მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მძო

მძორეთი 

მცირე ქალაქი (ქც 4: 344,23,26; 345,10; 346,15).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 344,23,26; 345,10; 346,15), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 32), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1925: 240, 247-248, 249), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 66, 68), XVI-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 158; ქრონიკები 1897: 349; 1967: 86; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 364, 374; 1972: 34, 130, 131; 1974: 209, 210; 1977: 612, 613; 1981: 50, 157, 535; 1985: 887; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 241, 241; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 254), ისქანდერ მუნშის „აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია“ (მუნში 1969: 20).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, მდ. ძამის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ორთუბნის ტერიტორიაზე (მაკალათია 1961: 31).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „ძამაზედ არს მძორეთი, მცირე ქალაქი“ (ქც 4: 344,23). მძორეთი მოიხსენიება მძოვრეთი-ზოვრეთის სახელითაც (ქრონიკები 1897: 349; გორგიჯანიძე 1925: 249). მძორეთს ჰქონდა მოხერხებული მდებარეობა: მასზე გადიოდა ზემო, ქვემო და შიდა ქართლის შემაერთებელი გზები (გვრიტიშვილი 1955: 173; ბერძენიშვილი 1966: 45, 63). მძოვრეთში უძველესი დროიდან უნდა არსებულიყო საბაჟო. მძორეთი X ს-ის მეორე ნახევარში ძამელი მთავრის, ადარნერსეს რეზიდენციაა (გვასალია 1983: 153, 154). XVI ს-ში საციციანოს ცენტრი გახდა. XVIII ს-ში მძორეთი დაქვეითდა (მესხია 1983: 227). XIX ს-ში არსებობას წყვეტს და მის ადგილზე სოფ. ორთუბანი ჩნდება.

მძორეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფ. ზოვრეთის ტერიტორიაზე 1964-1965 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ზღუდერის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. ნემსაძე) შეისწავლა სამაროვანი, ე. წ. „გალავანი“ და ნამოსახლარი. სამაროვანი მდებარეობს სოფ. ზღუდერში, ადგილ გოჩაანთკარში, მდ. ძამის მარცხენა ნაპირზე არსებულ ორ ბორცვზე. იქ შეისწავლეს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის 10 ორმოსამარხი და 6 ყორღანი. აგრეთვე გვიანანტიკური ხანის 5 სამარხი. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ორმო-სამარხებში მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი. ყორღანები დაზიანებულია. მათი ყრილების დმ დაახ. 5 მ-ია. ყველა მათგანს შემოუყვება ქვის წრე. ყორღანებში დაკრძალული იყო ერთი (№1) ან ორი (№4) მიცვალებული. ორმოსამარხებსა და ყორღანებში აღმოჩნდა ჩარხზე დამზადებული, მოშავო და მონაცრისფრო თიხის ჭურჭელი (ქოთნები, ლანგრები, სადღვებელი). ზოგიერთი მათგანი ორნამენტირებულია. ლითონის ნივთებიდან გვხვდება ბრინჯაოს ისრისპირები, რკინის მასრაგახსნილი შუბისპირი, თავხვია საკინძი, მახათი, ბეჭდები და სხვა (ნემსაძე 1969: 53, 54).

გვიანანტიკური ხანის სამარხები დაზიანებულია. მათგან 3 მდიდრული ინვენტარის შემცველი წყვილადი სამარხებია. მიცვალებულები დაკრძალულია ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთით. ორ მათგანში იყო ხის სარკოფაგი. ღარიბული ინვენტარის შემცველი სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი. სამარხეული მასალა წარმოდგენილია ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სარიტუალო დანიშნულების საგნებით, სუფრის ჭურჭლით, სამკაულით, ოქროსა და ვერცხლის მონეტებით. მათგან აღსანიშნავია: მასიური ოქროს ბეჭედი, რომლის ძოწის თვალზე ქალისა და მამაკაცის პორტრეტებია ამოკვეთილი. გამოსახულების ქვეშ ბერძნული წარწერაა: „მატრონა“, „კაბრია“; ოქროს ბეჭდის გემაზე გამოსახულია არწივის კლანჭებში ჩაჭერილი კურდღელი; ყელსაბამი შემკული იაგუნდის ინტალიოთი, რომელზეც გამოსახულია დელფინზე მჯდარი ნიმფა-ნერეიდა; ოქროს ვარდულებისაგან შედგენილი ლალისა და მარგალიტის თვლებით შემკული სამაჯურები; ოქროს სხივანა საყურეები; ოქროს კილიტები; ოქროთი დაფერილი გირჩებითა და დაფნის ფოთლის არშიით შემკული ვერცხლის ლანგარი, რომლის შუაგულში ჩასმულია ელვისმპყრობელი არწივი-ზევსი; ვერცხლის ლანგარი, დაზიანებული ბერძნული წარწერით: „მივუძღვნი“, „ვაჩუქებ“; ვერცხლის პინაკი, რომლის ძირზე გამოსახულია ცეცხლოვანი ბომონის წინაშე მდგარი, ტორაწეული მოოქრული ცხენი; ვერცხლის პინაკი ძაღლისა და ტახის გამოსახულებით, 2 ვერცხლის კოვზი, ერთ-ერთ მათგანზე ბერძნულ-არამეული წარწერით, ვერცხლის ინკრუსტირებული იტალიური პატერა და ოინოხოია, ვერცხლის აბზინდები, სარეცლის ვერცხლის გარსაკრავები, ბრინჯაოს საცეცხლური, გრიფონის ბრინჯაოს ფიგურა, რკინის ისრისპირი, დანის ფრაგმენტი, მინის სანელსაცხებლე, მძივები და სხვ. სამარხებში აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის 58 მონეტა. მათგან 46 რომაულია (13 აურეუსი, 33 დენარი) და 12 პართული დრამა არტაბან II-ისა. თარიღდება II-IV სს-ით (გოლენკო, კაპანაძე 1968: 160-166; ნემსაძე 1977: 110).

