ვა ვე
ველ ვერ ვეჭ ვეჯ

ვერენის ციხე


(ქც 4:530,11). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:530,11), ალექსანდრე I-ის (1412-1442) შეწირულობის სიგელი სვეტიცხოვლისადმი; ალექსანდრე II კახთა მეფის (1574-1605) 1579 წ. შეწირულობის სიგელი სვეტიცხოვლისადმი (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 89).

ვერენის ციხის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ნინოწმინდას ზეით ერთვის იორს სამების ხევი ... ესევე ხევი არს საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა. ამ ხევზედ არს ციხე ვერენისა, მაგარი და გარდავალს გზა შიგნით-კახეთს შუამთაზედ“ (ქც 4: 530,4-12).

მდებარეობს საგარეჯოს მუნიც-ში, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, თანამედროვე სოფ. ვერონასთან.

ციხე უნდა ეკუთვნოდეს იმ პერიოდს, როცა ვახტანგ გორგასალი ქმნიდა საპლაცდარმო გზებს აღმოსავლეთისაკენ (ჭილაშვილი 1980: 207, 234). აქ გადიოდა ერთ-ერთი გზა სამების ხევით ვერონამდე, ხოლო იქიდან უღელტეხილით შიდა კახეთში, რომელიც ახლაც მოქმედებს (მუსხელიშვილი 1966: 44).

1950 წ. სოფლის ქვემოთ, ყანებში შემთხვევით აღმოჩნდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ე. წ. „კახური ტიპის“ მახვილი (ლომთათიძე 1989: 139-141; ჯორბენაძე, გოგოჭური 1992).

1974 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) გათხრები ჩაატარა სოფლის განაპირას, გომბორ-ვერონის გზის მარცხენა მხარეს, სადაც მანამდე შემთხვევით აღმოჩნდა არქეოლოგიური ნივთები. გაითხარა სამი ქვაყრილიანი ორმოსამარხი, რომლებშიც გამოვლინდა თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს რგოლები, საკინძები (მათ შორის ერთი – ვედრების პოზაში მყოფი ადამიანის ფიგურით შემკული) და სხვ. ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VI სს-ით (მაისურაძე 1976: 60; ფანცხავა, მაისურაძე 1982: 70-74).

1965 წ. ვერენის (ვერონის) ციხის ტერიტორიაზე დანგრეულ სამარხებში შემთხვევით აღმოჩნდა XII-XIV სს-ის სარდიონის მძივები. მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის დუშეთის ბაზაში, გ. ჩუბინაშვილის სახ. თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და გომბორის საშუალო სკოლაში.

ვერენის ციხე მდებარეობს სოფელთან, მაღალ მთაზე, სადაც შემორჩენილია ქვითკირის კედლების, წრიული ბურჯებისა და კოშკების ნანგრევები. კოშკის კედლებში რამდენიმე ადგილზე დატანილია კერამიკული მილები. კედლის წყობაში გამოყენებულია სწორკუთა კვადრები. კედლებში შიგნით გაფართოებული ვიწრო სარკმელებია გაჭრილი. მშენებლობის ტექნიკა დამახასიათებელია ადრე შუა საუკუნეებისათვის. ციხის შუა ნაწილში მცირე დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია. ეს ნაგებობა დარაჯობდა ივრის ხეობიდან გომბორის უღელტეხილით ალაზნის ველზე გამავალ გზას (ლომთათიძე 1989: 141).
 
ბიბლიოგრაფია: ლომთათიძე 1989: 139-141; ლორთქიფანიძე 1963: 145, 147; მაისურაძე 1976: 58-60; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 89; მუსხელიშვილი 1966: 44; ფანცხავა, მაისურაძე 1982: 70-74; ფიცხელაური 1959: 127; ქც 4: 530,11; ჭილაშვილი 1980: 207, 234; ჯორბენაძე, გოგოჭური 1992.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9