თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თედ თეზ თეთ თელ

თელავი 

ქალაქი (ქც 4: 151,16).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 151,16; 547,22; 548,3; 561,27; 603,19; 612,26; 614,31; 616,22; 618,22; 621,8; 622,1,10,25; 623,16,24; 624,8,13; 625,5,25,27; 626,4; 627,7; 629,33; 630,19), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 312,5), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 272,6), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 309, 316; 1967: 284, 295, 317, 334, 336, 337, 351, 356, 379, 381, 387, 388, 392, 418, 419, 427, 439, 440, 443, 444, 450, 452, 453, 465, 634; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 108; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 45, 49, 55, 56, 60, 61, 80, 102, 105, 108, 109, 113, 114, 121, 126, 154, 157, 160, 179, 188, 196, 200, 201, 204, 205 209, 213, 214; საქ. სიძ. 1910: 74, 105, 219, 233, 251, 268, 269, 274, 294, 304, 338, 353, 384, 393, 455, 511-513; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 385, 387, 511, 534; 1970: 718, 1001, 1110; 1972: 653, 655; 1974: 27, 454, 455, 511; 1977: 48, 291; 1981: 43, 49, 79, 106, 126, 171, 377, 381, 443, 486, 534, 600, 692, 712, 727, 757, 779; 1985: 93, 199, 231, 238, 256, 258, 290, 360, 364, 393, 430; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 70, 180, 188, 192; მასალები საქ. ისტ. 1905: 4, 26, 51, 57), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 61, 83, 89, 99, 179, 210, 214, 215, 227, 228, 230), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 4, 42), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 49, 67, 69, 73, 79, 119, 120, 135, 154), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 68), მისივე „კალმასობა“ (ბაგრატიონი 1936: 68-77), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 74, 102), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 81, 82, 84), ჩილდრის ეიალეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ... 1979: 47), ჟან შარდენის „მოგზაურობა“ (შარდენი 1975: 33, 394), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 37, 39, 41, 43, 67, 227, 245, 261).

ვახუშტი ბაგრატიონი თელავის შესახებ გადმოგვცემს: „გულგულას ქუეით, თურდოს ხევის სამხრით, არს თელავი“ (ქც 4: 548,3).

მდებარეობს ცივი მთის ბორცვზე, ზღვის დონიდან 500-800 მ-ზე, ქ. თელავის ტერიტორიაზე.

წყაროებში პირველად XI ს-ში იხსენიება. კვირიკე III-ის დროს (1010-1037) თელავი კახეთ-ჰერეთის გაერთიანებული სამეფოს ცენტრი გახდა (ქც 4: 561,27). 1068 წ. განძის მმართველი ფადლონი ქართველებმა შეიპყრეს და თელავში მჯდომ აღსართანს მიჰგვარეს (ქც 1: 312,5). XII ს-ში თელავი სამეფო ქალაქია. XIII ს-ში მონღოლთა მიერ დაწინაურებულმა სადუნ მანკაბერდელმა დემეტრე II-ისაგან (1271-1289) თელავი მიიღო (ქც 2: 276,6). XIII ს-ის მეორე ნახევრიდან თელავის ძლიერება ეცემა. XV-XVI სს-ში კახეთის მეფეებს პოლიტიკური ცენტრი თელავიდან გრემში გადააქვთ (ჩიკოიძე 1979: 69). XVII ს-ში კახეთში გამეფებულმა არჩილმა (1664-1675) რეზიდენცია თელავში გადაიტანა. ამასთან განაახლა თელავის სასახლე და ეკლესიები (ქც 4: 603,19; ჩიკოიძე 1979: 70). 1722 წ. თელავი რუსთავის სადროშოში შედიოდა (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 385). 1706 წ. დავით III იმამყულიხანმა (1709-1722) ლეკთა შემოტევების გამო კახეთის დედაქალაქი ყარაღაჯიდან თელავში გადმოიტანა (ქც 4: 612,26; ჩიკოიძე 1979: 70). 1723 წ. ლეკთა გააქტიურების გამო მაჰმადყულიხანმა (1722-1733) თელავი გაამაგრა (ქც 4: 622,25). 1731 წ. კახელებმა ფშავიდან თეიმურაზ II (1733-1744) ჩამოიყვანეს და თელავში გაამეფეს (ქც 4: 625,25). 1745 წ. ბაზიერთუხუცეს ყორჩიბაშიშვილის ვაჟებმა ზაალმა და ვახუშტიმ თელავში „ღვთაების ეკლესია“ ააშენეს. 1753 წ. ერეკლე II-მ (1744-1798) თელავის ციხე-სასახლის გალავნის მშენებლობა დაასრულა. 1798 წ. თელავში გარდაიცვალა ერეკლე II (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 80, 102, 209).

