თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თმო

თმოგვი 

ციხე (ქც 4: 666,8,9), ქალაქი (ქც 4:719,25), დაბა (ქც 4:666,10).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 133,11; 178,12; 666,8,9; 700,16; 716,22; 719,25; 721,2,4-6,9; 722,8), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 263,15; 283,11; 316,6), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი (ქც 1: 323,11), სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ (ქც 1: 382,24,25), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 30,16, 51,6, 52,8, 55,5,10), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 500,27; 520,18,20; 521,2-4,8; 522,20,21), იოანე შავთელის „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“ (შავთელი 1946: 384), XV-XVI სს-ის ისტორიული საბუთები (სამი ისტ. ქრ. 1890: 90; ქრონიკები 1897: 396; მასალების საქ. ისტ. გეოგ. 1964: 107), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 43, 48, 49, 51), არჩილის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ (არჩილი 1989: 489, 490), XVI ს-ის სომხურ ხელნაწერთა ანდერძები (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 45, 67, 71), XVI-XVIII სს-ის თურქული წყაროები (ჰასან რუმლუ 1966: 20, 31; იბრაჰიმ ფეჩევი 1964: 41; თურქული წყაროები ... 1983: 55, 56; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 16, 240; ჩილდირის ... 1979: 106, 119, 124, 129, 154, 173, 179; მუნეჯიმ ბაში 1968: 136), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 217).

მდებარეობს ასპინძის მუნიც-ში, ასპინძიდან სამხრეთით 25-ოდე კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

წყარეობში თმოგვის ციხე პირველად იხსენიება 914 წლისათვის. არაბთა სარდალი აბულ-კასიმი სამცხე-ჯავახეთში ლაშქრობისას თმოგვის ციხეს მიადგა, მაგრამ იხილა რა მისი სიმტკიცე, აიყარა და ყველის ციხეზე გაილაშქრა (ქც 1: 263,15,16; ქც 4:133,11). ბაგრატ III-ს (975-1014) თავისი მამიდაშვილები, კლარჯეთის ხელმწიფეები სუმბატი და გურგენი შეუპყრია და გამოუმწყვდევია თმოგვის ციხეში, სადაც ისინი 1011-1012 წწ. გარდაიცვალნენ (ქც 1: 283,7-11, 382,24,25; ქც 4: 700,16). XI ს-იდან მოყოლებული საქართველოს მეფეები თმოგვს სხვადასხვა ფეოდალებს გადასცემენ. XI ს-ში თმოგვის მფლობელია ფარსმან თმოგველი. ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს, კლდეკარის ერისთავთ-ერისთავის ლიპარიტის განდგომისას, ფარსამან თმოგველს ლიპარიტის მხარე დაუჭერია და მასთან ერთად დამარცხებულა. მეფისა და ერისთავების შერიგების შემდეგ ფარსმანი კვლავ ფლობდა თმოგვს. ის 1065 წ. დაღუპულა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1073 წ. გიორგი II-მ (1072-1089) თმოგვი უბოძა განდგომილ ფეოდალ ნიანია ქვაბულის ძეს (ქც 1: 316,4-6). ნიანიას გარდაცვალების შემდეგ თმოგვს მისი შვილი კახაბერი განაგებდა. 1089 წ. მომხდარი მიწისძვრის დროს თმოგვი დაიქცა. კახაბერ ნიანიას ძე ცოლითურთ ნანგრევებში მოყოლილა (ქც 1: 323,11). 1178 წ. გიორგი III-მ (1156-1184) თმოგვი უბოძა მსახურთუხუცეს აფრიდონს (ქც 2: 30,15-17). დიდგვაროვანთა მოთხოვნით თამარმა (1184-1207) გადააყენა გიორგი III-ის დროს აღზევებული პირები, მათ შორის, აფრიდონიც. თმოგვის ახალი პატრონი ამირსპასალარი გამრეკელ-თორელი გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1191 წ. თამარმა თმოგვი გადასცა მხარგრძელთა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელს, სარგის ვარამის ძეს (ქც 2: 55,10). სარგისი და მისი შთამომავლები ამიერიდან თმოგველებად იწოდებოდნენ. 1205 წ. რუმის სულთან რუქნადინის წინააღმდეგ ბასიანთან გამართული ბრძოლის დროს თმოგვის პატრონი თაყაიდინ თმოგველია. 1234-1235 წწ. თმოგველი ისევ სარგისია, რომელიც კოხტასთავის შეთქმულებაშიც იღებდა მონაწილეობას. ის დავით ლაშას ძეს (ულუს) ახლდა ჯერ ვოლგისპირეთში, ბათო ყაენთან, შემდეგ ყარაყორუმში დიდ ყაენთან. 1283 წ. თმოგვი კვლავ მიწისძვრას დაუნგრევია. XIV ს-ის შუა ხანებიდან თმოგველები იქიდან წასულები ჩანან. 1350-1393 წწ. თმოგვს ფლობენ მურვან კვითხის ძე და მისი შთამომავლები. შემდგომში თმოგვი ათაბაგ ივანეს, რჩეულაშვილებს ან ამატაკიშვილებს უკავიათ. ის XVI ს-ში ჯერ კიდევ ქალაქია. იმ პერიოდში თმოგვის მფლობელებად შალიკაშვილები გვევლინებიან. 1553 წ. შაჰ თამაზმა ილაშქრა რა სამცხე-ჯავახეთში, თმოგვი ქაიხოსრო ათაბაგს გადასცა (ქც 4: 500,23-25). შემდგომ მანუჩარ ათაბაგმა თმოგვი წაართვა განდგომილ ფეოდალ კიკოლა შალიკაშვილს. 1578 წ. ჩილდირის ტბასთან გამართულ ბრძოლაში ოსმალებმა დაამარცხეს ქართველთა და ყიზილბაშთა ჯარი. ოსმალებმა სამცხე-საათაბაგო დაიკავეს. მანუჩარ ათაბაგი იძულებული გახდა თმოგვი ოსმალთათვის გადაეცა (ქც 4: 520,20, 522,20,21). ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფის შემდეგ თმოგვი შედიოდა ახალქალაქის ლივაში (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 16). XVIII ს-ის პირველი ნახევრისათვის თმოგვი უკვე დაბა იყო (ქც 4: 666,10). რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, 1829 წ. ადრიანოპოლის ზავით თმოგვი კვლავ საქართველოს შემოუერთდა (ცისკარიშვილი 1956: 97-105; გაფრინდაშვილი 1966: 41-46; ბერძენიშვილი 1988: 46-49).

