თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თოთ თორ თოღ

თორი

დაბა (ქც 4: 149,19).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 149,19; 201,სქ.1; 333,23; 341,9; 346,14; 381,5), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 306,11), ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე (ქც 1: 370,23), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 229,7), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგარტიონი 1986: 45), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 131, 134), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 329; 1958: 470, 473, 479, 481, 485), სომხურ ხელნაწერთა ანდერძების ცნობები (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 69, 71), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 177, 219).

ვახუშტი ბაგრატიონი თორის შესახებ გადმოგვცემს: „სადგერს ზეით, დასავლით, არს დაბა თორი, მას ზეით ციხის-ჯუარი, და ციხე მისი შავს-წყალსა ზედა დასავლისაკენ“ (ქც 4: 381,4-6).

მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, მდ. შავწყალას სათავეებთან, მარცხენა მხარეს, სადაც მას ერთვის პატარა ხევი – თორულა (მაკალათია 1957: 33).

წყაროებში მოიხსენიება XI ს-იდან. თორი წარმოადგენდა თორელთა საგვარეულოს რეზიდენციას. თორელები იყვნენ სამცხის სანაპიროს მფლობელნი. მათი ციხესიმაგრე ციხის-ჯუარი იყო. თორში მათ ჰქონდათ გალავნით შემოზღუდული დარბაზი და კოშკები. თორელებს მეფის კარზე ეჭირათ ამირსპასალარობა და XII-XIII სს-ში დიდ მხედართმთავრებად ითვლებოდნენ (მაკალათია 1957: 34). 1064 წ. მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს სულთანმა ალ ფარსლანმა დაარბია კანგარი, თრიალეთი, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო ფანასკერტამდე და უწია თორს (ქც 1: 306,11; ქც 4: 149,19). დავით რუსუდანის ძე განერიდა მონღოლებს და მივიდა თორს ლიპარიტ თორელთან, რომელმაც ის წაიყვანა ქუთაისს (ქც 2: 229,7). მონღოლთა შემოსევის შემდეგ თორელთა საგვარეულო ეცემა. 1595 წ. სამცხე თურქებმა დაიპყრეს. თორი შევიდა პეტრეს ლივაში. სოფელი თანდათან გაპარტახდა. 1578 წ. თორი მუსტაფა ლალა ფაშას დაუპყრია (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 470). „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ შედგენისას თორი თითქმის გაპარტახებულია. მასზე შეწერილი იყო 4500 ახჩა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 479). ქართველები სოფლიდან აყრილან და სხვაგან გადასახლებულან. 1770 წ. თორზე გავლით საკირეს ციხესთან შეხვდა გენ. ტოტლებენი მეფე ერეკლე II-ს (1744-1798). 1772 წ. აღწერით თორი შედიოდა საავალიშვილოში (გიულდენშტედტი 1962: 219). თორი მრავალი გზით უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა მხარეს. აწყური – თისლი – დგვარი, საკირე – დაბაძველი – თორი – სადგერი; თორი – თრიალეთი – მანგლისი, ეს გზა აღმოსავლეთ საქართველოს მესაქონლეობის საფუძველი იყო; შიდა ქართლში თორი – თრიალეთი – მანგლისიდან უფრო მოსახერხებელი გზები შემოდიოდა ძამა – ტანა – თეძამი – კავთურას ხეობით (ბერძენიშვილი 1966: 66, 68). დღეისათვის თორი ნასოფლარია და მისი ტერიტორია სათიბადაა გამოყენებული (მაკალათია 1957: 34).

თორის ნასოფლარი მაღლობზეა, სადაც შეინიშნება სხვადასხვა შენობათა და ეკლესიების ნანგრევები. შენობები ნაგებია დიდრონი ლოდებით, მშრალად. სახლები დარბაზული ტიპისაა. თორის ბორცვის თავზე არსებული ნასახლარი გამოირჩევა დანარჩენი ნაგებობებისაგან თავისი გეგმარებით. ის შემოზღუდულია გალავნით, რომლის შიგნით, ცენტრში შეინიშნება ციხე-კოშკი, გარშემო სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთებით. იქვე უნდა იყოს კარის ეკლესიაც (მაკალათია 1957: 34). იქვე აღსანიშნავია კონუსური ფორმის სახლები, რომლებსაც საერთო გალავანი ზღუდავდა. ესაა სხვებზე უფრო მცირე ფართობის მქონე, მაგრამ შემაღლებული მრგვალი ან მომრგვალებული სენაკი, რომელსაც ფილაქვებითა თუ ბრტყელი ლოდებით ამოყვანილი გვირგვინი ახურავს, რაც უნდა მივიჩნიოთ თორი-ბორჯომის რაიონის ნასოფლართა თავისებურებად (საქ. არქ. 1959: 379).

ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თორი-ლიკანის ექსპედიციის (ხელმძღ. გ. ლომთათიძე, გ. ნასიძე) მიერ თორის ნასოფლარზე 1968-1969 წწ. ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. გამოვლინდა ადრე შუა საუკუნეების შენობათა ნანგრევები და ძირითადად იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი კერამიკა. სოფლები მშვიდობიანობის დროსაა მიტოვებული, რის გამოც მასალა მცირეა. კერამიკაში მოჭიქული ჭურჭელი არ ჩანს. ნაგებობათა აღნაგობა არქაულია. ისინი ნაშენია დიდრონი ქვებით. კარგად ჩანს მიბაძვა ხის ერდო-გვირგვინიანი დარბაზებისა (ნასიძე 1969: 34; ნასიძე, კალანდაძე 1971: 109-111). თორის ნასოფლარზე არის ეკლესიის ნანგრევებიც. თორში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება თორი-ლიკანის ექსპედიციის ბაზაში.

თორში შემორჩენილია დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც წარწერის მიხედვით აგებულია მეფე გიორგი V ბრწყინვალეს დროს (1314-1346). ეკლესია ნაწილობრივ კლდეშია ჩაშენებული (მაკალათია 1957: 7). სავარაუდოდ, იმ პერიოდისათვის თორი სამეფო (სახასო) ქვეყანაა. დღეისათვის თორში შემორჩენილი კომპლექსი: დარბაზული ეკლესია, სასახლისა და სხვ. ნაგებობათა ნაშთები განვითარებული შუა საუკუნეებისაა (ბარნაველი 1959: 40, 41).
 
ბიბლიოგრაფია: აბულაძე 1983: 13-18; ბაგრატიონი 1986: 45; ბარნაველი 1959: 40, 41; ბერძენიშვილი 1966: 44, 66, 68, 74, 81, 96, 100-103; გიულდენშტედტი 1962: 177, 219; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 470, 473, 479, 481; დადიანი 1962: 131, 134; მაკალათია 1957: 5, 7, 33; ნასიძე 1969: 34; ნასიძე, კალანდაძე 1971: 109-111; რჩეულიშვილი 1994: 118, 131; საქ. არქ. 1959: 379; სიგელები ... 1898: 27-30; სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 68-71; ქც 1: 306,11; 370,23; ქც 2: 229,7; ქც 4: 149,19; 201, სქ. 1; 333,23; 341,9; 346,14; 381,5.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9