(ქც 4: 374,16). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 151,17; 374,15,16; 709,27), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1:312,7), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 347,6; 352,სქ.2; 481,24), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 42), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მცირე ქრონიკები 1968: 37; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 32; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 132, 531; 1977: 620; 1981: 92, 93, 216, 700; 1985: 287, 302).
ვახუშტი ბაგრატიონი არადეთის შესახებ გადმოგვცემს: „ბრეთის დასავლით, წვერიდამ ასტყდების მთა კვერნაქი და მივალს ფცის-წყლამდე, რომელსა ეწოდა ცეცხლის-ჯუარი. წვერს ქუეით, არადეთს, არს ჭია მარიამული, რომელი ჰკურნებს ბრაზიანის ნაკბენს სმითა“ (ქც 4: 374,14-17).
მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, ქარელიდან ჩრდილოეთით, 7 კმ-ის დაშორებით, მდ. აღმოსავლეთ ფრონეს მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. არადეთის ტერიტორიაზე.
1483 წ. აგვისტოში არადეთის მახლობლად შედგა ბრძოლა ქართლის მეფე კონსტანტინე II-სა (1478-1505) და სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II ჯაყელს შორის. მეფის დამარცხებამ დააჩქარა საქართველოს დაშლის პროცესი, ხოლო საათაბაგო საბოლოოდ გამოეყო საქართველოს. XVII-XVIII სს-ში არადეთი საციციანოში შედიოდა (გვრიტიშვილი 1955: 127).
სოფ. არადეთის მიმდებარე ტერიტორია – დედოფლის მინდორი, რომელიც მდებარეობს აღმ. და დას. ფრონეებს შორის, მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. 1926 წ. დედოფლის მინდვრის სამხრეთით, სოფ. დოღლაურთან აღმართულ არადეთის ორგორის მახლობლად აღმოჩნდა ბრინჯაოს ორი ბატილუმი – საკულტო-სარიტუალო დანიშნულების ნივთები და ოქროს ფირფიტისაგან დამზადებული ქალღმერთის გამოსახულება (გაგოშიძე 1973: 77-80; 1974: 70). 1953-1963 წწ. დედოფლის მინდორზე და არადეთის ორგორაზე დაზვერვები ჩაატარა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ურბნისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ნ. ბერძენიშვილი, გ. ლომთათიძე, პ. ზაქარაია. ხოლო 1957 წ. დაზვერა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ო. ღამბაშიძემ, რომელმაც იქ აღმოაჩინა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნივთები: ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირები, ყუნწიანი სატევრისპირი, მთლიანადსხმული ე. წ. აღმოსავლურ-ქართული სატევარი; მონაცრისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი: სადღვებელი, ტოლჩა, დოქები (ღამბაშიძე 1974: 150-167). 1972-1978 წწ. დედოფლის მინდორზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, ხოლო 1973 წ. ქართული ხელოვნების ინსტიტუტის ექსპედიციებმა (ხელმძღ. ი. გაგოშიძე). მათ შეისწავლეს ანტიკური ხანის სატაძრო კომპლექსი. 1979 წ. არადეთის ორგორაზე გათხრებს აწარმოებდა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შიდა ქართლის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ი. გაგოშიძე).
სოფ. არადეთის დასავლეთით 3 კმ დაშორებით, დედოფლის მინდორზე, გაითხარა სატაძრო კომპლექსი, რომელშიც შედის: მთავარი ტაძარი, მცირე ტაძარი, ორი კარიბჭე, მცირე ტაძრის მსახურ-ქურუმთა 6 საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ნასოფლარები და სამაროვნები.
