აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ანა ანჩ

ანჩის ეკლესია


(ქც 4: 334,23). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 334,23; 335,11,სქ.4,5, 439,14), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 418,16), ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 293; 1897: 490, 505; 1967: 113, 114, 126, 145, 274, 275, 286, 287, 288, 290, 293, 401, 402, 633, 648).

ანჩისხატის ეკლესია მდებარეობს ქ. თბილისში. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, იოანე შავთელის ქუჩაზე.

ანჩისხატის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „არს კუალად ანჩისხატი დიდი, უგუმბათო, კათალიკოზისა; შემუსვრილი აღაშენა კათალიკოზმან დომენტიმ, ძემან ქაიხოსროსამან, არს ნათლისმცემლის“ (ქც 4: 335,11).

ანჩისხატს XVII ს-მდე მარიამწმიდის ეკლესია ეწოდებოდა. იგი აუგიათ VI ს-ის დასაწყისში ვახტანგ გორგასლის ძის, დაჩი უჯარმელის დროს. XVII ს-დან ეკლესია ანჩისხატად იხსენიება. როსტომ მეფეს (1632-1658) სიონსა და ანჩისხატს შორის ყიზილბაშური რიგის სასახლე აუგია (ქც 4: 334,23). ჩანს, XVII ს-ში ეკლესია დიდი ხნის დანგრეული იყო. კათოლიკოს დომენტის მეოხებით იგი ხელახლა ააშენეს. XIX ს-ში ეკლესია ძირფესვიანად გადააკეთეს: დააშენეს ცრუ გუმბათი; მიადგეს უხეში პროპორციების სამრეკლო, რომელიც მოშალეს რესტავრაციის დროს. ანჩისხატის ეკლესია გვიან შუა საუკუნეებში საეპისკოპოსო ტაძარია. ამ პერიოდში ტაძარი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო. აქ მოღვაწეობდნენ პეტრე მესხი, რომელიც ანჩის ხატს ჩამოჰყოლია კლარჯეთიდან და მისი შთამომავლები – მხატვარი გრიგოლი და ალექსი. ამ უკანასკნელმა საფუძველი ჩაუყარა ქართული ხელნაწერების კალიგრაფთა ალექსი-მესხიშვილების დინასტიას (ბერიძე 1974: 25, 93).

1958-1960 წწ. ანჩისხატის ეკლესიაში ძეგლთა დაცვის სამმართველოს მიერ ჩატარდა სარესტავრაციო-კვლევითი სამუშაოები (ხელმძღ. რ. გვერდწითელი). გაითხარა ბაზილიკა. კედლებს მოშორდა შელესილობა. მოანგრიეს დასავლეთიდან მიშენებული ტლანქი სამრეკლო. პირვანდელი სახით აღდგა და გამაგრდა შავთელის კუთხეში მდგომი 1675 წ. სამრეკლო. ეზო გაიწმინდა სხვადასხვა გვიანდელი ნაგებობებისაგან. რესტავრაციის შედეგად ძეგლმა მიიღო დაახლოებით ის სახე, რომელიც მას ჰქონდა XVII ს-ში (გვერდწითელი 1966: 37-42; 1975: 6-13).

1981 წ. ანჩისხატის ეზოში მშენებლობისათვის ქვაბულის ამოღების დროს გამოჩნდა დიდი ზომის ე. წ. ქართული აგურით ნაგები, საკმაოდ მოზრდილი შენობის ნანგრევები. შენობა იდგა ბაზილიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით. შემორჩენილი იყო მიწაში ჩამჯდარი ორი სართული. ქვედა სართულის გაწმენდა გრუნტის წყლების გამო არ მოხერხდა. პირველ და მეორე სართულებს შორის გადახურვა, რომელიც ხის უნდა ყოფილიყო, აღარ შემორჩენილა. მეორე სართულზე გამოვლინდა ორი მოზრდილი ოთახი და დამხმარე სათავსოები. კედლებს კარ-ფანჯრების ღიობებისა და თახჩების თავზე გასდევდა ნაწილობრივ შემორჩენილი ხის სარტყლები. აღნიშნული ნაგებობა უნდა იყოს დომენტი კათოლიკოსის (1660-1675) სასახლე (გვერდწითელი 1982: 65-68).

