ია იდ იკ ილ ინ ის იტ იყ იშ
იშხ

იშხანი

ციხე, ეკლესია (ქც 4: 681,8,9).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 235,24; 681,8; 701,3), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 288,25), გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (მერჩულე 1963: 248-319).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ართვანს ზეით მოერთვის ჭოროხს დასავლეთიდამ ხევი ... ამ ხევზედ არს იშხანს ციხე ფრიად მაგარი, დიდშენი და ეკლესია გუმბათიანი, დიდ-შუენიერად ნაგები. აქ იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ისპირისა, თორთომისა, ბაიბურდისა, ვიდრე ტრაპიზონის მთამდე, და აწ ცალიერ არს“ (ქც 4: 681,6-11).

ლოკალიზდება ისტორიულ პროვინცია ტაოში. მდებარეობს მდ. ოლთისსა (ოლთუ ჩაი) და ტაოსკარს შუა. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

სოფელი იშხანი ცნობილია უხვი და გემრიელი წყაროებით, ჯანსაღი კლიმატით. დღევანდელ მოსახლეობას წარმოადგენს გამაჰმადიანებული ქართველები. იშხნის მონასტრის ისტორია იწყება VII ს-ის შუა წლებიდან, სომეხთა კათოლიკოსი ნერსეს III მართლმადიდებლობის აღიარების გამო თავს აფარებს იშხანს და აგებს იქ ტეტრაკონქის ტიპის ეკლესიას (ჯობაძე 1992: 191). ამ ეკლესიის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ეკლესია ძლიერ დაზიანდა მურვან ყრუს ლაშქრობებისას 736-738 წწ. IX ს-ში იშხნის ეკლესია ისე იყო იავარქმნილი, რომ გრიგოლ ხანძთელმა და მისმა ბიძაშვილმა საბამ გაჭირვებით მიაკვლიეს ნაეკლესიარს (მერჩულე 1963: 265). IX ს-ის 20-იან წწ. ეკლესია ხელმეორედ ააგო საბამ. ის გახდა იშხნის ეპისკოპოსი. ტაძარი კვლავ განახლდა X ს-ის მეორე ნახევარში. ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს გიორგი I-ის (1014-1027) დროს. სამხრეთის შესასვლელი ააგეს ბაგრატ IV-ის ხანაში – 1032 წ. ანტონ კათოლიკოსის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა ივანე მორჩაისძემ განაახლა იშხნის ეკლესია და ორნამენტით შეამკო ფასადები. 1006 წ. დიდი ტაძრის ახლოს, მისგან 25 მ დაშორებით, მეფეთ-მეფე გურგენს აუგია მცირე სამლოცველო. მეფე დემეტრემ II-მ (1270-1289) იშხნის ციხეში გახიზნა თავისი მცირეწლოვანი შვილი გიორგი (ქც 2: 288,25; ქც 4: 235,24, 701,4). XVII ს-ში თურქების მიერ ტაო-კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ იშხანში შეწყდა სამონასტრო ცხოვრება. XVIII ს-ში ტაძარი მიტოვებული და ცარიელი იყო (ქც 4: 681,12).

იშხანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მონასტერს ჰქონდა დიდი ეზო, რომლის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მოწყობილი იყო ოთხკუთხა ცისტერნა ირიგაციის მიზნით. 1973 წ. ახალი აბანოს ფუნდამენტის გაჭრისას ეკლესიის ეზოს დასავლეთ მხარეს, ცისტერნასა და სკოლის შენობას შორის, ადგილობრივი მოსახლეობა წააწყდა თლილი ქვის კედლის ნაშთს, რომელიც ტაძრის თანადროულია. შესაძლოა ის წარმოადგენდა ეპისკოპოსის სასახლეს ან სხვა მონასტრული კომპლექსების შემადგენელ სათავსოს (ჯობაძე 1992: 191).

თავდაპირველი ეკლესია დაარსებული VII ს-ში ნერსეს III-ის მიერ, წარმოადგენდა ტეტრაკონქს, მრგვალი გარსშემოსავლელით. გადაკეთების შემდეგ ეკლესიის არსებულ გეგმარებაში შემორჩენილია აღმოსავლეთ აფსიდის ნახევარწრიული ექსედრის რვა სვეტი, მათზე გადაყვანილი ნალისებური თაღებით. ძნელი სათქმელია, როგორ გამოიყურებოდა საბას მიერ აგებული იშხნის ტაძარი IX ს-ის 30-იან წლებში. XI ს-ში ეკლესია წარმოადგენდა ჯვრის ფორმის გუმბათიან ნაგებობას, წაგრძელებული დასავლეთის მკლავით. ტაძრის ზომებია 36,6X18,4 მ; გუმბათი აღმართულია ოთხ თავისუფლად მდგომ სვეტზე. იგი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. გუმბათი გარედან თექვსმეტკუთხაა, შიგნიდან – წრიული. კათედრალი აღმართულია ორსაფეხურიან პლატფორმაზე. ტაძარი აგებულია მოყვითალო ქვიშაქვით. ეკლესიის საკურთხეველი სამნაწილიანია. სადიაკვნე და სამკვეთლო ვიწრო აფსიდებიანი სათავსოებია (თაყაიშვილი 1960: 7-31). ტაძრის ინტერიერი მორთულია ჩუქურთმით და პროფილირებული არქიტექტურული დეტალებით. კედლის მხატვრობის მხოლოდ მცირე კვალია შემორჩენილი. თარიღდება XI ს-ის პირველი ნახევრით. ჩრდილოეთი კედლების ქვედა ნაწილის მოხატულობა XII ს-ს მიეკუთვნება (ბერიძე 1974: 143, 144; ჩუბინაშვილი 1936: 169-179; ჯობაძე 1992: 191-195).

