აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
არა არბ არე არმ არუ არქ არღ არყ არშ არწ

არანისი


(ქც 4: 353,13). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 353,13), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 35), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართვლოში“ (გიულდენშტედტი 1962: 49, 273).

ვახუშტი ბაგრატიონი არანისის შესახებ გადმოგვცემს: „არს ბოდორნას ქუაბნი გამოკუეთილნი და ციხე მაგარი. ამის ჩდილოთ ურია, მოსახლენი ვაჭარნი. ჩდილოდ მისა, არანისთან, ზანდუკლის ხევი“ (ქც 4: 353,13).

მდებარეობს დუშეთის მუნიც-ში, მისგან 13 კმ-ის დაშორებით, მდ. არაგვის მარჯვენა მხარეს, სოფ. ზემო და ქვემო არანისის ტერიტორიაზე.

XVIII ს-ში არანისი ერეკლე II-ს შვილს, ვახტანგს ეკუთვნოდა (ბაგრატიონი 1986: 35).

ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობის დაკავშირებით, სოფ. არანისის ტერიტორიაზე გაშენდა დასახლება ახალი ჟინვალი. მშენებლობისას აღმოჩნდა სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე ძეგლი, რომელიც შეისწავლა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვლის ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. რამიშვილი).

1. ადგილ შარნეულში მდ. არაგვის მარჯვენა მხარეს გამოვლინდა ძვ. წ. V-III ათასწ. პირველი ნახევრის ნასახლარი. გაითხარა 1984 წ. მიწის ზედაპირიდან 1,45 მ სიღრმეზე თხრილში გამოვლინდა ცილინდრული მოყვანილობის ორმო (დმ 1,4 მ, სიღრმე 0,25 მ), რომელშიც აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ნატეხები, ობსიდიანის ანატკეცები, ცხოველთა ძვლები და სხვ. (სძა 2004: 216).

2. ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი მდებარეობს ქვედა არანისში. გაითხარა 1975-1976 წლებში. ნამოსახლარი მრავალფენიანია. ქვედა – ადრესამიწათმოქმედო კულტურის ფენა ჩაჭრილი იყო ადრეული ბრინჯაოს ხანის ორმოებით. ქვედა ფენაში აღმოჩნდა ბათქაშის ფრაგმენტები, თიხის ჭურჭლის ნატეხები, რიყის ქვის სანაყი, ქვისა და ძვლის იარაღები. ძვ. წ. III ათასწ. მეორე ნახევრის ფენაში გამოვლინდა სხვადასხვა ზომის 100-მდე ორმო (დმ 0,4-2,3 მ, სიღრმე 0,4-1,8 მ). ორმოები ამოგებულია ლასტით და თიხითაა მოლესილი, რომელსაც ეტყობა ძლიერი ცეცხლის კვალი. ერთ-ერთ ორმოში (დმ 2,1 მ, სიღრმე 0,4 მ) აღმოჩნდა 20-მდე მთელი ჭურჭელი, თიხის საბეჭდავი, რიყის ქვის ხელსაფქვავებისაგან ნაგები კერა, თიხის სადგარი, ხორბლისა და სხვა მარცვლეულის, ასევე წითელი საღებავის ნაშთები. ნამოსახლარზე გამოვლინდა კაჟისა და ობსიდიანის ნამგლის ჩასართები, ძვლის თოხი, სადგისი, სახვრეტები, ცხვრისა და ადამიანის, თიხით შესრულებული პატარა ქანდაკებები, ლითონის სატეხი, ხიშტის მსგავსი იარაღი, ანკესები და სხვ. მრავალრიცხოვან თიხის ნაწარმში გამოირჩევა საკულტო დანიშნულების ჭურჭლები, შემკული ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებებით, სპირალითა და ნახევარმთვარისებური ნიშნებით. კერამიკულ ნაწარმში გვხვდება ღრუქუსლიანი ლარნაკები და სხვ. გამოვლენილი ორმოებიდან ზოგი საცხოვრებელი ნახევრადმიწურებია, ზოგი საკულტოა ან სანაცრე. გვხვდება სანაგვე ორმოებიც (სძა 2004: 217).

