(ქც 4: 133,26). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 133,26), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 264,13), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 346,10,12,19,20), 1104-1118 წწ. სიგელი დავით მეფისა ნიანია ნიანიასძისადმი (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 50), ისქანდერ მუნშის „ცნობები საქართველოს შესახებ“ (მუნში 1969: 14), ანონიმი იტალიელი ავტორი (თურქეთ-სპარსეთის ... 1987: 35), ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“ (ჩელები 1971: 269).
ვახუშტი ბაგრატიონი არეშის შესახებ გადმოგვცემს: „მოვიდნენ ჰერეთს და მოადგნენ ვეჯინს; ამისად მოვიდა ადარნარსე პატრიკი, მიუპყრა ჯუარი, მისცა კონსტანტინეს არეში, გავაზი და კუირიკეს ბოჭორმა“ (ქც 4: 133,26).
ლოკალიზდება ყვარლის მუნიც-ში, მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდ. არეშის ზემო წელზე (მდ. კაბალის მარჯვენა შენაკადი) დღევანადელი სოფ. მთისძირის ტერიტორიაზე (ჭილაშვილი 1991: 161). პ. ინგოროყვა არეშს აიგივებდა რუსთავის ციხესთან (ინგოროყვა 1926: 175). არეშის ამგვარი ლოკალიზება უარყო ილ. აბულაძემ (ქართ. ცხ. 1953: 221).
არეშში არქეოლოგიური კვლევა-ძიება 1973-1982 წწ. აწარმოვა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ლ. ჭილაშვილი). აღმოჩენილი მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
არეშის ნაქალაქარი შუა საუკუნეების ძეგლია. აქ ადრეული ბრინჯაოს პერიოდის მცირე, შემთხვევითი არქეოლოგიური მასალაც აღმოჩნდა. ნაქალაქარი გადაჭიმულია ვრცელ ტერიტორიაზე, სადაც გამოიყო ექვსი უბანი: „ბაზილიკის“, „უსახელო ბორცვის“, „მდინარისპირა კომპლექსის“, „საყდრის ყურის“, „ხერთვისის“ და „ტყის უბანი“ (ჭილაშვილი 1991: 136, 147).
„ბაზილიკის“ უბნის მთავარი ნაგებობაა სამნავიანი ეკლესია (ბაზილიკა), რომელსაც გარკვეული პერიოდის მერე მიაშენეს გარსშემოსავლელი. ეკლესიის საერთო ფართობია 27X21 მ. შიდა სივრცე ორრიგად განლაგებული სამ-სამი სვეტით დაყოფილია სამ ნაწილად. სვეტები განივკვეთში წრიულია და ეყრდნობა სწორკუთხა საფუძველს (1X1,5X0,2 მ). აფსიდა ნახევარწრიულია. ეკლესია დანგრეულია; შემორჩენილია მხოლოდ აფსიდის 5,8 მ სიმაღლის ნაწილი. ეკლესიის კედლის სისქე აღწევს 1,1 მ. იატაკი მოლესილია კირხსნარით. ბაზილიკას (გარსშემოსავლელის გარეშე) აქვს სამი შესასვლელი – სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ეკლესია ძირითადად ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით; გამოყენებულია აგრეთვე ოთხკუთხა აგური (23X23X6 სმ); არის მრგვალი აგურიც (დმ 35 სმ, სისქე 6 სმ), რომელიც დამზადებულია ნამჯანარევი თიხისაგან და გამომწვარია მოწითალოდ. დადასტურდა ღარიანი და ბრტყელი (ზომები დაახ. 37X19სმ) კრამიტებიც. რამდენიმე ბრტყელ კრამიტზე აღმოჩნდა ნუსხურწარწერიანი სამსტრიქონიანი დამღა. პირველ სტრიქონზე ჯვარია, მეორეზე სამი ასოსაგან შემდგარი ლიგატურა, მესამეზე – დაქარაგმებული „შეიწყალე“. არეშის ბაზილიკის პირველი სამშენებლო პერიოდი თარიღდება V ს-ით, მეორე – (გარშემოსასვლელი) X ს-ით (ჭილაშვილი 1991: 25, 27). არქეოლოგიური მასალა ეკლესიაში თითქმის არ აღმოჩენილა. ხოლო ნაგებობასთან დადასტურდა მოჭიქული კერამიკა და სადა მოწითალოდ გამომწვარი ჭურჭელი (დოქები, ჯამები, ლანგრები, ქოთნები და სხვ.). აღმოჩნდა აგრეთვე რკინის ლურსმნები, ისრისპირები, ანჯამები და სხვ. დადასტურდა აგრეთვე 10 სმ სიგრძის გულსაკიდი სპილენძის ჯვარი. ტაძრის სამხრეთ ნაწილთან გაითხარა შვიდი ქვის სამარხი. ყველა სამარხი უინვენტაროა. აქვე, ეკლესიის სამხრეთით მდებარე მონაკვეთზე გაითხარა 3 ორმოსამარხი და 16-მდე ქვის სამარხი; ისინი დაზიანებულია. ჩონჩხი და ინვენტარი ცოტაა. №14 ქვის სამარხი შედარებით კარგად არის შემორჩენილი (2,1X0,65მ). მასში ადამიანის ჩონჩხთან ერთად აღმოჩნდა მოცისფრო მინის სამჯური, ვერცხლის ფარაკიანი ბეჭედი, ფაიანსის მძივი (ჭილაშვილი 1991: 31).
