აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ანა ანჩ

ანაკოფია 

ციხე, თავადი ციხე, ქალაქი (ქც 1: 235,6; 317,15; ქც 4: 124,19; 781,17).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 124,19; 145,17,20; 146,18,19,21; 153,23; 176,15; 748,5; 776,24; 781,7,17,19,სქ.2,4; 782,1,5; 783,23; 784,5,8,11; 795,11,12,18; 796,10,23; 801,12), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 235,6; 236,2), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 295,6,11,12; 299,6,9; 317,16), „დავით და კონსტანტინეს წამება“ (დავით და კონსტანტინეს წამება 1987: 497) 1771 წ. სოლომონ I-ის (1752-1784) „წერილი იმპერატორ ეკატერინესადმი“ (სიგელები ... 1901: 69), გიორგი კედრენეს „ისტორიული მიმოხილვა“ (კედრენე 1963: 584), კასტელის „აღმოსავლეთ იბერიის სამეფო და მისი აწინდელი ომების შესახებ“ (კასტელი 1976: 82, 195), არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1938: 10), პავლე ალეპოელის „საქართველოს აღწერილობა“ (მასალები XVII საუკუნის ... 1973:72), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 53), ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 87, 319), დიუბუა დე მონპერეს „მოგზაურობა კავკასიაში“ (დიუბუა დე მონპერე 1937: 130).

ანაკოფიის ლოკალიზაციის შესახებ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები: ზოგიერთი მკვლევარი მას ტრაქეას ციხესთან აიგივებს (მუსხელიშვილი 1966: 119; ანჩაბაძე 1959: 9; დიუბუა დე მონპერე 1937: 130). სხვა მოსაზრებით ის გაიგივებულია ნიკოფსიასთან (გიულდენშტედტი 1964: 53). ანაკოფიის ლოკალიზაციას აფხაზეთში, ახლანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზეც ახდენენ (ჯავახიშვილი 1983: 55; ლექვინაძე 1973: 30; თრაფში 1975: 88).

ვახუშტი ბაგრატიონი ანაკოფიის შესახებ გადმოგვცემს: „ცხომის დასავლით არს ანაკოფია და მდინარე მისი მცირე, გამომდინარე კავკასისა და მომრთველი ზღვისა ეგრეთვე ჩდილოდამ. ამ მდინარის აღმოსავლით და ზღვის კიდეზედ არს ქალაქი ანაკოფია“ (ქც 4: 781,17).

VIII ს-ის 30-იან წლებში მურვან ყრუმ ანაკოფიას ალყა შემოარტყა, მაგრამ ვერ აიღო (ქც 1: 236,2). VIII ს-ის მიწურულიდან, ვიდრე ქუთაისი აფხაზთა სამეფოს დედაქალაქად გამოცხადდებოდა, ანაკოფია სატახტო ქალაქი იყო. 1032 წ. ბაგრატ IV-ის (1027-1072) ნახევარძმამ, დემეტრემ ანაკოფია ბიზანტიელებს გადასცა. 1074 წ. გიორგი II-მ (1072-1089) ანაკოფია დაიბრუნა. XIV-XV სს-ში ანაკოფია გენუელთა ფაქტორია ყოფილა (ანჩაბაძე 1959: 244; ფადეევი 1934: 116; კუდრიავცევი 1922: 134), რაც წერილობითი წყაროებით არ დასტურდება (ბერაძე 1989: 31). XVII ს-ში სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა ანაკოფიას გალავანი შემოავლო (ქც 4: 782,1). XVII ს-ში ანაკოფია სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის პატრიარქის რეზიდენციას წარმოადგენდა. 1771 წ. ანაკოფია თურქებმა დაიკავეს.

1925 წ. ანაკოფიის ციხეზე ა. ბაშკიროვმა ჩაატარა სადაზვერვო გათხრები (ბაშკიროვი 1926: 53). 1957-1958 წწ. ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღ. მ. თრაფში) (თრაფში 1975: 100-101). გათხრებისას აღმოჩნდა ენეოლითის, გვიანბრინჯაოსა და ელინისტური ხანის ნამოსახლართა ნაშთები (თრაფში 1975: 130-133). ენეოლითისა და გვიანბრინჯაოს ხანის მასალა წარმოდგენილია მცირერიცხოვანი კერამიკით. ელინისტური ეპოქის მასალებიდან გვხვდება შავლაკიანი კერამიკა და იმპორტული (ნაწილობრივ სინოპური) ამფორები (თრაფში 1975: 131). შედარებით უკეთაა შეწავლილი შუა საუკუნეების ნაქალაქარი. გამოვლენილია VIII-IX სს-ის საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები; XI-XII სს-ის კირის გამოსაწვავი მრგვალი ფორმის ქურა (4,20X5,50 მ); VII-X სს-ის ქვევრები, ქოთნები, ამფორები, დოქები. საბრძოლო იარაღიდან გვხვდება: რკინის ისრისპირები, შუბისპირები. განათხარი მასალიდან აღსანიშნავია მინის ჭურჭლის ფრაგმენტები; ქართული და ბიზანტიური მონეტები (თრაფში 1975: 131-145).

