თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თოთ თორ თოღ

თოღა

(მაჭი) (ქც 4: 543,16,17).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 543,16,17), 1606 წ. ისტორიული საბუთი (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 107), არჩილ მეფის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ (არჩილი 1989: 403), XVI-XVII სს-ის რუსი ელჩების ცნობები (რუს. ურთ. კავკ. 1889: 124, 156, 170-173, 186, 190-192, 300, 312, 388, 416, 418, 424, 483, 487, 488, 493), თეიმურაზ I-ის მოსკოვში ელჩობის საოქმო ჩანაწერები (ჩანაწერები ... 1965: 447; მასალები რუსეთ-საქართველოს ... 1965: 462).

ვახუშტი ბაგრატიონი თოღას შესახებ გადმოგვცემს: „ბელაქნის წყლის შესართავს ზეით მოერთვის ალაზანს მაწის წყალი ... ამ ხევზედ არს, მთასა შინა, თოღა, სასახლე მეფეთა, ფრიად მშუენვარე ზაფხულს. ამას ეწოდა მაჭი“ (ქც 4: 543,13-17).

მდებარეობს ლაგოდეხის მუნიც-ში, ლაგოდეხ-ბელაქნის გზატკეცილიდან ჩრდილოეთით, 5 კმ-ის დაშორებით მდ. მაწიმის წყლის ხეობაში, მაღალ, ფლატენაპირებიან ხერთვისზე (მელითაური 1972: 20; მუსხელიშვილი 1980: 94; ჭილაშვილი 1980: 224).

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით მაჭის წყლის (მაწის წყლის) ხეობა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული (ქც 4: 543,20). ამ ხეობით ჰერეთის ბარიდან გზა გადადიოდა შუა დაღესტანში, ხუნზახში. ამდენად თოღას ციხე მდებარეობდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას და კონტროლს უწევდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთის გარკვეულ ნაწილს (მუსხელიშვილი 1980: 94, 126). წყაროების მიხედვით, მაჭი საერისთავო ცენტრი ჩანს VII ს-ის ბოლოდან. ჯუანშერის სიკვდილის შემდეგ (787 წ.) განდგომილმა გრიგოლ მთავარმა კახეთ-გარდაბანი დაიმორჩილა. ჰერეთში გაბატონდნენ ადარნასე ბრმის ძმისწულები. მათ ჰერეთი დაყვეს ოთხ საერისთავოდ, რომელთაგან ერთი მაჭის საერისთავო იყო (ქც 4: 557,8). მაჭის საერისთავო არსებობდა XI ს-ის დასაწყისშიც. 1010 წ. ახლო ხანებში ბაგრატ III-მ (1001-1014) კახეთი შემოიერთა. ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ კვირიკე III კახთა მეფემ (1010-1037) კვლავ დაიბრუნა კახეთ-ჰერეთი. გაატარა რა ადმინისტრაციული რეფორმები, ერთ-ერთი ერისთავი დასვა მაჭის საერისთავოში, რომელიც მოიცავდა ტერიტორიებს მაჭის წყლის ქვევით, ალაზნის აღმოსავლეთით შაკიხითურთ და ხუნზახითურთ (ქც 4: 561,1-22). 1040 წ. ახლო ხანებში ბაგრატ IV-მ (1027-1072) კახეთში ილაშქრა. სხვებთან ერთად ბაგრატ IV-ს შეუპყრია მაჭის ერისთავი დაჯე (ქც 1: 298,8; ქც 4:146,7). გვიან შუა საუკუნეებში მაჭის საერისთავო ქრება, ხოლო მისი ცენტრი მაჭი, რომელსაც ამიერიდან თოღა ეწოდა, კახეთის მეფეთა ერთ-ერთ რეზიდენციად იქცა (ჭილაშვილი 1980: 222). 1589 წ. კახთა მეფე ალექსანდრე II-ეს (1574-1605) რუსი ელჩები მიუწვევია თოღაში, რომელიც ლაშქრის შეყრისა და წვრთნის ადგილიც ყოფილა (რუს. ურთ. კავკ. 1889: 171, 172). ალექსანდრეს თხოვნით რუს მხატვრებს მოუხატავთ ალექსანდრეს მიერ აგებული თოღას ეკლესია (რუს. ურთ. კავკ. 1889: 124). რუს ელჩებს უარი ეთქვათ ზაგემის ეკლესიის კურთხევაზე, ვინაიდან ის უკვე ნაკურთხი ყოფილა. სამაგიეროდ შესთავაზეს თოღას მახლობლად, ალექსანდრეს მიერ აგებული ეკლესიის კურთხევა, რაზეც რუსებმა უარი განაცხადეს (რუს. ურთ. კავკ. 1889: 191, 192). 1596-1599 წწ. ჩამოსული რუსი ელჩები ალექსანდრე მეფესთან შესახვედრად თოღაში მიუყვანიათ. 1605 წ. აქვე შეხვედრია რუს ელჩებს მამისა და ძმის მკვლელი კონსტანტინე (რუს. ურთ. კავკ. 1889: 487, 488). 1606 წ. თეიმურაზ I-მა (1606-1648) ლუარსაბ მეჯინიბეთუხუცესს თოღაში უბოძა იოსაფათის სამოურავო და უზუქანთის მოურაობა (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 107). ვახუშტი ბაგრატიონი თოღას ციხის დაცემას შაჰ-აბასისა (1587-1629) და ლეკების შემოსევებს უკავშირებდა (ქც 4: 543,20). კ. მელითაურის აზრით, ციხეზე ინტენსიური ცხოვრება XI ს-ის შემდეგ წყდება (მელითაური 1972: 27), რაც არ უნდა იყოს მართებული. წერილობით წყაროებისა თუ სხვა მონაცემების მიხედვით, ციხის ტერიტორიაზე ინტენსიური ცხოვრების კვალი შემდგომშიც დასტურდება (ჭილაშვილი 1980: 299).