არსებობს მოსაზრება, რომ ახ. წ. II ს-ის ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიაში“ დასახელებული ქალაქი „თელაივა-თელადა“ იგივე თელავია (რჩეულიშვილი 1963: 5; ყაუხჩიშვილი 1964: 73; ჩიკოიძე 1979: 10). თელავი „თუბლას“ სახელით მოხსენიებულია X ს-ის არაბულ წერილობით წყაროშიც (ჩიკოიძე 1979: 11). IX-X სს-ში უმოკლესი გზა თბილისიდან დარუბანდისაკენ გადიოდა თელავზე. X ს-ში ჰუვეიდან შაქს მიმავალი გზაც თელავს კვეთდა (ჭილაშვილი 1970:77, 80). შირაქის ველი (კახეთ-ჰერეთის საძოვრები) კავკასიონის საზაფხულო საძოვრებს თელავის გავლით უკავშირდებოდა (მუსხელიშვილი 1980: 95).

1954 წ. თელავის ჩრდილო-დასავლეთით, „აჩინებულად“ წოდებულ უბანში, მიწის სამუშაოებისას შემთხვევით აღმოჩნდა სხვადასხვა ხანის სამარხეული მასალა: ბრინჯაოს ჭვირულთავიანი სატევარი, საკინძები (მინისებური პასტისა და მარჯნის ორკაპა თავებით), გველისთავიანი სამაჯურები, ლურჯი მინისებური პასტის მძივები, ზარაკები (3 ც); 1957 წ. თელავის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას, რკინიგზის სადგურთან, ადგილ კურდღელაურში მშენებლობისას აღმოჩნდა გვიანბრინჯაოს ხანის ქოთანი. თელავის დასავლეთით, ზუზუმბოს გორაზე შემთხვევით გამოვლინდა: რკინის 2 მასრაგახსნილი შუბისპირი, სამაჯურები (7 ც), ბრინჯაოს რგოლები (15 ც), კონცენტრული ხაზებით შემკული შავად ნაპრიალები ქოთანი და წიბოიანი ჯამი (ჩიკოიძე 1979: 7); ნივთები ინახება გ.ჩუბინაშვილის სახ. თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. 1960 წ. თელავში აღმოჩნდა განძი, რომელშიც დადასტურდა 80-ზე მეტი რკინის იარაღი. განძი ძვ. წ. VI ს-ით დათარიღდა (აბრამიშვილი 1961: 373). თელავში, ადგილ „ძველ გალავანში“ აღმოჩნდა 2 სამტუჩა დოქი და ჭინჭილა, ხოლო უბან „აჩინებულში“ – ყურიანი დოქი. ჭურჭელი გვიანანტიკური ხანისაა; ინახება გ. ჩუბინაშვილის სახ. თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში (ჩიკოიძე 1979: 8).

თელავისა და მისი მიდამოების არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1962 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. გ. ლომთათიძე). გაითხარა „ძველი გალავნის“ ტერიტორია, სადაც გამოვლინდა შუა საუკუნეების ნასახლარი (ლომთათიძე 1963ა: 68-72; ჩიკოიძე 1963: 141-150). 1965 წ. თელავსა და მის მიდამოებში დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებდა იმავე ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. კ. ფიცხელაური). 1966 წ. კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შუა და განვითარებული ფეოდალური ხანის ძეგლების შემსწავლელმა რაზმმა (ხელმძღ. ც. ჩიკოიძე) თელავის შემოგარენში, ადგილ „ფოხორაულში“ გათხარა „მცირე ეკლესია“ და სამეკლესიანი ბაზილიკა (ბუგიანიშვილი ... 1966: 7; ბუგიანიშვილი ... 1967: 43, 44); 1967-1970 წწ. კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თელავის რაზმმა (ხელმძღ. ც. ჩიკოიძე) არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა სოფ. რუისპირთან, ნასოფლარ „არტოზანში“, სადაც გაითხარა VIII-IX სს-ის ეკლესია და შუა საუკუნეების ნამოსახლარი (ჩიკოიძე 1979: 9).

თელავის ცენტრალურ უბანში, „ღვთაების ბორცვზე“ გაითხარა შუა საუკუნეების სამარხები და „ღვთაების ეკლესია“. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. თარიღდება V-VI სს-ით. გადაკეთებულია XVI ს-ში. ძველი ფენებიდან შემორჩენილია შუა სვეტები და ნალისებრი კამარები (რჩეულიშვილი 1963: 46; ჩუბინაშვილი 1959: 67; ჩიკოიძე 1979: 13).

