თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თოთ თორ თოღ

თორღა 

ციხე (ქც 4: 451,5,7,13).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 451,5,7,13; 548,14-16; 553,23; 554,3; 576,19; 581,3; 584,8; 601,22,24), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 369,16; 382,6; 393,3; 515,12; 538,21), არჩილ მეფის (1664-1698) „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ (არჩილი 1989: 387), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 65), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 60, 79, 113-115), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 3), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 481; საქ. სიძ. 1920: 169; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 518), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 73).

ვახუშტი ბაგრატიონი თორღას ციხის შესახებ გადმოგვცემს: „თურდოს ხევის შესართავს ზეით ალაზანს მოერთვის შტორის ხევი ... თორღის ციხესთან ერთვის ამ ხევს სხუა ხევი ... თორღის ციხე არს მაგარი და კლდესა ზედა ნაშენი, არამედ აწ უქმი“ (ქც 4: 548,12-16), „ჩაღმიდამ გარდავალს გზა თორღისა და ლოპოტის ხევზედ“ (ქც 4: 554,3). თორღას ციხეს ხალხურ მეტყველებაში „თორღას გალავანს“ უწოდებენ (მუსხელიშვილი 1980: 89).

მდებარეობს ახმეტის მუნიც-ში, სტორის ხეობაში (მუსხელიშვილი 1980: 88).

ლევან კახთა მეფის (1520-1574) გარდაცვალების შემდეგ მის შვილებს შორის ტახტისათვის ამტყდარი გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა თორღას ციხესთან, სადაც ალექსანდრემ გაიმარჯვა და კახეთის სამეფო ტახტი დაიკავა (ქც 2: 369,16,20,21, 515,12; ქც 4:576,19). 1601 წ. ალექსანდრე II (1574-1605) დასნეულდა. ამით ისრაგებლა მისმა ვაჟმა დავითმა და მამას ტახტი წაართვა. დავითის ძმამ გიორგიმ შეთქმულება მოუწყო მეფეს, მაგრამ დამარცხდა. დავითმა ის თორღას ციხეში გამოამწყვდია (ქც 2: 382,6, 538,21; ქც 4: 581,3). 1605 წ. ირანიდან შაჰ-აბასის მიერ გამოგზავნილ უფლისწულ კონსტანტინეს მამამისი ალექსანდრე II შეეგება. ამის შემდეგ ისინი თორღას სასახლეში წასულან (ცხოვრება ... 1980: 6). კახთა მეფე თეიმურაზ I-მა (1606-1648) ქორწილი თორღას ციხეში გადაიხადა (ქც 4: 584,8). 1614 წ. ირანის შაჰმა აბას I-მა (1587-1629) დიდი ბრძოლის შემდეგ აიღო თორღას ციხე და ხელში ჩაიგდო იქ შენახული სამეფო განძეულობა (ქც 2: 393,3; ცხოვრება ... 1980: 79). 1664 წ. კახეთის სამეფო ტახტისათვის მებრძოლი თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე (შემდგომში კახეთის მეფე ერეკლე I – ნაზარალიხანი, 1688-1703) თავს დაესხა ქართლის მეფე ვახტანგ V შაჰნავაზს (1658-1675) და კახეთის მეფე არჩილს (1664-1675), მაგრამ დამარცხდა და დედამისთან ერთად თორღას ციხეში გამაგრდა. შვიდთვიანი ალყის შემდეგ ვახტანგ V-მ შეიწყნარა ერეკლეს დედის თხოვნა და დედა-შვილი ციხიდან გააპარა. თვითონ კი ციხე დაიჭირა (ქც 4: 601,22,24; ცხოვრება ... 1980: 113, 114; გორგიჯანიძე 1926: 65; ჩხეიძე 1913: 3).

თორღას ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ის წარმოადგენს ფეოდალის რეზიდენციას საცხოვრებელი კომპლექსით, ეკლესიითა და გალავნით. სტორის ხეობაზე, სადაც ციხე მდებარეობს გადიოდა თუშეთის, კერძოდ გომეწრისა და ჩაღმის თემების კახეთის ბართან დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა. ციხის ძირითადი ფუნქცია უნდა ყოფილიყო მთისა და ბარის შემაერთებელი გზის კონტროლი. თორღას ციხე ადრე შუა საუკუნეებში ჩანს აგებული (მუსხელიშვილი 1980: 88-92, 109).
 
ბიბლიოგრაფია: არჩილი 1989: 387; ბაგრატიონი 1986: 73; გორგიჯანიძე 1926: 65; მუსხელიშვილი 1980: 88-92, 109; საქ. სიძ. 1920: 169; ქრონიკები 1897: 481; ქც 2: 369,16,20,21; 382,6; 393,3; 515,12; 538,21; ქც 4: 451,5,7,13; 548,14-16; 553,23; 554,3; 576,19; 581,3; 584,8; 601,22,24; ჩხეიძე 1913: 3; ცხოვრება ... 1980: 60, 79, 113-115.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9