ზა ზე ზი ზნ ზრ ზუ ზღ
ზუგ ზუფ

ზუგდიდი


(ქც 4: 450,3; 778,16,18,სქ.7; 817,3; 836,16). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 450,3; 778,16,18,სქ.7; 817,3; 836,16), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 361,30; 503,13; 533,6; 534,20), ლიხთ-იმერეთის 1737 წ. რუკა (ბურჯანაძე 1959: 193), ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 419, 470; 1985: 766, 770, 773, 787, 788, 789, 793, 806; ქართ. დოკ. 1967: 84; ქრონიკები 1967: 645, 555, 638), დავით ბაგრატიონის „საქართველოს ისტორია“ (ბაგრატიონი 1971: 31), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 144, 157, 162), ქრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1976: 172), არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1938: 32), ფეოდოტ ელჩინის „მუხლობრივი აღწერა“ (ლიხაჩოვი 1954: 222), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 325), დიუბუა დე მონპერეს „მოგზაურობა კავკასიაში“ (დიუბუა დე მონპერე 1937: 116), ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 114).

ვახუშტი ბაგრატიონი ზუგდიდის შესახებ გადმოგვცემს: მდ. ჭანისწყლის „ჩდილოთ კერძოდ დიდს ველსა ზედა არს ზუგდიდი, სასახლე დადიანთა, დიდშენი და პალატებიანი, ზღუდე-გოდლიანი“ (ქც 4: 778,16,17).

მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდ. ჩხორუშის ნაპირებზე, ახლანდელი ქ. ზუგდიდის ტერიტორიაზე.

წყაროებში სხვადასხვა სახელით იხსენიება: „ზუბდიდი“ (ბურჯანაძე 1959: 193; ლიხაჩოვი 1954: 222; გიულდენშტედტი 1962: 325), „ზუბდითი“ (ბაგრატიონი 1971: 31), „ზუგდიდი“ (ქც 2: 361,30; ქც 4: 450,3, 778,18; ლამბერტი 1938: 32).

სახელწოდება ზუგდიდი წარმოდგება „ზურგ-დიდიდან“ (ბაქრაძე 1875: 356; ტუღუში 1983: 161, 162). სხვა მოსაზრებით – „ზუბი“-დან (დიუბუა დე მონპერე 1937: 116; მესხია 1967: 244-250). XVII-XVIII სს-ში ზუგდიდი მცირე ქალაქი და ოდიშის მთავართა რეზიდენცია იყო.

ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ქ. ზუგდიდის ჩრდილო-აღმოსავლეთით 6 კმ-ის დაშორებით, სოფ. ოდიშში, მდ. ჯუმის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ნეოლითური ხანის ნამოსახლარი, რომელიც 1936 წ. აღმოაჩინა ალ. კალანდაძემ. ნამოსახლარის ქრონოლოგიაზე სხვადასხვა მოსაზრებაა: მას მეზოლითური და ნეოლითური ფენების შემცველ ძეგლად მიიჩნევდნენ (კალანდაძე 1939ა: 364-371). სხვები ადრენეოლითით ათარიღებდნენ (ფორმაზოვი 1962: 147, 148) ან გვიანნეოლითური ხანის ერთფენიან ძეგლად მიიჩნევენ (ნებიერიძე 1972: 81). ოდიშის კოლექციაში წარმოდგენილია კაჟის მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ანატკეც-ანამტვრევები, პრიზმისებური, კონუსისებური და ფანქრისებური ნუკლეუსები, ლამელები, საჭრისები, საფხეკები, რიყის ქვის ცულები, სატეხ-სათლელები, ხელჩაქუჩები, საბეგველები, სახეხები, სანაყები, ხელსაფქვავები, წერაქვისებური და შუბისებური მაკროლითები; დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ქილისებური მოყვანილობის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები (საქ. არქ. 1991: 248, 249).