თელავის შემოგარენში, სოფ. კურდღელაურთან, ნასოფლარ ფოხორაულებში გამოვლინდა ადრე და განვითარებული შუა საუკუნეების ნასოფლარი და ოთხი ბაზილიკური ტიპის ეკლესია: „დიდი ეკლესია“, „პატარა ეკლესია“, „ყვავიჭამია“ და „ღვთის ეკლესია“. ეკლესიების ნანგრევებია შემორჩენილი. გაითხარა „პატარა ეკლესია“ – სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპისა. ნაგებია რიყის ქვით კირხსნარზე. გადახურული ყოფილა კრამიტით. თითოეულ ნავს ნალისებური აფსიდა აქვს. იატაკი მოლესილია კირხსნარით. ნავები ერთმანეთს უკავშირდება თითო კარით. შუა ნავი ფართო და მაღალია. ჩრდილო და სამხრეთ ნავებს აქვს ორ-ორი ღია თაღოვანი შესასვლელი. ეკლესია VI-VII სს-ით თარიღდება. ეკლესიასთან აღმოჩნდა კერამიკული კარნიზების 40-მდე ნატეხი, რომლებიც XI ს-ში უნდა იყოს დამზადებული. ეკლესიის სამხრეთ ნავში გამოვლინდა ორი საძვალე, რომელშიც აღმოჩნდა: მინის სამაჯურები, მოჭიქული ჯამები, შემკული მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით და მოუჭიქავი ჭურჭლის ნატეხები. ეკლესიის ჩრდილო ნავშიც გამოვლინდა ბრტყელი ფილებით გადახურული ორი საძვალე, რომელშიც აღმოჩნდა: წითლად გამომწვარი ქოთანი, ხელადის ყური, მონაცრისფროდ გამომწვარი დერგი, ყავისფრად და წითლად გამომწვარი ჯამები და სხვ. იქვე გამოვლინდა სადა და გრძელღეროიანი, მწვანე და ლურჯი მინის სამაჯურები. სამარხები XI-XII სს-ით თარიღდება. ეკლესიის ცენტრალურ ნავში იატაკის ორი დონე დაფიქსირდა. ნავის შუაში, ზედა იატაკის ქვეშ ჩადგმული იყო გვიანდელი კერის ნაშთი. მის ქვეშ აღმოჩნდა ქვის ფილებით ნაგები სამარხი, რომელშიც დაუკრძალავთ ორი მიცვალებლი. იქ აღმოჩნდა: მოწითალოდ გამომწვარი ჯამების ნატეხები. სამარხი VII-VIII სს-ით თარიღდება (ჩიკოიძე 1979: 13-19).

თელავის შემოგარენში, სოფ. რუისპირთან, ნასოფლარ არტოზანში, სადაც მოღვაწეობდნენ სირიელი მამები – შიო და ანტონი, გაითხარა სამონასტრო კომპლექსი: „ყველაწმიდის“ ეკლესია, საცხოვრებელი ნაგებობა, სვეტებიანი შენობა და მარანი. „ყველაწმიდა“ სამეკლესიანი ბაზილიკაა. აქვს სამი აფსიდა. ნაგებია რიყისა და შირიმის ქვით კირხსნარზე. მთავარი ეკლესიის (9,5X4 მ) აფსიდა ნალისებურია, შუაში დატანილი აქვს ფართო სარკმელი, რომლის ორივე მხარეს ნიშებია. საკურთხეველი გამოყოფილია გვიანდელი კანკელით. ცენტრალური ნავის ოთხი კარი უკავშირდება სამხრეთ და ჩრდილოეთ ნავებს, გარშემოსავლელს და სამსხვერპლოს. სამხრეთის ეკლესიას (13,5X2 მ) ნალისებური აფსიდა და ერთი სარკმელი აქვს. ჩრდილო ეკლესიის (6,5X9,6 მ) აღმოსავლეთ ნაწილში მართკუთხა ფორმის სენაკი – სამსხვერპლოა. სამხრეთით – ოთხკუთხა ნიში. სამსხვერპლოს აღმოსავლეთით გრძელი და ვიწრო სარკმელი აქვს. მასში დგას შირიმის ქვით აშენებული ოთხკუთხა კვარცხლბეკი. ჩრდილოეთის ნავს აქვს ნალისებური ფორმის აფსიდა და თითო კარით უკავშირდება ცენტრალურ ნავსა და დასავლეთის გარშემოსავლელს. დასავლეთის გარშემოსავლელი მოგრძო დერეფანია, რომელიც სამივე ნავს ერთმანეთთან აკავშირებდა. მისი დასავლეთი კედელი ყრუა. ეკლესიის ცენტრალური ნავის საკურთხევლის სამხრეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. გასასვლელის ერთ-ერთ ქვაზე ამოკაწრულია სამი ასომთავრული ასო, რომელიც არ იკითხება. არტოზანის „ყველაწმიდის“ ეკლესია VII-VIII სს-ით თარიღდება (ჩიკოიძე 1979: 20-23).

