კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კასპი 

ქალაქი, დაბა (ქც 1: 143,18; 145,23; ქც 4:364,28; 365,1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1: 10,6; 17,20; 109,10; 121,8), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 86,9; 100,5; 101,4; 348,6; 352,21; 364,9,27,28; 365,1, სქ. 2; 366,8; 412,8), „მოქცევაი ქართლისაი“ (მქ 1963: 81, 82), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 143,18; 145,23), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 524,23), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 57), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 39), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 79,10, 133,12,13), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 195, 326, 332, 356; საქ. სიძ. 1910: 9; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 42; 1953: 220; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 104, 138; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 119, 120; 1970: 179, 266, 991; 1972: 433, 470, 520, 598; 1981: 757; 1985: 273, 374, 743; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 119), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 189, 275).

მდებარეობს შიდა ქართლში, მდ. ლეხურას ნაპირებზე, დღევანდელი ქ. კასპის ტერიტორიაზე.

ისტორიული ტრადიციის თანახმად კასპი აღაშენა ქართველთა ეთნარქის, მცხეთოსის ძემ, უფლოსმა (ქც 4: 10,6). ძვ. წ. IV ს-ში კასპი იხსენიება შიდა ქართლის ოთხ უმთავრეს ქალაქთა შორის (მქ 1963: 81). კასპისაკენ მიმავალ მეფე მირიანს დაუბნელდა მზე, რის შემდეგაც მან ქრისტიანობა იწამა (ქც 1: 109,10). წყაროში მოხსენიებული „კასპის გარდასავალი“ (ქც 1: 121,8) დღევანდელი აღაიანის გადასასვლელია, რომელიც კასპს აკავშირებდა მუხრან-მცხეთის ქვეყანასთან (მუსხელიშვილი 1977: 51-53). ვახტანგ გორგასლის დას, მირანდუხტს, ზრდიდა კასპის სპასალარი. მოგვიანებით ჩრდილო კავკასიელებმა ქართლი ააოხრეს, კასპი დაარბიეს და მირანდუხტი ტყვედ წაიყვანეს (ქც 1: 143,18, 145,23). მურვან-ყრუს შემოსევების შემდეგ კასპი დაკნინდა და დაბად გადაიქცა (ქც 4: 365,1,2). XV ს-ში კასპს ფლობდნენ ზედგინიძე-ამილახვრები (გვასალია 1983: 89, 94).

1928 წ. კასპის რკინიგზის მახლობლად, ადგილ „მჭადას“ ტერიტორიაზე გაითხარა სამარხები, რომლებშიც აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი, მძივები და პართიის მეფის გოტარზეს (40/41-51) დრაქმა. სამარხები თარიღდება ახ. წ. I ს-ით (ჭილაშვილი 1968: 38; აბრამიშვილი 1974: 104). 1934 წ. კასპში შემთხვევით აღმოჩნდა მოჭიქული ჯამები, რომელთაგან ერთი ლომის გამოსახულებითაა შემკული, მეორე – მცენარეული ორნამენტით. თარიღდება XI-XIII სს-ით (ჯაფარიძე 1956: 63, 64). 1936 წ. კასპის საკრებულოს შენობის საძირკვლის ამოღების დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს მთლიანადსხმული, დაფანჯრულთავიანი სატევარი (ჭილაშვილი 1968: 38). 1937 წ. კასპში მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე, ადგილ „ქეჩარუხზე“ გაითხარა ადრე შუა საუკუნეების სამი სამარხი, რომლებშიც მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ხელფეხმოკეცილნი. სამარხებში აღმოჩნდა რამდენიმე თიხის ჭურჭელი (ნიორაძე 1937: 362). 1959 წ. აქვე გამოვლინდა პართიის მეფის, ვოლოგეზ I-ის (51-77/78) დრაქმა (აბრამიშვილი 1974: 108). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

