კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კარალეთი

(ნაჭარმაგევი) (ქც 4: 368,24,25).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 152,6; 156,3; 157,22; 166,23; 170,20; 177,23; 178,28; 191,19, სქ. 1; 204,5; 368,24,სქ.3; 369,2), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 324,19; 332,18), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 7,8 ; 20,7,10; 51,2; 54,12,19), ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 2: 144,12), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 183,2), ხელმწიფის კარის გარიგება (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 89), ნიკო დადიანი „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 99), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 40), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 240), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 6, 20; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 270, 315, 685; საქ. სიძ. 1920: 91, 95; მასალები ქართ. სამეფოს ... 1964: 5, 143; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 104, 137), ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ... 1979: 192), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 279).

ვახუშტი ბაგრატიონი კარალეთ-ნაჭარმაგევის შესახებ გადმოგვცემს: „გორს ზეით ლიახვს ერთვის გორისავე ჭალისა და ნაჭარმაგევისა წყალნი. ნაჭარმაგევი იყო სადგური მეფეთა და კეთილსანადირო, და აწ კარალეთად წოდვილი, ადგილი ტურფა, ჭალიან-მინდვრიანი, ნადირიანი, ფრინველიანი“ (ქც 4:3 68,23-26).

მდებარეობს გორის მუნიც-ში, გორიდან 8 კმ-ის დაშორებით, გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე, სოფ. კარალეთის ტერიტორიაზე. ნაჭარმაგევი წარმოადგენს კარალეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნაწილს. გადმოცემით ნაჭარმაგევი სოფელს დარქმევია. იმის გამო, რომ აქ ამოუვლია ცხინვალს მიმავალ თამარ მეფეს (1184-1207) ცხენით, რომელსაც ნაჭარმაგევი რქმევია. ცხენი ამ ადგილზე მომკვდარა და მასაც ნაჭარმაგევი დაერქვა. სხვა ვერსიით „ნაჭარმაგი“ ნაშრომს ნიშნავს (მეგრელიძე 1984: 35).

დავით აღმაშენებლის გამეფების დროს (1089-1125) მეფეთა სანადირო ნაჭარმაგევს ყოფილა (ქც 1: 324,19). 1115 წ. დავითი ნაჭარმაგევს იდგა, როცა თრიალეთის მხრიდან საქართველოს თურქები შემოესივნენ. დავითი ნაჭარმაგევიდან ტანას ხეობით ერთ დღეში გადავიდა თრიალეთს და მტერი დაამარცხა (ბერძენიშვილი 1966: 21-24). 1178 წ. მეფე გიორგი III-მ (1156-1184) თამარი მეფედ გამოაცხადა ნაჭარმაგევს (ქც 2: 20,9-12). 1191 წ. თამარ მეფის წინააღმდეგ აჯანყებული გიორგი რუსის მომხრე დიდებულებმა მოაოხრეს ნაჭარმაგევი გორამდე (ქც 2: 51,1,2). თამარი ნაჭარმაგევს დასნეულდა (ქც 2: 144,10-18). 1234 წ. ნაჭარმაგევში შეიკრიბა ჯალალედინის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველთა ლაშქარი (ქც 4: 204,4,5). კონსტანტინე II-მ (1478-1505) კარალეთი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილს უბოძა (გვრიტიშვილი 1955: 12; გვასალია 1983: 75,სქ.40). 1703 წ. საბუთით კარალეთის ჭალა ნაკოშკარისა და მეფის წყაროს ზევით ეკუთვნოდა ქსნის ერისთავებს, ქვევით – თუმანიშვილებს (გვასალია 1983: 76). 1756 წ. ივლისში ლეკის ჯარი თავს დაესხა კარალეთის ციხეს. მათ აიღეს ქვედა გალავანი და წაიღეს ალაფი. თეიმურაზ II (1744-1762) და ერეკლე II (1744-1798) ლეკებს დაეწივნენ და დაამარცხეს (ორბელიანი 1981: 240). XVIII ს-ის ბოლოს კარალეთი ერისთავების კუთვნილებაა (გვასალია 1983: 76). ნაჭარმაგევ-კარალეთზე მნიშვნელოვანი გზები გადიოდა: ნაჭარმაგევი – მუხრანი; კახეთი – მუხრანი – ნაჭარმაგევი; ნაჭარმაგევი – გორი – ტანას ხეობა – თრიალეთი (ბერძენიშვილი 1966: 21-24, 27, 33, 46, 47).

კარალეთში შემთხვევით აღმოჩენილია ბრინჯაოს ყუამილიანი ცული. 1955 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) კარალეთში მიაკვლია გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის გორა-ნამოსახლარს, სადაც ზედაპირულად აიკრიფა: კაჟის ნამგლის ჩასართები; კაჟის ლამელა; ბრინჯაოს მძივის ნატეხი; სარდიონის კასრისებრი მძივი; შავად და წითლად გამომწვარი თიხის პრიალაზედაპირიანი ჭურჭლის ნატეხები, შემკული ირიბი შტრიხების სარტყლით, რელიეფური ხაზებითა და რომბებით (მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 192, 193; სძა 1990: 73).

კარალეთში შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები (გვასალია 1983: 52).

ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (7,9X5,3 მ) დგას სოფლის ჩრდილოეთით სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ნაგებია რიყის ქვით კირხსნარზე. აქვს თლილი ქვის ლავგარდანი და კრამიტის სახურავი. შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდა ნახევარწრიულია. საკურთხევლის წინ დევს განიერი სატრაპეზო ქვა (სძა 1990: 74).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 40; ბერძენიშვილი 1966: 21, 23, 24, 27, 33, 46, 47; გვასალია 1967: 57-120; 1982:29-57; 1983: 73, 75-77, 117, 120; გიულდენშტედტი 1962: 279; დადიანი 1962: 99; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 6, 20; მასალები ქართ. სამეფოს ... 1964: 5, 143; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 104, 137; მეგრელიძე 1984: 35-44; მუსხელიშვილი, ცქიტიშვილი 1960: 185-196; ორბელიანი 1981: 240; საქ. სიძ. 1920: 30, 31; სძა 1990: 73, 74; ქც 1: 324,19; 332,18; ქც 2: 7,8; 20,7,10; 51,2; 54,12,19; 144,12; 183,2; ქც 4: 152,6; 156,3; 157,22; 166,23; 170,20; 177,23; 178,28; 191,19,სქ.1; 204,5; 368,24, სქ. 3; 369,2; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 89; 1981: 68, 514; ჩილდირის ... 1979: 192.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9