ვა ვე
ვალ ვან ვარ ვაქ ვაყ ვაშ ვახ

ვარძია


(ქც 4: 242,27; 243,2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 242,27; 243,2 ; 672,21), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 90,23,24; 91,2,6,8; 94,16; 95,2; 97,13; 98,2; 99,11; 104,9; 134,11; 138,4), „ჟამთააღმწერელი“ (ქც 2: 224,13; 300,17,20; 301,1,2,4), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 500,24,26), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 6), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 43), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 82), XIII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 135, 200, 226-228, 269, 315, 335, 396, 402; 1967: 42, 565, 567, 574-576; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 164; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 87, 88; ქართ. ისტ. საბუთ. კორპ. 1984: 148; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 183, 239, 244; 1985: 134; სამხ. საქ. ისტ. 1982: 47), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 253, 260-263), ჰასან რუმლუს თხზულება (ჰასან რუმლუ 1966: 10, 29-30).

მდებარეობს ასპინძის მუნიც-ში, ასპინძიდან 30 კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

ვარძიის მშენებლობა დაიწყო გიორგი III-მ (1156-1186) და დაასრულა თამარმა (1184-1207) (ქც 2: 91,2,6,8; მელითაური 1961: 14). 1203 წ. თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეკრებილი ქართველთა ლაშქარი თამარმა ვარძიაში დალოცა (ქც 2: 94,16, 95,2, 97,13, 98,2, 99,11). XII-XIII სს-ში ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრია (გაფრინდაშვილი 1975: 56). 1283 წ. ვარძიის გამოქვაბულთა დიდი ნაწილი მიწისძვრის შედეგად ჩამოიქცა. ბექა ჯაყელის ათაბაგობის დროს (1285-1306) მიწისძვრისგან დაზიანებული კომპლექსი სათანადოდ გაუმაგრებიათ და ზოგიერთი ახალი ნაგებობაც (სამრეკლო) აუშენებიათ (მელითაური ... 1955: 69; 1961: 23). XV ს-ში სამცხის ათაბაგებმა მოინდომეს მესხეთის ეკლესია-მონასტრების, მათ შორის, ვარძიის ჩამოშორება საქართველოს კათოლიკოსის დაქვემდებარებისაგან. მათი განზრახვა მარცხით დამთავრდა (ქრონიკები 1897: 269). 1551 წ. შაჰ-თამაზმა სასტიკად ააოხრა და გაძარცვა ვარძია (ქც 2: 500,24,26; ქც 4:242,27). ის საბოლოოდ გაუკაცრიელდა 1578 წლიდან, როცა ოსმალებმა მესხეთი დაიპყრეს. 1828-1829 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია. 1938 წ. ვარძია გამოცხადდა მუზეუმ-ნაკრძალად (მელითაური 1961: 8).

1970-1971 წწ. ვარძიაში დაზვერვებსა და არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის გაერთიანებული ექსპედიცია (ხელმძღ. ვ. ართილაყვა).

დაზვერვების შედეგად ვარძიის მიდამოებში გამოვლინდა სხვადასხვა ეპოქის (ქვის, ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს, ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების) 60-ზე მეტი ძეგლი.

ვარძიაში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად გაიწმინდა 15 გამოქვაბული, რომელთაგან 6 მანამდე უცნობი იყო. გამოქვაბულების გათხრებისას აღმოჩნდა სხვადასხვა ფორმის, ზომისა და დანიშნულების წითელკეციანი კერამიკა. აგრეთვე ანგობით დაფარული და ამოკაწვრით შემკული ერთფრად და მრავალფრად მოჭიქული ჭურჭლები. მათგან ზოგიერთზე შემორჩენილია ქართული ასომთავრული ასოები. გათხრებმა გამოავლინა ფაიანსისა და მინის ჭურჭლის ნატეხები, ლითონის სხვადასხვა სახის ჯვრები, რკინის სამჭედლოს ნაშთები, კლდის საკვეთი იარაღები: ურო, ჩაქუჩი, წერაქვი, სატეხი; XII-XVI სს-ით დათარიღებული სხვადასხვა ტიპის რკინის ისრისპირები და სხვ. (ლომთათიძე ... 1972: 59, 60).