„ყველაწმიდის“ ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 მ დაშორებით გამოვლინდა მართკუთხა ფორმის შენობის ნაშთი, რომელიც ნაგები იყო საგანგებოდ შერჩეული რიყის ქვისგან. შენობაში აღმოჩნდა სამი პილონი. ნაგებობა რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. მეორე სართული დაუშენებიათ, ქვედა სართული კი მარნად გამოუყენებიათ. მარანში რიყის ქვითა და კირით ნაშენი სამი საწნახელი (2X0,8X0,7 მ) აღმოჩნდა. საწნახელის ორ მხარეზე რიყის ქვით აშენებული აუზებია (სიგანე 0,8 მ, სიმაღლე 0,7 მ). მარანი XVI-XVII სს-ით თარიღდება. მის გვერდით გამოვლინდა რიყის ქვითა და კირით ნაგები ოთხკუთხა ფორმის ორსართულიანი შენობა, რომელიც ოთხ სვეტზე იდგა. პირველი სართული სამეურნეო სათავსოები იყო, მეორე – საცხოვრებელი. სართულები ქვის კიბით იყო დაკავშირებული (ჩიკოიძე 1979: 23-25).

თელავში, მაწანწარისა და თელავის ხევებს შორის, ყადორის ბორცვზე და მის მიდამოებში მდებარე „ძველი გალავნის“ ტერიტორიაზე გაითხარა XI-XIII სს-ის ე. წ. ხელოსანთა უბანი (რიყის ქვითა და კირით ნაგებ შენობათა, კედლების, კერების, სამეურნეო ნაგებობებისა და სახელოსნოების ნაშთები), რომელიც ადრე შუა საუკუნეების ნამოსახლარზე იყო გაშენებული. ფენები არეული და დაზიანებული იყო. კერამიკიული მასალის (წითლად გაპრიალებული ჯამები, ბადიები, ტუჩიანი ლანგრები, შავად და ნაცრისფრად გამომწვარი ორნამენტირებული ქოთნები, წიბოიანყელიანი დოქის ნატეხები და სხვ.) მიხედვით ქვედა ფენა დათარიღდა VI-VIII სს-ით (ჩიკოიძე 1979: 27-32).

„ძველი გალავნის“ დასავლეთ ნაწილში გაითხარა ციხე-დარბაზი (4403 კვ მ), რომელსაც შემოვლებული აქვს გალავანი, ნაგები თანაბარი ზომის რიყის ქვებით კირხსნარზე. მისი კედლები შიგნიდან სწორია, გარედან ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაშორებული ნახევარწრიული ბურჯები აქვს. გალავანი X-XI სს-ით თარიღდება (ჩუბინაშვილი 1959: 517, 519; ჩიკოიძე 1979: 39). ციხე-დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოვლინდა ნაგებობათა ნაშთები (3000 კვ მ). გამოიყო სამი ჯგუფი: 1. თანაბარი ზომის რიყის ქვითა და ოთხკუთხა აგურებით დუღაბზე ნაშენი კედლები (სიგანე 1,3 მ) 2. რიყის ქვითა და აგურით, კენჭოვანი დუღაბითა და ქვის თანაბარი წყობით ნაგები კედლები (სიგანე 0,9 მ) 3. თიხის ხსნარზე წვრილი რიყის ქვითა და ნახევარაგურით ნაშენი ნაგებობები. გამოიკვეთა მართკუთხა ფორმის დარბაზი სამი პილასტრითა და სამი ბურჯით. შენობა შესაძლოა ორსართულიანი იყო და თაღოვანი გადახურვა ჰქონდა. სავარაუდოა, ეს ნაგებობა ციხე-გალავნის სასახლის ნაშთია, რომელიც მოგვიანებით აღმართულ შენობებს დაუზიანებიათ. ციხე-დარბაზის მთავარი კარიბჭე გაჭრილი იყო სამხრეთ კედელში, რომლის გვერდით ოთხკუთხა ფორმის კოშკი იდგა. „ძველი გალავნის“ ციხე-დარბაზი, რომელიც X-XI სს-ით დათარიღდა, კახეთის ქორეპისკოპოსთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ნაგებობებში აღმოჩნდა XI-XIII სს-ის მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი, ფაიანსის ჭურჭლის ნატეხი, მინის სამაჯურები და თიხის სოლის ნატეხები (ჩიკოიძე 1979: 38-41).

