ვა ვე
ვალ ვან ვარ ვაქ ვაყ ვაშ ვახ

ვარიანი


(ქც 4: 369,4,7). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 369,4,7), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართულ-სპარსული ... 1984: 25, 64; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 79, 80; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 208, 430, 522, 523; 1974: 167, 168, 310; 1981: 250, 338, 819; ქრონიკები 1967: 45, 105, 111, 115; საქ. სიძ. 1910: 61, 210, 526; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 87), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 279).

ვახუშტი ბაგრატიონი ვარიანის შესახებ გადმოგვცემს: „რუისის მთის ძირს არს თედოწმინდა. მცირედ მას ზეით ერთვის დასავლეთიდამ ლიახუს ვარიანის ფშანი“... „ვარიანს ზეით ერთვის ლიახუს აღმოსავლეთიდამ პატარა ლიახვი“ (ქც 4: 369,3-7).

მდებარეობს გორის მუნიც-ში, მდ. ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ვარიანის ტერიტორიაზე.

წყაროებში პირველად იხსენიება 1656 წ. საბუთში როსტომ მეფის (1632-1658) მიერ მაჩაბლებისათვის მამულის გადაცემის შესახებ (ქართულ-სპარსული ... 1984: 25). 1712 წ. ვახტანგ VI-მ (1716-1724) ურბნელ ეპისკოპოსს განუახლა ვარიანის შეწირულობის სიგელი (ქრონიკები 1967: 45).

1973-1974 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. ცქიტიშვილი) დაზვერა ვარიანის მიდამოები. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთითა და ვარიანის კოშკის ახლოს ჩნდებოდა რიყის ქვით ნაგები შუა საუკუნეების კედლები და მოწითალო ფერის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები (სძა 1990: 65-67).

ღვთისმშობლის დარბაზული ტიპის (12,3X6,8 მ) ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. ნაგებია რიყისა და შირიმის ქვით. აფსიდა ნალისებურია. შესასვლელი აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ჩრდილოეთის კედელზე შემორჩენილია დაზიანებული ასომთავრული წარწერა. თარიღდება X-XI სს-ით.

ღვთისმშობლის დარბაზული ტიპის (13,9X7,5 მ), ეკლესია, მდებარეობს სოფლის ცენტრში. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. აფსიდა ნახევარწრიულია. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის ზემოთ ქვიშაქვის ფილაზე არსებული მხედრული წარწერის მიხედვით ეკლესია ვარიანელებს 1835 წ. აუშენებიათ. ეკლესიის სახურავზე, დასავლეთით სამრეკლოა. სოფლის ცენტრში, ეკლესიის მახლობლად ყოფილა სამი მრგვალი კოშკი, რომლებიც ამჟამად დანგრეულია(მეგრელიძე 1984: 107; სძა1990: 66, 67).

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) დაცულია თითბრის ზარი, 1777 წ. მხედრული წარწერით, რომლის მიხედვით, მეფის მგალობელ სოლომონსა და მის ძმა იოანე ნამორაძეს ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესიისათვის შეუწირავთ ზარი, გარდაცვლილი ძმის, მიქაელის სულის მოსახსენიებლად (ცისკარიშვილი 1982: 160).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 41; გვასალია 1986: 19; გიულდენშტედტი 1962: 279; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 79; მაკალათია 1971: 84, 85; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 87; მაჩაბელი 1887: 159; მეგრელიძე 1984: 105-112; სძა 1990: 65-67; საქ. სიძ. 1910: 61, 210, 526; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 208, 430, 522, 523; 1974: 167, 168, 310; 1981: 250, 338, 819; ქართულ-სპარსული ... 1984: 25, 64; ქრონიკები 1967: 45; ქც 4: 369,4,7; ცისკარიშვილი 1982: 160.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9