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე, 100 მ სიმაღლის შვეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე). განლაგებულია ცამეტ სართულად. ვარძიის მშენებლობაში გამოიყოფა რამდენიმე ეტაპი: I. გიორგი III-ის ზეობის პერიოდი, როცა შემუშავდა ვარძიის მშენებლობის გეგმა და გამოიკვეთა პირველი სენაკები ეკლესიითურთ. II. თამარის მეფობის ხანა, როცა სხვა ნაგებობებთან ერთად მონასტრის ცენტრში შეიქმნა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. III პერიოდი მოიცავს ხანას რატი სურამელის ინიციატივით ეკლესიის მოხატვასა და ბასიანის ბრძოლას (1203) შორის. ამ დროს დასრულდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის გარშემო მონაზონთა სენაკებისა და სათავსოების, თავდაცვითი ნაგებობების, წყალსადენის გვირაბისა და სარწყავი არხის გამოკვეთა. IV ეტაპი ათაბაგ ბექა ჯაყელის ზეობის პერიოდია, როცა მოხდა 1283 წ. მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ნაგებობების აღდგენა. კერძოდ, აღდგა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ორთაღიანი კარიბჭე, აიგო ორსართულიანი სამრეკლო. V ეტაპი ივანე ათაბაგის (1391-1444) ზეობის ხანაა, როცა გამოიკვეთა დიდი სატრაპეზო.

კომპლექსი გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. 600-ზე მეტი სენაკი გამოკვეთილია კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. პალატები ორი, სამი ან ოთხოთახიანია. ისინი კარით უკავშირდება დერეფანს. სათავსოთა ჯგუფები ერთმანეთს უკავშირდება მათ წინ გამართული კორიდორით. ყველაზე გავრცელებულია ოროთახიანი სენაკები. ოთახების კედლებში გამოკვეთილია დიდი (საწოლად) და მცირე (ჭურჭლის, წიგნების, ჭრაქებისათვის და სხვ.) თაღოვანი ნიშები. ზოგ სენაკს ეკვრის მცირე სამლოცველო (ასეთი სულ თორმეტია). საცხოვრებელი სათავსების ზედაპირი სუფთადაა დამუშავებული. ნაკლები ყურადღება აქვს დათმობილი სამეურნეო სათავსების კედლების დამუშავებას. ვარძიაში 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსია. მათ შორის 28 მარანია 235 ქვევრით.

სამონასტრო კომპლექსის შუაგულში მდებარეობს ღვთისმშობლის მიძინების დარბაზული ეკლესია, რომელიც გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია (სიგრძე 14,5 მ, სიგანე 8,25 მ, სიმაღლე 9,25 მ). აფსიდა ორი საფეხურითაა გამოყოფილი. დარბაზი ორადაა დანაწევრებული წყვილი პილასტრით. ეკლესიის კამარა, საკურთხეველი და იატაკი კლდეშია გამოკვეთილი. სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლები ამოყვანილია თლილი ქვით კირხსნარზე. კედლების გასწვრივ თაღოვანი ნიშებია. სამხრეთიდან დიდი თაღოვანი სარკმელებია, ჩრდილოეთიდან – მცირე. ეკლესიას ეკვდერთან აერთებს სამი კარი. ქტიტორთა გამოსახულებების გარდა (გიორგი III, თამარი, რატი სურამელი), რომლებიც მოთავსებულია ჩრდილოეთ კედელზე, ინტერიერი მოხატულია რელიგიური ხასიათის კომპოზიციებით. თამარისა და გიორგი III-ის გამოსახულებების ქვევით წარწერაა: „ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთა მეფე შვილი გიორგისა თამარ, რომელი მრავალჟამეულობსმცა“ და „ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთა მეფე გიორგი, ძე დემეტრე მეფეთა მეფისა“. რატი სურამელის გამოსახულების ქვევით წარწერაა: „ჰოი ღმრთისა დედაო მიითუალე ... მსახურებაი ჩემ მიერ მონისა შენისა რატი ერისთავთ-ერისთავისა და ქართლისა ერისთავისაგან, რომელმან ვიგულმოდგინე და მოხატვით აღვამკე წმიდაი ესე ტაძარი“. ეკლესია მოუხატავს ვინმე გიორგის, რომლის დაქარაგმებული სახელი შემორჩენილია საკურთხევლის კონქის მხატვრობაში, ღვთისმშობლის გამოსახულების ქვემოთ. ფრესკებზე შემორჩენილია რელიგიური ხასიათის ქართული და ბერძნული წარწერები (ამირანაშვილი 1963: 222, 223; მელითაური 1961: 44-46; გაფრინდაშვილი 1975: 62, 63; ყაუხჩიშვილი 2000: 233-236). ეკლესიის სამხრეთი მინაშენი-კარიბჭე მოხატულია რელიგიური ხასიათის სცენებითა და წარწერებით. კარის თავზე ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ივანე ათაბაგს დაზიანებული კარიბჭის კედლის გასამაგრებლად ბურჯი აუგია (ცისკარიშვილი 1959: 115, 116).