ციხის ტერიტორიაზე გაითხარა რამდენიმე ორმოსამარხი, რომელშიც მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ ზურგზე გაშოტილნი, თავით დასავლეთით, მკერდზე დაკრეფილი ხელებით. სამარხეული ინვენტარი ძირითადად წარმოდგენილია რკინის ბეჭდით (№4 სამარხი), ბრინჯაოს ღილებით (№3 სამარხი), ბრინჯაოს მრგვალი ფორმის სარკით (№5 სამარხი), ბრინჯაოს სამაჯურით (№6 სამარხი), რკინის დანით (№7 სამარხი). ექვსი სამარხი უინვენტაროა. სამარხები თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით (თრაფში 1975: 102-103).

ანაკოფიის ციხე (ფართობი 70 000 კვ.მ) მდებარეობს ივერიის მთაზე. დედაციხე (83X37 მ) აგებულია V-VI სს-ში. გალავნის შემორჩენილი ნაწილის სიმაღლეა 4-5 მ; კედლის სისქე 1,2 მ-ია. ნაგებია კარგად გათლილი კვადრებისაგან. დედაციხის სამხრეთ კედელთან კარიბჭეა. ციტადელის აღმოსავლეთი და დასავლეთი კედელი გამაგრებული იყო VII ს-ში მიშენებული ოთხკუთხა ფორმის კოშკებით. მეორე ძირითადი თავდაცვითი ნაგებობა (450X150 მ) VII-VIII სს-ს განეკუთვნება. ის დიდი ზომის ქვათლილებისგანაა ნაგები. ციხის სამხრეთი კედელი აღჭურვილი იყო ოთხი ცილინდრული და ორი სწორკუთხა ფორმის კოშკით. ანაკოფიის ციხე XIII ს-მდე ფუნქციონირებდა.

VII ს-ის ეკლესიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა რელიეფური ფილები ბერძნული წარწერებით. პირველი წარწერა: „აგებულია ღვთის შემწეობითა და რომაელთა დიდი მეფის კონსტანტინე მონომახის მონაწილეობით ევგენი პროტოსპაფარია დესპოტისა და კასიის ტაქსიარქის თეოდორე ვალენტის ხელშეწყობით ეს საოცარი ეკლესია 6554 (1046 წ.) თებერვლის 14-ში“; მეორე წარწერა: „ეკლესია აგებულია წმინდა თეოდორეს სახელზე მიქაელის არქიეპისკოპოსობის დროს, აპრილის 15-ში“. წარწერები XI ს-ით თარიღდება (ხრუშკოვა 1980: 26-31).

ახალი ათონის ბაზილიკური ტიპის VII ს-ის ეკლესია დგას ივერიის მთაზე. VII-VIII სს-ში უნდა იყოს ნაგები ივერიის მთის ფერდობზე მდებარე ეკლესია, რომლის ნანგრევებიღაა შემორჩენილი. სვიმონ კანანელის IX-X სს-ის ეკლესია დგას ახალი ათონის მთის ძირას. ნაშენია თეთრი ქვით. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, სამაფსიდიანი. თავის დროზე ელესია მოხატული ყოფილა.
 
ბიბლიოგრაფია: ანჩაბაძე 1959; ბაშკიროვი 1926: 53-55; ბერაძე 1989: 91; გამბა 1987: 87, 319; გიულდენშტედტი 1964: 53; დიუბუა დე მონპერე 1937: 130; ვორონოვი 1978: 38-60; თრაფში 1959: 29-31; 1975: 88-148; კასტელი 1976: 82, 195; კედრენე 1963: 584; კუდრიავცევი 1922: 134; ლამბერტი 1938: 10; ლექვინაძე 1968ა: 89-104; 1973: 30; მასალები XVII საუკუნის ... 1973: 72; მუსხელიშვილი 1977: 119-121; სიგელები ... 1901: 69; ფადეევი 1934: 116; ქც 1: 235,6; 236,2; 295,6,11,12; 299,6,9; 317,16; ქც 4: 124,19; 145,17,20; 146,18,19,21; 153,23; 176,15; 748,5; 776,24; 781,7,17,19, სქ. 2,4; 782,1,5; 783,23; 784,5,8,11; 795,11,12,18; 796,10,23; 801,12; ხრუშკოვა 1976: 146-148; 1980: 26-32; ჯავახიშვილი 1983: 55; ჯანაშია 1949: 307.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9