სოფ. ზღუდერში, მდ. ძამის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს მოზრდილი ნაგებობის ე. წ. „გალავნის“ საძირკველი, ნაშენი რიყისა და კლდის ფლეთილი ქვით. სიგანე 1,5 მ. მიემართება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 20,9 მ სიგრძეზე. შემდეგ სამხრეთისაკენ უხვევს. თარიღდება გვიანანტიკური ხანით (ნემსაძე 1969: 55).

გვიანი შუა საუკუნეების ნამოსახლარი მდებარეობს ადგილ გოჩაანთკარში არსებულ ორივე ბორცვზე. ნამოსახლარი წარმოდგენილია: სამეურნეო ნაგებობებით, სწორკუთხა ფორმის 2 საწნახელით, ქვევრებით, თონითა და წყლის მილებით (ნემსაძე 1969: 54).

მძორეთის ტერიტორიაზე შემორჩენილია ეკლესია და ციხე-დარბაზი. ღვთისმშობლის სახ. გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია (7,7X5,2 მ) დგას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ნაგებია რიყის ქვით, ქვიშაქვითა და აგურით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. დაზიანებულია (სძა 1990: 382).

მძორეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ციციშვილების ციხე-დარბაზი, რომლის საერთო ფართობია 1 ჰა. შემოზღუდული ყოფილა გალავნით, რომლის მხოლოდ ჩრდილოეთი კედლის ნაწილია შემორჩენილი. გალავანს დასავლეთი და აღმოსავლეთი მხრიდან ჰქონია 2 კარი. ერთსართულიანი სასახლე გეგმით ოთხკუთხაა. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კედლები შელესილია. გალავნის შიგნით, აღმოსავლეთ მხარეს დგას ფლეთილი ქვით ნაგები, დარბაზული (9X5,8 მ) ეკლესია. აფსიდა ნახევარწრიულია; შესასვლელი აქვს დასავლეთიდან. შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიშენებულია XVII ს-ის სამსართულიანი სამრეკლო (5,8X5,9 მ). ნაგებია რიყის ქვით, ქვათლილებითა და აგურით (ზაქარაია 1969: 194-198; 1988: 96-98). ციხე-დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში მდებარე XVII ს-ის შვიდსართულიანი კოშკი გეგმით ოთხკუთხაა (7,1X6,9 მ, სამაღლე 22,3 მ). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაა. ზედა სართულებზე სათოფურებია (ზაქარაია 1969: 194-198; 1988: 96-98). ჩრდილოეთის მხრიდან კოშკზე მიდგმულია საცხოვრებელი ნაგებობა.

მძორეთში შემორჩენილია XVII ს-ის აბანო (14,8X11,7 მ). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. აბანოს აქვს საქვაბე; საბანაო სათავსი, სადაც აუზებია მოწყობილი; გასახდელი; ტალანი; გათბობისა და წყალ-მომარაგების სისტემა (ზაქარაია 1969: 144-198; 1988: 96-98).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 32; ბერძენიშვილი 1964: 193-194; 1966: 45,63; ბერძენიშვილი 1985: 60; გვასალია 1983: 94, 118, 120, 143, 151-154, 164; გვრიტიშვილი 1955: 123, 128, 137, 173, 268, 421, 443, 444, 446, 447; გოლენკო, კაპანაძე 1968: 160-166; გორგიჯანიძე 1925: 249; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 254; ზაქარაია 1957: 767-774; 1957ა: 169-249, 173, 174, 236; 1969: 194-198; 1988: 96-98; იოსელიანი 1850: 52, 53; მაკალათია 1961: 9; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 241, 242; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 158; მესხია 1983: 226, 227, 234, 235; მუნში 1969: 20; ნემსაძე 1969: 45-55; 1977: 108-114; ორბელიანი 1981: 66, 68; სძა 1990: 373, 380, 382, 383; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 224, 225, 364, 374; 1974: 209, 210; 1981: 50, 56, 157, 370, 535; 1985: 887; ქრონიკები 1897: 349; 1967: 86; ქც 4: 344,23,26; 345,10; 346,15; ხარაძე 1992: 64.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9