ეკლესია, ციხე (ქც 4: 353,14-17).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 353,14-17; 354,12,16,17; 505,23; 516,23; 621,19,23-25; 623,1; 624,7), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 391,1; 419,4,13), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 35), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 37, 43, 44, 62, 69-71, 73, 81, 113, 114, 121-124, 216, 219, 223, 241, 244), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 81), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 508, 509; 1967: 106, 158, 235, 431, 485, 459, 510, 518; ქართლ-კახეთის ... 1903: 264; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 242; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 153; 1953: 242; 1955: 310, 475; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 397, 420, 512; 1970: 553, 558, 559, 563; 1981: 373, 418, 428; 1985: 243), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 271; 1964: 227), დე გრაი დე ფუას „ცნობები საქართველოს შესახებ“ (დე გრაი დე ფუა 1985: 27, 28, 43, 44, 95, 98), რიჩარდ უილბრაჰიმის „მოგზაურობა საქართველოში“ (უილბრაჰიმი 1990: 24), ბურნაშოვის „საქართველოს სურათები“ (ბურნაშოვი 1935: 73), იაზიკოვის „ჩანაწერები“ (იაზიკოვი 1935: 73).
მდებარეობს დუშეთიდან 23-ე კმ-ზე, მდ. მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე.
ანანური ისტორიულ წყაროებში XVI ს-დან იხსენიება. ის არაგვის ერისთავების რეზიდენცია იყო (მესხია 1983: 229). 1633 წ. ქართლის მეფე როსტომმა (1632-1658) არაგვის საერისთავო დაარბია. 1739 წ. შანშე ქსნის ერისთავმა შემუსრა ანანური. დაწვა კოშკი „შეუპოვარი“, იქ შეხიზნული მოსახლეობით (ქც 4: 516,23-25). 1746 წ. არაგველები აუჯანყდნენ ერისთავებს. მათ ანანურში დასახმარებლად მოიწვიეს მეფე თეიმურაზ II (1744-1762) და ერეკლე II (1744-1798) და დაამარცხეს ერისთავები. თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთაო და ტერიტორია სამეფო მამულად გამოაცხადა (გვრიტიშვილი 1965: 11). ანანურის ციხესიმაგრე საშიშროების დროს ქართველ მეფეთა თავშესაფარი იყო (ქც 4: 505,23; 516,23; 621,19,23-25; 623,1; 624,7). 1770 წ. აღწერის ნუსხაში ანანური მოხსენიებულია მცირე ქალაქად, სადაც ცხოვრობდა 100 კომლი ქართველი და სომეხი (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 420). 1791 წ. ერეკლე II თავის განწესებაში საქართველოს შვიდ ძლიერ ციხეთა შორის ანანურის ციხესაც ასახელებს (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 512). ანანურში იყო სამეფო საბაჟო (მესხია 1983: 230). 1792-1799 წწ. აღწერით ანანური ქალაქია და ეკუთვნოდა ბატონიშვილ ვახტანგს (ალმასხანს) (ბაგრატიონი 1986: 35). XIX ს-ის 70-იან წლებში ანანურში 64 კომლი სახლობდა (იოსელიანი 1875: 25). 1812 წ. კონსტანტინე მუხრანბატონმა აჯანყებულ გლეხთა დასაშოშმინებლად რუსთა მხედრობით გადაწვა ანანური (ბაგრატიონი 1985: 81). ანანურის ციხესიმაგრე კეტავდა ჩრდილოეთიდან (სამხრეთ რუსეთიდან) მომავალ დიდ მაგისტრალს – დარიალის გზას. ანანურზე გადიოდა კახეთიდან მომავალი გზა, რომელიც ვაძათხევთან გადადიოდა ქსნის ხეობაში (გვასალია 1983: 160).
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) დაცულია შემთხვევით მოპოვებული მასალა ანანურიდან (კოლექცია №1-51, 1-36), რომლის შემადგენლობაშია: ბრინჯაოს აბზინდა, ჭურჭლის ნატეხები, პატარა სალტეები; რკინის ნივთი, წიდები; ოქროს ფირფიტა გრეხილი ორნამენტით; ოქროს ფირფიტების მცირე ნატეხები; შაჰ ჰუსეინის ვერცხლის მონეტა, ოქროს მონეტების ნატეხები ლათინური ასოებით; ფაიანსისა და ყვითლად მოჭიქული თიხის ჭურჭლის ნატეხები; წითლად და შავად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები; სამი კაური; ქსოვილის ნაშთი.
1957 წ. დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა შეიძინა შემთხვევითი მონაპოვარი ანანურიდან: ბრინჯაოს ირმის ქანდაკება, ლურჯი მინის მძივები და მინის საბეჭდავი ჯვრის გამოსახულებით.
