ვა ვე
ვალ ვან ვარ ვაქ ვაყ ვაშ ვახ

ვარხუნა

სოფელი (ქც 4: 470,30).

ისხენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 470,30), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 508,17), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 395; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 120, 154; 1985: 843; ქართულ-სპარსული ... 1955: 90, 298, 299; 1984: 65; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 131; 1953: 2), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთ აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 65).

ვახუშტი ბაგრატიონი ვარხუნას შესახებ გადმოგვცემს: „გამოვიდა ერეკლე მეფე (ერეკლე I) სომხითს. ესე სცნა კრკონს მდგომმან მეფემან და აცნობა არჩილს, შეკრბნენ ძმანი და მოვიდნენ ვარხუნას“ (ქც 4: 470,28-30). სხვადასხვა წყაროებში მოიხსენიება როგორც ვარხოვნა (ქრონიკები 1897: 397), ვარხონა, ვერხუნა (ქართული-სპარსული ... 1955:17, 18, 298), ვარხუნო (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 120).

მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, თეთრიწყაროდან ჩრდილო-დასავლეთით 0,5 კმ-ის დაშორებით, თანამედროვე სოფ. ვარხუნოს ტერიტორიაზე.

1583 წ. სვიმონ I-მა (1558-1600) სოფ. ვარხუნა უბოძა არიშიანთა საგვარეულოს (ქართულ-სპარსული ... 1955: 17, 18). XVII ს-ში სოფელი ეკუთვნოდა ბარათაშვილებს (ქართულ-სპარსული ... 1955: 90, 298). 1721 წ. აღწერით ის გერმანოზიშვილების საბატონო იყო (ლორთქიფანიძე 1935: 310).

1948 წ. ისტორიის ინსტიტუტის ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) შეისწავლა სოფ. ვარხუნოს შემოგარენი. 1949 წ. ექსპედიციამ აქ გათხარა ნაცარგორა (ლომთათიძე 1989: 40, 45). 1985 წ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მარაბდა-ახალქალაქის ექსპედიციამ (ხელმძღ. ზ. შატბერაშვილი) გამოიკვლია გორასამარხი. 1986-1988 წწ. იმავე ექსპედიციამ ვარხუნოს მახლობლად გათხარა ეცოს ელინისტური ხანის სამაროვანი (შატბერაშვილი 1997: 63, 64).

სოფ. ვარხუნოდან სამხრეთით, 0,5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს გორასამარხი (სიმაღლე 1,8 მ, დმ 30 მ, ოვალური ორმოს სიღრმე 1,7 მ). სამარხი გაძარცული აღმოჩნდა. მასში ადამიანის ძვლები არ დადასტურდა. შემორჩენილი ინვენტარი – კერამიკის ფრაგმენტები და ბრინჯაოს კაუჭი სამარხს გვიანბრინჯაოს ხანით ათარიღებს.

სოფლის შუაგულში „ნაცარგორაზე“ წარმოებული მცირემასშტაბიანი გათხრების შედეგად გამოვლენილია ბათქაშისა და კერამიკის ფრაგმენტები. იქვე აღმოჩნდა პატარა ქვევრი, კოჭობი და თიხის ბატის ქანდაკება. მასალა თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო ხანებითა და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით (ლომთათიძე 1989: 45, 47).

სოფლიდან დასავლეთით, 1 კმ-ის დაშორებით, ადგილ „ეცოზე“ შესწავლილია ელინისტური ხანის სამაროვანი, სადაც გაითხარა 120 სამარხი. მათი უმეტესობა ქვისაა. გვხვდება ორმოსამარხებიც, რომელთა შორის ერთი ქვევრის ნატეხითაა გადახურული. სამარხებში დაკრძალული იყო ერთი, ორი ან სამი მიცვალებული, რომლებიც იწვნენ გვერდზე, მოკრუნჩხულ მდგომარეობაში. სამარხთა უმეტესობა დამხრობილია ჩრდილო-სამხრეთ ხაზზე. სამაროვანზე გამოიყოფა: ძვ. წ. IV ს-ის; ძვ. წ. IV-III სს-ის მიჯნის; ძვ. წ. III ს-ის; ძვ. წ. II ს-ისა და ძვ. წ. I ს-ის სამარხები. ძვ. წ. IV და III სს-ის სამა-რხების ინვენტარიდან აღსანიშნავია წითლად მოხატული დოქები, რკინის შუბები და ცულები, ბრინჯაოს საბეჭდავები. მასალა ინახება თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (შატბერაშვილი 1999: 57-61).

სოფლის ტერიტორიაზე შუა საუკუნეების ნასოფლარია. ზემოთ ნახსენებ „ნაცარგორაზე“ დგას მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც არაერთგზისაა გადაკეთებული (ლომთათიძე 1989: 46).

ეცოს სამაროვნის მახლობლად, ფერდობზე შუა საუკუნეების ნასოფლარია. მის ცენტრში დგას თლილი ქვით ნაგები XI-XII სს-ის ამჟამად დანგრეული დარბაზული ეკლესია (ციციშვილი 1979: 16). შუა საუკუნეების ნასოფლარები დაფიქსირებულია ვარხუნოდან დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით მდ. ჭივჭავას ნაპირას. ვარხუნოდან სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კმ-ის დაშორებით 1948 წ. ექსპედიციამ აღწერა მენჰირი, რომლის სიმაღლე 2,5 მ იყო (ციციშვილი 1979: 11, 16).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 65; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 131; 1953: 32; ლომთათიძე 1989; ლორთქიფანიძე 1935: 310; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 120, 154; 1985: 843; ქც 2: 508,17; ქართულ-სპარსული ... 1955: 90, 298, 299; 1984:65; ქრონიკები 1897: 395; ქც 4:470,30; შატბერაშვილი 1997: 63-65; შატბერაშვილი 1997ა: 18, 19; 1999: 57-61; ციციშვილი 1979: 11,16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9