ციხე (ქც 4: 779,4).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 779,4, სქ. 2; 779,3), XVII ს-ის საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 500; ტუღუში 1991: 19), 1737 წ. ლიხთიმერეთის რუკა (ბურჯანაძე 1959: 192), იმერეთის მეფის, ალექსანდრე V-ის (1720-1752) წერილი რუსეთის იმპერატორ ანასადმი (მიმოწერა ... 1861: 225), კაცია II დადიანის წერილი გრაფ ტოტლებენისადმი (სიგელები ... 1902: 282), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 194), ლუი გრანჟიეს „წერილი“ (ისტორია კათოლიკობისა ... 1902: 179), ჯოვანო ჯულიანოსა და ლუკას წერილები (საქართველო ევროპის ... 1987: 166), ლუდოვიკო გრანჟეროს „წერილი“ (ისტორია კათოლიკობისა ... 1902: 140), დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობები (კასტელი 1976: 179, 195), არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1938: 121), ჯუზეპე ძამპის წერილი (ისტორია კათოლიკობისა ... 1902: 205), ჟან შარდენის „მოგზაურობა“ (შარდენი 1975: 16, 18, 38, 39, 41), XVII ს-ის მეორე ნახევრის თურქული რუკა (ალასანია 1971: 103), XVII ს-ის დასასრულის ფრანგული რუკა (გვასალია 1979: 107), იპოლიტი ელოს „სამონასტრო საძმოთა ისტორია“ (ტუღუში 1991: 8), პიოტრ ტოლსტოის „შავი ზღვის აღწერილობა“ (უსტრიალოვი 1863: 337), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 325; 1964: 53), 1708 წ. არზა ანაკლიის ციხის იანიჩარების დაფინანსების თაობაზე (ოსმალური დოკუმენტური ... 1982: 32), 1713-1715, 1720, 1722 წწ. არზები ანაკლიის ციხის შესახებ (ოსმალური დოკუმენტური ... 1982: 35-36, 40, 43-45, 52-55), 1720, 1721, 1730 წწ. „ქუჩუკბერათი“ ანაკლიის ციხის შესახებ (ოსმალური დოკუმენტური ... 1982: 95-99), რაინეგსის „კავკასიის ისტორიულ-ტოპოგრაფიული აღწერა“ (რაინეგსი 1797: 5), იაზიკოვის ცნობები (სიგელები ... 1891: 261), ბრონევსკის „ახალი გეოგრაფიული და ისტორიული ცნობები კავკასიის შესახებ“ (ბრონევსკი 1823: 49), პრიმოდეს „შავ ზღვაზე ვაჭრობისა და ყირიმში გენუელთა ახალშენების ისტორია“ (პრიმოდე 1848: 126), ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 83, 92, 94, 95, 112, 113, 148, 317, 321, 340), მურიეს „სამეგრელო“ (მურიე 1883: 290), კოხის „მოგზაურობა რედუტ კალედან ტრაპეზუნტამდე“ (კოხი 1981: 134, 137).
მდებარეობს ზუგდიდის მუნიც-ში, შავ ზღვასთან მდ. ენგურის შესართავის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელ სოფ. ანაკლიასთან.
ანაკლია წყაროებში სხვადასხვა სახელით იხსენიება: ანაკრია (ქც 4: 779,3, 779,4; ლამბერტი 1938: 121), ანარგია (შარდენი 1975: 16-18; ისტორია კათოლიკობისა ... 1902: 205), ანკლია (გამბა 1987: 83-92; კოხი 1981: 134, 137). ხალხურ მეტყველებაში ის ანრკიადაც იხსენიება.
ზოგიერთი ავტორის მიხედვით ანაკლია ანტიკურ ხანაში ჰერაკლეს სახელით ცნობილი დიდი ქალაქი ყოფილა (შარდენი 1975: 16, 38). XIV-XV სს-ის ანაკლიაში არსებულა გენუელთა სავაჭრო ახალშენი და სიმაგრე (ტუღუში 1991: 5). XVII ს-ში წარმოადგენდა სოფელსა და ნავსადგურს (მესხია 1983: 238). ამ დროს ანაკლიაში საეპისკოპოსო კათედრალიც არსებობდა (ლამბერტი 1938: 121). 1703 წ. ოსმალებმა აქ ციხე ააშენეს. XVIII ს-ში ანაკლია პატარა ქალაქი იყო (მესხია 1983: 239). XVIII ს-ის 80-იან წლებში ანაკლია აფხაზთა მთავრის, ლევან შერვაშიძის სამყოფელს წარმოადგენდა (რაინეგსი 1797: 5).