ანანურის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1939 წ. მცხეთის ექსპედიციის რაზმმა მ. ივაშჩენკოსა და ალ. კალანდაძის ხელმძღვანელობით. გაწმინდა კოშკი „შეუპოვარი“, სადაც გამოვლინდა: დამწვარი ადამიანების ჩონჩხი; გვიანი შუა საუკუნეების კერამიკის ნატეხები, ვენეციური ოქროს მონეტის ნატეხი ჯოვანო კორნაროსი (1703-1722) და ჰუსეინ I-ის (1718-1722) ვერცხლის სეფეიდური მონეტა (პახომოვი 1949: 71; მესხია 1983: 230).
1971 წ. ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩატარდა დაზვერვითი სამუშაოები ანანურში. მიკვლეულ იქნა ანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების სამაროვნები (რამიშვილი ... 1972: 49). 1978 წ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. რამიშვილი) შეისწავლა ანანურის ციხესიმაგრის ტერიტორია და მისი შემოგარენი. გაითხარა ქვედა ციხის ტერიტორია, სადაც გამოვლინდა საცხოვრებელი სათავსოების კედლების ფრაგმენტები, ნაგები კირხსნარზე კვადრატული აგურითა და თლილი ქვებით. არქეოლოგიური მასალა გვიანი შუა საუკუნეებისაა. ესენია: წითლად გამომწვარი მოჭიქული და მოუჭიქავი ჯამების, ხელადების, ქოთნების, ქილებისა და დერგების ფრაგმენტები (რამიშვილი ... 1981: 140).
ანანურის ჩრდილოეთით, ადგილ „ცივწყაროზე“ გაითხარა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი სამი ქვის სამარხი. ინვენტარიანი ერთი სამარხი იყო. მასში გამოვლინდა ბრინჯაოს საკინძები, შემკული ბროწეულის ყვავილისებრი თავით, ძოწისა და სარდიონის ბურთულა თავით; რკინის ფიბულის ნატეხი; ბრინჯაოს ბეჭედი; ბრინჯაოს თავებდაბრტყელებული სამაჯური. სამარხი თარიღდება ახ. წ. VI ს-ით.
ანანურის ჩრდილო-დასავლეთით, ადგილ „თეთრ გზაზე“ 1985 წ. გაითხარა ადრე შუა საუკუნეების 11 ქვის სამარხი და ერთი ორმოსამარხი. უკანასკნელში დაკრძალული იყო ორი მიცვალებული, მოხრილი კიდურებით, მარჯვენა გვერდზე, თავით სამხრეთისაკენ. სამარხში აღმოჩნდა: წითლად გამომწვარი ხელადის ნატეხები; ბრინჯაოს ფიბულა და საკიდები; ვერცხლის ბეჭედი და რგოლი; მინის მძივები. სამარხი თარიღდება III-IV სს-ით (რამიშვილი ... 1987: 86, 87).
1988-1989 წწ. ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით გაითხარა განვითარებული შუა საუკუნეების ნასოფლარის ქვის ღობით შემოსაზღვრული ერთი საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილი. ნაგებობა, რომელიც რამდენიმე ოთახისაგან შედგება, ნაშენია კლდის ფლეთილი ქვებით კირხსნარზე. საცხოვრებელი ოთახების იატაკი მიწატკეპნილია ან ქვის ფილებითაა მოგებული. კომპლექსის გათხრებისას აღმოჩნდა ქვით ნაშენი ორი საწნახელი. არქეოლოგიური მასალა წარმოდგენილია წითელკეციანი მოჭიქული და მოუჭიქავი ჭურჭლის: ქვევრების, ჯამების, ხელადების, დერგების, ქოთნების, ბადიების ნატეხების სახით (მინდორაშვილი 1998: 34-39). ნასახლარის ჩრდილო-დასავლეთით გამოვლინდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი შუა საუკუნეების უინვენტარო ქვის სამარხები (რამიშვილი ... 1997: 104). ანანურსა და მის შემოგარენში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის ბაზაში.