3. თალთების ნამოსახლარი და სამაროვანი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, თიხის კარიერის ტერიტორიაზე. გაითხარა 1981 წელს. ქვედა ფენაში 2-2,5 მ სიღრმეზე გამოვლინდა ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ნაშთები, თიხის ჭურჭლის ნატეხები, ნავისებური ხელსაფქვავის ფრაგმენტები. თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულით.

ზედა ტერასის ფენაში გამოვლინდა ახ. წ. I-II სს-ის ნამოსახლარის ნაშთი და სამაროვანი. გაითხარა 12 კვ. მ. ფართობის, ალიზით ნაგები სწორკუთხა სათავსო. რიყის ქვის საძირკველზე დაშენებული ალიზის კედლები გამაგრებული იყო ხის სარებით. გათხრებისას აღმოჩნდა თიხის ჭურჭლისა და გვერდებაკეცილი კრამიტის ნატეხები, 11 ქვევრი და ორმოები საოჯახო ნარჩენებით.

სამაროვანზე გაითხარა ჯგუფებად განლაგებული 20 სამარხი. მათგან 1 ქვევრსამარხია, 1 ქვევრის ნატეხებით გადახურული ორმოსამარხი, 18 ორმოსამარხი. სამარხები განლაგებულია სხვადასხვა დონეზე. ქვედა იარუსის სამარხები I-II სს-ით თარიღდება. მიცვალებულები ესვენა მკვეთრად მოხრილ პოზაში, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთით. სამარხეული ინვენტარი წარმოდგენილია თიხის წითლად გამომწვარი ხელადებითა და ჯამებით. ზედა იარუსის სამარხებში (თარიღდება III-IV სს-ით) დამხრობა ჭარბობდა დასავლეთისაკენ. მიცვალებულები ესვენა ოდნავ მოხრილები. სამარხეული ინვენტარი წარმოდგენილია თიხის ხელადებით, სასმისებით, ბრინჯაოს სამაჯურებით, ბეჭდებით, საყურეებით, აბზინდებით და სხვ. (სძა 2004: 216).

4. მოძმანაანთ უბნის ნამოსახლარი და სამაროვანი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, ხევის პირას. გაითხარა 1973-1974 წლებში. თარიღდება II-IV სს-ით. ნამოსახლარის ფენა შეიცავს თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებს. სამაროვანზე გაითხარა რამდენიმე ორმოსამარხი. მიცვალებულები ესვენა ხელფეხმოკეცილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით დასავლეთით. სამარხეული ინვენტარიდან გვხვდება: თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ზარაკები, რგოლი, ბეჭედი, მინის სანელსაცხებლე, პართული მონეტა და სხვ. (რამიშვილი ... 1973: 83).

5. სამაროვანი მდებარეობს ზანდუკლიანთ ნავენახარზე, სოფ. ქვემო არანისის ბოლოს. შესწავლილ იქნა 1971-1973 და 1977 წლებში. გაითხარა 46 ორმოსამარხი. მათგან 37 თარიღდება III-IV სს-ით, 4 – ადრეული, 5 კი – გვიანდელი შუა საუკუნეებით. ადრეულ სამარხებში აღმოჩენილია: ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს საყურეები, მძივები, თიხის მოჩალისფროდ გამომწვარი ჭურჭელი, მონეტები და სხვ. 1971 წ. სამაროვანზე გაითხარა III-IV სს-ის ორი მდიდრული სამარხი. ერთში (სამ. №5) ზურგზე გაშოტილ, თავით დასავლეთით დამხრობილ მიცვალებულთან ერთად, დაეკრძალათ ცხენი. მიცვალებულის თავსა და ფეხებთან აღმოჩნდა ორი წყვილი სარეცლის ფეხი, მდიდრულად მოჩუქურთმებული ვერცხლის გარსაკრავებით; ვერცხლის პინაკი არამეული წარწერით; 3 ბეჭედი, მათგან 2 გემითაა შემკული; ოქროს წყვილი საყურე; ოქროს 1 და ვერცხლის 4 მონეტა, მრავალი დიდ-პატარა აბზინდა, მინის 5 ჭურჭელი, თიხის ორყურა ჩაფი, მძივები და სხვ.

