თა თბ თე თი თმ თო თუ თხ
თუა თურ თუხ

თუალივი

  1. (ქც 4: 341,5; 531,21,24). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 341,5, 531,21,24), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 65), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართლ-კახეთის ... 1903: 232-234; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 38).

    ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავდა: „ჟალეთს ზეით იორს მოერთვის თიანეთის წყალი, რომელი გამოზდის თუალივს ქუეთი ხერკის მთას და აწ თიანეთისას, და მოდის აღმოსავლეთს-სამხრეთ შუა, და მოერთვის იორს დასავლეთიდამ. ხოლო ამ წყლის სათავისა და საშიშის თუალივის იქით, თეთრის არაგვის მჭურეტად არს ხარჭაშოს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურისა და თუშეთისა...“ (ქც 4: 531,21-26, 532,1).

    მდებარეობს დუშეთის მუნიც-ში, დუშეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. ფშავის არაგვის მარცხენა ნაპირზე, თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, დღევანდელი სოფ. თვალივის ტერიტორიაზე.

    XVIII ს-ის დასაწყისში თვალივში ცხოვრობდა ხარჭაშნელის კუთვნილი 50 ყმა გლეხი (საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 38). 1721 წ. ალავერდის ტაძრის სიგელში მოიხსენიება თვალივი (ქართლ-კახეთის ... 1903: 232-234). იოანე ბაგრატიონი მას თიანეთის სოფლებში ასახელებდა (ბაგრატიონი 1986: 65).

    თვალივი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

    სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ. ფშავის არაგვის მარცხენა ნაპირზე, ტყეში, შემორჩენილია ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელიც შედგება წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესიისა, მცირე ეკლესიისა და სხვა შენობათა ნანგრევებისაგან. წმინდა გიორგის ეკლესიას აქვს წრიული გალავანი, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჩაშენებულია ოთხსართულიანი კოშკი, შესასვლელით. ეკლესიას აქვს ნახევარწრიული შვერილი აფსიდა. შესასვლელი ჰქონია დასავლეთით და სამხრეთით. ნაგებია კლდის დამუშავებული ქვითა და შირიმის ქვათლილებით. ეკლესია თარიღდება V-VI სს-ით. გადაკეთებულია XV ს-ში. გადაკეთებისას დასავლეთის კარი ამოუქოლავთ, სამხრეთის კართან მიუშენებიათ შესასვლელი სამრეკლოთი. შესასვლელის თავზე ჩასმულია დიდი ქვიშაქვა ასომთავრული წარწერით, რომლიდანაც იკითხება რამდენიმე სიტყვა. წარწერაში მოხსენიებულია ვინმე „ედიშერ“ (ბარნაველი 1961: 147). საკურთხევლის წინ აღმართულია აგურის კანკელი, რომლის არქიტრავზე გამოსახულია 15 წმინდანი. მონასტერი ხარჭაშნელ ეპისკოპოსთა რეზიდენცია ყოფილა.
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 65; ბარნაველი 1961: 147; რამიშვილი 1983: 9-19; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 38; ქც 4: 341,5; 531,21,24; ქართლ-კახეთის ... 1903: 232-234; ცისკარიშვილი 1950: 211-215.
  2. სოფელი (ქც 4: 341,5).

    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 341,5), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 7, 27), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30).

    ვახუშტი ბაგრატიონი თუალივის შესახებ გადმოგვცემს: „გუდარეხის ხევზედ (თანამედროვე მდ. გუდალურა) არს თუალივს სასახლე, მეფეთა, ნაშენობა დიდი“ (ქც 4: 341,5,6).

    მდებარეობს კასპის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. თვალადის ტერიტორიაზე.

    წყაროებში ცნობილია, როგორც: თუალივი (ქც 4: 341,5), თვალი (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 27), თვალთ-უბანი (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 7). სოფ. თუალივს ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებს არაგვის ხეობაშიც (ქც 4: 531,21,24). სოფ. თუალივში მეფე როსტომს (1632-1658) სასახლე ჰქონია (მაკალათია 1960: 16).

    თუალივი (თვალადი) არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

    სოფელში და მის შემოგარენში დგას რამდენიმე ეკლესია (სძა 1990: 163, 164; მაკალათია 1960: 16).
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 30; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 7, 27; მაკალათია 1960: 16; სძა 1990: 163, 164; ქც 4: 341,5.

    იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

    Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9