ანანურის ციხესიმაგრე შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. ქვედა ციხის ფართობი სამჯერ მეტია ზედა ციხისაზე, რომლის გალავანი ძლიერ დაზიანებულია. ის გეგმით არასწორი ხუთკუთხედია. გალავნის სამხრეთ ნაწილში 2 შესასვლელია – დიდი და მცირე. გალავანზე მიდგმულია 4 ნახევარწრიული ფორმის კოშკი, რომელთაგან მხოლოდ საფუძველიღაა შემორჩენილი. ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე (ზაქარაია 1953; ციციშვილი 1955: 80). ზედა ციხე მდებარეობს მაღლობზე. გეგმით ხუთკუთხაა. მისი კედელი 8-10 მ სიმაღლისაა. ნაგებია ფლეთილი ქვით, რიყის ქვითა და აგურით კირხსნარზე. შესასვლელი კოშკი სამხრეთ კედელშია. 3 კოშკია დასავლეთის კედელში, ერთი – ჩრდილოეთ კედელში. დასავლეთი კედლის ცენტრში დგას შვიდსართულიანი სწორკუთხა კოშკი „შეუპოვარი“. დანარჩენი კოშკები ცილინდრულია. კოშკების კედლებში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ზოგან მოწყობილია ბუხარი. ეზოს შუაში დგას პირამიდულსახურავიანი, ხუთსართულიან სწორკუთხა კოშკი. გალავნის შიდა ეზოში აღმართულია 2 ეკლესია, სამრეკლო და წყალსაცავი 2 აუზით. ქვედა და ზედა ციხის გალავნებს შორის დგას დარბაზული ტიპის ეკლესია, ე. წ. „მკურნალი“ (11,7X6,4მ). მას აქვს ნახევარწრიული აფსიდა. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილეთიდანაა. მოგვიანებით ეკლესიის სახურავზე დაუშენებიათ სამრეკლო. ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვითა და კირხსნარით. ცალკეულ დეტალებზე გამოყენებულია აგურიც. ციტადელის დასავლეთ მონაკვეთში დგას მცირე გუმბათიანი ეკლესია „ღვთაება“ (21X8მ). ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. შიგადაშიგ აგურიც გამოუყენებიათ. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. ეკლესიის სამხრეთი მკლავის არეში მოთავსებულია თლილი ქვით ნაგები სწორკუთხა ბალდაქინი. მის სამ ფასადზე მხედრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია საქართველოს მდივანბეგი, არაგვის ერისთავის, გიორგის შვილი ედიშერი. ბალდაქინი აგებულია მისი მეუღლის, ანა აბაშიძის მიერ 1674 წ. ეკლესია აშენებული უნდა იყოს XVI ს-ის შუა წლებში ან XVII ს-ის დასაწყისში (ზაქარაია 1953: 109).
ანანურის ციტადელის მთავარ შენობას წარმოადგენს დიდი გუმბათიანი ტაძარი „ღვთისმშობელი“. გეგმით ის სწორკუთხედში მოთავსებული ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა (22,9X17,1მ; სიმაღ. 26,4მ). შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის გვერდებზე დამხმარე სათავსოებია. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებს და დასავლეთის ორ ბურჯს. საკურთხეველში სამი სარკმელია, გუმბათის ყელში – 16. ეკლესიის კედლები ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. ინტერიერი შელესილია ბათქაშით. გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვის პერანგით. ინტერიერი მოხატული ყოფილა. ამჟამად სამხრეთ კედელზე შემორჩენილია „განკითხვის დღის“ სცენა. ფასადები შემკულია ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების რელიეფური ფიგურებით (ზაქარაია 1953; ბერიძე 1974: 74). სამხრეთის ფასადზე გამოვლენილია მაღალი და განიერი მოჩუქურთმებული ჯვარი, გვერდებზე დატოტვილი ვაზებით. აქვეა ჯაჭვით დაბმული ორი ლომის ფიგურა. ჯვარი და ვაზი ამკობს დასავლეთის ფასადსაც. ტაძარი აგებულია 1698 წელს. ამაზე მიუთითებს სამხრეთ ფასადზე არსებული 19-სტრიქონიანი მხედრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია არაგვის ერისთავის შვილი, მდივანბეგი ბარძიმი და ბოქაულთუხუცესი ქაიხოსრო (ზაქარაია 1953: 10, 11).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 31; ბაგრატიონი 1986: 35; ბერიძე 1974: 74; ბერძენიშვილი 1966: 60-62; ბურნაშოვი 1935: 73; გვასალია 1983: 160-165; გვრიტიშვილი 1955: 19, 40, 43, 384; გიულდენშტედტი 1962: 271; 1964: 227; გორდეევი 1939: 14-31; დე გრაი დე ფუა 1985: 27, 28, 43, 95, 98; ზაქარაია 1953; 1967; 1973: 82-88; იაზიკოვი 1935: 73; იოსელიანი 1850; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 153; 1953: 242; 1955: 310, 475; მესხია 1983: 39, 203, 229-233, 234, 235, 249, 261, 324, 339, 403, 459, 464, 609, 615, 623; ორბელიანი 1981: 37, 43, 44, 62, 69-71, 73, 81, 113, 114, 121-124, 216, 219, 223, 239, 240, 244; პახომოვი 1949: 71; რამიშვილი ... 1972: 43-50; რამიშვილი ... 1981: 129-143; რამიშვილი ... 1987: 74-89; რამიშვილი ... 1997: 104; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 122; უილბრაჰიმი 1990: 24; ქართლ-კახეთის ... 1903: 264; საძაგლიშვილი-ივერიელი 1898: 69-80; უილბრაჰიმი 1990: 24; ქრონიკები 1897: 508, 509; 1967: 106, 158, 235, 431, 485, 459, 510, 518; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 397, 420, 512; 1970: 553, 558, 559, 563; 1981: 373, 418, 428; 1985: 243, 353, 354; ქც 2: 391,1; 491,4,13; ქც 4:353,14-17; 354,12,16,17; 505,23; 516,23; 621,19,23-25; 623,1; 624,7; ციციშვილი 1955: 80, 81.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.