ანანაურის ეკლესია (ანანაური ადრე ცალკე სოფელს წარმოადგენდა) ვარძიის უკიდურესი დასავლეთით, ზემო ტერასაზე მდებარეობს. ანანაურს ეკავა გამოქვაბულთა კომპლექსი და ყოფილი ბაღ-ვენახების ჩამოწოლილი ტერასები. ეკლესია დარბაზულია (2,2X4,5 მ). შესასვლელი დასავლეთ კედელშია. საკურთხეველში გამოკვეთილია ტრაპეზი და ნიში. ეკლესიის წინ ეკვდერია. ეკლესია მოხატულია. ეკვდერის მოხატულობაზე ყველა წარწერა რელიგიური ხასიათისაა, შესრულებული ქართული ასომთავრულით. ეკლესიაში ფრესკული წარწერები ბერძნულია. ეკლესიის მხატვრობა და წარწერები XIV-XV სს-ით თარიღდება (გაფრინდაშვილი 1975: 59, 60; ყაუხჩიშვილი 2000: 236-241).

ვარძიიდან 3 კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ზედა ვარძია, სადაც შემორჩენილია XI ს-ის ეკლესია და კლდეში ორ იარუსად გამოკვეთილი სახლები (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 260, 361, 362; გაფრინდაშვილი 1960: 35).

გარდა „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული ვარძიისა, ხარაგაულის მუნიც-ში არსებობს სოფ. ვარძია, სადაც შემორჩენილია ეკლესია და სამრეკლო (მელითაური 1955: 73).
 
ბიბლიოგრაფია: ალიბეგაშვილი 1957: 20-22; ამირანაშვილი 1963: 222, 223; ბაგრატიონი 1986: 82; ბაქრაძე 1875: 19-178; გაფრინდაშვილი 1960; გაფრინდაშვილი 1975; გორგიჯანიძე 1926: 6; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 253, 260-263; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 164; ლომთათიძე ... 1972: 59,60; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 87, 88; მელითაური 1955; 1961; პრივალოვა 1086; სამხ. საქ. ისტ. 1982: 47; ქართ. ისტ. საბ. კორ. 1984: 148; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 183, 239, 244; 1985: 134; ქრონიკები 1897: 135, 200, 226-228, 269, 315, 335, 396, 402; 1967: 42, 565, 567, 574-576; ქც 2: 90,23,24; 91,2,6,8; 94,16; 95,5; 97,13; 98,2; 99,11; 104,9; 134,11; 138,4; 224,13; 300,17,20; 301,1,2,4; 500,24,26; ქც 4: 242,27; 243,2; 672,21; ყაუხჩიშვილი 1951: 309-315; 2000: 233-241; ცისკარიშვილი 1959; ცხოვრება ... 1980: 43; ჰასან რუმლუ 1966: 10, 29-30.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9