აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ამა ამბ ამი

ამბროლაური 

სასახლე მეფეთა (ქც 4: 763,18; 764,20).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 763,18; 764,20), ალექსი იევლევის ელჩობის ანგარიში (იევლევი 1969: 166).

ვახუშტი ბაგრატიონი ამბროლაურის შესახებ გადმოგვცემს: „რიონის სამხრით და კრიხულის აღმოსავლით, ამბროლაურს, ყოფილა სასახლე აწინდელთა მეფეთა...“ (ქც 4: 763,18).

მდებარეობს დღევანდელი ქ. ამბროლაურის ადგილზე, მდინარეების – რიონისა და კრიხულის შესართავთან. ა. იევლევს ჩამოთვლილი აქვს სამეფო ციხე-დარბაზები, რომელთა შორისაც ახსენებს ამბროლაურს (იევლევი 1969: 166). ამბროლაურის სახელწოდების შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ ის ამაროლისძეთა გვარს უნდა უკავშირდებოდეს – ამროლისძე – ამორაული – ამბროლაური (ამაროლისძეთა სამოსახლო) (ბერაძე 1975: 136). გამოთქმულია აგრეთვე მოსაზრება, რომ ამბროლაურს შუა საუკუნეებში ეწოდებოდა მეტეხარა (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 40; ბერაძე 1975: 136).

ამბროლაურში მდებარეობდა იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია, რომლის ნანგრევებიც დღეისათვის მიწის ზედაპირზე არ ჩანს. XVII ს-ში აქ ეკლესიას აშენებს იმერეთის მეფე გიორგი III (1605-1639) (ბოჭორიძე 1994: 139). ადრეულ შუა საუკუნეებში ამბროლაური შედიოდა თაკუერის ისტორიულ-გეოგრაფიულ ერთეულში. XI ს-ში ყალიბდება რაჭის საერისთავო, რომელსაც განაგებდა კახაბერიძეების საგვარეულო. XV ს-ში რაჭის ერისთავობა გადავიდა ჭარელისძეების საგვარეულოს ხელში. 1489 წ. რაჭის საერისთავო ახლად შექმნილ იმერეთის სამეფოში გაერთიანდა და საგამგეოდ გადაეცა ჩხეიძეების, ხოლო შემდგომ წულუკიძეების საგვარეულოს. 1769 წ. ამბროლაური წულუკიძეების სიძეს ზურაბ მაჩაბელს ებოძა (ბოჭორიძე 1994: 137-142; ბერაძე 1975: 136; 1983: 99, 100; კაკაბაძე 1967: 317).

ამბროლაური არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

იქ დღეისათვის შემორჩენილია ქვითკირის სამსართულიანი ოთხკუთხა კოშკი, რომელიც გვიანდელი შუა საუკუნეების უნდა იყოს (ბარნაველი 1959: 19). ადგილობრივი მოსახლეობა მას „მაჩაბლის კოშკს“ ეძახის. აქვეა დარბაზული ეკლესიის (10,4X5,9მ) ნაშთები. ეკლესია თლილი ქვით ყოფილა ნაგები. აღმოჩენილია კარის თაღის ქვა (1,83X1,3მ) შემკული ჯვრით, ჩუქურთმითა და ასომთავრული წარწერით: „ჯვარი ქრისტესი, ძლევა მტერთა“. ჯვრის ქვემოთ მხედრული წარწერაა: „ქ. ადიდნეს ღმერთმან ორთავე შინა ცხოვრებათა მეფეთ მეფე გიორგი და თანამეცხედრე მისი დედოფალთ დედოფალი თამარ და ძენი მათნი ალექსანდრე, როსტომი და მამუკა აწდა უკუნისამდე ამინ“ (ბოჭორიძე 1994: 139). ამბროლაურის ეკლესიიდან უნდა იყოს XVII ს-ის თვლებით შემკული ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი (26,5X20 სმ). ხატს ქვემოთ აშიაზე აქვს ასომთავრული წარწერა, სადაც მოხსენიებულია მთავარეპისკოპოსი სვიმონ ჯაფარიძე (ბოჭორიძე 1994: 140).

ამბროლაურთან აღმოჩენილია მონეტების განძი, რომელიც შეიცავს თბილისის ზარაფხანაში მოჭრილ, არაბულწარწერიან და იმერეთის მეფე გიორგი II-ის (1565-1585) სახელით მოჭრილ მონეტებს (კაპანაძე 1955: 117, 118; დობროვოლსკი 1977: 131-134).
 
ბიბლიოგრაფია: ბარნაველი 1959: 19; ბერაძე 1975: 132-153; 1983: 99, 100; ბოჭორიძე 1933: 289-338; 1994: 137-142; დობროვოლსკი 1977: 131-134; იევლევი 1969: 166; კაკაბაძე 1967: 317; კაპანაძე 1955: 117, 118; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 40; ქც 4: 763,18; 764,20.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9