თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თოთ თორ თოღ

თორთომი 

ციხე (ქც 4: 249,12; 686,28).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 249,12; 686,28), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 311,10), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 526,5), მეჰმედ ბენ მეჰმედის თხზულება (საქ. ისტ. ოსმალ. წყ. 1974: 29), აინი ალის „რისალე“ (აინი ალი 1971: 228), ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“ (ჩელები 1971: 303, 317, 321).

ვახუშტი ბაგრატიონი თორთომის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „თორთომის მდინარეზედ, არს ციხე თორთომისა, მაგარი, კლდესა ზედა დიდშენებული, ამის მიერ იწოდა ესე თორთომის ხეობად“ (ქც 4: 686,27,28).

ლოკალიზდება მდ. თორთუმის (თორთუმ-ჩაი) ხეობის სათავეში. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

თორთომი სახელია ციხის, მდინარისა და პროვინციის. თორთომის პროვინცია X ს-ში დავით III-ის სამფლობელოში შედიოდა. XIV ს-ის დასაწყისში თორთომის ციხესთან გაიმართა ბრძოლა ქართველებსა და თურქებს შორის. ქართველთა ჯარმა ტაოს ერისთავის, თაყა ფანასკერტელის მეთაურობით მოიგერია თურქები (ქც 2: 311,10; ქც 4: 249,12). 1402 წ. თორთომის ციხეში 200 ქართველი იყო გამაგრებული. მის ასაღებად თემურ-ლენგმა 25 ათასი კაცი გააგზავნა. მათ ციხე აიღეს და დაანგრიეს. XVI ს-ში თორთომი ოსმალეთის იმპერიის გურჯისტანის ვილაიეთის თორთომის ლივას ცენტრია. XVII ს-ში თორთომის სანჯაყი უკვე ერზრუმის ვილაიეთში შედის (საქ. ისტ. ოსმალ. წყ. 1974: 174, 178, 179).

თორთომი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ციხე აგებულია მდინარის მაღალ კუნძულზე (თაყაიშვილი 1960: ტაბ. 149). მდინარის ქვემო წელზე კიდევ ორი ციხეა – აღჯაყალა და ერსესყალა. ამავე ხეობაშია ექექის ეკლესია და ხახული. ექექის გუმბათიანი ეკლესია (9,7X6,7 მ) მდებარეობდა თორთომის ციხის სიახლოვეს. ნაგები იყო მუქი წითელი ქვათლილით. გეგმით ჯვრის მსგავს ნაგებობას წარმოადგენს. აღმოსავლეთით სამი აფსიდა, ხოლო კარები სამხრეთით და ჩრდილოეთით ჰქონდა. 1917 წ. სამხრეთის კარი ამოქოლეს და ეკლესია ჯამედ აქციეს. გუმბათი ეყრდნობოდა პილასტრებს. თარიღდება IX ს-ის ბოლო ან X ს-ის დასაწყისით (თაყაიშვილი 1960: 70). შემონახულია ქართული და ბერძნული ლაპიდარული წარწერები. ეკლესია 1958 წ. ააფეთქეს.
 
ბიბლიოგრაფია: აინი ალი 1971: 228; თაყაიშვილი 1960: ტაბ. 149; საქ. ისტ. ოსმალ. წყ. 1974: 174, 178, 179; ქც 2: 311,10; 526,5; ქც 4: 249,12; 686,28; ჩელები 1971: 303, 317, 321.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9