კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კაზრეთი


(ქც 4: 311,25). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 311,25; 316,5), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 95), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1920: 430, 437, 478; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 22, 58, 61; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 116), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 53), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 223).

მდებარეობს ბოლნისის მუნიც-ში, ბოლნისიდან 18 კმ დაშორებით, მდ. მაშავერას მარჯვენა ნაპირზე.

ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, XIV ს-ში თემურ-ლენგის ერთ-ერთი შემოსევის დროს, მეფე გიორგი VII (1393-1407) კაზრეთის ციხეში ყოფილა გამაგრებული. თემურ-ლენგს კაზრეთი დაურბევია და ამის შემდეგ სამცხეში გადასულა (გორგიჯანიძე 1926: 95). 1721 წ. აღწერით კაზრეთს ბარათაშვილების განაყოფები – ზურაბიშვილები ფლობდნენ (ჯამბურია 1955: 58-63).

1957 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ხრამის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნინო ბერძენიშვილი), სოფ. კაზრეთის მიდამოებში, მდ. მაშავერას მარჯვენა ტერასაზე, დაზვერვების დროს მიაკვლია ნეოლით-ენეოლითური ხანებისა და უფრო მოგვიანო პერიოდის არქეოლოგიურ ნივთებს. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1 კმ მანძილზე მდ. მაშავერას მარჯვენა ნაპირზე მდინარის დონიდან 30-35 მ სიმაღლეზე მდებარე გამოქვაბულებიდან ერთ-ერთში აღმოჩნდა პალეოლითური ფენის ნაშთები (ბერძენიშვილი 1963: 10, 11). 1959 წ. იმავე ინსტიტუტის ბოლნისის მუნიც-ის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაბა კაზრეთის მახლობლად, მადნეულის გორასთან მიაკვლია რკინის სადნობი სახელოსნოს ნაშთებს, რომლებიც ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულით თარიღდება (გძელიშვილი 1964: 186-188). იმავე ექსპედიციამ 1963-1964 წწ. დაზვერვები და გათხრები ჩაატარა კაზრეთის მიდამოებში, სადაც შეისწავლა სხვადასხვა ხასიათისა და პერიოდის ძეგლები: ნასოფლარები, ეკლესიები. მადნეულის გორის სამხრეთ კალთაზე გათხარა XI-XIII სს-ის რკინის სადნობი ორი სახელოსნო (გძელიშვილი, ამირანაშვილი 1965: 53-56). ექსპედიციამ 1965-1966 წწ. ნასოფლარ მონასტერსა და ბუჩურაშენთან გამოავლინა XIII-XIV სს-ის საცხოვრებელი ნაგებობებისა და რკინის სადნობი სახელოსნოების ნაშთები (გძელიშვილი ... 1966: 32, 33; 1967: 83-85). 1969-1981 წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის კაზრეთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. მ. სინაურიძე) სისტემატურ დაზვერვებსა და არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა კაზრეთის ხეობაში, სადაც გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი (სინაურიძე 1977; 1985).

დაბა კაზრეთის მიდამოებში, მდ. მაშავერას ფართო ტერასაზე მიკვლეული ქვის ხანის მასალებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია გვიან მუსტიეს ხანის ობსიდიანის წვეტანა. მას განიერი დარტყმის სიბრტყე აქვს, რომელზეც მსხვილფაცეტებიანი რეტუშით ტალღისებური ზედაპირია გამოყვანილი. რეტუშით დამუშავებული აქვს ორივე გვერდი, რომელიც ზურგზე თითქმის 1 სმ სიგანის ზოლად გასდევს. დაბის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. მაშავერას მარჯვენა ნაპირზე, მდინარის დონიდან 30-35 მ სიმაღლეზე განლაგებული გამოქვაბულებიდან ერთ-ერთში, რომელიც შუა საუკუნეებშიც ყოფილა გამოყენებული, აღმოჩნდა ობსიდიანის მოგრძო, ორფერდა ლამელა და ნუკლეუსის დიდი ანამტვრევი. ჩანს, გამოქვაბული პალეოლითის ხანაში საცხოვრებლად ყოფილა გამოყენებული (ბერძენიშვილი 1963: 10-12). დაბა კაზრეთში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, მშენებლობის დროს შემთხვევით აღმოჩნდა ადრე ბრინჯაოს ხანის ნასახლარის ნაშთები. ფენა შეიცავდა ნაცარ-ნახშიროვან მიწას, საქონლის დამწვარ ძვლებსა და თიხის ჭურჭლის ნატეხებს, რომელთა შორის აღსანიშნავია შავპრიალა ზედაპირის მქონე ვარდისფერსარჩულიანი კერამიკა. ერთ-ერთ ძვალზე შემორჩენილი იყო მომწვანო ლაქა – ბრინჯაოს ნივთის კვალი. ჭურჭელი მდგარა თიხატკეპნილ იატაკზე. ერთ-ორ შემთხვევაში დიდში ჩადგმული პატარა ჭურჭლით. იქვე აღმოჩნდა თიხის შვერილიანი კერის ფრაგმენტი. ერთ ადგილას თიხატკეპნილზე შემონახული იყო ალიზის ნარჩენები. აქ გამოვლენილი კერამიკული ნატეხებიდან 4 ჭურჭელი აღდგა: 1. მაღალი და ფართოყელიანი, მხრებს ქვემოთ ნახევარსფერული ყურებით შემკული რუხი ფერის დიდი ჭურჭელი 2. შავპრიალა ზედაპირიანი, ვარდისფერსარ-ჩულიანი ქილისებური ჭურჭელი ფართო ყელით, გამობერილი მუცლით, ყელსა და მხარზე დაძერწილი ორი ყურითა და ვიწრო, ბრტყელი ძირით 3. რუხი ფერის პატარა ქოთანი ერთი ნახევარსფერული ყურით 4. რუხი ფერის ზედაპირნაპრიალები ჯამი მომრგვალებული გვერდებითა და მათზე სიმეტრიულად მიძერწილი ორ-ორი კოპით. ნასახლარი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულით (სინაურიძე 1975: 83; 1985: 11, 12).