№1 ორმოსამარხში ესვენა ქალი, მოხრილი პოზით, მარჯვნა გვერდზე, თავით სამხრეთ-დასავლეთით. იქვე აღმოჩნდა ჩვილი ბავშვის გაშოტილი ჩონჩხი, რომელსაც თავი ვერცხლის პინაკზე ედო. სამარხში ქალის ჩონჩხთან აღმოჩნდა: თიხის 2 ჭურჭელი; ოქროს წყვილი საყურე ლალის თვლებით; ოქროს თვალბუდიანი ბეჭედი; ვერცხლის გემიანი ბეჭედი; ოქროს პატარა ზოდი; დიდი რაოდენობით მძივები (უმეტესად სარდიონის). ჩვილის ძვლებთან გამოვლინდა: ვერცხლის დაზიანებული პინაკი; ვერცხლის 3 ბეჭედი (მათგან 2 გემიანი); ვერცხლის რომაული მონეტა და მძივების დიდი რაოდენობა (რამიშვილი ... 1972: 46).

6. III-VIII სს-ით დათარიღებული სამაროვანი მდებარეობდა საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც 1972-1973 და 1976 წლებში გამოვლინდა 19 ორმოსამარხი, 25 ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხი, 22 ქვის სამარხი. ორმოსამარხებში (III-V სს) დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. სამარხებში აღმოჩნდა: საკინძები, მშვილდსაკინძები, მძივები და სხვ. ქვის სამარხებშიც (V-VIII სს) დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. მათში აღმოჩნდა: ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები, ბეჭდები, მინისთავიანი საკინძები და სხვ. ერთ-ერთი საკინძისთავი შემკული იყო ფალაური წარწერით (რამიშვილი ... 1974: 66).

7. სამლოცველო. ძეგლი მდებარეობს საშუალო სკოლასთან, ფერდობზე. თარიღდება ძვ. წ. II ს-ის მეორე ნახევრით. გაითხარა 1975-1976 წლებში. ნაგებობა (18,7X9მ) წაგრძელებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთით. შედგება 3 სათავსოსაგან. ნაგებია რიყის ქვის საძირკველზე დაფუძნებული ალიზის აგურებით. კედლები შელესილია. შენობას ჰქონდა ხის მძლავრ კონსტრუქციაზე დაყრდნობილი ბრტყელი სახურავი. შუა სათავსოს სამხრეთ ნაწილში საკურთხევლის (0,7X0,7მ) ნაშთია, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში ალიზით ნაგები ღუმლის მცირე ნაწილი. გათხრებისას გამოვლინდა წითელი ზოლებით, გეომეტრიული სახეებით მოხატული თიხის ჭურჭლის ნატეხები (ხელადები და ჯამები), იმპორტული ამფორისკები და სხვა (სძა 2004: 303). არანისის ძეგლებზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის ბაზაში.

სოფლის განაპირას, დასავლეთით, სასაფლაოზე დგას XVIII-XIX სს-ის დარბაზული ეკლესია (8X4,8მ). შესასვლელი აქვს დასავლეთიდან. აფსიდა ნახევარწრიულია.

თეთრაანთ კოშკი მდებარეობს სოფლის ზედა უბანში (ზედა არანისი). კოშკი ცილინდრულია (დმ 7,8 მ), სამსართულიანი. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი მეორე სართულზეა. კედლებში სხვადასხვა მხარეს სათოფურებია (სძა 2004: 215, 216).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 35; გიულდენშტედტი 1962: 49, 273; რამიშვილი ... 1972: 43-50; რამიშვილი ... 1973: 77-89; რამიშვილი ... 1974: 65-74; სძა 2004: 215, 216, 217, 302, 303; ქც 4: 353,13.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9