სა სე სვ სი სკ სლ სო სტ სუ სხ
საბ საგ სად საზ სათ საკ სამ სან სარ სას სატ საფ საღ საჩ საც საძ საწ სახ

საგურამო


(ქც 4: 383,24). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 383,24; 385,14; 500,23; 506,26; 523,22; 535,5; 537,7,8; 538,6,15; 567,19; 568,18; 617,25; 620,15), XIV, XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 198; 1967: 403, 423; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 200, 364; 1970: 181, 957; 1972: 227; 1977: 371; 1985: 504; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 181; საქ. სიძ. 1910: 503; 1920: 10; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 54, 81, 92; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 98), „ცხოვრება საქართველოისი“ (ცხოვრება ... 1980: 76), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 62), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 53, 59, 273).

ვახუშტი ბაგრატიონი საგურამოს შესახებ გადმოგვცემს: „ავჭალის ბოლოს არს ხევძმარი, ჩამოვარდების მშრალი ხევი ქვიტკირის-ლილოდამ მტკურამდე. და ეს არს საზღვარი აწინდელი ქართლ-კახეთისა. აქამდე უწოდებენ საგურამოს ხერკითურთ გურამიანთ გამო. გარნა არს ესე საგურამო ნაყოფიერი ხილით, ვენახით, მარცვლით“ (ქც 4: 537,5-9).

მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მდ. არაგვის მარცხენა მხარეს, მცხეთიდან 10 კმ დაშორებით, სოფ. საგურამოს ტერიტორიაზე.

საგურამო შედიოდა ისტორიულ ხერკში, რომლის ნაწილი გუარამ ზევდგინიძესა და მის ძმებს ეკუთვნოდა. ამიტომ ეწოდა მას საგურამო. XV ს-ში ხერკი კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია. XIV-XVII სს-ში საგურამო მცხეთის საეკლესიო მამულს წარმოადგენდა (ქრონიკები 1897: 198; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 181; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 181) 1719 წ. საგურამოში დავით II-ს (იმამ-ყულიხანს) (1703-1722) შეხვდა ვახტანგ VI (1716-1724), ლეკთა თარეშის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების თაობაზე (ქც 4: 617,25). 1744 წ. ერეკლე II (1744-1798) საგურამოში შეებრძოლა ოსმალებს (ორბელიანი 1981: 70). 1745 წ. სომხეთიდან წამოსულ ლეკებს თეიმურაზ II-მ (1744-1762) საგურამოსთან ნადავლი დააყრევინა (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 810). 1749 წ. ლეკებისაგან შეწუხებული ქართლისა და კახეთის მეფეები საგურამოში შეხვდნენ ერთმანეთს და ლეკებისგან თავდასაცავად გადაწყვიტეს ციხეების აგება (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 82; ორბელიანი 1981: 158). 1789 წ. საგურამოში ათასამდე ლეკი შემოვიდა და პირუტყვი წაასხა. დავით ბატონიშვილი 100-მდე ახმეტელით მდ. ილტოსთან დახვდა ლეკებს და ამოწყვიტა (ბაგრატიონი დავით 1941: 21; მასალები საქ. ისტ. 1905: 38; ბაგრატიონი 1983: 62). XVIII ს-ის პირველ მეოთხედში საგურამო და ხერკი რუსთავის სადროშოში შედიოდა (ქც 4: 538,6,15; ბერძნიშვილი 1982: 100). არაგვის ხეობიდან თიანეთისაკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა საგურამოდან გადიოდა (ბერძენიშვილი 1964: 179).

სოფ. საგურამო არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

საგურამოს მიდამოებში, სოფლიდან 2 კმ-ის დაშორებით, მდ. არაგვის მეორე ტერასაზე 1920 წ. არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ე. პჩელინამ. გათხრებისას გამოვლინდა ქვაყრილიანი ორმოსამარხები, სადაც მიცვალებულები დაუკრძალავთ მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ოდნავ ხელფეხმოკეცილი. სამარხებში აღმოჩნდა უხეშად ნაძერწი მოშავო-მონაცრისფროდ, ან ღიაფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (ტოლჩები, ხელადები, ქოთნები), სამკაული (ოქროს, მინის მინისებური პასტის, გიშრისა და სერდოლიკის მძივები) და შრომის იარაღები (სადგისი, ქვის სანაყები). სამარხები I-III სს-ით თარიღდება (პჩელინა 1926: 9-163).

