან შედგება. სტრატიგრაფიული მონაცემებით, ის აგებულია ძვ. წ. IV ს-ის მიწურულს, ან III ს-ში და დანგრეულია ძვ. წ. II ს-ის დასაწყისში (ლორთქიფანიძე ... 1976: 25).
მრგვალი ტაძრის (გარე დმ 10 მ, შიდა დმ 5,4 მ) ადგილას წინა პერიოდში სწორკუთხა ნაგებობა იდგა, რომლის საძირკველი ამ გვიანდელი ნაგებობისთვის გამოუყენებიათ. მრგვალ ტაძარს უნდა უკავშირდებოდეს ტრაპეციის ფორმის ფილები (10-12 სმ სისქის), რომლებსაც კესონური გადახურვის ელემენტებად მიიჩნევენ (ლორთქიფანიძე 1972: 36). ამავე პერიოდს მიეკუთვნებოდა ნაგებობა, უდავოდ სატაძრო ხასიათისა, რომლისგან მხოლოდ დეტალებია შემორჩენილი, როგორიცაა დეკორატიული ლომის თავი და წვიმის წყლის სადინარი სიმის დამაგვირგვინებელი ლომის თავები.
ძვ. წ. II-I სს-ს მიეკუთვნება ალიზის კედლებიანი ნაგებობა ცენტრალური ტერასის აღმოსავლეთ ფერდობზე, რომლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქვით შემორაგული ზღურბლი გამოიკვეთა. ნაგებობა ალიზის ტიხრით ორ ნაწილადაა გაყოფილი. მის სამხრეთ ნაწილში აღმოჩნდა 40 კოლხური ამფორა. ზოგიერთ მათგანში ხორბლისა და ფეტვის ნაშთები დაფიქსირდა.
ცენტრალურ ტერასაზე გამოვლენილია რვაკუთხა კოშკი (დმ 13 მ) და კურტინის ერთი მონაკვეთი, რომლებიც ქალაქის ისტორიის უკანასკნელ ეტაპს მიეკუთვნება. კურტინა შედგება ძირითადი კედლისა და 2 ტიხრისაგან (სიგრძე 3,80 მ; 4,10 მ). ტიხრებს შორის სივრცე ყვითელი თიხნარით არის ამოვსებული (ახვლედიანი 2003: 8, ტაბ. III).
ზედა ტერასაზეც არის გამოვლენილი ქალაქის ისტორიის უკანასკნელ ეტაპთან დაკავშირებული ძეგლები. უპირველეს ყოვლისა, ესაა საფეხურებიანი საკურთხეველი – ქვათლილებით მოგებული სწორკუთხა მოედანი, რომელსაც აღმოსავლეთიდან ზუსტად შუაში ედგმებოდა 8-საფეხურიანი კიბე. სტრატიგრაფიული მონაცემებით საკურთხეველი აგებულია არა უადრეს ძვ. წ. III ს-ის დასასრულისა ან II ს-ის დასაწყისისა. კიბეებიანი საკურთხეველი დანგრეულია ქალაქის სხვა ნაგებობებთან ერთად ძვ. წ. I ს-ის შუახანებში. საკურთხევლის ადგილზე დადასტურდა უფრო ადრეული ნაგებობის ნაშთები ბუდეებისა და კედლის ფრაგმენტის სახით (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ყიფიანი 1979: 21-23, სურ. 69-96).
ქალაქის ისტორიის გვიანდელ ეტაპს განეკუთვნება რამდენიმე მცირე ზომის ნაგებობა ზედა ტერასაზე. ერთი მათგანია თითქმის კვადრატული (4,2X4,6 მ) ნაგებობა №2, რომელიც საფეხურებიანი საკურთხევლის ჩრდილოეთით 0,85 მ-ის დაცილებით გაითხარა. ნაგებია ქვიშაქვის ფილებით; გამოყენებულია უფრო ძველი ნაგებობის კვადრებიც. ქვის კედლებზე ამოყვანილი ყოფილა ალიზის აგურის კედელი. №2 ნაგებობა გადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარიანი კრამიტით (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ყიფიანი 1979: 23, 24, სურ. 70, 91). ამავე ხანისაა ნაგებობა №3, რომელიც ტერასის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის ნაგებია თლილი ქვით, ორსათავსოიანია, თიხატკეპნილი იატაკი აქვს. ივარაუდება, რომ ეს ნაგებობა უფრო ძველის თავზე იყო აგებული (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ყიფიანი 1979: 24, სურ. 97, 98).
