თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თირ თიღ

თიღვა

მონასტერი (ქც 4: 165,25; 376,4).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 165,25; 375,4), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 276,4), ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე (ქც 1: 366,14), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 199), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30), XVIII ს-ის იტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 155, 600; 1977: 68, 88; 1981: 820; 1985: 307).

ვახუშტი ბაგრატიონი თიღვას შესახებ გადმოგვცემს: „დასავლით მეტეხისა და ფცის წყლისა არს თიღვას ჯუარის მონასტერი, რომელი აღაშენა ასულმან აღმაშენებლისამან თამარ, გუმბათიანი, დიდშუენიერი, კეთილად ნაშენი“ (ქც 4: 376,4-6).

მდებარეობს ზნაურის მუნიც-ში, მდ. დასავლეთ ფრონეს მარჯვენა ნაპირზე, ყორნისიდან 2 კმ-ის დაშორებით, დღევანდელი სოფ. თიღვას მიდამოებში (გვასალია 1989: 21).

980 წ. ბაგრატი III აფხაზთა მეფედ კურთხევის შემდეგ ქართლში გადმოვიდა და თიღვაში დადგა (ქც 1: 274,4). 1152 წ. დავით IV-ის ასულმა თამარმა აქ ააგო მონასტერი (რჩეულიშვილი 1960). 1648 წ. როსტომ მეფემ (1632-1658) სოფელი ზაალ წერეთელს უბოძა (გვასალია 1989: 21). XVIII ს-ში სოფელი ამირეჯიბებსა და მაჩაბლებს ეკუთვნოდა. XVIII ს-ის 40-იან წწ. იქ გაიმართა ბრძოლა ქართველებსა და ლეკების მარბიელ ლაშქარს შორის, რომელიც პირველთა გამარჯვებით დამთავრდა (ორბელიანი 1981: 199).

1954 წ. სოფ. თიღვაში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ო. ჯაფარიძე, ვ. ლიუბინი) მიაკვლია ქვის ხანის სამოსახლოს. 1974-1975 წწ. თიღვაში გამოვლინდა შუა, გვიანბრინჯაოსა და ანტიკური ხანის ფენები.

სოფ. თიღვას მიდამოებში, თიღვასწყლის ხევში, დაახლოებით 2 კმ გაყოლებით, გაფანტულია ქვის იარაღი. დაზვერვებისას აკრეფილი 28 ნივთიდან 8 დასრულებული იარაღია, 2 ნუკლეუსი, 18 ანატკეცი. აღსანიშნავია ხელცულები, რომელთათვის დამახასიათებელია მასიურობა. მათი კონტურები ნუშისებრი, ოვალური ან სამკუთხაა. თარიღდება აშელური პერიოდით (ლიუბინი 1958: 30-33).

სოფელში დგას გალავნით შემოზღუდული მონასტერი. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გათლილი მოწითალო ქვითაა ნაგები. გეგმით ის სწორკუთხედში ჩახაზული ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (15X24 მ). გააჩნია აფსიდიანი საკურთხეველი და სამი სწორკუთხა მკლავი. აფსიდები აქვს სამკვეთლოსა და სადიაკვნესაც. დასავლეთ მხარეს მოთავსებულია ნართექსი და პატრონიკე. ტაძრის გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და თავისუფლად მდგომ ორ ბოძს ეყრდნობა. გუბათის ყელი გადახურულია აგურის თორმეტწახნაგა პირამიდით. ეკლესიას შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ჩრდილოეთ კარებთან ქტიტორის წარწერაა, რომელშიც დავით აღმაშენებლის ასული თამარია მოხესენიებული. ეკლესია თარიღდება 1152 წლით (რჩეულიშვილი 1960: 45). მონასტრის ტერიტორიაზე შემონახულია თამარის სასახლისა და სხვა ნაგებობების ნანგრევები (მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 108).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 30; ბერიძე 1974; გვასალია 1989: 21, 22; ლიუბინი 1958: 30-33; 1960; მაკალათია 1962: 54-57; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 108; ორბელიანი 1981: 199; რჩეულიშვილი 1960; ქც 1: 276,4; 366,15; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 155, 600; 1977: 68, 88; 1981: 820; 1985: 307; ქც 4: 165,25; 375,4; ჯღამაია 1980: 38.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9