ციხე-დარბაზის სამხრეთით გამოვლინდა საცხოვრებელი ნაგებობებისა და კერამიკული სახელოსნოს – ქურის ნაშთები. სამეთუნეო ქურის კედელი ნაგები იყო რიყის ქვითა და კირით; დადასტურდა კრამიტის ნატეხების ქვეშ ყვითელი, კირქვიანი და თიხანარევი, ოვალური ფორმის ნიადაგი, რომელსაც ამოჭრილი ფოსოები და პიტალო ქვით გადახურული „კარი“ ჰქონდა. ორი გვერდი რიყის ქვით იყო ამოშენებული. ის ამოვსებული იყო ცეცხლში დამწვარი ჭურჭლით, ნახშირითა და მიწით. მთელი ტერიტორია დანახშირებული ძვლებით იყო მოფენილი. ქურის განათხარ მასალაში ორი პერიოდის კერამიკა გამოიყო: 1. VIII-X სს-ის მრავალფეროვანი ორნამენტითა და ტექნიკით შემკული ჯამები, ლანგრები, სამტუჩა და სწორპირიანი ხელადები, კოკები, ქოთნები, ჭინჭილები, ქილები, ბადიები, წერნაქიანი თეფშები და სხვ. 2. XI-XIII სს-ის სამტუჩა დოქი, ქოთანი, ჯამი, ქოთნებისა და ბადიის ნატეხები (ჩიკოიძე 1979: 42-44). „ძველი გალავნის“ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა XI-XIII სს-ის სხვადასხვა სახის კერმიკული ნაწარმი: სამშენებლო კერამიკა (აგური, კრამიტი), კერამიკული სოლები, ქოთნები, სასმისები, ხელადები, მოხატული ჭურჭელი, ანგობით დაფარული და ამოკაწრული ორნამენტით შემკული ჯამები, ფუნჯით მოხატული ჯამები, ფრინველის, ცხოველისა და ადამიანის გამოსახულებიანი ჯამები და სხვ. (ჩიკოიძე 1979: 46-64). „ძველი გალავნის“ ციხე-დარბაზში გამოვლინდა გვიან შუა საუკუნეების ნაგებობის ნაშთები (ჩიკოიძე 1979: 71, 72). ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალა ინახება გ.ჩუბინაშვილის სახ. თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

„ძველი გალავნის“ ციხე-დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდებარეობს „გორიჯვრის“ წმინდა გიორგის XVI ს-ის ეკლესია, რომელიც XVIII ს-ში გადაუკეთებიათ (ჩიკოიძე 1979: 39, 71). „ძველ გალავანთან“ არის წყარო, რომელსაც ქვაზე სპარსულად აწერია „ჰაჯი-ბენ-სალიან“ (თაყაიშვილი 1907: 248-253).

თელავის ცენტრალურ უბანში, კაკლის ხევსა და ბატონის წყაროს შორის მოთავსებულ პლატოზე მდებარეობს „ბატონის ციხის“ კომპლექსი, რომელიც შედგება: გალავნის, სასახლის, ორი კარის ეკლესიის, აბანოს, გვირაბისა და გალავნის გარეთ მდებარე მრგვალი ბურჯისაგან. აქ XVII-XVIII სს-ში მეფეთა რეზიდენცია იყო. „ბატონის ციხის“ მშენებლობაში ორი ეტაპი გამოიყო: I. XVII ს-ის მეორე ნახევარი, არჩილ მეფის (1667-1675) მიერ აშენებული. II. XVIII ს-ის მეორე ნახევარი, ერეკლე II-ის (1744-1798) დროინდელი. „ბატონის ციხის“ გალავანი (2,5 ჰა) ნაგებია ქვითკირით. კედელი ქონგურებიანია, სათოფურებით. გალავნის კუთხეებში ოთხი მრგვალი ბურჯია. ჩრდილოეთ მხარეს გალავნის კუთხე ისეა შეჭრილი, რომ „ბატონის ციხის“ ტერიტორიას თითქოს ორად ყოფს. გალავნის აღმოსავლეთით ორსართულიანი კარიბჭეა, რომელიც გადახურულია შეისრული კამარით. თარიღდება XVII ს-ით. გალავნის დასავლეთი კედლის შუაში მეორე შესასვლელია, ორსართულიანი. ქვედაში ფართო გასასვლელია. გვერდზე კიბეა მეორე სართულზე ასასვლელად. მეორე სართული გადაუხურავი ბაქანია, რომელიც შემოზღუდულია მაღალი, კბილანებით დაბოლოებული კედლებით. აქვს სათოფურები, სალოდეები. აგებულია XVIII ს-ში. სასახლესთან დგას არჩილის კარის ეკლესია – დარბაზული ტიპის მცირე სამლოცველო. ნაგებია რიყის ქვით კირხსნარზე. გეგმით სწორკუთხაა. ამჟამად გადაკეთებულია.

