კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოდ კოლ კონ კორ კოხ კოჯ

კოჯორი 

კოჟორი ციხე (ქც 4: 327,17; 389,5), სასახლე (ქც 4: 327, 18).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 344,22; 379,3; 408,3; 484,28; 515, 29), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 327,17,18; 389,5), XIV და XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგლ. 1966: 97, 258, 298, 300, 302, 312, 315; 1970: 590; 1985: 376; 1970ა: 253, 294, 295, 398, 399, 521, 580, 582, 585, 590, 596, 616, 633, 634, 670, 709, 716; მასალები საქ. ისტ. გეოგრ. 1964: 127; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 172, 340; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 129), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 144), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 46, 81), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 129, 26), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 67, 93, 239; 1964: 177).

ვახუშტი ბაგრატიონი კოჟრის ციხისა და სასახლის ადგილმდებარეობის შესახებ გადმოგვცემს: „კიკეთს ქუეით, ხევსა შინა, არს მონასტერი კაბენისა ... სამხრით, მას ზემოთ, არს ციხე აზეულასი და აწ კოჟრისა, თხემსა ზედა კლდისასა. ამ ციხის სამხრით არს სასახლე მეფისა კოჟორი“ (ქც 4: 327,17,18).

კოჟრის ციხე და სასახლე მდებარეობს გარდაბნის მუნიც-ში, თანამედროვე დაბა კოჯრის სამხრეთით, თრიალეთის ქედის განშტოებაზე. ციხე გაბატონებულია ალგეთის ხეობაზე და მოხერხებული სტრატეგიული მდებარეობა აქვს. აკონტროლებდა გარდაბნიდან შიდა ქართლში და თბილისიდან თრიალეთში მიმავალ გზებს (შმერლინგი... 1960: 70-72). კოჯრის ციხე ცნობილია აზეულას ციხის სახელითაც (ქც 4: 327,16). არსებობს მოსაზრება, რომ ქართულ წერილობით წყაროებში მოხსენებული აგარა, აგარანი, აგარათა ციხე (ქც 1: 312,13, 313,4, 331,15, 335,2, 369,22, 370,31) იგივე კოჯრის ციხეა (ბერძენიშვილი 1964: 314). კოჯორი წყაროებში იხსენიება XIV ს-დან. 1338 წ. დათარიღებული სიგელით მეფე გიორგი V ბრწყინვალემ (1299, 1314-1346) ივანე თორელ-ჯავახიშვილს უბოძა „კოჟრის ძირისა მონასტერი ათენაგუენი“ (ქართ. სამართ. ძეგლ. 1966: 97). 1488 წ. ირანის ლაშქარი კოჯრის ციხეს მიადგა. ქართველებმა მაშველი ჯარის მოუსვლელობის გამო ღამით იქაურობა მიატოვეს. სპარსელებმა ციხე დაანგრიეს და შემდეგ თბილისისაკენ გაემართნენ (ჯავახიშვილი 1982: 370). 1625 წ. მარაბდის ომის წინ ქართველთა ჯარი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში დაბანაკდა. მარაბდის ველზე დამარცხების შემდეგ ბრძოლა გაგრძელდა კოჯრის ციხის მახლობლად. XVII ს-ის პირველ ნახევარში კოჯრის ციხის სამხრეთით ქართლის მეფემ როსტომმა (1633-1658) ააგო სამეფო სასახლე, რომელიც შემდგომ წარმოადგენდა მეფეთა საზაფხულო რეზიდენციას (ქც 4: 327,18; ბაგრატიონი 1986: 46; ქართ. სამართ. ძეგლ. 1966: 258, 298, 300, 302, 312, 315). XVII ს-ის 80-იან წწ. ნიკოლოზ კათოლიკოსმა კოჯორში ერთი კარის ეკლესია და საზაფხულო სასახლე ააგო (ქართ. სამართ. ძეგლ. 1970: 390). 1721 წ. აღწერით კოჯორი ქართლის მეფის მფლობელობაში შედიოდა (ლორთქიფანიძე 1935: 93, 321). ქართლში თურქების ბატონობის პეიროდში (1723-1735) კოჯრის ციხემ ქოროღლის სახელი მიიღო.

ის და სასახლე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

კოჯრის ციხე ძლიერ დაზიანებულია. გალავნის შემორჩენილ კედელში ჩართულია ორი ცილინდრული კოშკი – სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ციხე აიგო არაუგვიანეს IX ს-ისა, გადაკეთებულია მრავალჯერ. სამხრეთ-დასავლეთის კოშკი აგებულია ფლეთილი ქვით, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის კოშკი და გალავანი აგურითა და ფლეთილი ქვით (შმერლინგი ... 1960: 70-72).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი, 1986: 46, 81; ბერძენიშვილი 1964: 314; გიულდენშტედტი 1962: 67, 93, 239; 1964: 177; დადიანი 1962: 129; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 172, 340; ლორთქიფანიძე 1935: 93, 321; მასალები საქ. ისტ. გეოგრ. 1964: 127; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 129; ორბელიანი 1981: 144; ქართ. სამართ. ძეგლ. 1966: 97, 258, 298, 300, 302, 312, 315; 1970: 590; 1985: 376; 1970ა: 253, 294, 295, 398, 399, 521, 580, 582, 585, 590, 596, 616, 633, 634, 670, 709, 716; ქც 2: 344,22; 379,3; 408,3; 484,28; 515,29; ქც 4: 327;17,18; 389,5; შმერლინგი... 1960: 70-72; ჯავახიშვილი1982: 370.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9