აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ანა ანჩ

ანჩა

ეკლესია (ქც 4: 677,18,22,სქ.2,3).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 677,18,22, სქ. 2,3), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 418,16), გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (მერჩულე 1963: 248-319), ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 98, 127; 1897: 170,176).

ანჩის მონასტერი ლოკალიზდება საქართველოს ისტორიულ პროვინცია შავშეთში. მდებარეობს სამკალის ველზე, ქალაქ ანჩადან დაახლოებით 1 კმ მანძილზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ისპირის მთის კალთას, არს ეკლესია ღუთაებისა ანჩა, გუმბათიანი, დიდ-შუენიერად ნაგები, კარგს ადგილს. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ლიგანის ხევისა გაღმა-გამოღმართისა გონიამდე, ფორჩხის ხეობისა და აჭარისა, და აწ ცალიერ არს“ (ქც 4: 677, 21, 22; 678,1-3).

ანჩის მონასტრის აგების თარიღის შესახებ პირდაპირი ცნობები არ მოგვეპოვება. გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით, ანჩაში მონასტრის დაარსება სავარაუდოა VI-VII სს-ში, საქართველოში არაბების შემოჭრამდე (ინგოროყვა 1954: 377, 378; მენაბდე 1962: 436). VIII ს-ის პირველი ნახევრიდან ანჩა საეპისკოპოსო ტაძარია. ანჩის ეპისკოპოსი დიდი გავლენითა და პატივით სარგებლობდა მეფის კარზე. მათ ჰქონდათ მღვდლებისა და დიაკვნების კურთხევის განსაკუთრებული უფლება (ინგოროყვა 1954: 379). ანჩელი ეპისკოპოსი ეზრა თავდადებით ებრძოდა საქართველოში შემოჭრილ ბიზანტიელებს (ქც 1: 292,15). IX-XVII სს-ში ანჩა წარმოადგენდა არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ ადმინისტრაციულ ცენტრსაც (მერჩულე 1963: 68, 69). ანჩის მონასტერში ინახებოდა მაცხოვრის „ხელთუქმნელი“ ხატი, რომელიც დღესაც ანჩისხატად იწოდება. XVII ს-ში, როდესაც თურქებმა დაიპყრეს ტაო-კლარჯეთი, ანჩის მონასტერი ქართველებმა სამუდამოდ მიატოვეს. მონასტერი კარგად იყო შემონახული ჯერ კიდევ XVIII ს-ში ვახუშტი ბაგრატიონის დროს (ქც 4: 677,18,22, სქ. 2, სქ. 3). 1879 წ. ეს ადგილები მოინახულა დ. ბაქრაძემ. მის დროს ეკლესია უკვე ძლიერ იყო დაზიანებული. 1904 წ. მონასტერი აღწერა ნ. მარმა. მის მიხედვით, შემორჩენილი იყო მხოლოდ ეკლესიის აღმოსავლეთი მხარე. 1975 წ. ეკლესია მთლიანად იყო დანგრეული (ჯობაძე 1992: 54).

ანჩა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ანჩის მონასტერი წარმოადგენდა ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან პორტიკები ჰქონდა მიშენებული. სამონასტრო კომპლექსი შესაძლოა შეიცავდა ეპისკოპოსის რეზიდენციას (ჯობაძე 1992: 54). ეკლესია აგებული იყო მოწითალო-ღვინისფერი ქვიშაქვით, მოყავისფრო და მწვანე ქვის ჩანართებით. სამი ორნამენტირებული ქვის ბლოკი და თლილი კვადრები ხელმეორედ იყო გამოყენებული ახლომდებარე სახლისა და ჯამეს მშენებლობისას. ორნამენტი XI ს-ის პირველ ნახევარს მიეკუთვნება. სავარაუდოა, რომ VI-VII სს-ში აგებული ტაძარი საფუძვლიანად შეაკეთეს XI ს-ში, მას შემდეგ, რაც იგი დაზიანდა ბიზანტია-საქართველოს საომარი მოქმედების დროს (ჯობაძე 1992: 56).
 
ბიბლიოგრაფია: ინგოროყვა 1959; მენაბდე 1962; ქც 1: 292,15; ქც 2: 418,6; ქც 4: 677,18,22, სქ. 2,3; ქრონიკები 1892: 98, 127; 1897: 170, 176; მერჩულე 1963: 248-319; ჯობაძე 1992: 54-56.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9