ქალაქის ისტორიის უკანასკნელი პერიოდის მასალა წარმოდგენილია არქიტექტურული ძეგლებით, კულტურული ფენებით.
ადგილობრივ კერამიკული ჭურჭლის მცირე ჯგუფს ქმნის საკულტო დანიშნულების ჭურჭელი: თიმიატერიონები და რიტონისმაგვარი ჭურჭელი, რომლებიც ძვ. წ. II-I სს-ის ფენებსა და კომპლექსებშია აღმოჩენილი (ფირცხალავა 2003: 86-97).
უნდა ვიფიქროთ, რომ ქალაქი შემკული იყო ბრინჯაოს ქანდაკებებით და, შესაძლოა, მთელი კომპოზიციებით. ბრინჯაოს ქანდაკებების ფრაგმენტები მრავლადაა აღმოჩენილი ნაქალაქარის ცენტრალური ტერასის დასავლეთ ნაწილში. ფრაგმენტების რაოდენობა ათასამდე აღწევს. მათ შორისაა ადამიანის სხეულის ნაწილები (მხრისა და მკლავის, ფაფარში ჩაფრენილი მარცხენა ხელის მტევანი, მარჯვენა ხელის მტევანი, ცერი, კულულები), ასევე ცხოველთა ნაწილები (ყურები, ცხენის ჩლიქები, გველის თავი და ტანი), დრაპირების ფრაგმენტები, მოოქრული ფირფიტები, ე. წ. ჩასართები (ბრინჯაოს სხმული ქანდაკების ზედაპირზე არსებული დეფექტების დასაფარავად) (ფირცხალავა, ყიფიანი 1986: 60-63, სურ. 43-46). ბრინჯაოს ქანდაკებებს შორის გამოირჩევა ჭაბუკის ტორსი, რომელიც ძვ. წ. I ს-ის შუახანების ნანგრევებს შორის აღმოჩნდა, ცენტრალური ტერასის აღმოსავლეთ ფერდობზე. ის ადგილობრივ უნდა ყოფილიყო ჩამოსხმული ძვ. წ. II ს-ის დასასრულს, ან I ს-ის დასაწყისში (ლორთქიფანიძე 1991: 189-191).
რკინის ნაწარმის ერთ ჯგუფს ქმნის საბრძოლო იარაღი. ცენტრალურ ტერასაზე ორ ნაგებობას შორის მდებარე თიხნარ ფენაში აღმოჩნდა რკინის ურნალის პირი. ქვედა ნაგებობა ძვ. წ. IV-III სს-ით თარიღდება, ის II ს-ის დასასრულსაა დანგრეული; მეორე ნაგებობა (ე. წ. მოზაიკურიატაკიანი) ძვ. წ. I ს-ის შუახანებშია დანგრეული. ურნალის პირი 1,04 მ სიგრძისაა.
რაც შეეხება თავდაცვით იარაღს, მრავლად გვხვდება განსახილველი ხანის ფენებსა და კომპლექსებში ე. წ. ქერცლისებური ბექთრის ფირფიტები, რკინისა და ბრინჯაოსი. ამგვარი ბექთრის ფრაგმენტები უკვე ადრეანტიკური ხანის ფენაშია აღმოჩენილი (ლორთქიფანიძე გ. 1976: 167-184, სურ. 134-139).
დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ამ პერიოდის ნანგრევებსა თუ კულტურულ ფენებში ჭურვები. მათი ნაწილი დამზადებულია ადგილობრივი ბიოტიტური ტუფისაგან, რომლის კარიერი ვანისგან მოშორებით მდებარე სოფელ მიქელეფონთან უნდა ყოფილიყო. ჭურვების უმეტესობა ძვ. წ. I ს-ის ფენებშია აღმოჩენილი. უკანასკნელ წლებში დიდი რაოდენობით ჭურვები (რიყის ქვისა) აღმოჩნდა ზედა ტერასაზე ასევე ნგრევის ფენაში.
საშურდულე ქვები (რიყის ქვები, 4-6 სმ დმ-ის) დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი კარიბჭის კომპლექსში. რამდენიმე ათეული მრგვალი კენჭი დაახლ. 5 სმ დმ-ისა აღმოჩნდა №3 სამარხთან გამოვლენილ კრემაციულ მოედანზე.
იშვიათი აღმოჩენების რიგს განეკუთვნება სამეურნეო იარაღი, პირველ ყოვლისა სახნისის მსგავსი იარაღი. სამჭედლო იარაღიც არის ვანში აღმოჩენილი, კერძოდ, რკინის მარწუხი (სიგრძე 58 სმ) ძვ. წ. I ს-ის ნგრევის ფენაში (ლორთქიფანიძე გ. 1976: 184-187, სურ. 140,2-3, 141).
არქიტექტურული დეტალებიდან ყურადღებას იმსახურებს კირქვის აკროტერიუმი, შემკული მცენარეული ორნამენტით (ჭყონია 1986: 95-96).
ამ ეტაპის იმპორტული ნაწარმი წარმოდგენილია ამფორებით, მხატვრული კერამიკით, წითელლაკიანი ნიმუშებით, ტორევტიკის ძეგლებით.
კერამიკული ტარა გვხვდება როდოსის, სინოპის, თასოსის, კნიდის, კოსის ამფორების სახით. ამ ეტაპზე სინოპური ამფორების დამღები წარმოდგენილია II, III და V ქრონოლოგიური ჯგუფების ნიმუშებით (ფუთურიძე 1983: 21, 22, კატ. №№52-60, სურ. 5). როდოსის ამფორების ფრაგმენტებს შორის (ფუთურიძე 1983: 13-14, კატ. №№60-83, სურ. 5-8) არის დამღიანი ყურებიც. უძველესი დამღა ძვ. წ. 280-275 წწ. თარიღდება. დამღების უმრავლესობა კი ე. წ. პერგამონული კომპლექსის ჯგუფს ეკუთვნის (ძვ. წ. 220-180). კნიდის ამფორები ძვ. წ. III-II სს-ის ძირებითაა უპირატესად წარმოდგენილი, ერთი დამღიანი ყურია მხოლოდ (ფუთურიძე 1983: 15, კატ. №№84, 85, სურ. 8, 10). კოსის ამფორები წარმოდგენილია როგორც ძვ. წ. IV-III სს-ის, ასევე უფრო გვიანდელი (ძვ. წ. III-I სს-ის) ნიმუშებითაც (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ყიფიანი 1979: 19, სურ. 64, 67, კატ. №405-407; ფუთურიძე 1983: 15, კატ. №№92-94, სურ. 10). ორად-ორი ფრაგმენტი, სავარაუდოდ, მიეკუთვნება ძვ. წ. III ს-ის ქერსონესულ ამფორებს (ფუთურიძე 1983: 26, კატ. №№99-100). ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილია ძვ. წ. II-I სს-ის იტალიკური ამფორების ფრაგმენტებიც (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ყიფიანი 1979: 19, სურ. 66, კატ. №403). ძვ. წ. IV ს-ს მიეკუთვნება ქიოსური ამფორის ერთი ძირი (ფუთურიძე 1983: 10, ტაბ. I2, კატ. №17).