1962-1963 წწ. კასპის ცენტრში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ტერიტორიაზე ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის, მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის კასპის რაზმმა (ხელმძღ. ალ.კალანდაძე) შეისწავლა გვიანი ბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი. გაითხარა სწორკუთხა და ოვალური ფორმის ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი ორმოსამარხები, რომლებიც უმეტესად გადახურული იყო ხის ძელებით, ორი კი ქვის ფილებით. სამარხები ძირითადად ინდივიდუალურია, იშვიათად წყვილადი. მიცვალებულები დაკრძალულია ხელფეხმოკეცილი, მარჯვენა (მამაკაცები) ან მარცხენა (ქალები) გვერდზე, თავით ჩრდილოეთით. იშვიათი გამონაკლისის სახით გვხვდება ქალების მარჯვენა გვერდზე ან გაშოტილი დაკრძალვა. ზოგიერთ სამარხში აღმოჩნდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ძვლები. სამაროვანზე გამოიყო გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ოთხი ეტაპის სამარხები: 1. ძვ. წ. XIV-XIII ს-ის დასაწყისის სამარხებში აღმოჩნდა ჩარხზე დამზადებული ლეგა-მოშავოდ გამომწვარი კერამიკა: დერგები, სადღვებლები, ქოთნები, ქილები, სასმისები, პირმოყრილი ჭურჭელი, ლანგრები; საბრძოლო იარაღიდან გვხვდება: ბრინჯაოს ფოთლისებური ფორმის ყუნწიანი და უყუნწო სატევრები, მასრაგახსნილი შუბისპირები; სამკაულებიდან აღსანიშნავია: ბრინჯაოს თავხვია, სადა ან გრეხილღეროიანი საკინძები, მრგვალთავიანი საკინძები ოთხი კოპით. 2. ძვ. წ. XIII-XII სს-ის სამარხებში აღმოჩენილი კერამიკა ხასიათდება დახვეწილი ფორმებითა და მრავალფეროვანი ორნამენტით. იარაღიდან ამ სამარხებში აღმოჩნდა: ბრინჯაოს ე. წ. „კახური“ ტიპის სატევარი, რელიეფურსარტყლიანი შუბისპირი, ფოთლისებური სატევარი. 3. ძვ. წ. XI-X სს-ის სამარხებში აღმოჩნდა ლითონის ჭურჭლის მიბაძვით დამზადებული თიხის ჭურჭელი და მილიანი ბადიები. ლითონის ნივთებიდან გვხვდება: ბრინჯაოს მთლიანადსხმული მახვილები, ყალიბში ჩამოსხმული ორნამენტირებული შუბისპირები, მრგვალთავიანი საკინძები, რკინის დანისპირი, აბზინდა და რგოლი. 4. ძვ. წ. IX-VII სს-ის სამარხებში მრავალფეროვანი თიხის ჭურჭლის გარდა აღმოჩნდა: რკინის მასრაგახსნილი შუბისპირები, სატევარი ბრინჯაოს ქარქაშით, რკინის მოხრილი დანები, ბრინჯაოს გრძელყუნწიანი, ორფრთიანი ისრისპირები, საკინძები. მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (ბარამიძე 1965: 31-66).

კასპში კოსმონავტების ქუჩაზე, ადგილ „შილხანაანთ ვენახში“, შემთხვევით გამოვლინდა სამაროვანი, რომელიც თარიღდება ძვ. წ. XIII-XII სს-ით. ქვაყრილიან ორმოსამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი და სარდიონის ექვსწახნაგა მძივები. მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (სძა 1990: 135).

ქალაქის ცენტრში არსებული გორანამოსახლარი (კასპის გორა) თარიღდება გვიანი ბრინჯაო-ადრერკინის ხანით. იქვეა შემორჩენილი გვიანი შუა საუკუნეების ფენები (სძა 1990: 131). ნამოსახლარი „წითლობის გორა“ მდებარეობს მდ. ლეხურას მარცხენა ნაპირზე, კასპის სამაროვნიდან 1 კმ-ის დაშორებით. ზედაპირული მასალებით ძეგლი თარიღდება გვიანი ბრინჯაო-ადრერკინის ხანით (ბარამიძე 1965: 59). ადრერკინის ხანით თარიღდება კოწახურას ხევის დასავლეთით 700-800 მ დაშორებით აღმოჩენილი ნამოსახლარები „ნამგალა გორა“ და „ხვავია გორა“ (სძა 1990: 133). კასპიდან სოფ. კავთისხევისაკენ მიმავალი გზის პირას მდებარეობს ადრერკინის ხანით დათარიღებული ნამოსახლარი „ნაცარგორა“ (სძა 1990: 133).

