ზა ზე ზი ზნ ზრ ზუ ზღ
ზად ზან ზარ

ზარზმა

მონასტერი (ქც 4: 665,19).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 665,19; 676,12,18; 679,5; 680,1). ბასილ ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ (ბასილ ზარზმელი 1963: 333, 336), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 22, 96, 101, 102, 104, 106, 107, 109, 112, 158, 159, 172, 432).

ვახუშტი ბაგრატიონი ზარზმის შესახებ გადმოგვცემს: „ყუელს ზეით, მთაში, არს ზარზმას მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, შუენიერს ადგილს და აწ უქმი“ (ქც 4: 665,18-20). „აღმოსავლით მთა აჭარასა და ზარზმას შორისი, და გარდავალს მას ზედა გზა სამცხეს“ (ქც 4: 676,17-18). „აღმოსავლით მთა არსიანი, და გარდავლენან მას ზედა გზანი ერუშეთს, ფოცხვის ხეობას და ზარზმა-ყუელს“ (ქც 4: 679,24,25, 680,1).

მდებარეობს ადიგენის მუნიც-ში, ქვაბლიანის წყლის მარჯვენა ნაპირზე, სადაც მას მდინარე ძინძე მიერთვის.

ზარზმა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

აქ ეკლესია ადრე შუა საუკუნეებში ააშენა სერაპიონ ზარზმელმა (ბასილ ზარზმელი 1963: 333, 336). ამ შენობას ჩვენამდე არ მოუღწევია. არსებული დიდი ცენტრალურ-გუმბათიანი ეკლესია (20,5X17,5X24 მ) და სამრეკლო აგებულია XIV ს-ის დასაწყისში, ბექა მანდატურთუხუცესის დროს. გუმბათი ეყრდნობა ორ სვეტსა და აფსიდის კედლებს. ფასადები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. აღმოსავლეთი ფასადი და კარ-სარკმლის საპირეები ჩუქურთმითაა შემკული. სამხრეთი ფასადის გაყოლებით არსებული ღია თაღოვანი სტოა-კარიბჭე შესაძლოა ადრინდელ ეკლესიას ეკუთვნოდა. სამრეკლო ორიარუსიანია. ქვედა ნაწილი გალავანში შესასვლელს წარმოადგენდა, ზედა ნაწილი კი საკუთრივ სამრეკლოა. მისი წარწერა გვამცნობს, რომ 1577 წ. ხურციძეებმა სამრეკლოს პირველი სართულის თაღები ამოაშენეს და აქ იოანე მახარობლის ეკლესია გამართეს (ბერიძე 1955: 89; 1957: 38, 39; 1974: 161). უძველესი წარწერა X საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება. ის ჩაუშენებიათ სამრეკლოს გვერდით მდებარე სამლოცველოს შესასვლელის თავზე. წარწერაში მოთხრობილია დავით კურაპალატის დროს ქართველთა ლაშქრობის შესახებ ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ, ბიზანტიის იმპერატორის დასახმარებლად (ქართ. წარწ. კორ. 1980: 278-282). ზარზმის ეკლესიის ინტერიერში, სამხრეთ კედელზე შემორჩენილ ფრესკებზე გამოსახულია ჯაყელების – სარგის I-ის, ბექასა და მისი შვილების, ბექა II-სა და ყუარყუარეს პორტრეტები (თაყაიშვილი 1905ა: 45-70).
 
ბიბლიოგრაფია: ბასილ ზარზმელი 1963: 333, 336; ბერიძე 1955: 89-138; 1957: 38, 39; 1974: 161; ბოჭორიძე 1992: 142-152; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 22, 96, 101, 102, 104, 106, 107, 109, 112, 158, 159, 172, 432; ვაჩნაძე 1975; თაყაიშვილი 1905ა: 45-70; ქართ. წარწ. კორ. 1980: 278-282; ქც 4: 665,19; 676,12,18; 679,5; 680,1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9