კაზრეთსა და მის მიდამოებში გვიანი ბრინჯაოს ხანის სახვადასხვა ხასიათის არაერთი ძეგლია აღმოჩენილი. კაზრეთის მახლობლად, მადნეულის გორის სამხრეთ კალთაზე და გორის თავზე მიკვლეულია ნასახლარები, სადაც გვხვდება ფლეთილი ქვებითა და თიხით ნაშენი სხვადასხვა ზომის სწორკუთხა გეგმის მქონე ნაგებობები. აქ გამოვლენილი თიხის ჭურჭლის ნატეხების მიხედვით, ნასახლარები ძვ. წ. XIII-IV სს-ით თარიღდება. მადნეულის გორის სამხრეთი კალთის ძირზე აღმოჩნდა რკინის სადნობი სახელოსნოს ნაშთი. ნატეხი ქვებით თიხაზე ნაგები პრიზმული მოყვანილობის ქურა (3X1,25X1 მ) სახელოსნოს ერთ კუთხეში მდგარა. ცენტრალურ ნაწილში მდებარე სადნობი ქურა (0,6X0,55X0,75 მ) თიხით ყოფილა ამოლესილი. ის შედგებოდა ზედა და ქვედა სექციებისაგან. ზედა სექციაში წარმოებდა რკინის დაწურვა, ქვედაში – რკინის ნაწურის ნახშირში აღდგენა და დაგროვება. ქურას წინ წიდის შესაკრები ორი პატარა ორმო ჰქონია. გათხრებისას აღმოჩენილი კერამიკის მიხედვით სახელოსნო ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულით თარიღდება.

მადნეულის გორის სამხრეთი ფერდობის ძირზე აღმოჩნდა სამარხები, რომლებიც ინვენტარის მიხედვით ძვ. წ. XIII-XII სს-ს მიეკუთვნება (გძელიშვილი 1964: 186-188). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნებისების მუზეუმი).

1962 წ. კაზრეთის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის სამარხები (გძელიშვილი 1965: 507). მასალის შენახვის ადგილი უცნობია.

„თელების ველის“ სამაროვანი მდებაროებს დაბა კაზრეთის პარკის ტერიტორიაზე. იქ მშენებლობის დროს შემთხვევით აღმოჩნდა რამდენიმე სამარხი. მათგან საინტერესო გამოდგა ქვის სამარხი, რომელშიც მიცვალებული ესვენა მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი. მასში აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ისრისპირი, შუბისპირი, 8 მასიური რგოლი, ქარქაში, რკინის მახვილი, სარდიონის მძივები და ინკრუსტირებული მძივი. სამაროვნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გათხრილი სამარხები წარმოადგენს წრიული და ოთხკუთხა ქვაყრილებით შემოსაზღვრულ ფართობებს, რომელთა სიღრმეში (1-2 მ) მასიური ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები ან ქვის სამარხებია გამართული. სამარხეული ინვენტარი შეიცავს შავად და ნაცრისფრად გამომწვარ ზედაპირნაპრიალებ კერამიკას. ბრინჯაოსა და რკინის იარაღ-სამკაულებიდან აღსანიშნავია ისრისპირები, შუბისპირები, ცული, კვერთხის თავი, მახვილი, სამაჯურები, დიდი ზომის კონუსური საკინძები, სარდიონის მძვები და სხვ. სამარხეული ინვენტარი თარიღდება ძვ. წ. IX-VII სს-ით (სინაურიძე 1985: 27). სამაროვნის სამხრეთ ნაწილში გაითხარა 4 ორმოსამარხი, რომლებიც დამხრობილია სამხრეთ-ჩრდილოეთ ხაზზე. №3-ს აქვს მცირე ქვაყრილი, ორმოს თავსა და ბოლოში კი იდო თითო ქვა. სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულები ესვენა მარცხენა გვერდზე, მოხრილი კიდურებით. სამარხეული ინვენტარის უმეტესობა თიხის ჭურჭელია: დოქები, ხელადები, ჯამები, ფიალები, ყურიანი კოჭობები. ბრინჯაოს ნივთებიდან გვხვდება საკინძები. სამარხები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII სს-ით (სინაურიძე, გვრიტიშვილი 1986: 72). „თელების ველის“ სამაროვნის მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

