კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კალ კამ კაპ კარ კას კატ კაც კაჭ კახ

კაცხი 

მონასტერი, ციხე (ქც 4: 149,15; 416,6; 759,6,8).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 149,15; 416,6; 759,6,8; 820,10; 822,12; 836,8; 868,24; 869,10; 870,4; 880,16; 881,13; 883,6), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 306,2), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2: 376,26; 533,2), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 191, 192, 194, 203, 204, 206; 1897: 197, 343, 427; 1967: 28, 74; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 190; საისტ. კრ. 1928: 42-46, 50-53, 61-64; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 432; ისტ. დოკ. 1958: 38, 53, 54; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 253), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 299, 309), იევლევისა და ტოლოჩანოვის იმერეთის სამეფოში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა (იევლევი 1969: 86, 166; ტოლჩანოვი 1970: 152, 265, 266).

ვახუშტი ბაგრატიონი კაცხის შესახებ გადმოგვცემს: ბოსლებს „ზეით მოერთვის ყვირილას კაცხის წყალი ... ყვირილის შესართავს ზეით ამ წყალზედ არს კაცხს ეკლესია მაცხოვრისა. გუმბათიანი, დიდ-ფრიად კეთილშენი. ზის არქიმანდრიტი. ამის დასავლით არს ციხე კაცხისა, მთის ძირად, კლდესა ზედა, მაგარი. ციხის აღმოსავლითი არს კლდე, ხრამსა შინა აყვანილი, ვითარცა სუეტი, ფრიად მაღალი. მის კლდის თხემზედ არს ეკლესია მცირე, არამედ ვეღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსლვისა“ (ქც 4: 759,5-13).

მდებარეობს ჭიათურის მუნიც-ში, ჭიათურიდან 11 კმ-ის დაშორებით, მდ. კაცხურას (მდ. ყვირილას მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, სოფ. კაცხის ტერიტორიაზე.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI ს-ში. საბერძნეთში გარდაცვლილი ლიპარიტ ლიპარიტის ძე გადმოასვენეს და დაკრძალეს კაცხს, მისი წინაპრების საძვლეში (ქც 1: 306,2). 1587 წ. იმერეთის მეფე ლევანმა თავის ბიძას წაართვა კაცხის ციხე (ქც 4: 820,10; ქრონიკები 1897: 427). 1589 წ. ქართლის მეფე სიმონ I-მა (1556-1600) აიღო სკანდის, კვარას, კაცხისა და სვერის ციხეები (ქც 4: 822,11,12). 1660 წ. ვახტანგ V შაჰნავაზმა (1658-1675) აიღო სვერისა და კაცხის ციხე (ქც 4: 836,6,7). 1709 წ. იმერეთის მეფე გიორგი მიადგა კაცხს, რომელიც ალექსანდრეს ეპყრა (ქც 4: 868,24). პაატა აბაშიძემ კაცხის ციხე მეფეს გადასცა (ქც 4: 869,10-12). 1710 წ. ქველი წერეთელმა აიღო ნავარძეთის ციხე და მისი ზარბაზნები მეფემ კაცხის ციხეში გააგზავნა (ქც 4: 870,4). 1720 წ. სვიმონ აბაშიძემ იმერეთის მეფე გიორგი VI (1703-1750) მოაკვლევინა. იმერეთში გამეფდა ალექსანდრე V (1720-1752), რომელსაც სვიმონ აბაშიძემ მისცა კაცხის ციხე და საგანძური (ქც 4: 880:11-19).

1957 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ყვირილის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კაცხის ტერიტორიაზე მიაკვლია ქვის ხანის ძეგლებს ადგილ „საქორიასა“ და „სარბებში“. საქორია მდებარეობს სოფ. კაცხის სამხრეთ განაპირა მხარეს, მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირზე. ის წარმოადგენს წყალგამყოფს ყვირილას, კაცხურასა და უსახელო მდინარეს შორის. შემოზღუდულია ღრმა ხეობებით. 4-4,5 ჰა ფართობზე ზედაპირულად იკრიფება კაჟის იარაღ-ანატკეცები. მასალაში გამოირჩევა: ხელცულები, საჩეხი იარაღი, წვეტანები, საფხეკები, სახვრეტები. ძეგლზე მრავლადაა ანატკეცები. უძველესი იარაღები მიეკუთვნება ადრე აშელურ ხანას, დანარჩენი გვიან აშელური პერიოდისაა (თუშაბრამიშვილი 1962: 28). საქორიაზე უნდა ყოფილიყო პირველყოფილი ადამიანის როგორც სადგომ-საცხოვრებელი, ასევე დიდი სახელოსნოც. ჭიათურის მუნიც-ში, კაცხ-შალიეთის მიდამოებში დიდი რაოდენობითაა კაჟის ბუდობები (გამყრელიძე, ჩიხლაძე 1937: 94).

