ვა ვე
ველ ვერ ვეჭ ვეჯ

ვერე

დაბა, ეკლესია, ციხე (ქც 4: 342,21; 343,1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 342,21; 343,1; 405,1; 441,22), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2: 365,2; 506,18), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1925: 215, 216), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 31), XVIII ს-ის ისტორიული საბუთი (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 616).

მდებარეობს გორის მუნიც-ში, გორიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 7 კმ-ის დაშორებით, მდ. ტანას მარჯვენა შენაკადის, მდ. ვერეს ხეობაში.

ვერე ეკუთვნოდა კლდეკარის ერისთავებს. XI ს-ის შუა წლებიდან ვერე ატენის ხეობასთან ერთად იქცა სამეფო მამულად და მას მეფის მოხელე მირიან თარხუნის ძე მართავდა (ბაქრაძე 1959: 77; ბერძენიშვილი 1964: 38; ოთხმეზური 1981: 40). XVII-XVIII სს-ში ვერეს ციხეს ფლობდნენ ციციშვილები. 1638 წ. ქართლის მეფე როსტომის (1632-1658) წინააღმდეგ აჯანყებული ნოდარ ციციშვილი გამაგრდა ვერეს ციხეში. როსტომმა ციხე აიღო და დაანგრია. ნოდარ ციციშვილმა გაქცევით უშველა თავს (ქც 4: 441,22; გვასალია 1983: 120).

ვერეს ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს სოფ. გარდატენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 5,5 კმ დაშორებით, მდ. ვერეს მარცხენა ნაპირზე. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (10,7X7,5 მ). ნაგებია თლილი ქვით. თარიღდება VII ს-ით. გადაკეთებულია XI ს-ში. აფსიდაში შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ეკლესიას აქვს სამი შესასვლელი. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის ჩარჩოზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერა: „წმიდაო ღვთისმშობელო ვერისაო ადიდე ერისთავი მირიან და მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა“ (ბაქრაძე 1959: 77; სძა 1990: 52, 53).

ვერეს ციხე აღმართულია სოფ. გარდატენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3 კმ დაშორებით, მდ. ვერეს ნაპირზე მდებარე მაღალ ქედზე. ციხე გეგმით არაწესიერი მართკუთხედის ფორმისაა (სიგრძე – 44,6, სიგანე – აღმოსავლეთით 14,8 დასავლეთით 6 მ). ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის კოშკი, რომელიც გეგმით არაწესიერი ოვალის ფორმისაა. კოშკი თაღიანი კარით უკავშირდება ეზოს. აღმოსავლეთის კოშკიდან მხოლოდ საძირკველია დარჩენილი. ციხის ეზოში, გალავნის სამხრეთ კედელთან წყალსაცავია მოწყობილი. ციხე თარიღდება IX-X სს-ით (მაკალათია 1957: 23-25; სძა 1990: 53).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 31; ბაქრაძე 1959: 77; ბერძენიშვილი 1964: 38; გვასალია 1983: 120; გორგიჯანიძე 1925: 215, 216; მაკალათია 1957: 23-25; ოთხმეზური 1981: 40; სძა 1990: 52, 53; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 616; ქც 2:365,2; 506,18; ქც 4:342,21; 343,1; 405,1; 441,22.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9