სატაძრო კომპლექსში ცენტრალური ადგილი უკავია კვადრატულ შიდა ეზოს (105X105მ), რომლის ირგვლივაა განლაგებული ყველა ტაძარი და კარიბჭე. მთავარი ტაძარი (46X30მ) შიდა ეზოს სამხრეთ კედელშია ჩართული. ის შედგება ცენტრალური დარბაზის, პორტიკის, ლოჯია-აივნისა და გარშემოსავლელი დერეფნებისაგან. ტაძარი ნაგებია ალიზით (0,5X0,5X0,12მ; 0,5X0,25X0,12მ) რიყის ქვის საძირკველზე. კედლები (შემორჩენილი სიმაღლე 2 მ, სისქე 1,6 მ) შელესილია ბზენარევი თიხის ხსნარით და შეღებილია. მთავარი შესასვლელი სამხრეთიდანაა – ოთხსვეტიანი, სამხრეთით ფართოდ გახსნილი პორტიკიდან (17,2X11მ), რომელსაც ცენტრალურ დარბაზთან აკავშირებს გრძივი ღერძის აღმოსავლეთით გაჭრილი კარი. ცენტრალურ დარბაზში (17,2X17,2მ) შუა ადგილას მოწყობილია კვადრატული (1,6X1,6X0,15მ) საკურთხეველი. იატაკი თიხითაა მოლესილი. ცენტრალურ დარბაზში იყო ოთხი ხის სვეტი, პორტიკში – ორი. თიხით შელესილი სვეტები იდგა ხის ოთხკუთხა ბაზისებზე, რომლებიც ჩასმული იყო იატაკში ამოღებულ ფოსოებში. ცენტრალური დარბაზის ცენტრში, საკურთხევლის თავზე აღმართული იყო ოთხ თავისუფლად მდგომ სვეტზე დაყრდნობილი ორსაფეხურიანი გვირგვინი, ცენტრში ფართო ღიობით (ერდო). პორტიკსა და ცენტრალურ დარბაზს აკრავს დერეფნები, რომლებიც გაყოფილია ტიხრებით, ერთმანეთისაგან იზოლირებულ სამ ნაწილად. მათ ორ-ორი დამოუკიდებელი შესასვლელი აქვთ გარედან. ტაძარს ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს სწორკუთხა, ცალმხარეს ღია, ორსვეტიანი ლოჯია-აივანი (11X6,5მ), რომელიც ტაძართან დაკავშირებულია კარით. სვეტები დასრულებულია ქვიშაქვის ზარისებრი კაპიტელებით (სვეტისთავი) (სიმაღლე 0,4 მ, ქვედა დიამეტრი 0,42 მ), რომლებზეც ლოტოსის გაშლილი ყვავილის რელიეფური ფურცლებია ამოკვეთილი. აბაკა კი შემკულია ორმაგ წნულში ჩასმული ვარდულების რიგით. ცენტრალურ დარბაზს, პორტიკსა და ლოჯია-აივანს ბანური გადახურვა ჰქონდა, ხოლო გარშემოსავლელ დერეფნებს კრამიტით დახურული – ცალფერდა სახურავი. კრამიტები (სიგრძე მერყეობს 0,48-0,57 მ შორის) შეღებილია წითლად.
მცირე ტაძარი შიდა ეზოს ჩრდილოეთ კედელშია ჩართული. მასში შესასვლელი სამხრეთიდანაა, ღია ორსვეტანი პორტიკიდან, რომელიც შიდა ეზოში გადის და მთავარი ტაძრის ჩრდილო აივნის სიმეტრიულია. მცირე ტაძარი შედგება ცენტრალური დარბაზის, პორტიკისა და გარშემოსავლელი დერეფნისაგან. პორტიკი ცენტრალურ დარბაზს (7,5X8მ) ორი კარით უკავშირდება. დარბაზის ცენტრში იდგა ქვიშაქვის კაპიტელით დასრულებული სვეტი, სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში – საკურთხეველი (1,1X1X0,15მ). ცენტრალურ დარბაზს აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან გარშემოსავლელი ეკვრის. მასში მოხვედრაც პორტიკიდან შეიძლება. მცირე ტაძარი გადახურული იყო კრამიტის ორფერდა სახურავით.