ანჩისხატის ეკლესია წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას (21,5X13,6 მ; შუა ნავის სიმაღლე შიგნიდან 4,4 მ). საკურთხევლის აფსიდა ჩახაზულია ეკლესიის სწორკუთხა მოხაზულობაში. საკურთხევლს განვითარებული სამნაწილედი ფორმა აქვს. აფსიდის გვერდებზე გამართულია მართკუთხა ფორმის სადიაკვნე და სამკვეთლო (ბერიძე 1974: 25, 93). ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის. გვერდითა კედლებში, დასავლეთის შესასვლელის თავზე ფასადის მხრიდან ჩადგმული იყო რელიეფური ქვა „ჯვრის ამაღლების“ კომპოზიციის ფრაგმენტებით. VI ს-ის ბაზილიკა აგებულია კარგად გათლილი მოყვითალო ფერის კვადრებით. მისგან დარჩენილია ყველა კედელი გადახურვის კამარების ქუსლებამდე. ნავები გაყოფილი იყო სამი წყვილი ბოძით, რომელთაგან შემორჩა დასავლეთი წყვილის ბაზისები და საძირკვლები. პირველ სამშენებლო პერიოდს ეკუთვნის აფსიდის კონქი. XVII ს-ში კათოლიკოს დომენტი ქაიხოსროს ძეს ეკლესია თითქმის მთლიანად თავიდან აუშენებია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. ნავები გაყოფილია ორი წყვილი სვეტით (გვერდწითელი 1966: 37-42; 1975: 6-13).

ანჩის ხატი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 677,სქ.3), საეკლესიო საბუთები (ქართლ-კახეთის ... 1903: 147, 148; ხელნაწერთა აღწერილობა 1908: 308-312), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 270-272).

ხატი წარმოადგენს მაცხოვრის ე. წ. ხელთუქმნელ გამოსახულებას. გადმოცემის თანახმად, ედესის მეფე ავგაროზმა მხატვარს შეუკვეთა ქრისტეს სახის შექმნა ტილოზე. ეს დავალება მხატვარმა ვერ შეასრულა, სანამ ქრისტემ თავად არ აღბეჭდა საკუთარი ხატება ტილოს სახეზე მოსმით (ავგაროზი 1863). ხელთუქმნელი ხატი და მისი ორი ასლი VI ს-ში იმყოფებოდა ნესტორიანულ ეკლესიაში, ედესაში, საიდანაც ანტონ მარტყოფელს ერთი ასლი ჩუმად გამოუტანია (კეკელიძე 1951: 307). არსენ ბულმაისიმისძეს, იგივე იოანე რკინაელს (საქართველოს კათოლიკოსი 1224-1233 წწ.) მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისადმი მიძღვნილი აქვს ქება-დიდება (კეკელიძე 1951: 307). მასვე ეკუთვნის ანჩის ხატისადმი მიძღვნილი „გალობანი“ (ხელნაწერთა აღწერილობა 1908: 308-312). „გალობანის“ მიხედვით, ხატი იეროპოლიდან კლარჯეთს ჩამოუტანია ანდრია პირველწოდებულს. 944 წ. მაცხოვრის ხატი ედესიდან გადაასვენეს კონსტანტინეპოლში (ვასილიევი 1917: 282). ქართული გადმოცემის თანახმად, ლეონ ისავრისა და მისი თანამზრახველი ხატმებრძოლების დროს, ხელთუქმნელი ხატი წამოუსვენებიათ და დაუსვენებიათ კლარჯეთს, ანჩის საყდარში (ამირანაშვილი 1956: 13). არსებობს ვერსია, რომ ხატი დაიღუპა ჯვაროსნების IV ლაშქრობის დროს, 1204 წ. კონსტანტინეპოლში (კონდაკოვი 1905: 16). ანჩის ხატი თამარ მეფის მეოხებითა და შემოწირულობით ანჩის ეპისკოპოსმა იოანე რკინაელმა ოქროთი მოაჭედვინა ბექა ოპიზარს. 1308-1334 წწ. ბექა მანდატურთუხუცესმა ჭედურობით შეამკო ხატის კიოტი და კარედის შიდა მხარე (ამირანაშვილი 1956: 10, 11). თურქების მიერ სამცხის დაპყრობის შემდეგ, 1664 წ. ვაჭარმა ამირჯან ევანგულაშვილმა სხვა ხატებთან ერთად ანჩის ხატი სამცხიდან გამოიტანა და თბილისში 2000 მარჩილად მიჰყიდა კათოლიკოს დომენტი II-ს (ქართლ-კახეთის ... 1903:147-148). ხატი დიდხანს ესვენა გივი ამილახორის სახლში. 1668 წ. ამილახორების ოჯახის შემოწირულობით ხატის გარე კარედი მოჭედა ბერთაუკა ლოლაძემ. ხატი დაასვენეს თბილისში, მარიამწმიდის ეკლესიაში, რომელსაც მას შემდეგ ანჩისხატად უხმობენ. კათოლიკოსმა დომენტი III-მ (1707-1724) განაახლა კარედის ხის ფრაგმენტი და კიოტის შუა ნაწილი. ხოლო 1715 წ. შემატა თვალ-მარგალიტი (ამირანაშვილი 1956: 12, 13).

