თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თირ თიღ

თირი 

მონასტერი (ქც 4: 370,25).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 370,25; 371,2; 374,9), XV, XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (გვასალია 1983: 111, 112; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 24, 25; 1977: 80), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41).

თირის მონასტრის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: აჩაბეთის „დასავლეთით არს, მთაში, თირის მონასტერი, უგუმბათო, არამედ ფრიად კეთილშენი, კეთილს ადგილს. ზის წინამძღვარი“ (ქც 4: 371,2-4).

მდებარეობს ცხინვალის მუნიც-ში, მდ, თირისწყლის (მუმლის წყლის – მდ. დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადი), მარჯვენა ნაპირზე, ცხინვალიდან ჩრდილო-დასავლეთით, 6 კმ-ის დაშორებით, თანამედროვე სოფ. ქვემო მონასტრის ტერიტორიაზე (ანდღულაძე 1976: 8, 9).

მონასტერმა სახელწოდება მიიღო კლდოვანი მასივის გამო, რომლის მახლობლადაც ის მდებარეობს. „თირი არს კლდე ლბილი და ადვილ სათლელი“ (ორბელიანი 1991: 306, 376).

მონასტერი და იქვე მდებარე სოფ. თირი შედიოდა სამაჩაბლოში (გვასალია 1983: 102-112). XVII ს-ის ბოლოს თირს ქართლის მეფე ვახტანგ VI (1716-1724) ფლობდა (ანდღულაძე 1976: 46).

სოფ. მონასტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,2 კმ-ის დაშორებით, ადგილ „ლეკი-დზუარში“, სოფ. ქურთისკენ მიმავალ გზასთან 1972 წ. მიწის დამუშავების დროს დაზიანდა რამდენიმე სამარხი. 1975 წლიდან ცხინვალის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ბ. ტეხოვი) დაიწყო სამაროვნის შესწავლა. ორმოსამარხები გამართული იყო 0,7-0,8 მ სიღრმეზე. მიცვალებულები ესვენა კიდურებმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით სამხრეთით. სამარხებში თიხის ჭურჭლის გარდა აღმოჩნდა ვერცხლის რკალგახსნილი, ზოომორფულთავებიანი სამაჯურები, ბეჭდები; ბრინჯაოს მშვილდსაკინძი, საბეჭდავი ირმის გამოსახულებით და ჭვირთული ბალთები; ეგვიპტური ფაიანსის ამფორისკისებური საკიდი; გიშრის, სარდიონის, ქარვის, ეგვიპტური ფაიანსის მძივები და სკარაბეები; პართიული და რომაული მონეტები: სინათრუქის (ძვ. წ. 77-70), მითრიდატე III-ის (ძვ. წ. 57-54), ოროდ I-ის (ძვ. წ. 57-37), გოტარზეს (ახ. წ. 40-51), ოქტავიანეს (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14), ტიბერიუსის (ახ. წ. 14-37). სამაროვანი თარიღდება ძვ. წ. III-ახ. წ. III სს-ით (გაგლოევი 1979: 77-79; გაგლოითი 1980ა: 407).

თირის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს სოფ. ქვემო მონასტრის ტერიტორიაზე. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებით, სამრეკლო, სატრაპეზო და მღვიმეები, რომლებიც გარშემორტყმული იყო გალავნით.

ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (15,7X8,8 მ) ნაგებია თლილი ქვით. აქვს ნახევრადოვალური აფსიდა. კანკელის წინ საფლავის ქვაა მხედრული წარწერით: „ყოვლად ქებულის მეფის არჩილისა და დიდად სახელოვანის ქართლის მეფის გიორგის ძმის ყოვლად შემკულის ბატონის ლევანის ძე საქართველოს გამგებელი ბატონიშვილი ვახტანგ ვიყავ სამკვიდროსა მამულსა სოფელსა ამას რაოდენთამე წელთა და მიიცვალა ძე ჩემი პირმშო ბატონიშვილი როსტომ და დავფალ ეკლესიასა ამას შინა სამკვიდროსა მამულსა ჩემსა, ქრისტეს აქეთ ჩქპთ (1689 წ)“. ეკლესია თარიღდება XIII ს-ის მეორე ნახევრით. ინტერიერში შემონახულია მოხატულობის ფრაგმენტები. თარიღდება XIV-XV სს-ის მიჯნით. ეკლესიაზე ჩრდილოეთიდან მიშენებულია წმინდა ნიკოლოზის სახელზე აგებული საძვალე-სამარხი. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. დასავლეთის კარის თავზე მოთავსებულია მხედრულით შესრულებული წარწერა: „ქ. შეწევნითა ღვთისათა, მეოხებითა თავდების ღვთისმშობლისათა, ჩვენ თაქთაქიძემ, მროველ ეპისკოპოზმან ფილიპემ, არდაშელმა, ჩემან ელიზბარ აღვაშენეთ საყდარი ესე წმიდისა ნიკოლოზისა, სულისა ჩვენისა სახსრად, ოდეს ბედნიერის ხელმწიფისაგან ჩვენს ნათესავთა სასაფლაოდ, სამკვიდროდ, სამამულოდ მისცემოდა ესე მონასტერი, მამა-პაპანი მარხულ იყვნეს, მათი მოშლა აღარ იქნებოდეს, ეკვდერი აღვაშენეთ, სასაფლაოს შეუმატეთ, ქორონიკონს ტო (1682 წ)“. სამხრეთის მინაშენი „ბორტის ღვთისმშობლის“ სახელზეა აგებული. აქვს სწორკუთხა აფსიდა. დასავლეთის კედელზე მოთავსებულია ასომთავრულით შესრულებული წარწერა: „ქ. მოლარეთუხუცესისა ხელას ერთგულსა, მახტლიშვილსა ბევროზს შეუნდოს ღმერთმან“. სამხრეთის მინაშენი კარიბჭით აგებულია XV ს-ის პირველ მეოთხედში. ეკლესიიდან სამხრეთ-დასავლეთით, 6 მ დაშორებით დგას XIV ს-ის ბოლო მეოთხედის ორსართულიანი სამრეკლო. აღმოსავლეთის კარის თავზე ასომთავრული წარწერით: „თავხელისძეთა სიაუშ და რატის და ასათს და ხელს და მაჩაბელსა და მშობელთა მათთა შეუნდვენ ღმერთმან ამინ“. ეკლესიის დასავლეთით დგას სატრაპეზო, ძლიერ დაზიანებული. სამონასტრო კომპლექსს ჩრდილოეთიდან გასდევს კლდოვანი მასივი, რომელშიც მღვიმეები და სენაკები იყო მოწყობილი. დანარჩენი მხრიდან ძლიერ დაზიანებული გალავანი ზღუდავდა (ანდღულაძე 1976: 3-77).
 
ბიბლიოგრაფია: ანდღულაძე 1976; ბაგრატიონი 1986: 41; გაგლოევი 1976: 484; 1977: 472; 1978: 480; 1979: 77-79; 1980: 227-239; გაგლოითი 1980ა: 407; 1981: 159-170; გვასალია 1983: 102-112; ორბელიანი 1991: 306, 376; უვაროვა 1894: 175; ტეხოვი 1982: 63; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 24, 25; 1977: 80. ქც 4: 370,25; 371,2; 374,9.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9