„ბატონის ციხის“ ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს ერეკლე II-ის კარის ეკლესია, ანუ „სობორო“. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია აგურით. აფსიდა მომრგვალებულია. მასში ხუთი ღრმა ნიშია. შემოსასვლელი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაა. დასავლეთ კედელთან მიდგმულია სათავსი. ეკლესიის სხვენში დაყოლებულია სათოფურები. ეკლესია აშენებულია 1758 წელს. შემდგომში კარის ეკლესია სამრევლო ეკლესიად გადაკეთდა. ეკლესიის მახლობლად გალავნის ბურჯზე დგას სამრეკლო (რჩეულიშვილი 1963: 41). ერეკლე II-ის კარის ეკლესიაში ინახებოდა წარწერიანი ხატები და ნივთები: 1. მთავარანგელოზების – მიქაელისა და გაბრიელის ხატი, ოქროსი, 1589 წ. რელიგიური ხასიათის წარწერით. 2. მაცხოვრის ხატი (21,4X15,5 სმ), ოქროსი, 1574-1605 წწ. ხუცური წარწერით: „...მეფისა ალექსანდრეს და თანამეცხედრესა ჩუენსა დედოფალსა თინათინ რომელმან მოვჭედე ხატი ესე მაცხოვრისა...“ 3. იოანე ნათლისმცემლის ხატი (33X24 სმ), ვერცხლისა, რელიგიური ხასიათის წარწერით. 4. ხომლი ვერცხლისა, 1783 წ. მხედრული წარწერით (თაყაიშვილი 1907: 241-243; ბარნაველი 1961: 82, 83). ხატები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

სასახლის ეზოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდებარეობს „ერეკლეს აბანო“. შემორჩენილია ოთხკუთხა, გუმბათით გადახურული საბანაო ოთახი აუზითა და საქვაბით, რომლის ქვეშ ღუმელია. აბანოს კედლები მოხატული ყოფილა, რომლის ფრაგმენტები შემორჩენილია ჩრდილო და აღმოსავლეთ კედლებზე.

სასახლე წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის დარბაზია, რომელსაც სამი მხრიდან კორიდორი აკრავს. კორიდორის კუთხეებში კვადრატული სადგომებია, რომელთაგან ხუთი კამარითაა გადახურული. დარბაზსა და ოთახებს სარკმლები აქვს. სასახლე აგებულია XVII ს-ში არჩილ მეფის დროს. გადაკეთებულია XVIII ს-ში ერეკლე II-ის დროს.

ერეკლე II-ის სასახლის ოთახზე გაკეთებულია მარმარილოს მემორიალური დაფა, ქართული და რუსული წარწერით: „აქ აღესრულა საქართველოს მეფე ირაკლი თეიმურაზის ძე 1798 წლის 11 იანვარს. სასახლე ესე შეკეთებულია კავკასიაში მეფის ნაცვლის თავად კორნილოვის ბრძანებით 1845 წ“.

„ბატონის ციხის“ ჩრდილო-დასავლეთით გაჭრილია გვირაბი – კირხსნარზე ქვით ნაგები დახურული დერეფანი, სადაც მოწყობილი იყო წყაროსთან ჩასასვლელი კიბე.

გალავნის გარეთ დგას „ბურჯი“ (დმ 14 მ, კედლის სისქე 2,55 მ). „ბურჯი“ ცილინდრული ნაგებობაა, კირხსნარზე რიყის ქვით ნაგები. აქვს მიწატკეპნილი იატაკი. აშენდა XVIII ს-ის 70-იან წლებში ზარბაზნის დასადგმელად. იქ იდგა თეიმურაზ II-ის (1744-1762) და ერეკლე II-ის მიერ ყარაბაღის ხანთან 1750 წ. ბრძოლაში მოპოვებული ზარბაზანი – ჯევანშირ ფანა (რჩეულიშვილი 1963: 40-44).

„ბატონის ციხის“ სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას „ვახვახიშვილების ციხე“. შემორჩენილია ხუთი ბურჯი და აღმოსავლეთი კედლის ნაწილი. ციხე ნაგებია ქვითა და დუღაბით. ბურჯები გადაუკეთებიათ და საცხოვრებლად გამოუყენებიათ. ციხის ეზოში იდგა ეკლესია, რომელსაც აღმოსავლეთ მხრიდან მიშენებული ჰქონდა ეკვდერი. მასზე იდგა სამრეკლო. ეკლესიის მახლობლად ეგდო ქვა სამშენებლო წარწერით, რომლის მიხედვითაც ციხე აგებული ყოფილა 1743 წ. ბაზიერთუხუცესის ზაალისა და მისი ძმის, ვახუშტი ვახვახიშვილების მიერ. ამჟამად ქვა დაკარგულია. ეკლესიის სამრეკლოზე 2 ზარია მხედრული წარწერით: ვახვახიშვილ ბაზიერთუხუცესის და ზაალ მანდატურთუხუცესის შესაწირი (თაყაიშვილი 1907: 252; ზაქარაია 1962ა: 32; რჩეულიშვილი 1963: 44-45).