მდ. მაშავერას მარჯვენა ნაპირზე, დაბა კაზრეთის რკინიგზის სადგურის მახლობლად, იმ ადგილას, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ველებს“ უწოდებს, მშენებლებს დაუზიანებიათ 5-6 სამარხი, რომელთა ინვენტარის ერთი ნაწილი მაშინვე დაკარგულა. „ველების“ სამაროვანს უკავია 1,5 ჰა ფართობი. არქეოლოგიურად შეისწავლეს 4 ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი ორმოსამარხი. №1 დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე, თავით აღმოსავლეთით; №2 – ჩრდილო-სამხრეთ ხაზზე, თავით ჩრდილოეთით; №№3, 4 სამარხები სამხრეთ-აღმოსავლეთ-ჩრდილო დასავლეთ ხაზზე, თავით სამხრეთ-აღმოსავლეთით. №2-ში მიცვალებული ესვენა ძელებით შეკრულ და გადახურულ ყუთში. №4-ის ორმო ხის ძელებით ყოფილა გადახურული. სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულები დასვენებულია მარჯვენა გვერდზე, მოხრილი კიდურებით. №№1, 4 სამარხებში აღმოჩნდა კევრი, რომელიც ვერტიკალურად იყო ჩადგმული ორმოში. სამარხეული ინვენტარის დიდი ნაწილი თიხის ნაწარმია. მათ შორის გამოიყოფა სამზარეულო და სუფრის ჭურჭელი. სამზარეულო ჭურჭლიდან გვხვდება ქოთანი, კოჭობები. სუფრის ჭურჭლიდან აღსანიშნავია: დოქები, ხელადა, ჭინჭილა, სასმისი, ჯამი, ლანგარი. კერამიკის ნაწილი მორგვზეა დამზადებული, ნაწილი ხელით. ჭურჭლის ნაწილი ანგობირებული და ზედაპირნაპრიალებია. კეცის ფერის მიხედვით ისინი რუხია, უმეტესად შავი ლაქებით. გვხვდება შავი და მოვარდისფრო კეცის მქონე ჭურჭელიც. კერამიკული ნაწარმი შემკულია კოპებით, ამოღარული სარტყლებით, პრიალა ხაზებით შედგენილი რომბისებური ბადეებით, სამკუთხედებით და სხვ. რკინის ნივთებიდან გვხვდება მასრაგახსნილი მაღალქედიანი შუბისპირები, მოხრილი დანა და სატევარი. სამარხებში აღმოჩენილია ბრინჯაოს 3 სამაჯური და ფიბულა, სარდიონის, ცისფერი და თეთრი მინის, აგრეთვე ერთი ქარვის მძივი. „ველების“ სამაროვანი ძვ. წ. VII-VI სს-ით თარიღდება (სინაურიძე 1985: 13-22). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

მადნეულის გორის ტერიტორიაზე შესწავლილია 21 ქვისა და 1 ორმოსამარხი, რომლებიც ინვენტარის მიხედვით ძვ. წ. VI-IV სს-ს მიეკუთვნება (გძელიშვილი 1964: 186-188). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

კაზრეთის კარიერზე შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს კასრისებური ფორმის ყუნწიანი ზარი. ზედაპირი შემკულია რელიეფური და ამოკაწრული წიწვოვანი ორნამენტით. თარიღდება ძვ. წ. VI-V სს-ით (სინაურიძე 1985: 30).

„თელების ველის“ სამაროვანზე გვიანბრინჯაოს ხანის სამარხებთან ერთად გამოვლინდა ანტიკური ხანის ათამდე სამარხი. ისინი მეტწილად დაზიანებული იყო. მათგან საინტერესოა №5 და №14 სამარხები. №5 აღმოჩნდა პარკის შადრევნის აღმოსავლეთით. წარმოადგენს კლდის დიდი ფლეთილი ქვებით ნაგებ სამარხს. ის თავახდილი იყო. სამარხში გამოვლინდა სამი მიცვალებულის ჩონჩხი. მათგან ორი დაკრძალულია ჩრდილოეთი კედლის გასწვრივ თავით აღმოსავლეთით. მათი ჩონჩხები დაზიანებულია, რის გამოც დაკრძალვის პოზის დადგენა არ ხერხდება. მესამე მიცვალებული დაკრძალულია სამარხის სამხრეთი კედლის გასწვრივ მარცხენა გვერდზე, მოხრილი კიდურებით, თავით აღმოსავლეთისაკენ. სამარხში აღმოჩნდა წითლად შეღებილი ხელადის ნატეხები, რკინის შუბისპირი, მოხრილი დანა, ბრინჯაოს პატარა ზარაკი და ვერცხლის 2 რგოლი, მინის ანთროპომორფული მძივი, მინის რამდენიმე ცალი შავი მძივი. სამარხი №14 მდებარეობს შადრევნის სამხრეთით 50-ოდე მეტრზე. ის გადახურულია მასიური ქვით. ორმო ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულია ფლეთილი ქვებით, რომლებიც გეგმაში მართკუთხედს ქმნიან. დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთ ხაზზე. მასში დაკრძალული იყო სამი მიცვალებული თავით სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამივე მარცხენა მხარეს, ფეხებმოკეცილი. სამარხში აღმოჩნდა: წითლად შეღებილი, სფერულტანიანი დოქი. სხვადასხვა მასალისა და ფორმის მძივები. სამარხში გამოვლინდა ლურჯი მინის ორი მრავალწახნაგა საბეჭდავი. ერთ მათგანზე ამოკვეთილია ტახის გამოსახულება, მეორეზე – ცხოველისა და მამაკაცის ბრძოლის სცენა. აქვე აღმოჩნდა რკინის დანა, აგრეთვე რკინის ღერო და სფერულბოლოიანი სამაჯური. სამარხები თარიღდება ძვ. წ. IV-II სს-ით (სინაურიძე 1985: 33-38).