ადგილი „სარბები“ მდებარეობს საქორიიდან 500 მ დაშორებით, სოფ. კაცხის სამხრეთ-დასავლეთით, სალიეთის მარმარილოს საბადოს ზემოთ, პლატოზე. სარბებზე მოპოვებული მასალა – ნუკლეუსები, ანატკეცები, იარაღები შედარებით გვიანდელია და მიეკუთვნება გვიან აშელურ ხანას (თუშაბრამიშვილი 1962: 28, 29).

კაცხის ტერიტორიაზე გამოვლენილია ქვედა პალეოლითური ძეგლები. იქ მოპოვებული 2300 ნივთიდან აღსანიშნავია ცალმხრივი და ორმხრივი დისკოიდური ნუკლეუსები; კუს ჯავშნის ფორმის ერთფუძიანი და ორფუძიანი ნუკლეუსები; ხელცულის ნატეხები; წვეტანები; სწორპირიანი სახოკები; უხეში საჩეხ-სახოკები; დიდი რაოდენობითაა რეტუშირებული ანატკეცები და ლამელები. ძეგლი თარიღდება ადრეული მუსტიეს ეპოქით (თუშაბრამიშვილი, ნებიერიძე 1974: 12, 13).

1971 წ. კაცხის სვეტის მიდამოებში გზის გაყვანისას დაზიანდა ენეოლით-ადებრინჯაოსა და რკინის ხანის ნამოსახლარი და რკინის მეტალურგიის წარმოების ნაშთები. გადარჩენილ მცირე ფართობზე აიკრიფა: კაჟის ისრისწვერები; ისრისპირის ნამზადები; ნამგლის ჩასართები; ანატკეც-ანამტვრევები; თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები; მადნის ნატეხები; რკინის წიდები და სხვა (თუშაბრამიშვილი, ნებიერიძე1974: 11).

1972 წ. კაცხის სვეტის სამხრეთ-დასავლეთით, რამდენიმე მეტრზე ძლიერი ქარიშხლის შედეგად წაქცეული ცაცხვის ხის ქვეშ აღმოჩნდა აკლდამა, რომელსაც ჰქონდა თაღოვანი გადახურვა. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ნაგებია თლილი ქვითა და აგურით. კედლები შებათქაშებულია. აკლდამაში ძვლები არეული იყო, რის გამოც დაკრძალვის წესი ვერ დადგინდა. ნაყარ მიწასა და ძვლებში გამოვლინდა სხვადასხვა ეპოქის კერამიკის ნატეხები: არქაული პერიოდის შავად გაპრიალებული სქელკედლიანი ჭურჭელი, ანტიკური და შუა საუკუნეების ჭურჭლის ნატეხები. აკლდამა გამართული იყო გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარზე (ჯაფარიძე 1974: 62-64; თუშაბრამიშვილი, ნებიერიძე 1974: 14). კაცხის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

სოფ. კაცხის ცენტრში აღმართულია X-XI სს-ის ე. წ. ექვსაფსიდიანი ტაძრი (13,5X12 მ; სიმაღლე 17,5 მ). სამხრეთ დასავლეთის ტიმპანის წარწერით მისი აშენება დამთავრებულა 1010-1014 წწ. (ბერიძე 1971: 124). წარწერაში მოხსენიებულია მეფე ბაგრატ III (975-1014). ეკლესიას აქვს სამმხრივ გარსშემოსავლელი. სიმაღლეზე ტაძარი ვითარდება სამსაფეხუროვან კომპოზიციად: გარსშემოსავლელები, ტაძრის კორპუსი და გუმბათი. შიგნიდან კედლები მოპირკეთებული ყოფილა სუფთად გათლილი და ჩუქურთმებით შემკული ქვებით, რომელთა ნაწილი 1854 წ. ტაძრის შეკეთების დროს განადგურდა. აღსანიშნავია რელიეფური ქანდაკება გარსშემოსავლელის აღმოსავლეთ სადგომში. არშიაშემოვლებულ მრგვალ არეში გამოსახულია ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა. ტაძარი აგებულია რატი ერისთავთ-ერისთავის მიერ. ტაძარი ბაღვაშთა ძლიერი ფეოდალური გვარის საკუთრება იყო. XVII-XVIII სს-ში თავად აბაშიძეებს ეკუთვნოდათ. 1804 წ. ის სოლომონ II-ემ (1789-1810) იმერეთში გადახვეწილ სოლომონ ლიონიძეს უბოძა (ბერიძე 1950: 53-95).