1935-1936 წწ. ანაკლიაში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპედიცია (ხელმძღ. ა. ჭანტურია). 1969 წ. იქ დაზვერვები ჩაატარა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნოსირ-მუხურჩის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ე. გოგაძე). 1972-1975 წწ. ანაკლიაში გათხრებს აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიცია. 1975-1978 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კოლხეთის ექსპედიცია (ხელმძღ. თ. მიქელაძე).
1935-1936 წწ. მდ. ენგურის მარცხენა ნაპირზე გაითხარა ხელოვნური ბორცვი „დიხა გუძუბა“ (ანაკლია I), სადაც გამოვლინდა ოთხი ფენა: პირველი ფენა ძვ. წ. III-II ათასწლეულს განეკუთვნება. მასში წარმოდგენილია ბიკონუსური ფორმის ქოთნისა და კოჭობის ტიპის თხელკეციანი ჭურჭელი; ნაცრისფრად გამომწვარი ქოთნის ფრაგმენტი ძაბრისებური ყელით, მრგვალი მუცლითა და სიტულისებური ყურებით; სამკუთხა მოყვანილობის კაჟის ყუნწიანი ისრისპირი და სეგმენტის ფორმის დაკბილული ნამგლის ჩასართი; ყალიბი ნამზადისათვის; თიხის ორნამენტირებული ბურთულა და ზოომორფულთავიანი ლითონის საკინძი. II და III ფენა თარიღდება შუა ბრინჯაოს ხანით. II ფენას მიეკუთვნება რვაკუთხოვანი ფორმის ხის ჯარგვალური ტიპის ნაგებობის საძირკვლის ნაშთი; კანელურებიანი და შევრონებიანი ბადიები; ქსოვილის ანაბეჭდიანი თიხის ჭურჭლის ძირები და სხვ. (ფხაკაძე 1992: 274); აქვე აღმოჩნდა წაბლის, თხილის, რკოს ნაყოფები და ფეტვის მარცვლები; „მახას“ ჯიშის პურის მარცვალი (მენაბდე 1940: 684, 685); საქონლის ძვლები; მათ შორის თხის მთელი ჩონჩხი. III ფენის მასალა იდენტურია II ფენისა. IV ფენა გვიანბრინჯაოს ხანით თარიღდება (კუფტინი 1950: 241, 242). ამ ფენაში წარმოდგენილია პირმოყრილი ჭურჭელი; დაბალყელიანი, პირგადაკეცილი ჭურჭლის პირის გვირგვინები; დერგის პირები; ტოლჩები (კუფტინი 1950: 255).