1951 წ. კაზრეთის კარიერზე შემთხვევით აღმოჩნდა ქალცედონის გემა, რომლის ცენტრში გამოსახულია რომაელი მეომარი ჯაჭვის პერანგითა და მუზარადით. მხრებზე წარმოსხმული აქვს ქლამიდა. მარჯვენა ხელში უჭირავს ფარი, მარცხენათი ეყრდნობა შუბს. გვერდებზე ალაფია, რომელთა წინ გამოსახულნი არიან დატყვევებული, ხელებშეკრული ბარბაროსები. თარიღდება ახ. წ. II ს-ით (ლორთქიფანიძე 1961: 66).

1972 წ. კაზრეთის №1 მიკრორაიონის მშენებლობის დროს შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს ოინოხოია. მისი ერთი გვერდი შეჭყლეტილია. ყური მოტეხილია. ჭურჭელს აქვს სამტუჩა პირი, დაბალი ყელი, კვერცხისებური ტანი და პატარა ბრტყელი ძირი. ზომები: სიმაღლე 17,5 სმ, ტანის უდიდესი სიგანე მხრებთან 40 სმ, ძირის დმ 6 სმ. ოინოხოიას მხრებსა და ყელზე შემოუყვება გრავირებული ორმაგი სარტყელი, რომელიც ყურძნის მტევნების, ვაზის ფოთლებისა და მსხვილი წნულებისაგან შედგება. ტანის ქვედა ნაწილში თოკისებური სარტყელია ამოკაწრული. სარტყლებს შორის, ჭურჭლის ტანზე მთლიანად გრავირებული ნახატი ყოფილა ამოტვიფრული. ბევრგან დაზიანებულია. ერთ ადგილას ჩანს მამაკაცის ფიგურის ზედა ნაწილი. მას მკერდი და მუცელი შიშველი აქვს. ერთი ხელი მოხრილი და ზემოთ აწეულია, მეორე წინ გაშვერილი. თავი მობრუნებული აქვს მარჯვნივ. თმები მხრებამდეა ჩამოშვებული. აქვე, გარკვეული ინტერვალით მოჩანს ქალის გაფრიალებული ტანსაცმლის ნაწილი. შემდეგ გამოხაზულია სვეტი (საკურთხეველი?), რომელიც მთავრდება კონცენტრული ხაზებით შევსებული სფეროთი ან მენორით. საკურთხევლის მეორე მხარეს მოჩანს მოცეკვავე ფიგურები. კაზრეთის ენოხოია უცხოური ნაწარმია (სინაურიძე 1985: 31-33; გამყრელიძე 1995: 124-129).

გვიანანტიკური ხანის მასალებიდან აღსანიშნავია №1 მიკრორაიონის მშენებლობისას შემთხვევით აღმოჩენილი მინის კოლბისებრი სანელსაცხებლე მსხლისებური ძირითა და მაღალი ყელით, რომელიც I-II სს-ით თარიღდება. მეორე კოლბისებრი სანელსაცხებლე ნატეხების სახითაა შემორჩენილი და III-IV სს-ს მიეკუთვნება. I-III სს-ით თარიღდება ვარდისფერკეციანი დოქი (სინაურიძე 1975: 83). კაზრეთში შემთხვევით აღმოჩენილი და გათხრებით გამოვლენილი ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

1945 წ. კაზრეთში, მდინარის პირას მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა ლეონ I-ის ბიზანტიური ოქროს სოლიდი (457-474). მონეტა მპოვნელს დარჩა (აბრამიშვილი 1965: 122).

დაბის ცენტრში, მშენებლობის დროს აღმოჩნდა ქვის სამარხების ფილები. აქვე გამოვლინდა ღერომოტეხილი ბრინჯაოს საკინძი სარდიონის თავით, რომელიც აქეთ-იქიდან დამაგრებულია ბრინჯაოს ვარდულებით. თარიღდება V-VII სს-ით (სინაურიძე 1978: 124).