მცირე ტაძრიდან ჩრდილოეთისაკენ მიემართება კედლებით შემოზღუდული ფართო ქუჩა-გასასვლელი, რომლის ბოლოში აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს გაითხარა სამ-სამი, ერთმანეთისაგან კედლებით გამოყოფილი ნაგებობა (ექვსი მცირე ტაძარი, თითოეული 13X20 მ). ყოველი მათგანი შედგება კვადრატული ოთახის, სამხრეთის მხარეს ღია პორტიკისა და დერეფნისაგან. ტაძრებს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს ეზოები.
სატაძრო კომპლექსს აქვს ორი კარიბჭე (20X22მ). ისინი შიდა ეზოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედელში შუა ადგილასაა ჩაშენებული. თითოეული შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული დიდი და მცირე პორტიკისაგან. დიდი პორტიკები (17,2X11მ) ოთხსვეტიანია და გახსნილია გარეთ. მცირე პორტიკები (11X6,5მ) კი ორსვეტიანია და ეზოში გადის. მცირე პორტიკების ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა სათავსებია (6,5X2მ), რომლებიც კარით უკავშირდებიან პორტიკს. შიდა პორტიკების სვეტისთავები მცირე ტაძრისა და მთავარი ტაძრის ჩრდილოეთი აივნის სვეტისთავების მსგავსია. გარეთა პორტიკების სვეტისთავები კი დანარჩენთაგან აბაკას ორნამენტით განსხვავდება. მათზე ამოკვეთილია ნახევარწრიული ღეროებით ერთმანეთთან დაკავშირებული ლოტოსის სამფურცლიანი პალმეტები და მათ შორის ჩასმული ექვსფურცლიანი ვარდულები. კარიბჭეები კრამიტით იყო გადახურული. სატაძრო კომპლექსი თარიღდება ძვ. წ. II-I სს-ით.
სატაძრო კომპლექსის აღმოსავლეთით მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა ნამოსახლარებისა და სამეურნეო ნაგებობების რიყის ქვით ნაგები კედლების ნაშთები და კერამიკული ნაწარმი. თარიღდება ძვ. წ. II-I სს-ით. კომპლექსიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 400 მ-ის დაშორებით გამოვლინდა თიხის ჭურჭლის სახელოსნოები. იქ გაითხარა თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი თაღოვანი (დმ 2,4 მ, შემორჩენილი სიმაღლე 1,5 მ) და სწორკუთხა (3X1,3მ) ქურა, რომელთა აღმოსავლეთით, 50 მ მანძილზე აღმოჩნდა თიხის კარიერი. იქ გამოვლინდა წუნდებული, დამტვრეული თიხის ჭურჭელი და კრამიტი, ქვის სვეტისთავების რამდენიმე ფრაგმენტი, რკინის წიდა.
სატაძრო კომპლექსის სამხრეთით, ადგილ „მოზვლეულებში“ მდებარეობს ტაძრის თანამედროვე, გვიანელინისტური ხანის ნასოფლარი და სამაროვანი. ნასოფლარზე აღმოჩნდა წითლად და შავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ხელსაფქვავები, კირქვის საკურთხევლის ფრაგმენტი. სამაროვანზე გაითხარა რამდენიმე ორმოსამარხი. მათში მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ ხელფეხმოკეცილნი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. სამარხებში აღმოჩნდა წითლად მოხატული დოქები და ქუსლიანი ჯამები; შავპრიალა თიხის ჭურჭელი: ხელადები, პროფილირებულპირიანი ჯამები, ნახევარსფერული თასები; ქვისა და მინის მძივები, ბრინჯაოს სამაჯურები.
სატაძრო კომპლექსიდან აღმოსავლეთით, ადგილ „დამპალას წყაროს“ ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბორცვზე აღმოჩნდა ელინისტური ხანის დასასრულის დიდი ნაგებობის ნაშთები. შენობა გადახურული იყო სატაძრო კომპლექსში გამოყენებული კრამიტის მსგავსი წითლად შეღებილი კრამიტით. ბორცვის ძირას მიკვლეულია ამავე ხანის სამაროვანი.
