ია იდ იკ ილ ინ ის იტ იყ იშ
ისა ისპ

ისანი

ისნი, ისნის ციხე (ქც 4: 336,12).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: მატიანე ქართლისა (ქც 1: 300, 1, 4; 310,7); ჟამთააღმწერელი (ქც 2: 175,8; 177,5; 187,11,13; 230,5; 238,7; 272,11), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 24,8; 31,14), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 145,23; 146,24,27; 151,6; 202,25; 217,17; 333,29; 334,1; 336,12; 337,2,4,5,8; 439,13; 580,16).

ვახუშტი ბაგრატიონი ისნის ციხის ადგილმდებარეობის შესახებ გადმოგვცემს: „ტფილისი არს სამი ქალაქი – ტფილისი, კალა და ისნი. ჰყოფს მტკუარი კალას, ტფილისს და ისნს ... კალას უდის ჩდილოთ-აღმოსავლეთ, ტფილისს – ჩდილოთ და ისნს – დასავლით და სამხრით“ (ქც 4: 333,29; 334,1). „ისნს არს, კიდესა მტკვრისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა ეკლესია მეტეხი“ (ქც 4: 336,12). „აქ განვალს ხიდი კალიდამ ისნს, ციხიდამ ციხესა“ (ქც 4: 337,2).

ისანი, ისნის ციხე მდებარეობს თბილისში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე ავლაბრის ტერიტორიაზე. ტოპონიმი ისნი, ისანი არაბული წარმოშობისაა და ციხესიმაგრეს ნიშნავს (ცქიტიშვილი 1963: 158-160; ბერაძე 1977: 123-125).

ისანი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. ისნამდე ამ ადგილს სოღდებილი ეწოდებოდა (არაბული წყაროების მიხედვით). სახელწოდება სოღდებილი საგოდებლიდან უნდა იყოს წარმოშობილი (ლორთქიფანიძე 1954: 159-161; ცქიტიშვილი 1963: 143, 144; ბერიძე, 1977: 123-125; ჯავახიშვილი 1983: 33, 34). ქართულ საისტორიო წყაროებში ისანი, ისნი იხსენიება XI ს-დან. 1046 წ. თბილელი უხუცესების მიწვევით ქალაქში შესულ მეფე ბაგრატ IV-ს (1027-1072) წინააღმდეგობა გაუწიეს „ისნელთა“, მათ „ჩააგდეს ხიდი და არა მოსცეს ისნი“. XII ს-ის ბოლოს ისანში საქართველოს მეფეთა სასახლე იდგა. 1226 წ. ჯალალედინის ლაშქარი თბილისს შემოესია. ციხისთავი ბოცო ქალაქის მცველებთან ერთად ისნის ციხეში გამაგრდა. რუსუდანმა (1223-1245) წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებლად ჩათვალა და ციხისთავს უბრძანა, კალასა და ისნის ციხის დატოვება (ქც 2: 175,8, 177,5; ქც 4: 202, 25; ჯავახიშვილი 1982: 12). XIII ს-ის 40-იანი წლების დასაწყისში მონღოლების შემოსევის დროს ქალაქის ციხისთავმა მუხას ძემ გადაწვა თბილისის ციხეები და სამეფო სასახლე (ქც 2: 187,13). დავით VI ულუს (1247-1270) მეფობის დროს „მესტუმრე ჯიქურმა“ სამეფო სასახლე ააგო ისანში (ქც 2: 230,5). XIII ს-ის 80-იან წლებში მეფე დემეტრე II თავდადებულმა (1271-1289) ისანში მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ააგო (ქც 2: 272,11). XIV ს-დან „ისნის“ სინონიმად „ავლაბარი“ დამკვიდრდა. ავლაბარი სპარსულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს სასახლის მიდამოს ან გარეთუბანს (ბერიძე 1977: 132-135). ქართლის მეფე როსტომმა (1632-1658) სამეფო სასახლე ისნის ციხიდან გადაიტანა მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ანჩისხატის ეკლესიასა და სიონის ტაძარს შორის მდებარე ტერიტორიაზე (ქც 4: 439,13). ისანი-ავლაბარი შუა საუკუნეების თბილისის არსებობის მანძილზე გალავნით შემოზღუდული დამოუკიდებელი ნაწილი იყო (ბერიძე 1977: 123-146; ბერიძე 1983: 52).

ისანი არქეოლოგიურად შეუსწავლილია.

1926 წ. აქ შემთხვევით აღმოჩნდა თიხის 17 ჭურჭელი. მათ შორის გვხვდება როგორც მოჭიქული, ისე სადა კერამიკული ნაწარმი. 1929 წ. სომხური დრამის თეატრის საძირკვლის ამოღებისას გამოვლინდა: ჯამები, ხელადა, ჭრაქი, კოტოში და სხვ. რომლებიც XI-XIII სს-ის ნიმუშებადაა მიჩნეული (ჯაფარიძე 1950: 145, 146, 159-162), თუმცა ისინი უფრო მოგვიანო ხანის არტეფაქტებია.

ცალკეული შემთხვევითი მონაპოვრების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ისნის ტერიტორიაზე არსებობს გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ძეგლები (თბილისი 1978: 203).
 
ბიბლიოგრაფია: ბერიძე 1977: 123-146; ბერიძე 1983: 52; თბილისი 1978: 203; ლორთქიფანიძე 1954: 159-161; ქც 1: 300,1,4; 310,7; ქც 2: 24,8; 31,14; 175,8; 177,5; 187,11,13; 230,5; 238,7; 272,11; ქც 4: 145,23; 146,24,27; 151,6; 202,25; 217,17; 333,29; 334,1; 336,12; 337,2,4,5,8; 439,13; 580,16; ცქიტიშვილი 1963: 142-160; ჯავახიშვილი 1982: 12; 1983: 33, 34; ჯაფარიძე 1950: 145, 146, 159-162.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9