ზა ზე ზი ზნ ზრ ზუ ზღ
ზედ

ზედაზადენი

ზედაზენი, ციხე, მონასტერი (ქც 4: 156,15; 535,18,19; 537,1; 563,11).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:156,15; 535,18,20; 537,1; 563,11), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 326,8), „მოქცევაი ქართლისაი“ (ქრონიკები 1892: 14, 54, 73, 74, 78, 238), არსენ კათოლიკოსის „ცხოვრება იოანე ზედაზნელისა“ (ცხოვრება იოანე ზედაზნელისა 1955: 26), „ცხოვრება შიოსი და ევაგრესი“ (ცხოვრება შიოსი და ევაგრესი 1955: 21, 84, 111), „ძეგლი ერისთავთა“ (ქრონიკები 1897: 18; ძე 1954: 361; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 117), XII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 57, 101; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 16; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 281; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 99, 155).

ვახუშტი ბაგრატიონი ზედაზადენის (ზედაზენის) შესახებ გადმოგვცემს: იალონის „მთის თხემსა ზედა, მჭურეტელი არაგვისა, მუხრანისა, ხერკისა, მცხეთისა და ტფილისისა, აღაშენა ციხე ... მეფემან ფარნაჯომ და აღმართა მუნ კერპი ზადენი, და ამითი ეწოდა მთასა ამას ზედაზადენი. შემდგომად ... მამამან იოვანემ ჰყო აქა მონასტერი და ეკლესია“ (ქც 4: 535,16-20).

მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, საგურამოს ქედზე, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, ზედაზნის მთაზე.

ძვ. წ. II ს-ში ქართლის მეოთხე მეფე ფარნაჯომმა მთაზე აღმართა ღვთაება ზადენის კერპი და ააშენა ციხესიმაგრე. ამ მთას ზედა ზადენის ანუ ზედაზენის მთა ეწოდა (ქც 4: 535,16-20). VI ს-ში ასურელი მამა იოანე დამკვიდრდა ზედაზნის მთაზე, სადაც ააშენა ეკლესია და მონასტერი (ცხოვრება იოანე ზედაზნელისა 1955: 26). 1101 წ. დავით აღმაშენებელმა (1189-1125) კახეთის მეფე კვირიკეს წაართვა ზედაზნის ციხე (ქც 4: 156:15; ქრონიკები 1892: 238). მანვე 1103 წ. დაამარცხა მუხრანის მთავარი, ერისთავი ძაგანი და ზედაზნის ციხეს თვითონ დაეპატრონა (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 57). 1479 წლიდან ზედაზნის მონასტერში ზედგინიძე-გურამიშვილების საგვარეულო საძვალე იყო. 1752 წ. ზედაზენში დაბანაკებული 60 ლეკი მცხეთელმა გოგია ხამხაძემ ამოწყვიტა (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 99). XVIII ს-ში ზედაზნის ეკლესია კათოლიკოსმა დომენტიმ განაახლა (ბაქრაძე 1875: 71). გამოთქმულია მოსაზრება, რომ ანტიკურ წყაროებში მოხსენიებული „სევსამორა“ („წიწამური“) იგივე ზედაზნის ციხე ანუ ზადენ-ციხეა და წიწამური-სევსამორა იმ ადგილის ძველი სახელია, სადაც ფარნაჯომის დროს აშენდა ზადენციხე (სინ 1970: 448).

ზედაზნის სამონასტრო კომპლექსში შედის: ეკლესია, ციხე-გალავანი და კლდეში ნაკვეთი სენაკები. ზედაზნის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. გეგმით კვადრატულია (13,5X13,4 მ). ნაგებია ძირითადად რიყისა და ფლეთილი ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. შუა ნავს ნახევარწრიული აფსიდა აქვს. აღმოსავლეთითა და დასავლეთით თითო თაღოვანი სარკმელია, სამხრეთით – ორი. შუა ნავი სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავებს თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც იოანე ზედაზნელია დაკარძალული, დარბაზული ეკლესიაა. ნაგებია ქვიშაქვითა და შირიმის კვადრებით. აქვს ნალისებური აფსიდა. აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში თითო ნიშია. ეკლესია თარიღდება VI-VII სს-ით (ჩუბინაშვილი 1971: 37). ჩრდილოეთი ნავის დასავლეთ ნაწილში წყლის აუზია. სამხრეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში სადიაკვნეა. ეკლესია მოხატულია რელიგიური ხასიათის ფრესკებით (შემორჩენილია ფრაგმენტულად). ეკლესიაში იყო X ს-ის კანკელის ფრაგმენტები, რომლებიც ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (შმერლინგი 1960: 48). სამნავიანი ბაზილიკა იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა. აგებულია VIII ს-ის მეორე ნახევარში კლიმენტი კათოლიკოსის მიერ. ეკლესიას სამხრეთიდან ეკვრის XVIII ს-ის კვადრატული ფორმის, თლილი ქვით ნაგები კარიბჭე, რომელზეც დგას სამრეკლოს რვაწახნაგა ფანჩატური (ჩუბინაშვილი 1959: 109; ვოლსკაია 1971: 15).

