კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კალმახი 

ციხე (ქც 4: 126,9; 147,27; 683,1,4, 695,17).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 126,9; 147,27; 683,1,4; 695,17), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 244,12), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 304,22), სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ (ქც 1: 379,24), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 213,14), „ნოტიტია ანტიოხენა“ 1055 წ. იერუსალიმურ-ბერძნული ხელნაწერი, ვატიკანისა და ეჩმიაძინის ორი სომხური ხელნაწერი (ბენეშევიჩი 1927: 106; კონიბერი 1896: 125, 126; ფინკი 1902: 16).

კალმახის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „არტანუჯის მდინარის შესართავს ზეით, ჭოროხს მოერთვის თორთომის მთიდამ გამომდინარე წყალი, რომელი მოდის აღმოსავლეთად. ამ ხევზედ არს ციხე კალმახისა, რომელი აღაშენეს პიტიახშთა, დიდ-შენი, მაგარი და შეუალი. იყო საერისთაო ტაოსი“ (ქც 4: 683,2-8).

ლოკალიზდება ქართულ ისტორიულ პროვინცია ტაოში. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში. ციხის ადგილმდებარეობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ვახუშტი ბაგრატიონი მას მართებულად არ განსაზღვრავდა. კალმახის ციხეს აიგივებენ ქაჯის ციხესთან (შაითანკალე) (ტიერი 1960: 58, 59); ვანქის (ვაჩეძორის) ეკლესიის მაღლა არსებულ ციხესთან (თაყაიშვილი 1938: 15); არსებობს კალმახის ციხის ლოკალიზაციის მცდელობა მდ. ოლთუ ჩაის ნაპირთან იშხანსა და ფანასკერტს შორის; ფენიაქის (ოლთუ-ფენექის) ველის მაღლა, მდ. ოლთუჩაის ნაპირას, ოლურსა და ოლანს შორის (ედვარდსი 1985: 32). კალმახის ციხე იდენტიფიცირებულია კამხის კალესთან (ბაუმგარტნერი 1993). კამხის კალე ანუ კალმახ-ციხე აგვირგვინებს მთას, რომელიც კუმურლუს ველზეა აღმართული, ზღვის დონიდან 1650 მ სიმაღლეზე, ჰარაფ კილისეს ნანგრევებიდან 8 კმ-ის მანძილზე.

IX ს-ში ტაო და კალმახის ციხე ქართველი მეფეების სამკვიდრო იყო. XI ს-ში ის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა მეფე ბაგრატ IV-ისა (1027-1072) და დიდმთავარ ლიპარიტს შორის ურთიერთობაში. მას შემდეგ, რაც ლიპარიტმა ბიზანტიის დახმარებით ტაო-კლარჯეთი დაიპყრო, მას აუჯანყდა სულა, კალმახის ერისთავი. სულამ ის შეიპყრო, კალმახის ციხეში გამოამწყვდია და ეს ამბავი ბაგრატ IV-ს ამცნო. ამისათვის მეფემ სულა კალმახელი გულუხვად დააჯილდოვა (ქც 4: 147,22; 148,28). რუსუდან დედოფლის გარდაცვალების შემდგომ ერზინკის სულთანმა და სხვა ემირებმა გამოილაშქრეს საქართველოსაკენ. მათ წინაღუდგა ყუარყუარე ციხისჯვარელ-ჯაყელი, რომელიც ლაშქრით „მოვიდეს თავსა კალმახისასა“ (ქც 2: 213,14).

კალმახის ციხე (კამხის კალე) არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

კამხის კალე აგებულია მთის წვერზე. მთის მასივი ხელოვნურადაა ჩაკვეთილი მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ციხე იყო აღმართული. ჩრდილოეთ მხარეს დაახლ. 30 მ სიგრძეზე შემორჩენილია გალავნის ნაწილი, შუაში ორი წრიული კოშკით. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში განირჩევა მესამე კოშკის ფუნდამენტი. გალავანი აგებულია უხეში ფლეთილი ქვით დუღაბზე. გალავნის შიდა სივრცე შედგებოდა ორი თავდაცვითი ზონისაგან. სამხრეთის მხარე უფრო ცუდად იყო დაცული. იქ კლდე ჩამოშლილია. კარიბჭე უნდა ყოფილიყო შუამდებარე ორ კოშკს შორის. კალმახის ციხე XVII ს-ში მიატოვეს ქართველებმა (ბაუმგარტნერი 1993: 325, 326).
 
ბიბლიოგრაფია: ბაუმგარტნერი 1993: 315-327; ბენეშევიჩი 1927: 106; ედვარდსი 1985: 15-37; თუმანოვი 1881; თაყაიშვილი 1938: 15; კონიბერი 1896: 125, 126; ტიერი 1960: 58, 59; ტიერი 1968; ფინკი 1902: 16; ქც 1: 244,12; 304,22; 379,24; ქც 2: 213,14; ქც 4: 126,9; 147,27; 683,1,4; 695,17.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9