ეკლესიის დასავლეთით, ადგილ „ჩვიდმეტჰექტრიანზე“ გაითხარა ნამოსახლარის ნაშთები, რომელიც ორი ფენისაგან შედგებოდა (ქვედა IX-XI სს-ის, ხოლო ზედა XI-XIV სს-ის). აქ აღმოჩნდა რიყის ქვით ნაგები კედლების უსახური ნაშთები; არის კრამიტის ნატეხებიც; ფენებში გამოვლინდა ქვევრების, საოჯახო კერამიკისა და მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები.
ადგილი „უსახელო ბორცვის“ უბანი მდებარეობს მდ. არეშისწყალის მარცხენა ნაპირთან. აქ გაითხარა გარსშემოსავლელიანი, დარბაზული ტიპის, ფლეთილი და რიყის ქვით ნაგები ეკლესია (10X6,8მ); აფსიდა ნალისებურია. განათხარ ფენაში აღმოჩნდა კრამიტის ნატეხები. ეკლესიასთან გაითხარა XI-XIII სს-ის შვიდი ქვის სამარხი. აქვე აღმოჩნდა კერამიკის გამოსაწვავი ქურა (ჭილაშვილი 1991: 64).
„უსახელო ბორცვის“ სამხრეთით 300 მ-ზე გაითხარა „მდინარისპირა კომპლექსის“ უბანი. აქაც დარბაზული ტიპის გარსშემოსავლელიანი რიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები ნალისებურაფსიდიანი ეკლესია (17,5X14,25მ) აღმოჩნდა. მას სამხრეთის კედელთან მიშენებული აქვს პატარა დარბაზული ეკლესია. ეკლესიის სამხრეთით გაითხარა 18 ქვის სამარხი; სამარხები ქრისტიანულია; ინვენტარი ცოტაა.
„საყდრის ყურის“ უბანი მდებარეობს მდ. არეშის მარცხენა მხარეს „უსახელო ბორცვიდან“ დაახ. 1 კმ-ზე. აქ გაითხარა რიყის, ფლეთილი ქვისა და აგურისაგან ნაგები სამეკლესიანი ბაზილიკა. გათხრისას აღმოჩნდა ღარიანი და ბრტყელი კრამიტის ნატეხები.
„საყდრის ყურისა“ და „უსახელო ბორცვის“ უბნებს შორის გაითხარა კერამიკის გამოსაწვავი ქურა, რომელთანაც ძირითადად ქვევრის ნატეხები აღმოჩნდა (ჭილაშვილი 1991: 103).
არეშისწყლის მარჯვენა ნაპირზე „ხერთვისის“ უბანია, სადაც რიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები კედლისა და სხვადასხვა ნაგებობების ნაშთები გამოვლინდა. გათხრებისას აღმოჩნდა კრამიტის, მოჭიქული ჭურჭლის, საოჯახო და სამეურნეო კერამიკის ფრაგმენტები და სხვა (ჭილაშვილი 1991: 105).
სოფ. მთისძირიდან ჩრდილოეთით 1,5 კმ-ზე მდ. არეშისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს „ტყის უბანი“, სადაც გაითხარა ხუთი მცირე ზომის ეკლესია და ნასახლარი. აქვე გამოვლინდა ნამოსახლარის, რიყისა და ფლეთილი ქვით აშენებული თავდაცვითი კედლის (სიგანე 1,2 მ) ნაშთები. ნამოსახლარზე აღმოჩნდა რამდენიმე სწორკუთხა, რიყის და ფლეთილი ქვით ნაგები სახლის ნაშთებიც; ფენებში დადასტურდა აგურის, კრამტის, საოჯახო და სამეურნეო კერამიკის ფრაგმენტები. „ტყის უბანზე“ გათხრილი ხუთი ეკლესიის ზომებია: 9X3,65 მ; 7,8X3,2 მ; 10,15X5,5 მ; 7,1X3 მ; 8X4,9 მ. ხუთივე ეკლესიას ნახევარწრიული აფსიდა აქვს. 1-ელ და მე-3 ეკლესიებს აქვთ გარსშემოსავლელი. ყველა ეკლესია ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით (ჭილაშვილი 1991: 106-134).
არეშის, დღევანდელი სოფ. მთისძირის ტერიტორიიდან ცნობილია შემთხვევითი არქეოლოგიური აღმოჩენებიც. მდ. არეშის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩნდა ბრინჯაოს ცული (სიგძე 13,5 სმ) მრგვალი სატარე ნახვრეტით. ამ ტიპის ცულები სპილენძ-ბრინჯაოს ადრეული პერიოდისთვისაა (ძვ. წ. III ათასწ.) დამახასიათებელი (ჭილაშვილი 1991: 137). აქვე 1952 წ. აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების განძი. ის შედგება 300 ცალი ქუფური ვერცხლის მონეტისაგან. განძი შეიცავს აბასიანთა და ომაიანთა დინასტიის ხალიფების სახელით სხვადასხვა ზარაფხანაში მოჭრილ დირჰემებსა და დრაქმებს. დადასტურებულია ხოსრო II-ის (590-528) 3 დრაქმაც. განძი დაფლულია IX ს-ში; ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (ჯალაღანია 1972: 36-47; 1976: 38-89).
- ბიბლიოგრაფია: ქართ. ცხ. 1953: 221; თურქეთ-სპარსეთის ... 1987: 35; მუნში 1969: 14; ინგოროყვა 1926: 175; მუსხელიშვილი 1967: 55-130; ქც 1: 264,13; ქც 2: 346,10,12,19,20; ქც 4: 133,26; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 50; ჩელები 1971: 269; ჭილაშვილი 1975ა: 91-99; 1977: 114-128; 1991; ჭილაშვილი ... 1978: 97-113; ჭილაშვილი ... 1980: 64-78; ჭილაშვილი ... 1986: 92-105; ჯალაღანია 1972: 71-82; 1976: 38-89.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.