შუა საუკუნეებს განეკუთვნება „თელების ველის“ სამაროვანზე მშენებლებისაგან დაზიანებული №6 ქვის სამარხი, რომელიც დამხრობილი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. მასში აღმოჩნდა ადამიანის რამდენიმე ძვლის ფრაგმენტი, რკინის დაჟანგული ნივთის ნატეხი, შავი და ლურჯი ფერის მინის რამდენიმე მძივი (სინაურიძე, გვრიტიშვილი 1986: 72). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

ნასოფლარი ბუჩურიანი-ბუჩურაშენი მდებარეობდა კაზრეთის კარიერზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყით დაფარულ ფერდობზე. ბუჩურაშენის ეკლესია წარმოადგენდა დარბაზული ტიპის მცირე ნაგებობას (3,2X2,2 მ). კლდის ფლეთილი ქვებით ნაგები ტაძრის კედლებს პერანგი შემოცლილი ჰქონდა. კედლებში ჩაშენებული იყო ორნამენტირებული ქვები. აქვე აღმოჩნდა შუაზე გაჭრილი სტელის ბაზა VII-IX სს-ის ბერძნული წარწერით: „სალოცველად სიმენონისა და ავლიანოსისა ყოველთა მათითა სახლითურთ. უფალო შეეწიე თეოდორეს“ (ყაუხჩიშვილი 1967: 152-165). 1970 წ. ეკლესია მშენებლებმა ააფეთქეს. ნაეკლესიარის დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ძველი ნაგებობის ნაშთი – ერთ რიგად დაწყობილი 4 გათლილი ქვა. აქ მიკვლეული არქეოლოგიური მასალა ძირითადად წარმოდგენილია ქვის ჯვრებითა და სტელებით. კერამიკა მცირერიცხოვანია. სტელები და ჯვრები შემკულია მცენარეულ-გეომეტრიული მოტივებით. ნანგრევების გროვაში აღმოჩნდა მომწვანო ტუფის სტელის ფრაგმენტი. ვაზის ფოთლებს, მტევნებსა და სპირალურად დახვეულ ვაზის ულვაშებს შორის მოთავსებულია ფრინველი და რომელიღაც ცხოველი (მელა?), რომლებიც ყურძენს ჭამენ. ერთ-ერთი სტელის ფრაგმენტზე წარმოდგენილია მედალიონში მოთავსებულია ცხოველის სტილიზებული გამოსახულება. ამავე ფრაგმენტს უნდა ეკუთვნოდეს მეორე ნატეხი, რომელზეც ამოკაწრულია ბერძნული ასოები ალფა და სიგმა. საყურადღებოა სტელის ფრაგმენტები წმინდანთა გამოსახულებებით, რომელთაც ხელში ჯვარი უჭირავთ. ქვის ერთ-ერთი ჯვრის მკლავზე წარმოდგენილია გადაწნულ მედალიონებში გამოსახული მწოლიარე შველი და წმინდანი. ეკლესიის დასავლეთი კედლის მახლობლად აღმოჩნდა აკროტერიუმის ნაწილები. აკროტერიუმს თავზე აზის უხეშად გამოთლილი კოპი, რომელიც თაღს გადმოგვცემს. გვერდები გაფორმებულია, როგორც ეკლესიის ფასადები. ვ. ჯაფარიძის აზრით, ეკლესია განვითარებულ შუა საუკუნეებში აუგიათ უფრო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომელიც V-VI სს-ით შეიძლება დათარიღდეს (ჯაფარიძე 1975: 73-78). მ. სინაურიძეს მიაჩნდა, რომ ბუჩურიანის ეკლესიის მიდამოები VI-VII სს-ში იყო საკულტო ადგილი, რაზეც მიუთითებს ამ ადგილებში მრავლად აღმოჩენილი სტელები და ჯვრები. VII-X სს-ში იქ უნდა აეგოთ ეკლესია, რომლის წყობაში გამოუყენებიათ ადრე შუა საუკუნეების სტელა-ჯვრები. განვითარებულ და გვიან შუა საუკუნეებში ეკლესია არაერთხელ შეუკეთებიათ (სინაურიძე 1985: 43). ბუჩურიანის მიდამოებში შემთხვევით აღმოჩნდა თითბრის საბეჭდავი, მრავალწახნაგა რგოლითა და ფარაკზე არწივისა თუ შევარდენის გამოსახულებით. ბეჭედი VI-VII სს-ით თარიღდება. ეკლესიის მახლობლად გამოვლინდა XII-XIII სს-ის მრავალფერად მოჭიქული კერამიკის ნატეხები და კრამიტის ფრაგმენტები, რომლებზეც ქართული ასომთავრული ასოებია (ლ, ი, მ) გამოსახული. იმავე პერიოდით თარიღდება იქვე აღმოჩენილი მშვილდის დასაჭიმი ბრინჯაოს რგოლი. ეკლესიის დანგრევის შემდეგ ფერდობზე გამოვლინდა შუა საუკუნეების უინვენტარო ქვის სამარხები (სინაურიძე 1985: 42, 43). ბუჩურიანის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

