კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კავთა

ციხე (ქც 4: 340,22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 340,22; 341,1), XIII-VII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 36, 59, 78; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 138, 148, 165; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 115).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „დიდგორის კალთას, არს ციხე კავთისა, მაღალს კლდესა ზედა შენი“ (ქც 4: 340,22; 341,1).

მდებარეობს კასპის მუნიც-ში, მდ. კავთურასა და ბოტისისწყლის გამყოფი ქედის კონცხზე, თანამედროვე სოფ. წინარეხის სამხრეთით, 7 კმ-ის დაშორებით. კავთის ციხეს დღეს თავკავთას უწოდებენ.

ციხის (70X25 მ) გალავანი კონცხის რელიეფს მიჰყვება. ნაგებია ფლეთილი ქვიშაქვითა და აგურით. გალავანი გამაგრებულია ნახევარწრიული კონტრფორსებით. ნაგებობა შედგება ზედა და ქვედა ციხისაგან, რომელთა ტერიტორიაზე შეიმჩნევა სხვადასხვა შენობის კვალი. ციხე თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

ციხე-გალავნის აღმოსავლეთით, კონცხის ციცაბო კალთაზე ამოყვანილია საყრდენი კედელი ნახევარწრიული კონტრფორსებით. შექმნილ ბაქანზე დგას წმინდა გიორგის XIII ს-ის დარბაზული ეკლესია (14,5X8,5 მ). ნაგებია ქვიშაქვის კვადრებითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდაში ერთი თაღოვანი სარკმელია. თითო სარკმელია დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებში. ორი – სამხრეთ კედელში. XIV-XV სს-ში ეკლესია შეუკეთებიათ და მოუხატავთ. ეკლესია სამხრეთიდან შემოზღუდული ყოფილა გალავნით, რომელშიც გეგმით კვადრატული კარიბჭე იყო ჩართული (სძა 1990: 212, 213).
 
ბიბლიოგრაფია: მაკალათია 1960: 33-35; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 115; ოთხმეზური 1981: 34, 35; სძა 1990: 212, 213; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 138, 148, 165; ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 36, 59, 78; ქც 4: 340,22; 341,1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9