თმოგვი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

1953 წ. თმოგვის ციხის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შემთხვევით აღმოჩნდა XI ს-ის ბიზანტიური სპილენძის მონეტა, რომელიც მპოვნელს დარჩა (აბრამიშვილი 1965: 136). 1962 წ. თმოგვის ნანგრევებთან ასევე შემთხვევით აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IX-ს (1042-1055) სპილენძის მონეტა, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). (აბრამიშვილი 1989: 56).

ციხე-ქალაქი აგებულია ერუშეთის მთის ერთ-ერთ განშტოებაზე. სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ციხე მიუდგომელია. დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ჩამოუდის ორი ხეობა. კლდის თავზე შემორჩენილია ციხის ნანგრევები და ზღუდე-ბურჯები. ფერდობი ნაქალაქარსა და სასაფლაოებს უკავია. რელიეფის შესაბამისად ზღუდეები სხვადასხვა სიმაღლეზეა აგებული. დასავლეთით კლდის დამრეც ფერდზე ციხის კედელ-ბურჯებია ამოშენებული. შუა კედელი საბრძოლო დანიშნულებისაა. ქვედა – რამდენიმე ნაგებობას საზღვრავს და სამხრეთ-აღმოსავლეთით მიბჯენილია გამოქვაბულთან, რომელიც გვირაბით დაკავშირებულია ციხის ზედა ნაწილთან და ქვემოთ მტკვართან (გაფრინდაშვილი 1966: 41). კლდის თხემის ცენტრი უკავია ნაგებობებს, რომელთა ნაწილი ციხის ზედა კედელზეა მიშენებული. ნაგებობები თხემის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარესაც გვხვდება. აქვეა შემორჩენილი ორი ღრმა ორმო წყლის მარაგისათვის. თხემის ცენტრში ბაზალტის ცოკოლზე ტუფის გათლილი კვადრებით ნაგები სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევებია, რომელიც დარბაზული ტიპის ეკლესია უნდა იყოს. ციხეს ორი შესასვლელი აქვს. ერთი სამხრეთიდან, მეორე ჩრდილოეთიდან, დასავლეთი და აღმოსავლეთი ხეობების შემაერთებელ უნაგირთან. კარიბჭე აქ ორსართულიანია. პირველი სართული შედგება გასასვლელისა და მის გვერდით მოთავსებული ოთახისაგან, მეორე სართული პატარა საბრძოლო გოდოლია. თმოგვში ძირითადად ორი სამშენებლო პერიოდი გამოიყოფა. თავდაპირველი მშენებლობის ფენაა ტუფის გათლილი კვადრების წყობა, ერთნაირი სიმაღლის რიგებით. ასეა აგებული ციხის კედლების მხოლოდ ქვედა ფენა. მეორე, მოგვიანო ხანის სამშენებლო ფენაში გამოყენებულია უხეშად დამუშავებული ფლეთილი ქვა. ნახევარწრიული მოყვანილობის მასიური ბურჯები ზღუდის კედლის გასწვრივ თანაბარი მანძილითაა ერთმანეთისაგან დაშორებული. ციხის ცენტრიდან მტკვრის ნაპირამდე გაყვანილია კამაროვანი გვირაბი, რომელიც ციხესთან აერთებს მტკვრის ზემოთ, ძნელად მისადგომ სიმაღლეზე გამოკვეთილ ქვაბთა კომპლექსს (გაფრინდაშვილი 1966: 42).