1979-1989 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კასპის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. გ. ცქიტიშვილი) გათხრებს აწარმოებდა კასპის დასავლეთით, 2 კმ-ის დაშორებით მდებარე ნაქალაქარზე (ფართობი 60 ჰა), რომელსაც დასავლეთიდან ესაზღვრება კოწახურას ხევი, სამხრეთიდან კასპი-მეტეხის საავტომობილო გზა, ჩრდილოეთიდან კი წლევის ქედი. ნაქალაქარი დასახლებული ყოფილა უბნებად. გაითხარა სამხრეთი უბნის ერთი კომპლექსი (ფართობი 750 კვ.მ). გაითხარა საცხოვრებელი, სამეურნეო და საკულტო დანიშნულების სათავსოები. კედლები ნაგებია ალიზით, რიყის ქვის საძირკველზე. საცხოვრებელი ნაგებობები გადახურული იყო წითლად შეღებილი კრამიტით. იატაკი ქვითაა მოგებული. სათავსოებს ჰქონდა ბანური გადახურვა. იატაკი თიხატკეპნილია. სამეურნეო სათავსოებიდან აღსანიშნავია მარანი (ფართობი 50 კვ მ). მასში აღმოჩნდა 6 წითლად გამომწვარი და რელიეფური სარტყლებით შემკული ქვევრი. ნაქალაქარზე ჩნდებოდა მოჩალისფრო-მოწითალოდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი: ყელწიბოიანი ხელადები, სამტუჩა დოქები, ქოთნები და სხვ. ნაქალაქარი თარიღდება IV-V სს-ით (სძა 1990: 134).

მის სამხრეთ ნაწილში, კოწახურას ხევის აღმოსავლეთით, 800 მ დაშორებით აღმოჩნდა III-IV სს-ით დათარიღებული სამაროვანი, სადაც გაითხარა 11 ქვის სამარხი. თითოეულში დაკრძალული იყო 3-4 მიცვალებული. გვხვდება როგორც გაშოტილი, ისე გვერდზე, კიდურებმოხრილი დაკრძალვის ფაქტები. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს სარკე, მინის გვერდებშეზნექილი სანელსაცხებლე, ოქროსა და გიშრის მძივები (სძა 1990: 134).

კასპის დასავლეთით, 1 კმ-ის დაშორებით, მტკვრის ხეობაში, კირქვის კლდეებში გამოკვეთილია აკლდამების რამდენიმე ჯგუფი. შედარებით უკეთაა შემორჩენილი ოთხი აკლდამა. №1 (2,5X2,3, სიმაღლე 1,6 მ) და №2 აკლდამების (2,4X2,3, სიმაღლე 1,6 მ) კამერები გეგმით კუთხეებმომრგვალებული კვადრატია. ჭერი შეისრულია. დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებში გამოკვეთილია მიცვალებულთა დასასვენებელი ნიში-თაროები. სამარხი კამერების წინ გამოკვეთილია კარიბჭე, რომელშიც კარია. ასეთივე კარიბჭე აქვს №3 აკლდამას (2,5X2,5, სიმაღლე 1,4-1,6 მ), მაგრამ მას აქვს ბრტყელი ჭერი და არა აქვს ნიში-თაროები. №4 აკლდამას (1,6X1,32, სიმაღლე 1,8 მ) კარიბჭე არა აქვს. ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში გამოკვეთილია ნიში-თაროები. აკლდამები თარიღდება გვიანი ანტიკური ან ადრე შუა საუკუნეებით (სძა 1990:130).