მდ. კაზრეთულას მარჯვენა ნაპირზე, ტყიან ფერდობზე მდებარეობს ნახევრად დანგრეული ეკლესია და სამაროვანი. ეკლესია დარბაზული ტიპისაა (3,3X4,8 მ). გათხრებამდე თითქმის მთლიანად მიწით იყო დაფარული. ჩანდა მხოლოდ ქვის საკურთხეველი, სტელის ბაზის ზედა ნაწილი და ფორებიანი ოთხკუთხა ქვა. გათხრების შემდეგ აღმოჩნდა ეკლესიის ერთ-ერთ კუთხეში ჩაშენებული ქვა. მსგავსი ქვა გამოვლინდა კედლის გაგრძელებაზე, მეორე კუთხეშიც. თითოეულზე წარმოდგენილი იყო წრეში გამოსახული ტოლმკლავა ჯვარი. რელიეფები V-VII სს-ით თარიღდება. ისინი სტელის ბაზებია, რომლებიც შემდეგ ეკლესიის მშენებლობაში გამოუყენებიათ. შემაღლებულ აფსიდაში ქვის საკურთხეველია. კედლები შემორჩენილია 1-1,2 მ სიმაღლეზე. კარის თავზე ჩაშენებულია ორი ადრეული ხანის რელიეფი ჯვრის გამოსახულებით. შესასვლელი კარის მარჯვნივ აღმოჩნდა ქვის ოთხკუთხა ემბაზი. ეკლესიის გათხრებისას გამოვლინდა ქვის ჯვრებისა და რელიეფური ფილების ფრაგმენტები. მათ შორის, აღსანიშნავია ჯვრის ქვედა მკლავი ორი ერთმანეთზე გადაწნული რელიეფური მედალიონით, რომელთაგან ერთში ტოლმკლავა ჯვარი, მეორეში ღვთისმშობელია გამოსახული. ეკლესიის კედლებში და მის გარშემო აღმოჩენილი ქვები ადრე შუა საუკუნეებისაა. განვითარებულ შუა საუკუნეებში ძეგლის გარშემო ტერიტორია ეკავა სამოსახლოებს, რაზეც მიუთითებს იქ აღმოჩენილი კედლის ნაშთები, მოჭიქული კერამიკისა და კრამიტის ნატეხები. ეკლესია დანგრეული ჩანს XII ს-ის ბოლოსა და XIII ს-ის დასაწყისში. გვიან შუა საუკუნეებში ეკლესია კვლავ აუშენებიათ. მის გარშემო კი გაჩენილა სამაროვანი, რომელშიც გამოვლინდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი უინვენტარო ქვის სამარხები. ეკლესია და სამაროვანი დაახლოებით თანადროულია და შეიძლება დათარიღდნენ არა უადრეს XIII და არა უგვიანეს XVI-XVII სს-სა (სინაურიძე 1985: 45-47). განათხარი მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

სამაროვნის მახლობლად, 2,5 ჰა ფართობზე განფენილია რკინის წარმოების ნაშთები. იქ ხელოვნური ბაქნის სამხრეთ ნაწილში აღმოჩნდა რკინის სადნობი სახელოსნო, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში ხელოსანთა დროებითი საცხოვრებლის ნაშთები. სახელოსნოში იატაკის დონეზე სამ ადგილას გამოვლინდა დამწვარი თიხის ლაქები, რომელიც რკინის სადნობი ცილინდრული ქურების საცეცხლურების კვალს წარმოადგენდნენ. თითოეული მათგანის წინ გამართული იყო საწიდე ორმოები. საცხოვრებელ ნაგებობაში აღმოჩნდა კერის, თიხის ოთხკუთხა ღუმლისა და თონის ნაშთები. ნაგებობაში გამოვლენილი მოჭიქული და მოუჭიქავი, აგრეთვე აბუ-საიდის (XIV ს.) სპილენძის მონეტის მიხედვით რკინის სადნობი სახელოსნოები და საცხოვრებელი ნაგებობები XIII-XIV სს-ით თარიღდება (გძელიშვილი ... 1966: 32, 33). ამ მიდამოებში რკინის სადნობი სახელოსნოს სხვა ნაშთებიცაა მიკვლეული. მესამე ტერასაზე გამოვლინდა ქურის ფრაგმენტები. ქურის თავზე, კლდეში ამოკვეთილი იყო პატარა „თაროები“, რომლებზეც ეყარა მადნის ფხვნილი და ხის ნახშირი. ქურის კედლები ნაშენი იყო კლდის ფლეთილი ქვით თიხაზე. საწიდე ორმოები ოვალურია. ქურები კონსტრუქციით ორმოს ტიპიდან შახტური ტიპის ქურებზე გარდამავლი ელემენტებით ხასიათდება. მათში ჩატვირთვა ზემოდან წარმოებდა. საბერველი მილები ქურის წინა კედლის კუთხეებიდან შედიოდა. გათხრებისას აღმოჩენილი მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის მიხედვით რკინის სადნობი სახელოსნო XI-XIII სს-ით თარიღდება (გძელიშვილი ... 1967: 83-85). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