ციხის კედლების გარეთ ორი ეკლესიაა. დასავლეთით, ხევში წმინდა ეფრემის კლდეში ნაკვეთი ეკლესიაა. მცირე ზომის ეკლესიის კედლებზე ჩაჭრილია თაღები. კანკელი კლდის მასივშია გამოკვეთილი. ეკლესიას აქვს ნახევარწრიული თაღოვანი სამრეკლო. მეორე ეკლესია გუმბათიანი ყოფილა. მორღვეულ საკურთხეველში XIII ს-ის კედლის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ნაქალაქარი მტკვრის ორივე მხარესაა, სადაც გვხვდება კლდისა და ქვის საცხოვრებელი ნაგებობების ფრაგმენტები. ნაქალაქარზე შემორჩენილია დანგრეული სასახლე. ნანგრევებში გამოირჩევა არქიტრავი, სარკმლის თავი მასზე ამოკვეთილი წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვრით. სასახლე ნაგებია ტუფის გათლილი კვადრებით. ის თმოგვის ძველი კედლების მსგავსად უძველეს ფენას მიეკუთვნება.

მტკვრის მარჯვენა მხარეს, მდინარიდან მაღლა, მოვაკებულ ფართობზე მეორე სასახლეა, რომელიც ოთხ ნაგებობას მოიცავს. სამი ნაგებობა ერთმანეთის გვერდითაა განლაგებული. მათგან ჩრდილოეთით აბანოა. პირველი ნაგებობა სამოთახიანია, 100-120 კვ მ ფართობით. ოთახებს ცალკე შესასვლელები ჰქონია. მეორე შენობა 300 კვ მ ფართობის მქონე სასახლეა. ის ორსართულიანი ყოფილა. მესამე ნაგებობა ერთი ვრცელი სათავსოა, 300 კვ მ ფართობით. შენობები ნაგებია ფლეთილი ქვებით კირხსნარზე. სასახლის კედლების წყობა ანალოგიურია თმოგვის ციხის გვიანდელი წყობისა და XIV ს-ის შუა ხანებით თარიღდება (გაფრინდაშვილი 1966: 43). აბანო ნაგებია ქვითა და აგურით კირხსნარზე და სამი განყოფილებისაგან შედგება. მისი კამარები ჩამონგრეულია.

შუა მდინარეში, ლოდზე ხიდის ბურჯის ქვიტკირის ფრაგმენტია შემორჩენილი. მისი ნანგრევები მდინარის ნაპირზეცაა. ხიდი გადებული ყოფილა ორ სასახლეს შორის და სასახლეს აკავშირებდა ციხესა და ქალაქთან. მეორე ხიდი ტრანსპორტისათვის ყოფილა განკუთვნილი. ის ქვემოთაა და ქალაქის ორივე ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებდა (გაფრინდაშვილი 1966: 44). ნაქალაქარის თავზე, ციხის ძირში რამდენიმე გვიანდელი სამაროვანია.

1953 წ. თმოგვის აღმოსავლეთით, ზღუდის ქვემოთ აღმოჩნდა 1350 წ. დათარიღებული ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომლის მიხედვით 1350 წ. მეფეთ-მეფე დავით IX-ის (1346-1360) ბრძანებით თმოგვის ზღუდის მშენებლობა დაუწყია ვარძიელ საწოლის-მწიგნობარ მურვან კვითხის ძეს (ცისკარიშვილი 1959: 107; გაფრინდაშვილი 1966: 46).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1965: 136; 1989: 56; ბაქრაძე 1875: 72; ბერძენიშვილი 1985: 70, 74, 78, 80, 90-93, 95, 96, 98, 102-104, 107, 110-113, 115, 116, 122, 123, 127, 129, 135; 1988: 46-54; გაბაშვილი 1985: 50; გაფრინდაშვილი 1966: 41-46; გიულ-დენშტედტი 1962: 217; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 16, 240; ზაქარაია 1977: 55-57; თურქული წყაროები ... 1983: 55, 56; იბრაჰიმ ფეჩევი 1964: 41; კაკაბაძე 1913: 10-12; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 107; მუნეჯიმ ბაში 1968: 136; სამი ისტ. ქრ. 1890: 90; სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 45, 67, 71; ქრონიკები 1892: 78, 150, 206, 207; 1897: 396; ქც 1: 263,15; 283,11; 316,6; 323,11; 382,24,25; ქც 2: 30,16; 51,6; 52,8; 55,5,10; 500,27; 520,18,20; 521,2-4,8; 522,20,21; ქც 4: 133,11; 178,12; 666,8,9; 700,16; 716,22; 719,25; 721,2,4-6,9; 722,8; შავთელი 1946: 384; ჩილდირის ... 1979: 106, 119, 124, 129, 154, 173, 179; ცხოვრება ... 1980: 43, 48, 49, 51; ჰასან რუმლუ 1964: 41.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9