თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თედ თეზ თეთ თელ

თელადგორი

სოფელი (ქც 4: 512,17).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 512,7), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 71, 72), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30), 1765 წ. განჩინება (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 511), 1800 წ. არზა (ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 673, 674), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 273).

მდებარეობს კასპის მუნიც-ში, მდ. კავთურას ხეობაში, თანამედროვე სოფ. თელადგორის ტერიტორიაზე.

1728 წ. ქართველებსა და ოსმალებს სოფ. თელადგორთან ლეკთა ჯარი ამოუწყვეტიათ (ორბელიანი 1981: 72, 72).

1976-1977 და შემდგომ წლებში ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კავთისხევის ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. ცქიტიშვილი) გამოიკვლია თელადგორის „საფუზრების გორა“ და მისი მიმდებარე ტერიტორია (ცქიტიშვილი ... 1979: 125; ცქიტიშვილი ... 1980: 130; ცქიტიშვილი ... 1997: 87-89).

„საფუზრების გორა“ მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, ახალქალაქ-წინარეხის გზის გასაყართან. გორაზე ანაკრეფი მასალა გვიანბრინჯაო-ადრერკინისა და ანტიკური ხანისაა (ცქიტიშვილი ... 1979: 125).

გორას სამხრეთიდან ეკვრის 15 ჰა ფართობის ნაქალაქარი, რომლის გათხრისას, ქვედა ფენაში, აღმოჩნდა სამი ორმოსამარხი. მიცვალებულები დაკრძალულია გვერდზე, მოკუნტულ მდგომარეობაში. №№2, 3 სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს სატევარი, მასრაგახსნილი შუბისპირი. სამარხები თარიღდება ძვ. წ. XIII-XII სს-ით. №1 სამარხში აღმოჩენილი ბრინჯაოს მასიური სამაჯური, საკინძები, კერამიკა ძვ. წ. IX-VIII სს-ით თარიღდება (ცქიტიშვილი 1979: 127).

ნაქალაქარზე დადასტურებულია ორი ფენა (ცქიტიშვილი 1979: 125). ძვ. წ. III-II სს-ის ფენაში აღმოჩენილია ნაგებობათა ნაშთები, რომელთაც თიხატკეპნილი იატაკი ჰქონია და კრამიტით ყოფილა დახურული. ნაქალაქარზე მოპოვებულია წითლად მოხატული ქვევრები და სხვ. ჭურჭელი. მოხატულობაში გაირჩევა გეომეტრიული სახეები, სიუჟეტური ნახატები. ამავე ფენაში გვხვდება სამაროვანი. ორმოსამარხებში, კრამიტ-სამარხებსა და ქვევრსამარხებში მიცვალებულები დაკრძალულია გვერდზე, მოხრილ მდგომარეობაში. სამარხეული ინვენტარიდან გვხვდება: სუფრის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და რკინის სამკაულები, ავგუსტუსისა და გოტარზეს ვერცხლის მონეტები. სამაროვანი I-III სს-ით თარიღდება. ზედა ფენაში აღმოჩენილია თიხატკეპნილიატაკიანი სახლები; ვარდისფრად გამომწვარი კერამიკა; ცხვრის თავის ქანდაკება და სხვა (ცქიტიშვილი ... 1979: 126).

სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით გამოვლენილია სამაროვანი, რომელშიც აღმოჩენილია თიხის ჯამი, ხელადები, ბრინჯაოს ბოთლისებურთავიანი საკინძები, ბრინჯაოს ბეჭედი. სამაროვანი თარიღდება ადრერკინის ხანით (სძა 1990: 162). მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

სოფლის ცენტრში დგას წმინდა გიორგის გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია (7,25X4,8 მ). ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთით იყო (ამოშენებულია). აფსიდა ნახევარწრიულია (სძა 1990: 162). მას დასავლეთით მიშენებული აქვს წმინდა თევდორეს ეკლესია (5,5X4,8 მ), რომელიც წმინდა გიორგის ეკლესიას უკავშირდება დასავლეთით არსებული კარით (სძა 1990: 163).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 30; გვასალია 1983: 122; გიულდენშტედტი 1962: 237; ორბელიანი 1981: 71, 72; სძა 1990: 162, 163; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 511; 1985: 673, 674; ქც 4: 512,17; ცქიტიშვილი ... 1979: 117-130; ცქიტიშვილი ... 1980: 127-130; ცქიტიშვილი ... 1997: 87-89.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9