ანჩის ფერწერული ხატი, ჭედური კარედი (148X158 სმ, მოოქრული ვერცხლი, ოქრო). ხატი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილი სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). მაცხოვრის სახე შესრულებულია VII-VIII სს ცვილოვანი (ენკაუსტიკის) ტექნიკით (1,05X0,71მ, სისქე 4,6 სმ) დაფაზე. მაცხოვრის შარავანდედი და სამოსი ერთიანი ვერცხლის ფირფიტითაა შესრულებული და მოჭედილია ძვირფასი თვლებით (XIX სს.). ხატის ოქროს ორნამენტული ჩარჩო მოჭედილია ბექა ოპიზარის მიერ XII ს-ის მეორე ნახევარში. ვაზის ფოთლების რელიეფური ორნამენტის ფონზე გამოსახულია მთავარანგელოზების – მიქაელის და გაბრიელის, იოანე ნათლისმცემლის, ღვთისმშობლის, მოციქულების – პეტრესა და პავლეს და იოანე მახარებლის ფიგურები. მაცხოვრის ხატის თავზე გამოსახულია ჰეტიმასია. ჩარჩოს ქვედა ნაწილში მოთავსებული ასომთავრული წარწერა გვამცნობს, რომ ხატი იოანე რკინაელმა თამარ მეფის შემოწირულობით მოჭედა „ხელითა ბექასითა“ (ამირანაშვილი 1956: 9). კიოტი და კარედის შიდა მხარე XIV ს-ის ჭედურობით არის შემკული. მასზე გამოსახულია: ხარება, შობა, ნათლისღება, ფერისცვალება, ჯვარცმა, ჯოჯოხეთად წარტყვევნა. აქ მოთავსებულ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულნი არიან ბექა მანდატურთუხუცესი, მისი მეუღლე მარინე და მათი სამი შვილი: სარგის I, ყვარყვარე I და შალვა. ჭედურობა შესრულებული უნდა იყოს 1308-1334 წწ. (ამირანაშვილი 1956: 10, 11). კარედის გარე მხარეს გამოსახულია კომპოზიციები: ლაზარეს აღდგინება, მიძინება, მირქმა, იერუსალიმად შესვლა, სულიწმიდის მოფენა. კიოტის ზედა მხარეს მოთავსებულია ამაღლების კომპოზიცია. ხატის გარე კარედის წარწერაში მოხსენიებულნი არიან: გივი ამილახორი, მისი მეუღლე – შაჰნავაზის ასული თამარი, მათი შვილები: თამარი, ანდუყაფარი და დემეტრე, რომელთა შეწევნით კარედი მოჭედა ბერთაუკა ლოლაძემ 1686 წელს. მეორე წარწერა გვამცნობს, რომ კათოლიკოსმა დომენტიმ ვახტანგ VI-ისა (1703-1724) და მისი მეუღლის რუსუდანის დროს განაახლა კარედი და შეამკო ძვირფასი თვლებით (ამირანაშვილი 1956: 12, 13; ალიბეგაშვილი, საყვარელიძე 1980: 33-37).
 
ბიბლიოგრაფია: ავგაროზი 1863; ალიბეგაშვილი, საყვარელიძე 1980: 33-37; ამირანაშვილი 1956; გიულდენშტედტი 1962: 270-272; გვერდწითელი 1966: 37-42; 1975: 6-13; 1982: 65-68; 1987: 6-8; დევდარიანი 1981: 60-65; ვასილიევი 1917: 282; იოსელიანი 1866: 269; კეკელიძე 1951: 307; კონდაკოვი 1905: 16; ქც 2: 418,16; ქც 4: 334,23; 335,11, სქ. 4,5, 439,14; ქართლ-კახეთის ... 1903: 147, 148; ქრონიკები 1892: 98, 127, 293; 1897: 490, 505; 1967: 113, 114, 126, 145, 274, 275, 286, 287, 288, 290, 293, 401, 402, 633, 648; ქც 2: 418,16; ქც 4: 334,23; 335, 11, სქ. 4,5; 439, 14; 667, სქ. 3; ჩუბინაშვილი 1957; ხელნაწერთა აღწერილობა 1908: 308-312.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

See also: ანჩა
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9