ციხე-ქალაქი (ქც 1: 9,24; 12,2; 17,19; 18,6), ციხე (ქც 1: 131,14; 171,12; 177,8,18; ქც 4: 679,18).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1: 9,24; 12,2; 17,19; 18,6), მისივე „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 131,14; 137,1), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 171,12; 177,8,18), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 679,18), 1392 წ. საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 178).
ვახუშტი ბაგრატიონი თუხარისის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ტბეთის პირის-პირ, ჩდილოთ კერძ, მდინარის გაღმა, არს ციხე თუხარისი...“ (ქც 4: 679,18).
ლოკალიზდება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. მდებარეობს ტაოსა და კლარჯეთის საზღვარზე, მდ. ჭოროხის ნაპირზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.
ციხე-ქალაქი აუგია ქართველთა ლეგენდარულ ეთნარქს ოძრხოსს (ქც 1: 9,24; ქც 4: 679,18). „ხაზართა“ შემოსევისას თუხარისი მტერს ვერ აუღია (ქც 1: 12,2). ალექსანდრე მაკედონელის ლაშქარს ქართლში სხვა ძლიერ ციხე-ქალაქებთან ერთად დახვედრია თუხარისიც (ქც 1: 17,19). პირველი ეკლესია თუხარისში ააშენა მეფე მირდატმა (ქც 1: 131,14; ქც 4: 679,20). IV ს-ში თუხარისი ბერძნებმა მიიტაცეს (ქც 1: 137,1). V ს-ის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასალმა ციხე-ქალაქი კვლავ ქართლის სამეფოს შემოუერთა (ქც 1: 177,8). მურვან ყრუს შემოსევას შეეწირა მირდატის მიერ აშენებული თუხარისის ეკლესია, რომელიც ტბეთის ეპისკოპოსს განუახლებია (ქც 4: 679,20,21). IX-XI სს-ში ციხე-ქალაქი ჯაყელთა საგვარეულოს რეზიდენციაა. „მატიანე ქართლისა“ ბაგრატ IV-ის მეფობისას (1027-1072) თუხარისის ერისთავად მოიხსენიებდა ბეშქენ ჯაყელს (ქც 1: 298,18). საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ თუხარისი სამცხე-საათაბაგოს ერთ-ერთი ცენტრია. XVI ს-ში თუხარისი ოსმალებმა მიიტაცეს.
ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 178; ქც 1: 9,24; 12,2; 17,19; 18,6; 131,14; 137,1; 171,12; 177,8,18; 298,18; ქც 4: 679,18-22; ჭილაშვილი 1968: 20, 21, 30, 31, 66, 82, 110.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.