კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კაბენი

  1. მონასტერი (ქც 4: 359,15).

    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 359,15), XII ს-ის წარწერები კაბენის სახარებაზე (ქრონიკები 1897: 25), 1290-1300 წწ. ყანჩაეთის სახარება (ქრონიკები 1897: 171), „ძეგლი ერისთავთა“ (ქრონიკები 1897: 13), 1669 წ. წილკნის ღვთისმშობლის სამწყსოს სიგელი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 588), 1698 წ. ყანჩაეთის გულანი (ქრონიკები 1897: 577).

    ვახუშტი ბაგრატიონი კაბენის შესახებ გადმოგვცემს: „წირქვალს ზეით, ჩდილოთ, არს მონასტერი კაბენი, გუმბათიანი, ყანჩიეთს, კეთილად ნაშენი, შუენიერს ადგილს და აწ ხუცის სამარ“ (ქც 4: 359,15-17).

    მდებარეობს ახალგორის მუნიც-ში, ახალგორიდან 7 კმ-ის დაშორებით, მდ. ქსნის მარჯვენა მხარეს, სოფ. ყანჩაეთთან.

    XII ს-ში ქვენიფნეველმა კაბენის მონასტერს შესწირა ჯირღინაული მამული (ქრონიკები 1897: 25). XIII-XIV სს-ში კაბენში რატიშვილთა საგვარეულო საძვალეა (ქრონიკები 1897: 171). XIV ს-ში ერისთავმა იოანემ განაახლა კაბენის მონასტერი (თაყაიშვილი 1915: 114). კაბენის ეკლესია „გეთსამანიის“, „გესამანიისა“ და „ყანჩაეთის“ სახელწოდებითაც არის ცნობილი (ქრონიკები 1897: 25; ჩუბინაშვილი 1942: 19; მაკალათია 1968: 65; გაგოშიძე 1964: 7).

    კაბენი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

    კაბენის ღვთისმშობლის ძველი ეკლესია გუმბათიანია (7,5X10,5X12,5 მ). გეგმაში ჯვრისებური. ნაგებია თარაზულად დაწყობილი რიყის ქვებით კირხსნარზე. აფისდა ნალისებურია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. გუმბათის ყელი რვაწახნაგაა. იატაკი წვრილი ქვითა და ბაზალტითაა მოპირკეთებული. ფასადებზე თითო სარკმელია. შესასვლელი და სარკმლები მოჩუქურთმებულია. საკურთხეველში ორი ნიშია. ქვის კანკელს ძველი ჩუქურთმიანი ქვები აქვს ჩართული. მოხატულობა ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. ძველი ეკლესია თარიღდება: VIII ს-ით (ჩუბინაშვილი 1942: 27); IX ს-ის პირველი მეოთხედით (ცინცაძე 1971: 78); IX ს-ით (მაკალათია 1968: 67); XII-XIII სს-ით (თაყაიშვილი 1915: 114). XIV ს-ში ეკლესია განაახლეს და გადააკეთეს: აამაღლეს გუმბათის ყელი; ეკლესია გააფართოეს და შირიმის კვადრებით მოაპირკეთეს; მიაშენეს დამატებითი სათავოსები და გარშემოსავლელი. ეკლესიის დასავლეთით სატარაპეზო იდგა. ეკლესია გალავნით იყო შემოსაზღვრული (თაყაიშვილი 1915: 108-116; ჩუბინაშვილი 1942: 19-27; ცინცაძე 1971: 68-83).

    ეკლესიის სამხრეთ კედელზე შემორჩენილია წარწერა, რომელშიც ნახსენებია „ადარნარსეს ასული ლატავრა“ (ცინცაძე 1971: 72-78). ფრესკების ფრაგმენტებზე შემორჩენილია XVI-XVII სს-ის ქართული ასომთავრული წარწერების ნაშთები. წარწერაა გუმბათის ყელის ფასადზეც (ცინცაძე 1971: 83). სამხრეთის თაღში, ღვთისმშობლის გამოსახულების ქვევით ორი ბერძნული ასოა შემორჩენილი. ეკლესიის სამხრეთი მკლავის სვეტზე გამოსახული ფიგურის ქვევით, რელიგიური ხასიათის ბერძნული წარწერაა, რომელიც XII-XIII სს-ით შეიძლება დათარიღდეს (ყაუხჩიშვილი 1951: 200). ეკლესიაში წარწერიანი საფლავის ქვა გვაუწყებს, რომ 1756 წ. იქ დაუკრძალავთ რატიშვილი ფაზია (თაყაიშვილი 1915: 111).

    კაბენის მახლობლად, სოფ. ყანჩაეთთან, მდ. ყანჩაეთის მარჯვენა მხარეს, ადგილ „ნიშაკაეში“ 1960 წ. აღმოჩნდა ძვ. წ. IV ს-ის მდიდრული სამარხი.
     
    ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1875: 1036-1037; გაგოშიძე 1964: 6, 7; თაყაიშვილი 1901; თაყაიშვილი 1915: 108-116; მაკალათია 1968: 65-68; მეფისაშვილი 1968: 9-13; ქც 4: 359,15; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 548; ქრონიკები 1897: 25, 171, 517; ყაუხჩიშვილი 1951: 200; ჩუბინაშვილი 1942: 19-27; ცინცაძე 1971: 67-90; ხარაძე 1992: 99.
  2. მონასტერი (ქც 4: 327,14).

    იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 327,14).

    ვახუშტი ბაგრატიონი კაბენის შესახებ გადმოგვცემს: „კიკეთის ქუეით, ხევსა შინა, არს მონასტერი კაბენისა. ყოფილ არს დედათა, გუმბათიანი, შუენიერი, აწ არს ხუცის სამარ. აღაშენა მეფემან თამარ“ (ქც 4: 327,14-16).

    მდებარეობს გარდაბნის მუნიც-ში, ასურეთისწყლის ხეობაში, კოჯრის სამხრეთ-დასავლეთით, 3 კმ-ის დაშორებით.

    მონასტრის აღმოსავლეთი კედლის წარწერის მიხედვით, ეკლესია თამარ მეფის დროს (1184-1207) აუშენებიათ და თამარის სახელობის ყოფილა (ქც 4: 327,14; ბაქრაძე 1875: 76; შმერლინგი ... 1960: 73). მონასტრის კომპლექსი ამჟამად განადგურებულია (ციციშვილი 1980: 9).

    კაბენი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
     
    ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1875: 76; ბერძენიშვილი 1964: 304, 324; ქც 4: 327,14; შმერლინგი ... 1960: 72-74; ციციშვილი 1980: 9; ხარაძე 1991: 89.
    Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9