კაცხის მონასტრის მახლობლადაა შემორჩენილი ციხის ნანგრევები. მდ. კაცხურას მარცხენა ნაპირზე, ტყიან ფერდობზე აღმართულია ქვის გიგანტური „კაცხის სვეტი“ – სიმაღლე 40 მ. კაცხის სვეტზე 1944 წ. ავიდა ჯგუფი ალპინისტ ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. „კაცხი“, აკ. შანიძის განმარტებით, სვანური სიტყვაა და მწვერვალს ნიშნავს (ცინცაძე 1964: 52). კაცხის სვეტს უწოდებენ აგრეთვე „ძელიცხოველს“ – „სვეტიცხოველს“. სვეტის აღმოსავლეთის გვერდზე ამოკვეთილია ბოლნური ჯვარი, შესრულებული V-VI სს-ში (ცინცაძე 1964: 53). სვეტის თხემი სწორკუთხაა, ფართობი 10X17 მ. შემოვლებული აქვს ქვის გალავანი. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, კლდეში გამოკვეთილია დარბაზული ეკლესიის აფსიდა. დანარჩენი კედლები ნაგებია ფლეთილი ქვით კირხსნარზე. კლდეში ნაკვეთი ეკლესიის აფსიდა უფრო ადრეული – V ს-ის უნდა იყოს. თხემის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მეორე დარბაზული ეკლესიაა, ნაგები კლდის ფლეთილი ქვითა და შირიმით, რომელიც ქვევიდან ამოუზიდავთ. ეკლესიას აქვს კრიპტა, რომელიც ასევე თლილი ქვითაა ნაგები. აფსიდა ნალისებურია. ეკლესია VI ს-ით თარიღდება.

კაცხის სვეტის ძირში მცირე დარბაზული ეკლესიაა, რომელიც გვიან უნდა იყოს აგებული (ცინცაძე 1964: 52-55).

სოფ. კაცხი გზაჯვარედინზე მდებარეობს. აქ გადის გზები: ქუთაისი – თბილისი; შორაპანი –კაცხი – ხრეითი – რაჭა; კაცხი – ნავარძეთი – ჭიათურა; შუქრუთი – კაცხი – კალუათა – კორბოული; ზესტაფონი – საქარა – დილიკაური – ჯოყოეთი – კაცხი – ნავარძეთი – ჭიათურა (ბერძენიშვილი 1964: 12, 19, 22).
 
ბიბლიოგრაფია: ბერიძე 1950: 53-95; 1974: 124; ბერძენიშვილი 1964: 17, 19, 22; 1966: 34; გამყრელიძე, ჩიხლაძე 1933: 94; გიულდენშტედტი 1962: 299, 306; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 432; 1953: 291; თუშაბრამიშვილი 1962: 23-25; თუშაბრამიშვილი, ნებიერიძე 1974: 5-27; იევლევი 1969: 86, 166; ისტ. დოკ. 1958: 38, 53, 54; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 119, 120; საისტ. კრ. 1928: 42-46, 50-53, 61-64; სოსელია 1966: 109, 148, 198; 1981: 88, 122; ტოლჩანოვი 1970: 152, 265-266; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 273; ქრონიკები 1892: 191, 192, 194, 203, 204, 206; 1897: 197, 343, 427; 1967: 28, 74; ქც 1: 306,2; ქც 2: 376,26; 533,2; ქც 4: 149,15; 416,6; 759,6,8; 820,10; 822,12; 836,8; 868,24; 869,10; 870,4; 880,16; 881,13; 883,6; ცინცაძე 1946: 557-564; 1964: 52-55; 1974: 58-61; წერეთელი 1898: 82-92; ჯაფარიძე 1974: 62-64.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9