ციხე (ქც 4: 371,4,6,9,14; 433,22, 520,5).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 371,4,6,9,14; 433,22; 520,5), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 524,26), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1967: 45; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 113, 687; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 110), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 72, 92, 97), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 52), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედი 1962: 101, 279; 1964: 65).
მდებარეობს ცხინვალის მუნიც-ში, მდ. დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირას, ცხინვალიდან 10 კმ-ის დაშორებით, თანამედროვე სოფ. კეხვის ტერიტორიაზე.
ვახუშტი ბაგრატიონი კეხვის შესახებ გადმოგვცემს: „აჩაბეთს ზეით, კეხვს, არს მთის კალთას ციხე კეხვისა“ (ქც 4: 371,4).
კეხვის ციხეში დაამწყვდია ქართლის მეფე სვიმონ I-მა (1556-1600) თურქების მომხრე ვახტანგ მუხრანბატონი. 1625 წ. გიორგი სააკაძემ ციხე გაამაგრა (ქც 4: 433,21-23), XVIII ს-ის 40-იან წწ. ციხე ეკავა აჯანყებულ გივი ამილახვარს (გვასალია 1983: 142). 1745 წ. თეიმურაზ II-მ (1744-1762) ციხეს ალყა შემოარტყა და დაანგრია. 1763 წ. ერეკლე II აქ ლეკთა ჯარს შეებრძოლა და გაიმარჯვა (მაკალათია 1971: 25). კეხვზე გადიოდა გზა გორიდან ცხინვალის გავლით ზემო იმერეთისა და რაჭისაკენ (მაკალათია 1971: 6).
კეხვის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფლის დასავლეთით, 2 კმ-ის დაშორებით, მაღლობზე, დგას ციხე. მას გარშემო ხევი უვლის და ძნელი მისადგომია. გალავანი ნაგებია ფლეთილი ქვითა და დუღაბით. კედლის ზედა ნაწილი რიყის ქვით გვიან შუა საუკუნეებშია განახლებული. შესასვლელი დასავლეთიდანაა. შემორჩენილია ორი კოშკი – ოთხკუთხა და წრიული. პირველი მათგანი 4-5 სართულიანი უნდა ყოფილიყო. გადარჩენილია 3 სართული (მაკალათია 1971: 24). წრიული კოშკის დიამეტრია 9 მ. შესასვლელი 4 მ სიმაღლეზეა. პირველ სართულზე კედლები გვიან შუა საუკუნეებში დაუშენებიათ (მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 161). კეხვის ციხესთან არის დედაღვთისას ნიში. ხევსგაღმა, მთაზე წმინდა გიორგის პატარა საყდარია (მაკალათია 1971: 26).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 52; ბაგრატიონი 1986: 41; გვასალია 1983: 142; გიულდენშტედტი 1962: 101, 279; 1964: 65; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 110; მაკალათია 1971: 6, 24-26; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 161 ორბელიანი 1981: 72, 92, 97; ქც 2: 524,26; ქც 4: 371,4,6,9,14; 433,22; 520,5; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 113, 687; ქრონიკები 1967: 45.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.