თოღას ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

1978-1979 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ლ. ჭილაშვილი) დაზვერვითი ხასიათის სამუშაოები აწარმოვა თოღას ციხის ტერიტორიაზე (ჭილაშვილი ... 1980: 76). ზედაპირულად აკრეფილი მასალიდან საინტერესოა მრავალფრად მოჭიქული ჯამის ძირის ნატეხი, რომელზეც ფრინველი და მცენარეული ორნამენტია გამოსახული. ჯამი თარიღდება XII-XIII სს-ით (ჭილაშვილი 1980: 230). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

თოღას ციხე დგას მაღალ კონცხზე. მას სამკუთხა მოყვანილობის გეგმა აქვს და დაახლოებით 3 ჰა ფართობი უკავია. რელიეფი დაქანებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ფლატეებითაა დაცული. ჩრდილოეთი მხრიდან კონცხის ყელი გადაჭრილია და თხრილითაა გამოყოფილ-გამაგრებული. ციტადელი ციხის სამხრეთ ნაწილშია, რომელიც ძნელად მისასვლელ ფერდს წარმოადგენს. შიდა ციხის სისტემაში შედიოდა: კარიბჭე, ზღუდის კედელ-ბურჯები, მასში ჩაშენებული სწორკუთხა და წრიული გეგმის კოშკებით, დარბაზული ეკლესია, წყლის რეზერვუარი(?), სწორკუთხა გეგმის მქონე მოზრდილი შენობისა და ზოგიერთი სხვა ნაგებობის ნაშთები. საკუთრივ ციხის ტერიტორიაც ზღუდის კედლითაა გამაგრებული. განსაკუთრებული ყურადღება მიუქცევიათ ციხის ჩრდილოეთი ნაწილის გამაგრებისათვის. ამ მხარეს შემორჩენილია კარიბჭე და კედელში ჩაშენებული ოთხკუთხა გეგმის მქონე ექვსი კოშკი (ჭილაშვილი 1980: 225, 226). კედლები ნაგებია რიყის ქვებით კირხსნარზე. გამოყენებულია აგურიც, განსაკუთრებით კოშკის კუთხეებში. ციხეზე შეიმჩნევა რამდენიმე სამშენებლო ფენა.

