კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვე კვი

კვარა

კუარა, დაბა, ციხე (ქც 4: 416,6).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 416,6; 643,16,17, სქ. 4; 764,19, სქ. 8; 822,12; 840,26; 841,6; 843,3; 867,1; 879,9; 885,5,20,21,25; 889,21,25; 890,2), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2: 376,26; 533,1), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 164, 175), ალექსი იევლევის 1650-1652 წწ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა (იევლევი 1969: 86, 166), ტოლჩანოვის 1650-1652 წწ. იმერეთის სამეფოში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა (ტოლჩანოვი 1970: 143, 152), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 115, 169, 293).

კვარას ციხის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ხოხის კავკასის მთის ჩამოსავალზედ არს კუარა, დაბა კეთილი, კოშკოვანი, და ციხე დიდი და მაგარი, შენი მეფეთა“ (ქც 4: 643,15-17). „სხოვის სამხრით და კრიხის პირისპირ, აღმოსავლით კიდურს, მაღალს კლდიანს გორასა ზედა არს ციხე კუარასი მტკიცე“ (ქც 4: 764,17-19). ტოლჩანოვის აღწერით „ქვის ციხე კვარა მთლიანად ქვაზეა აგებულია მთებს შორის. ციხეს ერთი შესასვლელ-გასასვლელი აქვს“ (ტოლჩანოვი 1970: 143). იოჰან გიულდენშტედტი აღნიშნავდა, რომ ახალსოფლიდან „დაახლოებით 4 ვერსზე, მწვერვალზე ჩანს კვარას ციხე“ (გიულდენშტედტი 1962: 115).

მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, მდ. კრიხულას მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ზემო სხვავადან 1,5 კმ-ის დაშორებით, აბანოს ხევთან, მაღალი კლდის თხემზე (ცინცაძე 1968: 31, 32).

ციხე წყაროებში პირველად იხსენიება XVI ს-ის 90-იანი წლების მოვლენების თხრობით. ქართლის მეფე სვიმონ I-მა (1556-1600) გაილაშქრა იმერეთის მეფე როსტომის (1590-1604) წინააღმდეგ და დაიპყრო ციხეები: კვარა, კაცხი, სკანდა (ქც 2: 376,26; 533,1, ქც 4: 416,6; 822,12). XVII ს-ის 70-იან წლებში ოსმალებმა იმერეთის მეფე ბაგრატ IV-ის (1660-1678) წინააღმდეგ გაილაშქრეს. მათ კვარას ციხეს ალყა შემოარტყეს, მაგრამ ვერ აიღეს (ქც 4: 840,26, 841,6). 1703-1704 წწ. ის იაშვილების საკუთრებაა (ქც 4: 867,1). 1717-1718 წწ. გიორგი გურიელმა კვარას ციხიდან განდევნა იაშვილები და რაჭაში მათ მამულებს დაეუფლა (ქც 4: 879,9). 1730-იან წლებში ოტია დადიანმა თავისი ძმა კაცო ჩაამწყვდია კვარას ციხეში, საიდანაც კაცო 1732 წ. გაიქცა (ქც 4: 885,5-25). 1735 წ. იაშვილებმა კვლავ დაიბრუნეს კვარას ციხე (ქც 4: 889,21,25). გურიელმა მცირე ხნით ხელახლა აიღო ის (ქც 4: 889,21,25, 890,2). 1786 წ. კვარას ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მეფის დავით გიორგის ძის (1784-1789) წინააღმდეგ მებრძოლი უფლისწული დავით არჩილის ძე (ლორთქიფანიძე 1940: 53).

კვარას ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ის აგებულია კლდოვანი მასივის თავზე. მისასვლელი მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთით ჰქონდა. ორ ბურჯს შორის იყო შესასვლელი, სადაც მისადგმელი კიბით ადიოდნენ. ციხეს შემოუყვება 6-7 მ სიმაღლის ქვითკირის გალავანი. ციხის შიდა ფართობია 2000 კვ მ. გალავანი დაყოფილია ტერასებად, რომლებზეც განლაგებულია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. შესასვლელის დონეზე გალავნის ცენტრალური ნაწილი ეკავა სასახლეს. მის ჩრდილოეთით აღმართული იყო მცირე ზომის ორსართულიანი ნაგებობა (საყარაულო), რომლის ზედა სართული უკავშირდებოდა გალავნის კედლის საბრძოლო ბაქნებს. ქვედა სართული საცხოვრებელი ყოფილა. თხემის აღმოსავლეთ ნაწილში, უმაღლეს წერტილზე აღმართული იყო მრგვალი გოდოლი. მისგან სამხრეთით ქვათლილებით ნაგები მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა (4,3X3 მ). იქვე იყო ქვითა და დუღაბით ნაგები წყლის აუზი. ციხე აგებული ჩანს XI-XIII სს-ში. ზემო კრიხის ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე გამოსახული ერისთავების რეზიდენცია კვარას ციხე უნდა ყოფილიყო (ცინცაძე 1968: 31-34; ბოჭორიძე 1994ა: 186). დ.მუსხელიშვილის ვარაუდით, რაჭის „თაკვერის ციხე“ შესაძლოა კვარას ციხე იყოს (მუსხელიშვილი 1977: 129, სქ. 199, 200). ციხე დაზიანდა 1991 წ. 29 აპრილის მიწისძვრის დროს (გიორგაძე 1991: 69, 70).
 
ბიბლიოგრაფია: ბარნაველი 1959: 20; ბერაძე 1975: 132-152; 1983; ბოჭორიძე 1933-1934: 289-338; 1994ა: 186, 270; გიორგაძე 1991: 69, 70; გიულდენშტედტი 1962: 115, 169, 293; დადიანი 1962: 164, 175; იევლევი 1969: 86, 116; კაკაბაძე 1928ა: 50, 49; ლორთქიფანიძე 1940: 53; მუსხელიშვილი 1977: 129; საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 121; ტოლჩანოვი 1970: 143, 152; უვაროვა 1894:121; ქც 2: 376,26; 533,1; ქც 4: 416,6; 643,16,17, სქ. 4; 764,19, სქ. 8; 822,12; 840,26; 841,6; 843,3; 867,1; 879,9; 885,5,20,21,25; 889,21,25; 890,2; ცინცაძე 1968: 31-34.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9