სოფ. ოდიშში 1966 წ. შემთხვევით აღმოჩნდა თიხის კოჭობში ჩაყრილი ბიზანტიური ვერცხლის ჰექსაგრამების განძი, რომელიც 28 მონეტისაგან შედგებოდა. მონეტები ეკუთვნის ბიზანტიის კეისრებს: მავრიკ ტიბერიუსს (582-603) – 2 ც, ირაკლისა და ირაკლი-კონსტანტინეს (610-641) – 11 ც. ჰექსაგრამები მოჭრილია კონსტანტინოპოლში. განძი თარიღდება VII ს-ის 20-იანი წლებით (აბრამიშვილი 1970: 23-25; ჯალაღანია 1975: 123-131). განძი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

ზუგდიდის მუნიც-ის სოფ. მახარიაში, მდ. ენგურის მარცხენა ნაპირზე, 1916 წ. მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს სამი ჭურჭელი მრავალრიცხოვანი ინვენტარით. ნივთების დიდი ნაწილი დაკარგულია. გადარჩენილია 4 მათგანი – კოლხური ცული, ბრტყელი ცული, თოხი და მოხრილი დანა (ქორიძე 1965: 28). განძი თარიღდება ძვ. წ. XII-XI სს-თ (ქორიძე 1965: 112). ინახება ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში.

ზუგდიდის მუნიც-ის სოფ. ორულეში შემთხვევით აღმოჩნდა ლითონის განძი. მის შემადგენლობაში ყოფილა 21 სეგმენტური იარაღი, პატარა ზოდი და ბრინჯაოს ჭურჭლის ნატეხი (ქორიძე 1965: 48).

ზუგდიდის მუნიც-ის სოფ. ახალსოფელში, 1913 წ. გზის გაყვანისას აღმოჩნდა მონეტების განძი, რომელიც შედგებოდა კოლხური ნახევარდრაქმებისაგან, I და II ტიპის დიდრაქმებისა და ახალი ტიპის ნახევარდრაქმებისაგან. განძი თარიღდება ძვ. წ. V ს-ით (დუნდუა 1987: 16). მონეტები დაცულია ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ და საქართველოს ეროვნულ (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) მუზეუმებში.

ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს დადიანთა სასახლე (ქც 4: 778,17). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით.

ზუგდიდის ეკლესიიდან 300 მ-ის დაშორებით შემორჩენილია ციხესიმაგრის ნაშთები, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი „ჯიხასს“ უწოდებენ (ტუღუში 1983: 160).

ქალაქის განაპირას, მაცხოვრის გორაზე აღმართულია „მანცხვარკარის“ ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია. დასავლეთ კარიბჭეზე სამრეკლოა მიშენებული. ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და კვადრებით. კარი და სარკმლები მოჩუქურთმებულია. ეკლესია XIII-XIV სს-ით თარიღდება (ტუღუში 1983: 160).

ზუგდიდიდან 10 კმ-ის დაშორებით მდებარეობს სოფ. კორცხელის ღვთისმშობლის გუმბათიანი ეკლესია. ნაგებია რიყის ქვით. აშენებულია ლევან დადიანის მიერ XVII ს-ის პირველ ნახევარში (თაყაიშვილი 1914: 200-208). ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია XIX ს-ის მხედრული წარწერა. დასავლეთ კედელზე დაცულია ბერძნული გვიანდელი წარწერები (ყაუხჩიშვილი 1951: 65, 66).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1970: 23-25; ბაგრატიონი დავით 1971: 31; ბაქრაძე 1875: 356; ბოროზდინი 1934: 3, 7-9, 16, 17, 25, 33-35, 37, 39, 41, 47, 48, 64, 68, 69, 120, 233; ბურჯანაძე 1959: 193; გამბა 1987: 114; გიულდენშტედტი 1962: 325; დადიანი 1962: 144, 157, 162; დიუბუა დე მონპერე 1937: 116; დუნდუა 1987: 16; თაყაიშვილი 1914: 200-208; კალანდაძე 1939ა: 364-371; კასტელი 1976: 172; ლამბერტი 1938: 32; ლიხაჩოვი 1954: 222; მაკალათია 1941ა; მესხია 1967: 244-250; ნებიერიძე 1972: 81; საქ. არქ. 1991: 248, 249; ტუღუში 1983: 160-162; ფორმაზოვი 1962: 147, 148; ქართ. დოკ. 1967: 84; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 419, 470; 1985: 766, 770, 773, 787, 788, 789, 793, 806; ქირია, სარია 1967: 97; ქორიძე 1965: 28, 48, 112; ქრონიკები 1967: 645, 555, 638; ქც 2: 361,30; 503,13; 533,6; 534,20; ქც 4:450,3; 778,16,18,სქ.7; 817,3; 836,16;ყაუხჩიშვილი 1951: 65, 66; ჯალაღანია 1975: 123-131.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9