„ღვთაების ეკლესიის“ ნამოსახლარ ბორცვზე დგას ყორჩიბაშიშვილ-რუსიშვილების ციხე. შემორჩენილია 3 ბურჯი და სამხრეთი კედლის ნაწილი. ციხესთან აღმოჩნდა ნაგებობების ნაშთები – სათავსოები, რომლებიც ნაშენი იყო რიყის ქვითა და დუღაბით. ციხის დასავლეთით აგურის შეისრული კარია. მასთან ახლოს – გვიანი შუა საუკუნეების ნასახლარი. ყორჩიბაშიშვილების ციხე XVIII ს-ის ძეგლია (რჩეულიშვილი 1963: 45; ჩიკოიძე 1979: 75). ამ ციხეში იდგა ფერისცვალების სამნავიანი ბაზილიკა. ნაგებია ქვით კირხსნარზე. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. შუა ნავი ამაღლებულია. დასავლეთით ეკლესიას მიშენებული აქვს ეკვდერი, რომელზეც სამრეკლო დგას. ეკლესიის კედლებში სათოფეებია. ეკლესია განუახლებია ბეჟან ყორჩიბაშს XVI ს-ში. ეკლესიაში იყო წარწერიანი ხატები და ნივთები: 1. ღვთისმშობლის ხატი (წარწერა შემოწირულობის შესახებ). 2. ვერცხლის ფეშხუმი, 1800 წ. (შეწირული). 3. ვერცხლის ფინჯანი მხედრული წარწერით: „მეფის ასულმან ვარვარამ ... შევწირე...“. 4. ვერცხლის სურა, მხედრული წარწერით (შეწირული). 5. ვერცხლის ჯვარი მხედრული წარწერით (რამაზ ყორჩიბაშიშვილის ქვრივის შეწირული). 6. ვერცხლის სურა მხედრული წარწერით, ყორჩიბაშიშვილი დიმიტრის შეწირული. 7. ვერცხლის თეფში მხედრული წარწერით (შეწირული) 8. ხელთუქმნელი ხატის ვერცხლის საბურველი. შეწირულია მარიამ დედოფლის მიერ 1897 წ. 9. ვერცხლის ფეშხუმი მხედრული წარწერით, ერეკლე II-ის ძის, გიორგის (1798-1800) შეწირული. 10. ვერცხლის კამარა მხედრული წარწერით: „საქართველოს მეფის ირაკლის ძის გიორგისა...“ (თაყაიშვილი 1907: 248-253).

ყორჩიბაშიშვილების ციხეზე, „ძველი გალავნის“ ციხე-დარბაზში, ერეკლე II-ის ციხე-გალავნის სამხრეთ კედელთან და სოფ. რუისპირში წარმოებული გათხრების შედეგად აღმოჩენილი გვიანი შუა საუკუნეების კერამიკა გამომწვარია მოწითალოდ, ყავისფრად ან მონაცრისფროდ. მოუჭიქავი ჭურჭლიდან გვხვდება: ჯამები, თეფშები, ხელადები, სასმისები, ჭიქები, ფეხიანი სასმისები, დერგები და სხვ. მოჭიქულ ჭურჭელში გვხვდება: თეთრი ანგობით დაფარული ჯამები და თეფშები (შავად და ფირუზისფრად მოხატული), რომლებიც XVII-XVIII სს-ით თარიღდება. მოვარდისფრო ანგობით დაფარული და ნაცრისფრად მოჭიქული ჭურჭელი: ჯამები, ხალადები, XVIII-XIX სს-ით თარიღდება. აქ გვიანი შუა საუკუნეების ფაიანსის 4 ნატეხი აღმოჩნდა (ჩიკოიძე 1979: 75-81).

თელავსა და მის მიდამოებში სხვადასხვა დროის მონეტებია აღმოჩენილი: სოფ. ვარდისუბანში, ორმოსამარხში, თიხის ჭურჭელთან ერთად 3 მონეტა დადასტურდა: პართიული, ოროდ I-ის (ძვ. წ. 57-38), რომაული, ავგუსტუსის (ძვ. წ. და ახ. წ. მიჯნა) და ნერონისა და აგრეპინას (ახ. წ. 44). თელავის მახლობლად, სოფ. რუისპირში აღმოჩნდა ოროდ I-ის მონეტა. სოფ. შალაურში აღმოჩნდა მითრიდატე პართიელის (ძვ. წ. 171-138) მონეტა. თელავში, ვარდისუბნის ქუჩაზე აღმოჩნდა თეოდოსი II-ის (408-450) ოქროს მონეტა (აბრამიშვილი 1965: 121; 1974: 102; ჩიკოიძე 1979: 33). მონეტები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

თელავში აღმოჩნდა XIII ს-ის 60-იან წლებში მოჭრილი ყაანური II ტიპის მონეტები. ჰულაგუიდ ოლჯაითუს (1304-1316), ქალაქ მახუდიაში მოჭრილი ორმაგი დირჰემი და ჰულაგუიდ მუჰამედის (1336-1338) მოჭრილი მონეტები (ჩიკოიძე 1979: 68).