იშხნის კათედრალის ფასადებზე ისტორიული მნიშვნელობის სამშენებლო წარწერებია შემორჩენილი. სამხრეთ კედელზე შესრულებულ ასომთავრულ წარწერაში ნათქვამია, რომ ქართველთა მეფე ადარნასემ (889-923) 917 წ. იშხნის ეპისკოპოსობა უბოძა ბასილის. ის გარდაიცვალა 936 წელს, როდესაც ტაოს განაგებდნენ ადარნასეს ოთხი ვაჟი: დავით II (937), ბაგრატ II მაგისტროსი (945), აშოტ IV კურაპალატი (954) და სუმბატ I კურაპალატი (958). მათ გაგზავნეს ტრაპიზონს სტეფანე, სადაც კვირა დღეს, 1 მარტს ის აკურთხა იშხნის ეპისკოპოსად ბერძენთა პატრიარქმა ბასილიმ. წარწერა შესრულებული უნდა იყოს 954-955 წწ. (ჯობაძე 1992: 211).

სამხრეთ ფასადზე მოთავსებულია ორი ასომთავრული წარწერა, რომლებიც ტაძრის შეკეთების ორ სამშენებლო ეტაპზე მოგვითხრობს. ნახევარწრიული წარწერა კარის ტიმპანზე გვამცნობს, რომ ეკლესიის სამხრეთი კარიბჭე შეუბიათ მეფე გიორგი I-ის (1014-1027) დროს, სალოცველად გიორგი მეფისა და მისი შვილებისა და სულის მოსახსენიებლად ბაგრატ III კურაპალატისა (975-1014). ამავე XI ს-ს ეკუთვნის ერთსტრიქონიანი წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ვინმე მორბედ. სამხრეთ ფასადის სარკმლის წარბზე მოთავსებულია ქტიტორის წარწერა, რომლის მიხედვით, ბაგრატ IV-ის მეფობისას (1027-1072), 1032 წ. იშხნის ეპისკოპოს ანტონის სახსრებითა და მისი დავალებით ხუროთმოძღვარმა ივანე მორჩაისძემ განაახლა იშხნის ტაძარი (თაყაიშვილი 1960: 29, 30; ჯობაძე 1992: 209-215).

ტაძრიდან 25 მ დაშორებით, მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას მცირე სამლოცველო, აგებული მეფეთ-მეფე გურგენის მიერ 1006 წ. საყდრის გარე ზომებია 10,35X5,65 მ. ის შედარებით კარგადაა შემონახული. დაზიანებულია სამხრეთის კედელი. ნაგებობა დარბაზულია, ცილინდრულ-კამარიანი გადახურვით, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ ორ თაღს ეყრდნობა. შენობა აგებულია მოყვითალო და მოწითალო ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით. მაღალმხატვრული არქიტექტურული ორნამენტით შემკულია სამხრეთ კარის ტიმპანის წარბი და აღმოსავლეთის სარკმლის სართავი, რომლებზეც წნულ გეომეტრიულ დეკორში ჩასმულია ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებანი.

ჩრდილოეთი კარის ტიმპანში მოთავსებული სამშენებლო შინაარსის ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებული მეფე გურგენი იყო ძე ბაგრატ II-ისა, მამა ბაგრატ III-ისა, რომელმაც 978 წ. აფხაზთა მეფის ტიტული მოიპოვა.

სოფელ იშხნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირას შემორჩენილია ოდესღაც დიდი ციხესიმაგრის მცირე ნაშთი (ჯობაძე 1992: 191).
 
ბიბლიოგრაფია: ბერიძე 1974: 143, 144; 1981: 150-153; თაყაიშვილი 1960: 7-33; კადიროღლუ 1991; მერჩულე 1963: 248-319; პიგეტ-პანაიოტოვა 1991; ტიერი 1960: 34, 35; ქც 2: 288,25; ქც 4: 235,24; 681,8; 701,4; ჩუბინაშვილი 1936: 169-179; ჯობაძე 1992: 191-217.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9