კასპში, მდ. ლეხურის მარცხენა ნაპირზე, რკინიგზის ხაზთან აღმოჩნდა ადრე შუა საუკუნეების ნასახლარი, სადაც ზედაპირულად იკრიფება წითლად შეღებილი, ყელწიბოიანი კერამიკის ფრაგმენტები. კასპის სამხრეთით, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ცემენტის კარიერის დასავლეთით, 4 კმ-ის დაშორებით, წყალსაქაჩთან აღმოჩნდა შუა საუკუნეების ნასახლარი და სამაროვანი. კასპის დასავლეთით 3 კმ-ის დაშორებით მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მთავარანგელოზის ეკლესიის მახლობლად მდებარეობს შუა საუკუნეების ორფენიანი ნასახლარი. კასპში სტალინის ქ. №116 აღმოჩნდა გვიანი შუა საუკუნეების მარანი, რომელშიც გამოვლინდა 9 ქვევრი (სძა 1990: 133, 134).

კასპში ყაზბეგის ქუჩაზე რამდენიმე ეკლესიაა. დარბაზული ტიპის ეკლესია „შუბნიშანი“ (6,5X5 მ) ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვათლილებით, ფლეთილი ქვითა და აგურით. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. მთავარანგელოზის დარბაზული ტიპის ეკლესია (16,65X7,3 მ) ნაგებია აგურით, შირიმისა და რიყის ქვით. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით (სძა 1990: 130, 132).

წმ. თევდორეს ეკლესიის კომპლექსი შედგება დარბაზული ტიპის ეკლესიის, კოშკისა და გალავნისაგან. ეკლესია (13,4X6,3 მ) ნაგებია ფლეთილი ქვითა და აგურით. მოპირკეთებულია თლილი ქვით. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. აფსიდა ნახევარწრიულია. ეკლესიას ჰქონდა ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენები. მას შემოუყვებოდა გალავანი, რომელიც ამჟამად დაზიანებულია. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დგას რიყის ქვით ნაგები მრგვალი კოშკი (დმ 3,8 მ). ორივე გვიანი შუა საუკუნეებისაა (ხმიადაშვილი 1969: 35-39; სძა 1990: 135, 136).

კასპის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. ლეხურას მარცხენა ნაპირზე დგას მაცხოვრის დარბაზული ეკლესია (7,9X5 მ). ნაგებია რიყის, ფლეთილი ქვითა და აგურით. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით (სძა 1990: 133).

ქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით, 3 კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესიაა (10,7X5 მ). ნაგებია ფლეთილი ქვით. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. აფსიდა ნალისებურია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიაზე სამხრეთიდან მიშენებულია ოთხსართულიანი კოშკი (9,9X3,35 მ) (სძა 1990: 133).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1974: 104; ბაგრატიონი 1986: 39; ბარამიძე 1965: 31-66; გამყრელიძე 2009: 54; გვასალია 1983: 89,94; გვეტაძე 1985: 41-46; გიულდენშტედტი 1962: 189, 275; დადიანი 1962: 79,10, 133,12,13; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 42; 1953: 220; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 104, 138; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 119; მქ 1963: 81, 82; მუსხელიშვილი 1977: 51-53; ნიორაძე 1937: 361-363; ორბელიანი 1981: 57; სძა 1990: 130-136; საქ. სიძ. 1910: 9; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 119, 120; 1970: 179, 266, 991; 1972: 433, 470, 520, 598; 1981: 757; 1985: 273, 374, 743; ქრონიკები 1897: 195, 326, 332, 356; ქც 1: 10,6; 17,20; 109,10; 121,8; 143,18; 145,23; ქც 2:524,23; ქც 4: 86,9; 100,5; 101,4; 348,6; 352,21; 364,9,27,28; 365,1, სქ. 2; 366,8; 412,8; ჭილაშვილი 1968: 38; ხმიადაშვილი 1969: 35-39; ჯაფარიძე 1956: 63, 64.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9