თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თაბ თაკ თამ

თაბორი

ციხე (ქც 4: 334,14).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 334,14; 501,18; 502,22,25), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 299,21), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 71, 137, 143, 144, 147, 197), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 47), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 23, 24), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1967: 91, 122, 162, 189, 194, 195, 431, 614, 627, 632), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე1913: 36, 47).

მდებარეობს ქ. თბილისში, მდ. მტკვრისა და წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე, თაბორის მთაზე, რომელიც თრიალეთის ქედის ერთ-ერთი განშტოებაა.

თაბორის ციხე თბილისს სამხრეთიდან იცავდა. სახელწოდება თაბორი ბიბლიური წარმოშობისაა. ქართულ ისტორიულ წყაროებში ხშირად მის ნაცვლად მთაბორია მოხსენიებული (ქც 4: 501,17, 502,22). 1045 წ. მეფე ბაგრატ IV-მ (1027-1072) თბილისის დაკავების შემდეგ აიღო თაბორის კოშკი და შიგ თავისი მეციხოვნეები ჩააყენა (ქც 1: 299,21). 1723 წ. კახეთის მეფე კონსტანტინე II-სა (1722-1733) და ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს (1716-1724) შორის წარმოებული ბრძოლის დროს თაბორის ციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. 1735 წ. ირანის ჯარმა თამაზ-ხანის (შემდეგში ნადირ-შაჰი) მეთაურობით თაბორის ციხე დაიკავა. 1747 წ. ერეკლე II-მ (1744-1798) აიღო და განაახლა თაბორის ციხე. 1795 წ. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას ქართველთა ზარბაზნები იდგა თაბორზე, საიდანაც აქტიურ ბრძოლას აწარმოებდა დავით ბატონიშვილი. თბილისის აღების შემდეგ აღა-მაჰმად-ხანმა თაბორის ციხე დაანგრია. XVIII ს-ში თაბორის ციხეს ყორჩი-ყალა ანუ დამცველი ციხე ეწოდებოდა (ბერიძე 1977: 87-98). თაბორის ციხის ტერიტორიაზე იდგა ფერიცვალების ეკლესია (იოსელიანი 1866: 253; ჯანაშვილი 1899: 184; ბერიძე 1977: 96, 97).

1972 წ. ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თაოსნობით თაბორის მთაზე ჩატარდა დაზვერვითი არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღ. ო. ტყეშელაშვილი). იქ გამოვლინდა თლილი ქვით ნაგები კედლის ნაშთი და შუა საუკუნეების თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები (ტყეშელაშვილი 1986: 1-10). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 47; ბაგრატიონი დავით 1941: 23, 24; ბერიძე 1977: 87-98; იოსელიანი 1866: 253; ორბელიანი 1981: 71, 137, 143, 144, 147, 197; ტყეშელაშვილი 1986: 1-10; ქრონიკები 1967: 91, 122, 162, 189, 194, 195, 431, 614, 627, 632; ქც 1: 299,21; ქც 4: 334;14, 501,17; 502,22,24; ჩხეიძე 1913: 36, 47; ჯანაშვილი 1899: 184.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9