თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თაბ თაკ თამ

თაკვერი

ციხე (ქც 4: 748,26).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 57,12); ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 185,19; 241,6). ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 748,16,26,სქ.1; 749,5; 776,7,9), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 27,2; 33,21; 49,15; 65,16), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 349,18), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 150).

ვახუშტი ბაგრატიონი თაკვერის შესახებ გადმოგვცემს: „გორდიდამ ვიდრე კავკასამდე არს ხეობა ლეჩხუმისა, რომელსა უწოდებენ თაკუერად. არამედ მოიგო სახელი ესე გარემოსთა მთათაგან, კუერსავით მდებარისა – იხილე ესე მთა კუერი, – ანუ ციხისაგან ფრიად მაგრისა, მუნვე თაკუერისა ... ცხენისწყალს მოერთვის, გორდს ზეით, ჩდილოდამ, კავკასის გამომდინარე ხევი, და ამ ხევზედ არს ციხე თაკუერი, მაღალს კლდესა ზედა, დიდშენი და ფრიად მაგარი“ (ქც 4: 748,15-26, 749,1).

ვახუშტი ბაგრატიონს თავის რუკაზე თაკვერის ციხე მითითებული აქვს დღევანდელი ზუბის ციხის მიდამოებში, სადაც აღმართულია ადრე შუასაუკუნეების დიდი ციხესიმაგრის ნანგრევები. მკვლევართა აზრით, თაკვერის ციხე უფრო ზუბის ციხეა, რომლის ირგვლივ მრავლადაა კვერ-ფუძიანი ტოპონიმები: მდ. კვერშულა; მთა კვერშიგვერდი; საკვერია, ასხის მთის მასივის დიდი ტერიტორია, სადაც სათავეს იღებს მდ. კვერეშულა; მთა და საბალახო თაკვერა ასხის მთის მასივზე (შარაშიძე 1976: 29; მუსხელიშვილი 1977: 126; ბერძენიშვილი ... 1983: 29-30).

თაკვერი წყაროებში იხსენიება II ს-ის ამბების აღწერისას, როდესაც ამაზასპს განუდგნენ ერისთავები ეგრისისა, ოძრხისა, კლარჯეთისა და წუნდისა. მათ დასახმარებლად მიმართეს ოსებს, რომლებმაც გადმოვლეს გზა თაკვერისა (ქც 1: 57,12). ვახტანგ გორგასალმა თაკუერის ერისთავად დასვა ბაკური (ქც 1: 185,19). მეფე მირმა თავის ძმას, არჩილს მისცა ეგრისი, სვანეთი, თაკუერი, არგვეთი, გურია (ქც 1: 241,5,6). თამარის მეფედ კურთხევას 1184 წ. ესწრებოდა კახაბერი, ერისთავი რაჭისა და თაკუერისა (ქც 2: 27,2).

თაკუერის ციხე იხსენიება VII ს-ში. აქ იმყოფებოდა ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, მაქსიმე აღმსარებლის ერთ-ერთი მოწაფე ანასტასი აპოკრისიარი, რომელიც თეოდოსი განგრელს 666 წ. სწერდა, თაკუერის ციხეში ცოტაოდენი სიმშვიდე ვპოვეო (აგათია სქოლასტიკოსი 1936: 59,სქ.1).

თაკვერის ციხედ მიჩნეული ზუბის ციხე მდებარეობს ცაგერიდან სამხრეთით 14 კმ-ზე, ცხენისწყალ-კვერშოულას შესართავს ქვევით, მთებით შემოზღუდული ხეობის ცენტრში ამოზიდულ მაღალ კონცხზე. მდინარის კალაპოტი კონცხის გარშემო წრეს მოხაზავს და ნაგებობას მიუვალს ხდის. სხვა მხრიდან ციხე ტერასულადაა ნაგები. გალავანი რელიეფს ეხამება და მრუდხაზოვანია. პირველ ტერასაზე აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შემოსდევს გარედან თხრილით გამაგრებული, კლდის დიდრონი კვადრებით ნაგები საყრდენი კედელი. ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მას შემოსდევს ცხენისწყალი. შვეული ფრიალო კლდე სპეციალურ გამაგრებას არ საჭიროებს. მეორე ბაქანი ციხეს აღმოსავლეთიდან აქვს და სწორკუთხაა. იქ შემორჩენილია დიდრონი კვადრებით თარაზულად ნაგები საყრდენი კედლები, რომლებიც თავისი სტილით ადრე შუასაუკუნებისაა. მესამე ზედა ბაქანზე, ბორცვის თხემზე დიდი მოცულობის ციტადელია. შუაში დიდი ოთხკუთხა კოშკია, ყოველი მხრიდან – ბურჯებით. ნანგრევებში შეინიშნება ორმაგი კედლები. ციხის ეზოს ჩრდილოეთ ნაწილში დგას დიდი საბრძოლო ნახევარწრიული ბურჯი. აღმოსავლეთით კუთხეებში მრგვალი კოშკები უნდა ყოფილიყო. მის ძირში შემორჩენილია წყლის რეზერვუარი. კედლები ნაგებია უხეშად დამუშავებული კლდის ქვით. მათი წყობა სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულია. თუ ქვედა ციხე-ზღუდე ერთმანეთზე მორგებული დიდი ნათალი ქვითაა ნაგები, ზედა ნაწილში ქვების წყობა არეულია. ციხის მდებარეობა და მისი გრანდიოზულობა იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ იქ მჯდარა ხელისუფალი (მუსხელიშვილი 1977: 125, 126; ბერძენიშვილი ... 1983: 29-30).

ზუბის ციხე მდებარეობს გზასაყარზე. ციხის ძირში, სამხრეთით ცხენისწყალზე ხიდი იყო გადებული. ამ ადგილიდან გზები მიემართება სამეგრელოსა და იმერეთისკენ.

ზუბის ციხეზე 2003-2004 წწ. გათხრებს აწარმოებდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიცია ჯ. კოპალიანის ხელმძღვანელობით. გათხრებისას მოპოვებულია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური მასალა, ძირითადად კერამიკა.
 
ბიბლიოგრაფია: აგათია სქოლასტიკოსი 1936: 59, სქ. 1; ბერძენიშვილი ... 1983: 29-30; დადიანი 1962: 150; მუსხელიშვილი 1977: 91, 105, 118, 123, 126, 127, 128, 129, 135, 136, 209, 211, 215; 1980: 53, 77, 83, 84, 106, 107, 142, 154, 159; ქც 1: 57,12, 185,19, 241,6; ქც 2: 27,2; 33,21; 65,16; 68,1; ქც 4: 748,16,26,სქ.1; 749,5; შარაშენიძე 1976: 25-30.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9