სოფ. საგურამოსთან, ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სამხრეთით, 3-4 კმ-ის დაშორებით, მთის ფერდობზე დგას ე. წ. აგურის საყდარი, რომელიც ორი ნაგებობისაგან შედგება: დარბაზული ეკლესიისა და სამეკლესიანი ბაზილიკისაგან.

დარბაზული ეკლესია (5,6X3,5 მ) ადრე შუა საუკუნეების ძეგლია. ნაგებია ქვიშაქვით, ფლეთილი ქვითა და იშვიათად აგურით. ფასადი მოპირკეთებულია. შესასვლელი დასავლეთითაა. აფსიდა ნახევარწრიულია. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. ჩრდილო კედლის თაღში სამეკლესიან ბაზილიკაში გასასვლელი კარია. შემორჩენილია შელესილობის კვალი და დამუშავებული ქვის ლავგარდნის ფრაგმენტები.

სამეკლესიანი ბაზილიკა (12X10,7 მ) IX-X სს-ის ძეგლია. ნაგებია აგურით. შუა ეკლესია გვერდითებთან შედარებით ფართო და მაღალია. არქიტრავით გადახურული შესავლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით მდებარე ნალისებური აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. ორი სარკმელია სამხრეთ კედელში. ჩრდილო ეკლესიაში ორი თანაბარი სწორკუთხა სათავსია. ერთი, აღმოსავლეთის სათავსი – სამკვეთლოა. სამხრეთ ეკლესიას ნალისებური აფსიდა აქვს.

დარბაზული (4,8X3,9 მ) ეკლესია მცხეთა-საგურამოს გზის მარჯვენა მხარეს, წიწამურის ობელისკიდან 3 კმ-ის დაშორებითაა. ეკლესია დარბაზულია (4,8X3,9 მ). ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით მდებარე ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელი და ნიშია (სძა 1990: 305).

ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს სოფ. საგურამოს სამხრეთით, 300-400 მ-ის დაშორებით, სასაფლაოზე. ეკლესია დარბაზულია (9,6X5,7 მ). თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით აქვს ნახევარწრიული აფსიდა, რომლის ღერძზეც სარკმელია. მოგვიანებით ეკლესია გადაუხურავთ ხის ნახევარწრიული კამარით. ეკლესია შელესილია. შელესილობის ქვეშ ჩანს მოხატულობის კვალი. სამხრეთ-დასავლეთით გვიანდელი მინაშენია (სძა 1990: 304).

ქასური გიორგის ეკლესია დგას საგურამოდან ზედაზნისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს. აშენებულია იოანე ზედაზნელის მოწაფის, თათეს მიერ VI ს-ში. სამეკლესიანი ბაზილიკა (10,5X12,9 მ) ნაგებია ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელი და ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილ-წყვილი პილასტრია. სამხრეთ ეკლესიაში აღმოსავლეთით კვადრატული სათავსია, რომელიც ეკლესიას კარით უკავშირდება. დასავლეთით მდებარე სათავსი მისგან თაღითაა გამოყოფილი. ჩრდილო ეკლესია გაყოფილია ორ ნაწილად, რომელთაც ცალ-ცალკე შესასვლელი აქვთ შუა ეკლესიიდან. ეკლესიას გარს არტყია ლავგარდანი (ჩუბინაშვილი 1959: 158; შმერლინგი ... 1960: 49). ეკლესიასთან 1922-1923 წწ. აღმოჩნდა წარწერიანი ქვა. მასზე მხოლოდ ცალკეული ასოების გარჩევა შეიძლებოდა (ჩუბინაშვილი 1959: 159; ბარნაველი 1961: 128).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 62; ბაგრატიონი 1986: 64; ბაგრატიონი დავით 1941: 21; ბარნაველი 1961: 128; ბერძენიშვილი 1964: 174-185; ბერძნიშვილი 1982: 94-101; გვასალია 1975: 47-80; გიულდენშტედტი 1962: 53, 59, 273; მასალები საქ. ისტ. 1905: 38; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 181; ორბელიანი 1981: 22, 70, 78, 79, 107, 158, 183; პჩელინა 1926: 9-163; სძა 1990: 302-304; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 54, 81, 92; საქ. სიძ. 1920: 10; 1920: 503; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 98; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 200, 364; 1970: 181, 957; 1972: 227; 1977: 371; 1985: 504; ქრონიკები 1897: 198; 1967: 403, 423; ქც 4: 383,24; 385,14; 500,23; 506,26; 523,22; 535,5; 537,7,8; 538,6,15; 567,19; 568,18; 617,25; 620,15; შმერლინგი ... 1960: 49; ჩუბინაშვილი 1959: 159; ცხოვრება ... 1980: 76.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9