1972-1978 წწ. ანაკლია I-ის ბორცვის აღმოსავლეთით, 1,5 კმ-ის დაშორებით ითხრებოდა ხელოვნური ბორცვი (ანკლია II). ნამოსახლარი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულითა და II ათასწლეულის დასაწყისით (მიქელაძე 1990: 22). ბორცვზე გამოვლინდა ხის ძელური, ჯარგვალური ტიპის ნაგებობა (20მ2) და ოთხკუთხა ფორმის ხისავე სამეურნეო სათავსოს ნაშთი (მიქელაძე 1990: 19). ხის ნაგებობის კუთხესთან აღმოჩნდა ორმოსამარხი. მიცვალებული დასვენებული იყო მოკრუნჩხულ მდგომარეობაში, მარჯვენა გვერდზე. მის ქვედა კიდურებთან გამოვლინდა ბავშვის ჩონჩხის ნაშთი. ბორცვზე აღმოჩნდა მოგრძო-მომრგვალებული ფორმის თიხის ორი ყალიბი, ქვის საწაფი, ობსიდიანის ისრისპირი, სპირალური საკიდი (მიქელაძე ... 1980: 34, 35); გათხრებისას გამოვლინდა კერამიკის საკმაოდ მრავალფეროვანი ფრაგმენტებიც, რომლებიც სამ ჯგუფად იყოფა: პირველ ჯგუფს განეკუთვნება შავპრიალა კერამიკა, რომელიც სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭლითაა წარმოდგენილი. ამ სახის კერამიკა მეტწილად მომრგვალებული ფორმისაა. ნაწილი უორნამენტოა, ხოლო საშუალო ზომის თხელკეციან ჭურჭელზე დატანილია გეომეტრიული, ტალღისებური და ზიგზაგისებური ხაზები. მეორე ჯგუფში ერთიანდება შავად, რუხად და ყავისფრად გამომწვარი, შვერილიანი კერამიკა. მათი ერთი ნაწილის ზედაპირი გოფრირებულია და ზიგზაგისებრი ხაზებითაა ორნამენტირებული. მესამე ჯგუფის კერამიკა წარმოდგენილია ბადიისებური და ქილისებური მოზრდილი ჭურჭლით, რომელიც შავადაა გამომწვარი და მეტწილად პრიალაა. ამ ფენაში აღმოჩენილია ძროხის, თხისა და ღორის ძვლები (მიქელაძე 1990: 73).
ბორცვზე დაფიქსირებულია ძვ. წ. VI-V სს-ის ნამოსახლარიც, სადაც აღმოჩნდა ოთხკუთხა ფორმის ხის ნაგებობის ნაშთი, ადგილობრივი და ატიკური შავფიგურული კერამიკის ფრაგმენტები, წაბლისა და ყურძნის წიპწები (მიქელაძე 1990: 17). განათხარი მასალა ინახება ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ და გ. ჩიტაიას სახ. ფოთის კოლხური კულტურის ისტორიის მუზეუმებში.
ანაკლიის ციხე მდებარეობს მდ. ენგურის შესართავთან. ის 1703 წ. ააშენეს ოსმალებმა (ქც 4: 779,4). თავდაპირველად ნაგებობა ხის ყოფილა. ქვის ციხე 1731 წ. აშენდა (ოსმალური დოკუმენტური ... 1982: 67). რიყის ქვით ნაგები ციხე კვადრატული გეგმისაა. კოშკები ოთხკუთხაა, გალავანი ორიარუსიანია. ქვედა ყრუ კედლითაა ამოყვანილი, ზედა იარუსზე სათოფურებია. ციხე ნაწილობრივ დანგრეულია.
- ბიბლიოგრაფია: ალასანია 1971: 98-106; ბრონევსკი 1823: 49; ბურჯანაძე 1959; გამბა 1987: 83, 92, 94, 95, 112, 113, 148, 317, 321, 340; გამყრელიძე 2003: 170-189; გვასალია 1979: 107; გიულდენშტედტი 1962: 325, 1964: 53; გოგაძე 1982; დადიანი 1962: 194; დას. საქ. საბ. 1920; ისტორია კათოლიკობისა ... 1902: 179, 140, 205; კასტელი 1976: 179, 195; კოხი 1981: 134, 137; კუფტინი 1950; ლამბერტი 1938: 121; მენაბდე 1940: 684, 685; მესხია 1983: 238, 239; მიმოწერა ... 1861: 225; მიქელაძე 1990; მიქელაძე ... 1973: 42, 43; 1974: 35, 36; 1974ა: 29; 1976: 35-38; 1979: 103, 104; 1979ა: 130-137; 1980: 33-35; 1981: 43-44; მურიე 1883: 134, 137; ოსმალური დოკუმენტური ... 1982: 35, 36, 40, 43-45, 52-55; პაჭკორია 1974: 39-45; პრიმოდე 1848: 126; რაინეგსი 1797: 5; საქ. არქ. ... 1992: 274, 275; საქართველო ევროპის ... 1987: 166; სიგელები ... 1891: 261; 1902: 205; ტუღუში 1991; უსტრიალოვი 1863: 337; ქც 4: 779,4; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 500; შარდენი 1975: 16, 18, 38-39, 41.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.