ადრეული შუა საუკუნეების ქვის სამარხები აღმოჩნდა სატაძრო კომპლექსის სამხრეთით, ტაშისკარის არხის მარჯვენა ნაპირას, კვერნაქის სერის სამხრეთ ფერდობზე – ე. წ. „პარასკევის გორაზე“ და „სისხლის ჯვრის“ მახლობლად (გაგოშიძე 1981ბ: 102-115). სატაძრო კომპლექსსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
სოფ. არადეთის სამხრეთით, 4 კმ-ის დაშორებით, სოფ. დოღლაურის მახლობლად, მდ. მტკვრის მარცხენა შენაკადის, მდ. დასავლეთ ფრონეს შესართავთან, მდებარეობს არადეთის ორგორა. ყველაზე მაღალია დასავლეთის გორა, ე. წ. დედოფლის გორა (ზედაპირის ფართობი 70X50მ). ის მრავალფენიანი ნამოსახლარია. დედოფლის გორაზე დადასტურდა ენეოლითის, ადრებრინჯაოს, გვიანბრინჯაოს, ადრერკინის, ანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ფენები. ანტიკური ხანის ფენა წარმოქმნილია სასახლისა და სამეურნეო ნაგებობების ნანგრევებით. გათხრების შედეგად გამოვლინდა პილონებით შემოსაზღვრული შიდა ეზოს ნაწილი. ეზოს გარშემო განლაგებულია 6 ოთახი და მცირე კარიბჭე. ოთახები თითო კარით უკავშირდება შიდა ეზოს. კედლებისა და პილონების ქვედა ნაწილი 1,5 მ სიმაღლეზე აგებულია რიყის ქვითა და ბზენარევი თიხის ხსნარით. შემდეგ კედლები ამოყვანილია ალიზის აგურით (52X52X12მ). ალიზის წყობა გამაგრებულია კედლების გასწვრივ და გარდიგარდმო დალაგებული ხის ძელებით, შელესილია ალიზის ხსნარით. გარედან სასახლის კედლები მოპირკეთებული ყოფილა თლილი ქვიშაქვის ბლოკებით, რომლებიც ერთმანეთზე გადაბმული იყო ისრისებური ფორმის გამირებით.
სასახლის ეზოში მოწყობილია სახაბაზო ოთხი თონითა და ხელსაფქვავებით. ეზოს ირგვლივ განლაგებულ ოთახებში ინახებოდა ჭირნახული (ხორბალი, ქერი, ისლი), რკინის სახნისები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ირმის რქისაგან დამზადებული გრავირებული ფირფიტები (25 ც), რომლებზეც ამოკვეთილია არამეული წარწერები. ვარაუდობენ, რომ ეს ფირფიტები სამკითხაო-სათამაშო დანიშნულებისაა (ყველაზე დიდი ფირფიტის ზომაა 49X48 მმ; ყველაზე მცირესი 40X36 მმ). ფირფიტებზე გამოსახულია ერთი ან ორი, იშვიათად სამი ფიგურა: დათვის, ტახის, ირმის, ჯიხვის, სხვადასხვა ფანტასტიკური ცხოველის, მხედრების გამოსახულება. სამი ფირფიტა დატოვებულია გამოსახულების გარეშე. ფირფიტებთან ერთად აღმოჩნდა ღორის ფალანგები, რომლებზეც დატანილია ერთი ან ორი ჭდე, ნახვრეტი. დედოფლის გორის სასახლე თარიღდება ძვ. წ. I – ახ. წ. I ს-ის პირველი ნახევრით (გაგოშიძე, წოწელია 1991: 47-71)
ორგორის აღმოსავლეთ გორაზე მხოლოდ გვიანი ბრინჯაოს ხანის ფენა გაითხარა.
ორგორის მახლობლად, ჩრდილოეთით, მდებარეობს კიდევ ერთი გორა: მასზე გამოვლინდა ადრე, შუა და გვიანბრინჯაო, ადრერკინის ხანის ნამოსახლარები.