ეკლესია შემოსაზღვრულია XVII ს-ის ციხე-გალავნით, რომელიც ნაგებია რიყის ქვით, ქვათლილებითა და აგურით. გალავანს ჩრდილო-დასავლეთით კოშკითა და ბურჯებით შექმნილი შესასვლელი აქვს. აგურით ნაგები შესასვლელი შეისრულთაღიანია. მის დასავლეთით ჩასმულია ორი თლილი ქვა მხედრული წარწერით. ციხე-გალავნის შესასვლელთან დგას ორსართულიანი წრიული კოშკი. მასში შესასვლელი მეორე სართულზეა (ჩუბინაშვილი 1959: 109). გალავნის ჩრდილო-დასავლეთით დგას მართკუთხა ფორმის კოშკი, რომლის დასავლეთი მხარე მომრგვალებულია, აღმოსავლეთისა – სწორი. შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთითაა, ორ ბურჯს შორის. გალავნის დასავლეთსა და ჩრდილოეთ კედლებთან ნაგებობის ნაშთებია. გალავანზე გარედან მიდგმულია ერთმანეთისაგან თანაბრად დაშორებული ნახევარწრიული კონტრფორსები. გალავნის აღმოსავლეთით ციტადელის ნანგრევებია. ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთით ნაგებობათა ნაშთებია. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ციცაბო მთის ფერდობში გამოკვეთილია სენაკები. აღმოსავლეთის სენაკი (3,9X4,4 მ) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი და სარკმელი სამხრეთ კედელშია. სენაკში ბუხარი და მაგიდის მაგვარი შვერილია. სენაკის აღმოსავლეთით აგურით ამოშენებული სურსათის შესანახი ორმოა (სიღრმე 2,5-3 მ). ორმოს დასავლეთით, 10 მ დაშორებით მცირე ზომის სენაკია (სძა 1990: 287).

ზედაზნის ეკლესიის ასასვლელთან, გზაზე შემორჩენილია „კასურ“ წმინდა გიორგის სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევები. ის იოანე ზედაზნელის მოწაფემ, თათემ ააშენა VI ს-ის მეორე ნახევარში (შმერლინგი 1960: 49; ჩუბინაშვილი 1971: 35).

ზედაზნის ეკლესიაში წარწერები შემორჩენილია: იოანე ზედაზნელის აკლდამის ფილაზე, ეკლესიის კანკელსა და ერთ-ერთ ქვაზე. IX ს-ის წარწერებში უპირატესად ქტიტორებია მოხსენიებული. XI ს-ის წარწერებში წმინდანთა და მლოცველთა სახელები გვხვდება. ეკლესიის შესასვლელთან, მარჯვნივ, ქვაზე XV ს-ის შვიდსტრიქონიანი წარწერაა (ბარნაველი 1961: 61-65, 68, 75).
 
ბიბლიოგრაფია: აფაქიძე ... 1955: 4, 5; ბარნაველი 1961: 61-63, 65, 68-71, 73, 76; ბაქრაძე 1875: 71-72; ბერძენიშვილი 1990: 42, 118, 209, 335-336, 344-345, 347, 349, 352, 627; გვასალია 1975: 47-82, 60; ვოლსკაია 1971: 11-16; კანდელაკი 1959; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 281; სძა 1990: 284-287; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 99, 155; სინ 1970: 448; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 57, 101, 107; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 16, 117, 387; ქრონიკები 1892: 14, 73, 74, 78, 238; 1897: 18; ქც 1: 326,8; ქც 4:156,15; 535,18,20; 537,1; 563,11; შმერლინგი ... 1960: 46-49; შმერლინგი 1962: 48; ჩუბინაშვილი 1959: 28, 97, 103, 106, 108, 109; ჩუბინაშვილი 1971: 27-66; ცხოვრება იოანე ზედაზნელისა 1955: 26; ცხოვრება შიოსი და ევაგრესი 1955: 21, 84, 111; ძე 1954: 361.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9