კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კაბერი 

ეკლესია, ციხე (ქც 4: 365,26).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 365,26), XVII ს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 115), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 31).

ვახუშტი ბაგრატიონი კაბერის შესახებ გადმოგვცემს: „უსანეთის მთის თხემს არს ეკლესია წმიდის გიორგისა, უგუმბათო. ამის აღმოსავლით, ზემორ, არს ზახორი, ზახორს ზეით ციხე კაბერი“ (ქც 4: 365,26).

მდებარეობს კასპის მუნიც-ში, თეძმის შენაკად მდ. გოსტიბესწყლის (ანუ შაბიწყლის) ხეობაში, სოფ. გოსტიბესთან, ნასოფლარ კაბერის ტერიტორიაზე (მეფისაშვილი 1979: 47).

წყაროებში იხსენიება XVII ს-იდან. როსტომ მეფეს (1632-1658) სოფელი კაბერი იორამ სააკაძისათვის უბოძებია. აქ სოლოღაშვილების საგვარეულო სასაფლაო იყო (მასალები საქ. ისტ.გეოგ. 1964: 115).

კაბერის ნასოფლარში ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად დადასტურდა განვითარებული შუა საუკუნეების ნასახლარები და კერამიკის ფრაგმენტები.

გოსტიბეს აღმოსავლეთით, სოფლის განაპირას, ფერდობზე დგას რიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები გვიანი შუა საუკუნეების ოთხსართულიანი კოშკი (8,3X9 მ). კოშკის კუთხეები მომრგვალებულია. პირველი სართული ყრუა და მიწითაა ამოვსებული. შესასვლელი დასავლეთი კედლის მეორე სართულშია. მესამე სართულზე ბუხარი, სათოფურები და სწორკუთხა სარკმლებია. მეოთხეზე მხოლოდ სარკმლებია. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (სძა 1990: 150).

კაბერის ნასოფლარის ტერიტორიაზე, გზიდან 20-30 მ დაშორებით მდებარეობს კაბერის წმინდა გიორგის სახ. ეკლესია (12,7X11,9 მ). ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნაგებია უხეშად გათლილი სხვადასხვა ზომის ქვებით. კედლებში გაჭრილია თაღოვანი სარკმლები და ნიშები. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიას ორი მინაშენი აქვს: ჩრდილოეთიდან სამსხვერპლო, სამხრეთიდან ეკვდერი. სამსხვერპლოს აფსიდა ნალისებურია. აფსიდაში სარკმელი და ორი ნიშია. სამსხვერპლო ეკლესიას უკავშირდება სამხრეთ კედელში არსებული კარით. ეკვდერი მოგვიანო მინაშენია. ეგვტერის აფსიდა ნახევარწრიულია. სამხრეთ კედელში თაღოვანი შესასვლელია.

ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის თავზე გამოსახულია სამი რელიეფური ჯვარი. ერთ-ერთი ჯვრის მკლავზე ასომთავრული წარწერაა: „ქ. წმიდაო შიო“. ფასადის ქვედა ნაწილში ამოკვეთილია შეღრმავებული ჯვრები. ეკლესიის დასავლეთი ფასადის ცენტრში ჩადგმულია ოთხკუთხა ქვა შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით: „...აღვაშენე ... ეკლესია მე ასად სანივაჯის ძმამან ბედიელ მთავარ ეპისკოპოსი სამან ზე გიორგი მეფისა და მელქისედეკ კათალიკოზისა...“. ეკლესია აშენებულია გიორგი I-ის (1014-1027) ზეობისას. წარწერიანი ქვის ჩარჩოს სამ მხარეს შემოუყვება წარწერა: „ოდეს ესე დავწერე მე ასად ვიყავი წლის 67. ადიდონ ღმერთმან სოფრომ ბედიელი ეპისკოპოსი წლისა 59 და ძე მისი...“ (მეფისაშვილი 1979: 47-57). შემორჩენილია კაბერის საკურთხევლის 3 ფილა. ერთ-ერთ ფილაზე, რომელიც ბაზადაა მიჩნეული, რელიგიური ხასიათის წარწერაა. საკურთხევლის ფრაგმენტები X ს-ით თარიღდება (შმერლინგი 1962: 54, 93-96).

კაბერის გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია მდებარეობს მდ. გოსტიბესწყალსა და გოსტიბესაკენ მიმავალ გზას შორის, ფერდობზე. ეკლესია დარბაზულია (5,3X3 მ). ნაგებია დიდი ქვათლილებით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესია დაზიანებულია (სძა 1990: 150).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 31; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 115; მეფისაშვილი 1979: 46-63; სძა 1990: 150; ქც 4: 365,26; შმერლინგი1962: 54, 86, 89, 93-96, 98, 281; ჩუბინიშვილი1950: 9-34.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9