ჩრდილოეთის გორის დასავლეთით, მინდორში, აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის სამაროვანი. გაითხარა 13 ორმოსამარხი. მათში აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის გვიანდელი პერიოდისათვის დამახასიათებელი მოშავოდ და მოვარდისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი; ვერცხლის, ანთიმონისა და ბრინჯაოს სამკაული, კაჟის ისრისპირები. ორგორის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით გაითხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი, რომელშიც აღმოჩნდა შავად და ლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭელი. სამაროვნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში გაითხარა ყორღანი. დასაკრძალავ ორმოს ხელნიანი ეტლის ფორმა ჰქონდა. ყორღანში აღმოჩნდა ცხენის აღკაზმულობა, მათ შორის, ბრინჯაოს გეომეტრიული ორნამენტით შემკული ბორბლისებურ საყბეურებიანი ლაგამი, ბრინჯაოსა და სარდიონის მძივები, შავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (სძა 1990: 355, 356). არქეოლოგიური მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
სოფ. არადეთის მახლობლად რამდენიმე ეკლესიაა. გვიანი შუა საუკუნეების „სალარიანი საყდარი“ დგას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1 კმ-ის დაშორებით, მდ. აღმოსავლეთ ფრონეს ნაპირზე. ეკლესია დარბაზულია (6X4,5მ), ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით. სწორკუთხა საკურთხეველში ერთი სარკმელია (სძა 1990: 356).
წმინდა გიორგის ეკლესია დგას სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება VIII-IX სს-ით. 1970-ანი წლების ბოლოს ეკლესია აღადგინეს (პროექტის ავტ. ი. ვარსიმაშვილი, ხელმძღ. რ. გვერდწითელი). ეკლესია დარბაზულია (8,5X5,5მ). ნაგებია ნატეხი ქვით. ნახევარწრიულ აფსიდაში გაჭრილია სარკმელი. ინტერიერში შემორჩენილია გვიანდელი მოხატულობის კვალი. ეკლესიისთვის მოგვიანებით სამხრეთითა და დასავლეთით მიუშენებიათ გარშემოსავლელი (სძა 1990: 356).
არადეთის განაპირას, აღმოსავლეთით, მდ. აღმოსავლეთ ფრონეს მარჯვენა ნაპირზე დგას ციხე-დარბაზის კომპლექსი. მასში შედის გალავანი, წმინდა საბას ეკლესია და სასახლე. ციხე თარიღდება XVII ს-ის შუა ხანებით. ნაგებია ფლეთილი ქვით. გალავანი გეგმით კვადრატულია (40X40მ). შემორჩენილია აღმოსავლეთი კედელი ოთხი კოშკით (კედლების სისქე 1,2 მ). სამხრეთ კუთხეში დგას ოთხსართულიანი მრგვალი კოშკი. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დგას თითო მრგვალი და ოთხკუთხა კოშკი. აღმოსავლეთ კედლის შუაში იდგა გალავანზე გარედან მიშენებული ნახევარწრიული კოშკი, რომელიც მთლიანად დანგრეულია. წმინდა საბას ეკლესია დგას ციხე-დარბაზის კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სამხრეთ ფასადის ასომთავრული წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია 1666 წ. დედოფალ მარიამის დაკვეთით. ეკლესია დარბაზულია (9,3X5,5მ). ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით. ნალისებრ აფსიდაში ერთი თაღოვანი სარკმელია. ინტერიერი მოხატული ყოფილა. კედლები ამჟამად შეთეთრებულია. ეკლესიის ახლოს, გალავანთან შემორჩენილია სასახლის ნანგრევები (ზაქარაია 1968: 123, 124).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 42; გაგოშიძე 1973: 77-80; 1974: 70-78; 1977: 72-77; 1977ა: 102-108; 1978: 62-76; 1981ბ: 102-115; გაგოშიძე, წოწელია 1991: 47-71; გვრიტიშვილი 1955: 127; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 32; ზაქარაია 1968: 123, 124; მცირე ქრონიკები 1968: 37; სძა 1990: 355-357; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 132, 531; 1977: 620; 1981: 92, 93, 216, 700; 1985: 287, 302; ქც 1: 312,7; ქც 2: 347,6; 352, სქ. 2; 481,24; ქც 4: 151,17; 374,15,16; 709,27; ღამბაშიძე 1974: 150-167.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.