მართალია, განსახილველი პერიოდის მხატვრული კერამიკა იმპორტის მცირერიცხოვან ჯგუფს ქმნის, მაგრამ მასში გაერთიანებულია იმ დროისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა სახეობა, რომლებიც გამოიყოფა მცირეაზიური, პერგამონული, დელოსური, ატიკური, და ბოსფორული ნაწარმით (მათიაშვილი 1983: 51-53, კატ. №№184-252, სურ. 22-25). სადა შავლაკიანი კერამიკა ასევე მცირერიცხოვან ჯგუფს ქმნის. მასში გაერთიანებულია მხოლოდ სუფრის ჭურჭელი – ლანგრები, რომელთა შორისაა იხთიები, ჯამები, თეფშები, თასები. მათში გამოიყოფა ატიკური, მცირეაზიური და პერგამონული ნაწარმი (მათიაშვილი 1983: 60-63, კატ. №№253-75, სურ. 26-33).
ელინისტური ხანის იმპორტულ კერამიკაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი წითელლაკიან კერამიკას უჭირავს. მასში ორ ჯგუფს გამოყოფენ: პირველ ჯგუფში აერთიანებენ ჩალისფერკეციან წითელლაკიან კერამიკას, რომელიც უპირატესად ლანგრებითა და ნახევარსფერული თასებითაა წარმოდგენილი. არის აგრეთვე რელიეფური კერამიკაც, ყალიბში დამზადებული. ჩალისფერკეციან წითელლაკიან კერამიკას უკავშირებენ ხმელთაშუაზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს და ვანში მის შემოტანას ძვ. წ. II ს-ის დასაწყისსა და ძვ. წ. I ს-ის დასაწყისს შორის პერიოდში ათავსებენ. ვანში აღმოჩენილი წითელლაკიანი კერამიკის მეორე ჯგუფი – წაბლისფერკეციანი კერამიკა – პირველთან შედარებით გაცილებით მრავალრიცხოვანია და, ამავე დროს, მრავალფეროვანიც. წამყვანი კერამიკული ფორმებია ლანგრები და ნახევარსფერული თასები, ორყურა ჯამები; გვხვდება აგრეთვე ამფორისკოსები და დოქები. ივარაუდება მეორე ჯგუფის წითელლაკიანი კერამიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ცენტრიდან მომდინარეობა. ეს ჯგუფი გვიანელინისტურ ხანას მიეკუთვნება (მათიაშვილი 1976: 91-102, სურ. 123-129).
იმპორტულ ნაწარმს შორის აღსანიშნავია ტერაკოტები, რომლებიც თავს იჩენს კულტურულ ფენებში. მათ შორის ყურადღებას იქცევს დიონისეს ნიღბის ნაწილი. აღმოჩენილია ნიღბების ცალკეული ფრაგმენტებიც – ყურძნის მტევანი, თმის, ცხვირის ჩამონატეხები, აგრეთვე ყმაწვილი დიონისეს გამოსახულებიანი ნიღბის ფრაგმენტი. სხვა ტერაკოტებიდან, რომლებიც ძვ. წ. III-I სს-ის ფენებიდან მომდინარეობს, აღსანიშნავია მაღალ თავსაბურავიანი დემეტრეს წრის ქალღმერთის თავი (რამიშვილი 1976: 191-204, სურ. 145-150).
მცირერიცხოვან ჯგუფს ქმნის იმპორტული ოქროს ნივთები – ჰერაკლეს კვანძის გამოსახულებიანი 2 პოლიქრომიული ბალთა და რქებიანი ლომის თავებით დაბოლოებული ძეწკვი. სამივე სამკაული ძვ. წ. III-II სს-ით თარიღდება (ჭყონია 1983: 86-88, კატ. №№399-401, სურ. 38). იმპორტულ ნაწარმადაა მიჩნეული ფირფიტა (ქურუმის გვირგვინის შემადგენელი ნაწილი), რომელიც ხარის თავის გამოსახულებით არის შემკული (მათიაშვილი 2003: 59, 60, ტაბ. I).