კაზრეთის სამების ეკლესია დგას მდ. კაზრეთის მარჯვენა ნაპირზე. ის დარბაზული ტიპისაა, (15,97X9,43 მ) მინაშენებით. გეგმით სწორკუთხაა, ნახევარწრიული ღრმა აფსიდით. შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდანაა. დასავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადები შემკულია მდიდრული დეკორით. ინტერიერში მოხატულობის კვალიღაა შემორჩენილი. ეკლესია გადახურული ყოფილა კერამიკული ლორფინის ორფერდა სახურავით. თარიღდება XIII ს-ის პირველი მეოთხედით (დოლიძე 1970: 4-10). 1846 წ. ალ. ჯამბაკურ-ორბელიანს გადმოუწერია ტაძრის ინტერიერზე შავი მელნით შესრულებული 1672 წ-ის წარწერა, რომელიც მთავარეპისკოპოს ნიკოლოზ ბოლნელს ეკუთვნის. წარწერაში ტაძარი მონასტრადაა მოხსენიებული (თაყაიშვილი 1951: 155-157). მისი ეზო შემოსაზღვრულია ქვითა და აგურით ნაშენი გალავნით, რომლის შიგნით რამდენიმე ნაგებობა დგას. მათ შორის, ერთი საოსტიგნეა. გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კედელთან შემორჩენილია ორსართულიანი სასახლის ნანგრევი, სარკმელების, ბუხრისა და სართულშუა გადახურვის ნაშთებით. მონასტრის გარშემო რამდენიმე ნასოფლარია. კაზრეთიდან კარიერისაკენ მიმავალი გზის გაყვანის დროს მშენებლებს დაუნგრევიათ მონასტრის ზღუდის ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე საცხოვრებელი ნაგებობები, რომლებიც ეკლესიის გარშემო ყოფილა განლაგებული. ეკლესიის დასავლეთით, ზღუდიდან 10 მ-ის დაშორებით გაითხარა ერთი საცხოვრებელი ნაგებობა. იმ ადგილას უნდა ყოფილიყო სოფელი ისპიანი. იოანე ბაგრატიონი „ქართლ-კახეთის აღწერაში“ ისპიანს უწოდებდა მთელი კაზრეთის ხეობას, მაგრამ ხეობის სოფლების ჩამოთვლისას ისპიანის სახელით ცალკე სოფელსაც მოიხსენიებდა (ბაგრატიონი 1986: 53). ნაგებობა მოიცავდა წინკარს, დარბაზს, სამზარეულოს, მარანსა და ბოსელს. სახლი ნაშენია ქვითა და ალიზით. კედლების სისქე 1 მ აღწევდა. წინკარი (30 კვ მ) ერთი მხრიდან ღიაა. სამი მხრიდან კი სამზარეულოს, დარბაზისა და ბოსლის კედლები ესაზღვრება. წინკარში გავლით შეიძლებოდა შესვლა დარბაზსა და ბოსელში. წინკარში აღმოჩნდა ქვიშაქვის ორი ბრტყელი ლოდი – ხის ბოძების საყრდენი ბალიშები. დარბაზი (56 კვ მ) გეგმით ოთხკუთხაა. დარბაზში აღმოჩნდა თონე და კერა. ამ უკანასკნელის გარშემო გამოვლინდა ქვის ოთხი ბალიში – დედაბოძის დასაყრდენი. სამზარეულო (26 კვ მ) გეგმით ოდნავ წაგრძელებულია. ცენტრში გამოვლინდა ქვებშემოწყობილი კერა. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში – თონე. მარანში (18 კვ მ) გაიწმინდა 14 სხვადასხვა ზომის ქვევრი, რომელთა პირები იატაკს ყოველთვის არ უსწორდება. იატაკის დონიდან ზევით აწეული ქვევრები ჩაკირულია, დანარჩენები – ჩაუკირავი. ქვევრებს თავებზე ეფარა ბრტყელი ფილაქვა. ბოსელი (66 კვ მ) მოგრძოა. რამდენიმე ადგილას, კედლების გასწვრივ დამოწმებული იქნა ქვაფენილი. იატაკი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ოდნავ დამრეცია. ბოსელში აღმოჩნდა კერა, სანაცრე ორმო და თონე. კედლებთან გამოვლინდა ხის ბოძების საყრდენი ქვიშაქვის ბალიშები. ნაგებობის გათხრებისას აღმოჩნდა სადა, გრეხილი და დაკბილული სარტყლებით შემკული ქვევრები, დერგები, რომელთაგან ერთი შემკულია მამალი ხოხობის გამოსახულებით. განათხარ მასალაში გვხვდება: დოქები, ქოთნები, ჯამები, ჭრაქები, მოჭიქული ჯამები, ფაიანსის ნატეხი, მინის ჭურჭლის ფრაგმენტი, რკინის მოხრილი დანა (სასხლავი), ნალი, სალესი ქვა და სხვ. ნაგებობა იქ აღმოჩენილი მასალის მიხედვით XI-XIII სს-ით თარიღდება. ნასახლარი XIII-XIV სს-ის მიჯნაზე მიუტოვებიათ (ნასიძე 1969ა: 74-84).

