თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თედ თეზ თეთ თელ

თელეთი 

თელეთები (ქც 4: 328,26).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 328,26; 398,7; 501,16; 502,6), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 356,8,15; 367,9; 494,16,27), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 143), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 42), XVI-XIX სს-ის ისტორიული საბუთები (სიმონ მეფის არზა ... 1980: 161; საქ. სიძვ. 1909: 439; 1910: 425; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 337; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 105; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 173, 433, 521; 1981: 666; ქრონიკები 1967: 430, 431; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 55, 191, 192; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 189; 1955: 156; დოკ. თბ. ისტ. 1962: 85), იესე ოსეს ძის „თავგადასავალი“ (თავგადასავალი ... 1913: 74), ქვემო ქართლის სტატისტიკური აღწერის მასალები (მასალანი საქ. სტატ. 1907: 18, 26), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 46), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 65).

ვახუშტი ბაგრატიონი თელეთების შესახებ გადმოგვცემს: „კუმისის აღმოსავლით, მტკურისკენ, არს თელეთები და ეკლესია წმიდის გიორგისა სასწაულმოქმედი“ (ქც 4: 328,26,27).

მდებარეობს გარდაბნის მუნიც-ში, თბილისის სამხრეთით, მტკვრის მარჯვენა მხარეს, კუმისის ახლოს. სოფ. თელეთი ორია, ზემო და ქვემო. ისინი ერთმანეთის მახლობლადაა განლაგებული.

მკვლევართა აზრით, რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის (ახ. წ. IV ს-ის მეორე ნახ.) რუკაზე აღნიშნული „თელედა“ შესაძლოა თბილისის სამხრეთით მდებარე თელეთს შეესატყვისებოდეს (ერემიანი 1939: 87; ჯავახიშვილი 1950: 23; ჭილაშვილი 1958: 45; 1970:78). 1522 წ. ქართლის მეფე დავით X-სა (1505-1525) და ყიზილბაშთა შორის თელეთთან გამართულ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ (ქც 4: 398,7,8). ბერი ეგნატაშვილის მიხედვით, ეს ბრძოლა მომხდარა ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის (1534-1556) დროს (ქც 2:356,7-16, 494,16-27). ქართლის მეფე სიმონ I (1556-1569) ქართლ-კახეთის გაერთიანებული ლაშქრით ემზადებოდა ყიზილბაშთაგან თბილისის გასანთავისუფლებლად. ამასობაში მტერს მიუვიდა მაშველი ჯარი. მათ ისარგებლეს იმით, რომ თბილისისაკენ მიმავალ გზაზე არსებული დასახლებები, მათ შორის, თელეთები მოოხრებული, უკაცრიელი იყო და თბილისის ციხეში შეუმჩნევლად შევიდნენ (ქც 2: 367,10-15). 1723 წ. კახეთის გამგებელი კონსტანტინე (მაჰმადყულიხანი) (1722-1732) კახელების ჯარით, რომელშიც დაქირავებული ლეკებიც იყვნენ, თბილისს მოადგა. ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის (1716-1724) ძემ ბაქარმა ლეკთა მარბიელი ლაშქარი თელეთთან გაანადგურა (ქც 4: 501,6-16, 502,5,6). 1795 წ. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას დავით ბატონიშვილმა თელეთთან დაამარცხა მოღალატე იაკობ ბებუთაშვილის რაზმი (ქრონიკები 1967: 431).

თელეთები არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

XX ს-ის 20-იან წლებში გეოლოგ ა. ფლორენსკის თელეთ-შავნაბადას მიდამოებში მოუკრებია ობსიდიანის იარაღები (ფლორენსკი 1925: 285-287). ისინი ენეოლითური ხანით თარიღდება (ლომთათიძე 1960: 161).

1957 წ. ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ო. ტყეშელაშვილი) დაზვერვები აწარმოვა თელეთ-შავნაბადას მიდამოებში. ე. წ. „დათიკას გორაზე“ მიაკვლიეს გორანამოსახლარს, რომელიც მდებარეობს შავნაბადას ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თრიალეთის ქედის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. იგი ბუნებრივ ბორცვზე გამართული ნასახლარია. ნაცროვან ფენებში მრავლად აღმოჩნდა თიხის ჭურჭლისა და ხელსაფქვავის ნატეხები, ცხოველთა ძვლები. ნამოსახლარი მიეკუთვნება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას (ტყეშელაშვილი 1966: 48; ფიცხელაური 1973: 29).

1958 წ. თელეთის ველზე მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით გამოვლინდა ორმოსამარხი, რომელშიც აღმოჩნდა მიცვალებულის ჩონჩხი, თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს ორი სამაჯური, რომელთა გახსნილი თავები ერთმანეთზე გადადის. თიხის ჭურჭელი ადგილზევე დაუმტვრევიათ. სამარხი ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება. სამაჯურები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი) (ტყეშელაშვილი 1966: 48).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 46; გიულდენშტედტი 1962: 67; დოკ. თბ. ისტ. 1962: 85; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 337; ერემიანი 1939: 87; თავგადასავალი ... 1913: 74; ლომთათიძე 1960: 161; ლორთქიფანიძე 1935: 313; მასალანი საქ. სტატ. 1907: 18, 26; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 189; 1955:156; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 105; ორბელიანი 1981: 143; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 55, 191, 192; საქ. სიძ. 1909: 439; 1910: 425; სიმონ მეფის არზა ... 1980: 161; ტყეშელაშვილი 1966: 48; ფიცხელაური 1973: 29; ფლორენსკი 1925: 285-287; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 173, 433, 521; 1981: 666; ქრონიკები 1967: 430, 431; ქც 2: 356,8,15, 367,9, 494,16,27; ქც 4: 328,26; 398,7; 501,16; 502,6; შმერლინგი ... 1960: 88; ჩხეიძე 1913: 42; ჭილაშვილი 1958: 45; 1970: 78; ხარაძე1991: 95.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9