წყლის რეზერვუარი მდებარეობს ზედა ციხის მახლობლად, ციხის კედლიდან ჩრდილოეთით, 20 მ-ის დაშორებით. სწორკუთხედის ფორმის ნაგებობა (10X7,2X3,4 მ) დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. ნაგებობა ორ მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი სამი თაღით ორ თანატოლ სივრცედაა გაყოფილი. შენობის დიდი ნაწილი მიწის ზევითაა. შესასვლელი არ ჩანს. ჩრდილოეთ კედელში აქვს ხვრელი. ორივე სათავსო გადახურულია შეისრული თაღით. ნაგებია რიყის ქვით კირხსნარზე. ინტერიერი შEელესილია. სახურავზე შუა კედლის ცენტრში ორი მხრიდან თანაბარი ზომის ღიობებია. კ. მელითაურს ნაგებობა მიაჩნდა წყლის ცისტერნად (მელითაური 1972: 25). სხვა მოსაზრებით ნაგებობა აბანოს ელემენტებს შეიცავს. თუმცა მისი ფუნქციის საბოლოოდ გარკვევა არქეოლოგიურ გათხრებამდე შეუძლებელია (ჭილაშვილი 1980: 226). ნაგებობის აღმოსავლეთით 7,5 მ-ის დაშორებით შემორჩენილია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი სწორკუთხა ნაგებობა, რომლის კედლების სიმაღლე 3 მ-ს აღწევს, სიგრძე 11 მ-ია, სიგანე 7,3 მ. ნაშენია რიყის ქვით კირხსნარზე. შიგნიდან კირხსნარითვეა შელესილი. სარკმელი ან კარი არ შეინიშნება (ჭილაშვილი 1980: 226). კ. მელითაურის აზრით, ის ღია ცისტერნა უნდა იყოს (მელითაური 1972: 26). მაგრამ ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ მიუთითებს მისგან ჩრდილოეთით მდებარე ჭა, ზედა ნაწილში ქვით ამოყვანილი კედლებით (ჭილაშვილი 1980: 228). „ცისტერნის“ ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი მოგრძო შენობის ნანგრევები, რომელიც ყველაზე მოზრდილი ნაგებობაა და შესაძლოა სასახლე იყოს (ჭილაშვილი 1980: 228). მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით 25-ოდე მ-ზე მდებარეობს დარბაზული ეკლესია (7,3X5,3 მ). ნაშენია რიყის ქვებით კირხსნარზე. შესასვლელი ჰქონია სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთი კარის ორივე მხარეს თითო სარკმელია. ერთი სარკმელი და ორი ნიშია აფსიდში. ეკლესიისა და, საერთოდ, ციხის აგების თარიღად მიჩნეულია IX ს (მელითაური 1972: 25, 27).

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ინახება ქვა შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით, რომელიც თოღას ციხიდან უნდა იყოს. „...ესე ქვა ... დასუეს ქალწულისი წმიდის ... ღმრთისა მშობელი გამოგუიბრწყინდა ... ივ. მოვიდა მახარობელი. ახსართან ქორეპისკოპოსი (?) და რანთა და კახთა მფლობელი, ციხისთავობასა და ერისთავისა გიორგისა, ხელითა გიორგი ვარდანის (?)... ძენი (?)...“. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XII ს-ის ჩანს. მასში მოხსენიებული უნდა იყოს კახთა მეფე აღსართან II (1102-1105). ციხისთავი ყოფილა გიორგი (ბარნაველი 1962: 94, 95).

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) ინახება ოქროს ხატი, რომლის წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ალექსანდრე II კახთა მეფესა და მის მეუღლე თინათინს თოღაში აუგიათ წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და მისთვის ეს ოქროს ხატი შეუწირავთ (ბარნაველი 1962: 95, 96).

ციხის სამხრეთით, მდინარის მარცხენა მხარეს, დაახლოებით 350 მ დაშორებით მდებარეობს რიყის ქვით კირხსნარზე ნაგები დარბაზული ეკლესია. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. შვერილი აფსიდა ნალისებურია, გარედან ხუთკუთხა. დასავლეთ კედელსა და საკურთხეველში თითო სარკმელია. თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით (ჭილაშვილი 1980: 22, 230).

ციხიდან 4 კმ-ის დაშორებით, ხეობის გამოსასვლელთან, სადაც ალაზნის ველი იწყება, შემორჩენილია ქარვასლისა და აბანოს ნაშთები (ჭილაშვილი ... 1978: 108, 109; ჭილაშვილი 1980: 229). რუსი ელჩების ცნობით ალექსანდრე II-ს 1590 წ. თოღიდან „ორ ვერსზე“ აუგია ეკლესია (რუს. ურთ. კავკ. 1889: 191, 192). დღეისათვის ხეობაში ამ ეკლესიის კვალი აღარაა შემორჩენილი (ჭილაშვილი 1980: 231).
 
ბიბლიოგრაფია: არჩილი 1989: 403; ბარნაველი 1962: 94-96; გორგიძე 1995: 59-70; მასალები რუსეთ-საქართველოს ... 1965: 462; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 107; მელითაური 1972: 20-27; მუსხელიშვილი 1980: 94, 109, 125, 126; რუს. ურთ. კავკ. 1889: 124, 156, 170-173, 186, 190-192, 300, 312, 388, 416, 418, 424, 483, 487, 488, 493; ქც 1: 298,8; ქც 4: 543,16,17; 561,20; ჩანაწერები ... 1965: 447; ჭილაშვილი 1980: 22, 219-231; ჭილაშვილი ... 1978: 108, 109; ჭილაშვილი... 1980: 76.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

See also: მაჭი
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9