მცირერიცხოვანი ჩანს შემოტანილი ტორევტიკული ნაწარმი. მათგან აღსანიშნავია ბრინჯაოს ჭურჭელი ცენტრალური ტერასის ტაძრიდან, შემკული დიონისეს წრის ღვთაებების ჰორელიეფური თავებითა და ნიკეს ქანდაკებებით. ისინი ძვ. წ. II ს-ის 60-იანი წლების შემდგომი ხანით თარიღდება (ხოშტარია, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე 1972: 177, სურ. 129).
რაც შეეხება მონეტებს, ვანში აღმოჩენილი ალექსანდრე მაკედონელის სტატერების მინაბაძები ძვ. წ. II ს-ზე ადრეულებად არაა მიჩნეული. ლისიმაქეს სტატერების 2 მინაბაძია ვანში აღმოჩენილი (დუნდუა, ლორთქიფანიძე 1977: 122, კატ. №29). ამ პერიოდის ვერცხლის მონეტებს შორის ყველაზე ადრეულია ე. წ. ახალი სტილის ათენური ტეტრადრაქმა, მოჭრილი ძვ. წ. 125-124 წწ. ათენური ტეტრადრაქმები ძვ. წ. 120 წ-მდე ინტენსიურად მიმოიქცეოდა მცირე აზიაში და ვანში აქედანვე შემოსულად არის მიჩნეული (დუნდუა, ლორთქიფანიძე 1977: 124). ვანში კაპადოკიური მონეტებიცაა აღმოჩენილი (დუნდუა, ლორთქიფანიძე 1977: 124, კატ. №№36-41). რომის რესპუბლიკის ხანის რომაული მონეტები წარმოდგენილია 2 დენარით, რომლებიც მოჭრილია ძვ. წ. 119-110 ან 90-80 წლებში, და 1 კვინარიუსით (ლორთქიფანიძე, დუნდუა 1977: 124, კატ. №№42, 43, 216). პართული მონეტების ცირკულაციაც ხდებოდა ვანში – სინათრუქის (ძვ. წ. 77-70) დრაქმაა აღმოჩენილი. სპილენძის მონეტები წარმოდგენილია პონტოს ქალაქების (უპირატესად ამისოს) მონეტებით (დუნდუა, ლორთქიფანიძე 1977: 124-125, კატ. №№43-213). სპილენძის ანონიმური მონეტები სტილიზებული ლოტოსისა და რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით ვანში მოჭრილად ითვლება ძვ. წ. 83-80 წლებში მითრიდატე უმცროსის მიერ. ასეთი 122 მონეტაა აქ აღმოჩენილი. წარმოდგენილია უკნინესი ნომინალებით – ხალკითა და ჰემიხალკით (დუნდუა, ლორთქიფანიძე 1977: 126-127, კატ. №№92-213).
ამ ეტაპზე გრძელდება ბერძნული კულტურის გავლენა სამშენებლო საქმეში (კრამიტები ბასილიკეს წარწერით, სამშენებლო ქვების დამუშავება რუსტირებით), კერამიკულ წარმოებაში (ამფორების, იხთიების დამზადება). თუმცა აშკარაა, რომ ამ ეტაპზეც ბერძნული გავლენა უფრო ეხება საზოგადოების ელიტას და არ მოიცავს ფართო მასებს. ამას უნდა მოწმობდეს პირველ ყოვლისა გრაფიტოების სიმცირე.
ვანის ანტიკური ხანის ნაქალაქარი სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებთან არის გაიგივებული: აიასთან (კაკაბაძე 1959ა: 65 და შემდ.), სურიუმთან (ხოშტარია 1960: 47), კუტაიასთან (ბოხოჩაძე 1967: 547-552), ლევკოთეასთან (ლორთქიფანიძე 1972: 38; 1972ა). აქედან ყველაზე ფართოდ მიღებულია იგივეობა სტრაბონთან (XI, 2, 17) მოხსენიებულ ლევკოთეასთან (ლორთქიფანიძე 1972: 38).