თელავში გამოვლინდა გვიანი შუა საუკუნეების მონეტები: 1. სეფიანი აბას I-ის მიერ ისპაჰანში მოჭრილი. 2. XVII ს-ის სეფიანი სულეიმანის თბილისში მოჭრილი. 3. ევროპული მონეტების განძი, რომელთაგან ყველაზე ადრინდელია კარლოს V-ისა (1519-1555) და ყველაზე გვიანდელი საქსონიის ჰერცოგ ავგუსტუსის სახელით მოჭრილი. 4. ერეკლე II-ისა და თეიმურაზ II-ის მონეტები, 1752-1755 წწ. მოჭრილი, 5. განჯური მონეტა ერეკლე II-ის დამღით, 6. გიორგი XII-ის სახელით მოჭრილი ქართული მონეტები (ჩიკოიძე 1979: 82); 1953 წ. თელავში, პირველი მაისის ქუჩაზე გამოვლინდა კონსტანტინე X-ის ოქროს მონეტა. 1936 წ. სოფ. ვარდისუბანთან აღმოჩნდა ნიკიფორე III-ის ვერცხლნარევი ოქროს 11 მონეტა (აბრამიშვილი 1965: 133, 134). მონეტები ინახება გ. ჩუბინაშვილის სახ. თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. აქვე ინახება გულსაკიდი ხატი, რომელზეც ამოჭრილია სტეფანე პირველმოწამის გამოსახულება ბერძნული წარწერით: „პირველმოწამე სტეფანე“ (ყაუხჩიშვილი 1951: 326).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1965: 113, 121, 131, 134, 138; 1974: 102; 1989: 30; აბრამიშვილი 1961: 373; ბაგრატიონი 1983: 81, 82, 84; ბაგრატიონი 1936: 68-77; 1986: 68; ბაგრატიონი დავით 1941: 4, 42; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 49, 67, 69, 73, 79, 119, 120, 135, 154; ბარნაველი 1961: 81-86, 91, 103, 110; ბერძენიშვილი 1966: 13; ბუგიანიშვილი ... 1966: 7; ბუგიანიშვილი ... 1967: 38-45; ბუგიანიშვილი ... 1969: 13-17; გიულდენშტედტი 1962: 37, 39, 41, 43, 67, 227, 245, 261; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 70, 188, 192, 251; ზაქარაია 1962ა: 15-45; 1988: 38-46; თაყაიშვილი 1907: 241-253; იოსელიანი 1850: 63; ლომთათიძე 1963ა: 68-72;მასალები საქ. ისტ. 1905: 4, 26, 51, 57; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 104; მესხია 1983: 101, 110, 148, 218, 219; მუსხელიშვილი 1980: 8, 95; ორბელიანი 1981: 61, 83, 89, 99, 178, 210, 214, 215, 227, 228, 250; პაპუაშვილი 1970: 10, 224, 232, 263, 345, 346, 355, 356, 362, 363, 365; რჩეულიშვილი 1963; 1966: 30-34; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 45, 49, 55, 56; ფიცხელაური, დედაბრიშვილი 1969: 16, 17; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 385, 387, 511, 534; 1970: 718, 1001, 1110; 1972: 653, 655; 1974: 27, 454, 455, 511; 1977: 48, 291; 1981: 43, 49, 79, 106, 126, 171, 377, 381, 443, 486, 534, 600, 692, 712, 727, 757, 779; 1985: 93, 199, 231, 238, 256, 258, 290, 360, 364, 393, 430; ქრონიკები 1897: 309, 316; 1967: 284, 295, 317, 334, 336, 337, 351, 356, 379, 381, 387, 388, 392, 418, 419, 427, 439, 440, 443, 444, 450, 452, 453, 465, 634; ქც 1: 312,5; ქც 2: 272,6; ქც 4: 15116; 547,22; 548,3; 561,27; 603,19; 612,26; 614,31; 616,22; 618,22; 621,8; 622,1,10,25; 623,16,24; 624,8,13; 625,5,25,27; 626,4; 627,7; 629,33; 630,19; ყაუხჩიშვილი 1951: 326; ყაუხჩიშვილი 1964: 73; შარდენი 1975: 33, 394; ჩიკოიძე 1963: 141-150; 1969: 27-45; 1969ა: 128-136; 1974: 68-83; 1979; ჩილდირის ... 1979: 47; ჭილაშვილი 1970: 15, 77, 78, 83; ხერხეულიძე 1989: 74, 102.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9