საცხოვრებელი ნაგებობა გაითხარა სვიას ნასოფლარზეც. ის წარმოადგენდა ოთხბოძიან დარბაზს (6,5X8 მ), რომლის ცენტრში გამართული იყო კერა. შენობა მოიცავდა აგრეთვე წინკარს, სამზარეულოს, ღუმლიან სენაკს, მარანს, საკუჭნაოსა და ბოსელს. ნაგებობა, იქ აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმის მიხედვით, გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება (გძელიშვილი ... 1967: 83-85). ისპიანისა და სვიას ნასოფლარის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

კაზრეთის ცენტრში მშენებლობის დროს აღმოჩნდა შუა საუკუნეების სამაროვანი, რომელშიც გამოვლინდა უინვენტარო ქვის სამარხები. მიცვალებულები დაუკრძალავთ ზურგზე გაშოტილნი, თავით დასავლეთით, გულხელდაკრეფილები (სინაურიძე 1978: 124). დაბიდან კარიერისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს მდებარეობს სამაროვანი. უინვენტარო ქვის სამარხებში მიცვალებულები ესვენა ზურგზე, გაშოტილი თავით დასავლეთით (სინაურიძე 1974: 102).

კაზრეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფ. კიანეთსა და მუშევანს შორის, მდ. მაშავერას მარჯვენა ნაპირზე, ტყიან ფერდობზე მდებარეობს დავით გარეჯელის ნახევრად დანგრეული დარბაზული ტიპის ეკლესია. ნაგებობა დგას მაღალ ცოკოლზე. ეკლესია გეგმით მოგრძო ოთხკუთხედია. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კონქში დიდი სარკმელი და ორი ნიშია, ერთი შეისრული, მეორე ოთხკუთხა. სარკმლებია სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიც. კედლები მოპირკეთებულია მოყვითალო ქვათლილებით. აღმოსავლეთი ფასადი მდიდრულადაა მორთული. ეკლესიის შესასვლელის თავზე ყოფილა მხედრული წარწერა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ჟამთა ვითარებისაგან დანგრეული 1709 წ. აღუდგენია ერასტი მდივანბეგსა (ორბელიანს) და მის მეუღლე ანახანუმს (თაყაიშვილი 1951: 165). წარწერა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

ეკლესიის დასავლეთით მდებარე მოგრძო ოთხკუთხა ეკვდერი ნახევრად დანგრეულია. ნაგებობას სამხრეთიდან ფართო შესასვლელი და კედელში გამოჭრილი ოთხკუთხა თარო აქვს. გადახურული ყოფილა კამარით. ეკვდერსა და ეკლესიის ეზოში თავის დროზე შემორჩენილი იყო საფლავის ქვები მხედრული წარწერებით, რომლებიც თარიღდება XVIII ს-ის პირველი მესამედით (სინაურიძე 1986: 98-102).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1965: 122; ბაგრატიონი 1986: 53; ბერძენიშვილი 1963: 10-12; ბერძენიშვილი 1979: 58-63; გამყრელიძე 1995: 124-129; გიულდენშტედტი 1962: 223; გძელიშვილი 1960: 20-33; 1964: 186-192; 1965: 507-512; 1966: 174; 1966ა: 19-21; 1967: 145, 146; 1968: 268; 1969: 87, 88; გძელიშვილი, ამირანაშვილი 1965: 53-56; გძელიშვილი ... 1966: 32, 33; 1967: 83-85; გორგიჯანიძე 1926: 95; თაყაიშვილი 1924: 34, 40; 1951: 155-157; ლომთათიძე 1977: 138; ლორთქიფანიძე 1935: 317; ლორთქიფანიძე 1961: 66, ტაბ. IV,17; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 116; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 22, 58, 61; ნასიძე 1969ა: 67-84; საქ. სიძ. 1920: 430, 437, 478; სინაურიძე 1972: 64, 65; 1974: 92-105; 1974ა: 437; 1975: 75-88; 1977: 129-141; 1977ა: 2-25; 1978: 124-133; 1985; 1985ა: 36, 37; 1986: 98-102; სინაურიძე, ბერაძე 1971: 46-49; სინაურიძე, გვრიტიშვილი 1986: 68-75; სინაურიძე, გიუნაშვილი 1976: 96-105; ქც 4: 311,25; 316,5; ღვაბერიძე 1986: 81; ყაუხჩიშვილი 1967: 152-165; ჩუბინაშვილი 1972: 48; ხარაძე 1991: 38; ჯამბურია 1955: 58-63; ჯაფარიძე 1970: 52-63; 1975: 73-78; 1982: 79.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9