ძვ. წ. I ს-ის შუახანებში ქალაქის დანგრევის შემდეგ, როგორც ჩანს, ცხოვრება აქ მაინც არ შეწყვეტილა საბოლოოდ. ნაქალაქარზე აღმოჩენილია გვიანანტიკური ხანის მასალები. პირველ ყოვლისა ესაა მონეტები – მარკუს ავრელიუსის (ახ. წ. 161-180) რომაული დენარი და კარაკალას სახელით 197 წ. კესარიაში მოჭრილი დრაქმა (დუნდუა, ლორთქიფანიძე 1977: 127, კატ. 218, 219). გვიანანტიკური ხანისაა ბრინჯაოს სარკოფაგში ჩადგმული ქვაყუთი. ქვაყუთის ზომებია: 0,61X0,58X0,41 სმ (ხოშტარია 1979: 133-135, სურ. 18-25).
ადრე შუა საუკუნეების ძეგლებს მიეკუთვნება ჭურჭლის გამოსაწვავი ქურა, რომელიც ნაქალაქარის ზედა ტერასაზეა გათხრილი. ქურა მრგვალია (დმ 2,15 მ), 1 მ სიმაღლის. საცეცხლე არხი, რომელიც ქურის შუაგულიდან იწყება, 3,75 მ სიგრძისაა. ის ელინისტური ხანის ბრტყელი კრამიტების ნატეხებითაა შემოშენებული და თიხით გალესილი. ქურაში აღმოჩნდა წითელკეციანი ქვევრების ფრაგმენტები. გამოირჩევა მასური, სამკუთხა განივკვეთიანი პირის გვირგვინები, რომელთაგან ერთზე ჯვარია გამოტვიფრული. ქურა უკვე არსებულ ქვაყრილში იყო გამართული. მას ჩაჭრილი ჰქონდა ადრეანტიკური ხანის ფენები. არქეომაგნიტური მეთოდით ქურის შელესილობის ფრაგმენტები ახ. წ. VII ს-ს მიეკუთვნა (კაჭარავა, ლორთქიფანიძე, ფუთურიძე, ყიფიანი 1979: 9, სურ. 9-16).
განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლებიც არის ვანში აღმოჩენილი. ესენია: მეომრის სამარხი, ეკლესია და უინვენტარო სამარხები; საკირე ქურა. მეომრის სამარხი, რომელიც X ს-ით თარიღდება, კლდეში ნაკვეთ ორმოშია გამართული (0,75X1,5 მ). ინვენტარი წარმოდგენილია იარაღით (რკინის მახვილი, ისრისპირები, შუბისპირები, დანა) და სამკაულით (რკინის აბზინდები, ვერცხლის საკიდი, ოქროს ფირფიტით დაფარული) (ხოშტარია 1979: 133, სურ. 8).
ვანის ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდის არაერთი ძეგლია გამოვლენილი. დაბა ვანის დაბლობ ნაწილში, ადგილ საყანჩიაზე, გამოვლენილია ელინისტური ხანის ნამოსახლარი (ლიჩელი 1977: 52-57, სურ. 21-24; 1991); ვანის ჩრდილო-დასავლეთით 3-4 კმ-ის დაცილებით სოფელ ციხესულორში გაითხარა შუა საუკუნეების ნაციხარი, სადაც ელინისტური და ადრეანტიკური ხანის მასალამაც იჩინა თავი (მიწიშვილი 1976: 32-47, სურ. 53-65).
ვანის დასავლეთით 8კმ-ზე, სოფ. მთისძირში, ადეიშვილების გორაზე არქეოლოგიურად გაითხარა ძვ. წ. VI-ახ. წ. VIII სს. ნამოსახლარი (ნაგებობები, სამარხები) (გამყრელიძე 1982: 29-121).
ვანში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი და ოთ. ლორთქიფანიძის სახ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი). ქვის ჭურვები დაცულია ნ.ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში.
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |