ციხე-ქალაქი (ქც 1: 9,12; 10,6; 13,12; 19,5; 43,22; 44,10; 45,1; 50,3,6,17; 89,5; 159,6; ქც 4:63,2,10,20; 64,4,20; 65,24,29; 78,23,24; 104,26; 339,15,18,23; 340,2; 348,13). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1: 8,19; 9,12; 10,6; 13,12; 19,5; 43,22; 44,10; 45,1; 50,3,6,17), ლეონტი მროველის „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 89,5), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 159,6), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 494,6), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 78,23; 339,15,23; 340,2; 348,13), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 176 191, 203, 494, 571, 622, 753; ქრონიკები 1897: 195, 239, 241, 253, 275; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 23; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 183; 1953: 17; საქ. სიძ. 1909: 482), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 229), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30, 39, 81), სტრაბონის „გეოგრაფია“ (ყაუხჩიშვილი 1957: 129), კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“ (ლომოური 1955: 60), დიონ კასიოსის „რომის ისტორია“ (დიონ კასიოს 1966: 60), პლინიუსი (აფაქიძე 1958: 76), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 191).
ვახუშტი ბაგრატიონი არმაზის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ხევი ქართლისა, სდის მისსავე მთას და მოდის ჩდილოთ. აქა არს ციხე, რომელი აღაშენა ქართლოს და უწოდა სახელი თვისი ... ფარნაოზ აღმართა აქა კერპი არმაზ, სახელისა თვისისა და მის გამო ეწოდა არმაზი ადგილსა ამას“ (ქც 4: 339,14-19).
მდებარეობს მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირას. სხვა მოსაზრებით, არმაზის ციხე-ქალაქი მდებარეობდა არმაზისხევის მიდამოებში (მელიქსეთ-ბეგი 1921: 22; კაკაბაძე 1928ა: 7; ერემიანი 1939: 86).
„არმაზციხე“ ბერძნულ-რომაულ წყაროებში სხვადასხვა სახელით იხსენიება. სტრაბონი მას უწოდებდა ჰარმოზიკეს (ყაუხჩიშვილი 1957: 129); პტოლემაიოსი – ჰარმაკტიკას (ლომოური 1955: 60); დიონ კასიოსი – ჰერმასტუს (დიონ კასიოსი 1966: 103). XVIII-XIX სს-ის ქართულ წყაროებში არმაზციხე მოიხსენიება „ბაგინეთის“ სახელით.
ძვ. წ. IV-III სს-ში ფარნავაზმა მთაზე, რომელიც „ქართლად“ იწოდებოდა, დადგა არმაზის კერპი; ააშენა ციხესიმაგრე და ღვთაების პატივსაცემად ამ მთას არმაზი უწოდა (მქ 1963: 82; ქც 1: 8,8). ფარნავაზიანთა დინასტიის შემდეგმა მეფეებმა (საურმაგი, მირვანი, ფარნაჯომი, არტოკი და სხვ.). გააგრძელეს არმაზის მშენებლობა. ძვ. წ. III-I სს-ში არმაზი ჩამოყალიბდა ციხე-ქალაქად თავისი შიდა ციხით (მქ 1963: 95; ქც 1: 19,5, 43,22). ძვ. წ. 65 წ. იბერიაში ლაშქრობისას პომპეუსი მიადგა არმაზციხეს. მეფე არტოკმა (არტაგმა) ციხის დაცვა ვერ მოასწრო და მდ. მტკვრის მეორე მხარეზე გადავიდა (დიონ კასიუსი 1966: 59). ახ. წ. I-II სს-ში ქართლის სამეფო ორ ნაწილად გაიყო: არმაზის – მტკვრის ჩრდილოეთით (მარჯვენა ნაპირი) და მცხეთის, მტკვრის სამხრეთით მდებარე ქვეყნებად (ქც 1: 43,22). ახ. წ. II ს-ში არმაზციხე კარგავს ქალაქის მნიშვნელობას და მცხეთის აკროპოლისად იქცევა (მესხია 1983: 74). VI-VIII სს-ში არმაზი, როგორც ქალაქი, ქრება (ქრონიკები 1892: 57; მესხია 1983: 35). VIII ს-ის დამდეგისათვის არმაზი მხოლოდ ციხისა და საბაჟოს როლს ინარჩუნებდა და მცხეთის ეკლესიის მფლობელობაში შედიოდა (მესხია 1983: 81). 735-738 წწ. არმაზციხე საბოლოოდ არაბებმა დაანგრიეს (აფაქიძე 1990: 239). XIV-XVI სს-ში არმაზის ციხე თავისი მიდამოებით მცხეთის საკათოლიკოსო მამულია (ქრონიკები 1897: 195, 239, 241; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 494, 571). XVIII ს-ში არმაზი ბაგრატიონ-დავითაშვილების კუთვნილებაა (საქ. სიძ. 1909: 482). არსებობს მოსაზრება, რომ სიგელ-გუჯრებში მოხსენიებული „არმაზციხე“ გულისხმობს არმაზისხევის ციხესა და მონასტერს (აფაქიძე 1958: 83).
არმაზისა და მისი მიდამოების არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო XIX ს-ის მიწურულს. 1889 წ. ბაგინეთში (არმაზციხე) ჩატარდა გათხრები (ხელმძღ. ექ. თაყაიშვილი, დ. ქუთათელაძე). იქ აღმოჩნდა: სასახლის ნანგრევები, მოხატული კედლის ფრაგმენტები, რკინის ისრისპირები, კოჭობი, მინის ჭურჭლის ნატეხები და სხვა (თაყაიშვილი 1968: 371; კავლელაშვილი 1996: 133-149). 1902 წ. არმაზისხევის დასავლეთით მდებარე ფართო ტერასაზე, მარტაზისხევის შესართავთან, „ნავთსადენის“ ადგილას, არქეოლოგიური კომისიის ინიციატივით (ხელმძღ. ექ. თაყაიშვილი) გაითხარა ახ. წ. IV-V სს-ის 25 ქვის სამარხი, სადაც აღმოჩნდა 2 მოწითალოდ გამომწვარი ქოთანი, ოქროს საყურეები, ბრინჯაოს სამაჯურები, საკინძები, ბრინჯაოსა და ვერცხლის ბეჭდები, გემები, ბალთები, ფიბულები და სხვა (თაყაიშვილი 1904: 80). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
1925 წ. მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირას, არმაზციხიდან 0,5 კმ დაშორებით გაითხარა (ხელმძღ. გ. ნიორაძე) 20 ქვის სამარხი, რომლებშიც მიცვალებულები (ხშირად ორ-ორი) დაუკრძალავთ გულაღმა გაშოტილი. სამარხებში აღმოჩნდა: ახ. წ. პირველი საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ნივთები: რკინის, იშვიათად ბრინჯაოს საკინძები, ბეჭედი, ოქროს საყურე, მძივები, გიშრის, სარდიონის, მარჯნის, ალმანდინის და სხვა (ნიორაძე 1926). 1930 წ. „ნავთსადენის“ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ქოთნით დაფლული IV-V სს-ის სასანური ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
1934 წ. იგივე „ნავთსადენის“ ტერიტორიაზე აღმოჩნდა I-III სს-ის ქვის სამარხი (აფაქიძე ... 1955: 4). 1937 წ. ნ.მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ალ. კალანდაძე) ჩაატარა გათხრები მტკვრისა და არმაზისხევის შესართავთან, სადაც აღმოჩნდა აბანოს ნანგრევები და IV-V სს-ის 11 ქვის სამარხი. 1938 წ. გათხრები გაგრძელდა აბანოსა და მის მიდამოებში. გამოვლინდა 20 ქვის სამარხი. იქვე, რკინიგზის სამხრეთით მდებარე ფერდობზე გაითხარა VI-IX სს-ის 26 სამარხი (აფაქიძე ... 1955: 10). 1940 წ. აბანოს სამხრეთ-დასავლეთით მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სამთავროს ჩრდილო ჯგუფმა (ხელმძღ. ალ. კალანდაძე) გათხარა მდიდრული სამაროვანი. 1941 წ. მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის არმაზის ჯგუფმა (ხელმძღ. ა. აფაქიძე) არმაზისხევში გამოავლინა: ე. წ. ზღურბლიანი ნაგებობა (სასახლის თუ ტაძრის ნაშთი), ორსენაკიანი შენობა. 1942-1943 წწ. იქვე აღმოჩნდა ქვის სამარხები (აფაქიძე ... 1955: 12). 1944-1946 წწ. მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. გ.ლომთათიძე) არმაზისხევში გაითხარა I-III სს-ის კრამიტსამარხი (№46), IV ს-ის მდიდრული სამარხები, ნაგებობის ფრაგმენტები, ზღურბლიანი ნაგებობის მეორე სენაკი და შიგ ჩადგმული 10 ქვის სამარხი; გათხრებისას აღმოჩნდა: მარმარილოს ქანდაკების ნატეხები, წყალსადენის მილის ფრაგმენტები, ბრინჯაოს ხანის 8 ორმოსამარხი. მცხეთის რკინიგზის სადგურთან გაითხარა კრამიტსამარხი (აფაქიძე ... 1955: 12, 13).
არმაზისხევის გათხრების პარალელურად, 1943-1948 წწ. არქეოლოგიური ექსპედიციის ბაგინეთის რაზმმა (ხელმძღ. ა. აფაქიძე) შეისწავლა მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს, ქართლის ქედის ბოლოში, ტერასებიანი კლდოვანი მთის კეხსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე მდებარე არმაზციხე (ბაგინეთი) (აფაქიძე 1959: 65, 66; ჯაფარიძე 1961: 167, 168). გათხრებისას გამოვლინდა: შიდაციხის ზღუდისა და შენობათა ნანგრევები, მდიდრული სამარხები (აფაქიძე ... 1955: 5). 1937, 1943 წწ. მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. ს. ჯანაშია), მცხეთის რკინიგზის სადგურის მახლობლად გაითხარა I-III სს-ის ქვის ფილებით ნაგები რამდენიმე სამარხი და კრამიტსამარხი (აფაქიძე ... 1955: 13). 1945 წ. მცხეთის რკინიგზის სადგურის აღმოსავლეთით, მარტაზისხევში, „ნავთსადენის“ ტერიტორიაზე მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის არმაზისხევის ჯგუფმა (ხელმძღ. გ. ლომთათიძე) აღმოაჩინა 4 ქვის ფილებით ნაგები სამარხი, მრავალრიცხოვანი ინვენტარით (აფაქიძე ... 1955: 13). 1951 წ. რკინიგზის სადგურის მახლობლად გამოვლინდა ახ. წ. I ს-ის მავზოლეუმის ტიპის აკლდამა (ლომთათიძე 1951: 541). 1961-1964 წწ. მთა-ქართლის დასავლეთით, არმაზისხევისა და მარტაზისხევის უბნებში ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. ლომთათიძე) შეისწავლა სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები, ანტიკური ხანისა და ადრე შუა საუკუნეების ქვის ფილებით ნაგები 8 სამარხი (ლომთათიძე 1964: 6-9). 1967-1969 წწ. მარტაზისხევის შესართავთან, მარცხენა ნაპირის ბორცვზე, იმავე ინსტიტუტის მარტაზისხევის ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. უგრელიძე) გათხარა ადრე შუა საუკუნეების 56 ქვასამარხი და ძვ. წ. II-I სს-ის ერთი ქვევრსამარხი (უგრელიძე 1971: 89). 1974 წ. მარტაზისხევის მარცხენა ნაპირზე ნაპოვნია ძვ. წ. I ს-ის პირველი ნახ. ქვევრსამარხი (ნარიმანიშვილი, მანჯგალაძე 1989: 168-171). 1975 წ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღ. ა. აფაქიძე) მიერ, ბაგინეთზე სვეტებიანი დარბაზის დასავლეთით, მეორე ტერასაზე ჩატარდა გათხრები, სადაც აღმოჩნდა ბრტყელი და ღარიანი კრამიტები, თიხის ჭურჭლის ნატეხები. იქვე გამოვლინდა რიყის ქვით ნაგები კედელი და გვიანელინისტური ხანის ნაგებობის კარნიზის ნაწილი სტილიზებული ლომისა და რვაფურცლიანი ვარდულის რელიეფური გამოსახულებით (აფაქიძე ... 1978: 54, 55). 1975-1977 წწ. იმავე ექსპედიციამ შეისწავლა ქართლის ქედის ჩრდილოეთი კალთის ძირას, მცხეთის რკინიგზის სადგურის წინ მდებარე მოგვთაკარის გვიანანტიკური ხანის სამაროვანი (აფაქიძე ... 1981: 126). ამავე წლებში მცხეთის შემოგარენში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, კარსნისხევში გაითხარა ძვ. და ახ. წელთაღრიცხვების I სს-ის, აგრეთვე ახ. წ. III-I სს-ის ძეგლი: მეთუნეთა დასახლება, საწარმოო უბანი, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა (მარანი, საწნახელი) და სამაროვანი (ნიკოლაიშვილი 1993: 3, 4). 1976 წ. რკინიგზის ბაქან „არმაზის“ სამხრეთით, არმაზისა და მარტაზისხევებს შორის მდებარე ფერდობზე გაითხარა გვიანანტიკური ხანისა და ადრე შუა საუკუნეების სამაროვანი – ახალი არმაზის სამაროვანი (სძა 1990: 242, 243). 1993, 1995-1998 წწ. მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტის ბაგინეთის რაზმმა გათხრები განაახლა არმაზციხეზე, სადაც გამოვლინდა რომაული ტიპის აბანო, წარმართული სატაძრო კომპლექსი და ეპიგრაფიკული ძეგლები, აგრეთვე გალავანი, რომელიც შემოუყვება ნაქალაქარსა და შიდაციხეს.
მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, არმაზისხევის შესართავთან, პირველ ტერასაზე გამოვლინდა ენეოლითის ხანის ობსიდიანის იარაღის სახელოსნოს ნაშთები და ბრინჯაოს ხანის რვა ორმოსამარხი (აფაქიძე ... 1955: 10, 13).
არმაზციხეზე (ბაგინეთზე) გაითხარა გალავნით შემოვლებული ნაქალაქარი და შიდაციხე. გამოვლინდა სამი ფენა (არმაზციხე I, II, III) და მშენებლობის ორი ძირითადი პერიოდი (ძვ. წ. IV-III სს-ის ნაგებობები უდუღაბოა; ძვ. წ. III ს-დან მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი). გალავანი გამოვლინდა 3 კმ-ზე. ნაქალაქარი და შიდაციხე (ფართობი 30 ჰა) სხვადასხვა სამშენებლო ფენებს შეიცავს. უძველესია გალავნის მთავარი კოშკი, რომელიც ნაგებია მშრალად, უხეშად დამუშავებული ქვით. მომდევნო ფენაა ე. წ. არმაზციხე I, რომელსაც მიეკუთვნება შემდეგი ნაგებობანი: გალავნის კედლები, სვეტებიანი დარბაზი და საკულტო ნაგებობის საძირკველი. გალავანი, კოშკები და ბურჯები (გალავნის სიმაღლე 6 მ, სიგანე 2,6-4 მ). ნაგებია ქვათლილების მშრალი წყობით; გადაბმულია სამაგრებით. კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში ჩასმულ ქვათლილებზე ამოყვანილია თიხის ხსნარით შემტკიცებული ალიზის კედელი, რომელიც ყოველ 10 მ-ში გამაგრებულია 3-3,5 მ-ით გამოწეული ბურჯებით (10X11 მ). კოშკები და ბურჯები გადახურულია წითლად შეღებილი კრამიტით. შიდაციხის ტერიტორიაზე გაითხარა „სვეტებიანი დარბაზი“ (20,8X8,8 მ), ნაგები ქვათლილების მშრალი წყობით, რომელზეც ალიზის კედლები იყო ამოყვანილი (კედლის სისქე 1,45-1,7 მ). იატაკი ვარდისფერი ქვიშაქვის ფხვნილით იყო მოტკეპნილი, სახურავი კრამიტისაა. დარბაზში აღმოჩნდა: 6 სვეტის ბაზა და კაპიტელი, ოთხსაფეხურიანი კიბე, ძვლის ფირფიტების ფრაგმენტები, ბრინჯაოს ბრტყელთავიანი ლურსმნები, დაფანჯრული ბალთა. არმაზის ქედის აღმოსავლეთ წვერზე, გალავნის უმაღლეს ადგილზე გამოვლინდა დიდი ქვათლილებით ნაშენი საკულტო ნაგებობის საძირკველი. ერთი მოსაზრებით, არმაზციხე I თარიღდება: ძვ. წ. IV-III სს-ით (აფაქიძე 1963: 22-28); ხოლო მეორე მოსაზრებით, ძვ. წ. III ს-ის მეორე ნახევარი – ძვ. წ. I ს-ით (ლორთქიფანიძე 1971: 151; გამყრელიძე 2010: 162-164; ნიკოლაიშვილი 2011).
არმაზციხე II-ს მიეკუთვნება კირხსნარით ნაშენი სასახლის ტიპის მეორე ნაგებობა, გალავნის სამხრეთი მონაკვეთის ნაწილი და ზღუდის ნაწილი შიდაციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. არმაზციხე II თარიღდება: ძვ. წ. III-I სს-ით (საქ. არქ. 1959: 260).
არმაზციხე III-ს მიეკუთვნება შიდაციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი აბანოს ნანგრევები, სარკოფაგი და აკლადამა. აბანო (7X4,7კვ მ) მდებარეობდა სვეტებიანი დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით. შემორჩენილი იყო წყალსაცავი აუზი, აბაზანა და აბანოს იატაკქვეშ მოქცეული გათბობის სისტემა – მრგვალი და ოთხკუთხა აგურით შედგენილი, ორ რიგად განლაგებული კალორიფერები (აფაქიძე 1963: 38). „სვეტებიანი დარბაზის“ ჩრდილო-დასავლეთით აღმოჩნდა მთლიანი ქვისაგან გამოკვეთილი სარკოფაგი (1,85X0,6X0,65 მ), რომელსაც რკინის გამირებით დაკავშირებული, ასევე მთლიანი ქვისაგან გამოთლილი ორფერდა სახურავი ეხურა. სარკოფაგში აღმოჩნდა ოქროს ყელსაბამი (2 ც), სამაჯური (3 ც), ბეჭედი (5 ც), დუგმის ნაწილები, სარტყლის ფრაგმენტები, ხვიები; ვერცხლის ორნამენტირებული გარსაკრავებით შემკული სარეცლის ხის ფეხები (4 ც); ფიალა, პინაკი ოქროსფენიანი მედალიონით, „არმაზულწარწერიანი“ ჭურჭელი, ლამბაქი, ჯამი, კოვზი, სარკეები, ლურსმნები; მინის სანელსაცხებლის, ქსოვილის ნაშთები და სხვ. მონეტები – რომაული აურეუსები: ვესპასიანეს (69-78), ტიტესი (79-81), ადრიანესი (117-138); ვერცხლის რომაული დენარები: ავგუსტეს (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14), ტრაიანესი (98-117), ადრიანესი (117-138), ფაუსტინა უფროსის (გარდ. 141 წ.). სარკოფაგი თარიღდება: ახ. წ. II ს-ით (სძა 1990: 241).
ნაქალაქარის ჩრდილო-დასავლეთით, მის ქვედა ტერასაზე, კლდის შვერილზე, სარკოფაგსა და აბანოს ნანგრევებს შორის აღმოჩნდა აკლდამა, ნაგები მსხვილი კვადრებით, რომელიც გამაგრებული იყო ლითონის გამირებით. ქვის პერანგის შიგნით აღმოჩნდა მეორე წყობა – ფლეთილი ქვა კირის დუღაბზე (კედლის სისქე 0,8-1 მ). აკლდამა შედგებოდა: შესასვლელისგან (5,4 კვ მ) და სამარხი კამერისაგან (7,4 კვ მ). იატაკი (0,4 მ სისქის აგურის, ქვიშაქვისა და კირხსნარის მინარევი) კარგად დატკეპნილი იყო. გადახურვა ცრუ კამარა ან ფილების საფეხურისებრი წყობა ყოფილა. აკლდამა მიწით უნდა ყოფილიყო დაფარული. შესასვლელთან აღმოჩნდა: აგური, ქვის კარნიზისა და ფრიზის ფრაგმენტები. გაძარცულ აკლდამაში შემორჩა: ვერცხლის სურის(?) ფრაგმენტები, ოცამდე ოქროს წვრილი კილიტა და ოქრომკერდის ნაწყვეტები. აკლდამა თარიღდება ახ. წ. II ს-ით (ციციშვილი 1950ა: 187-193); I-II სს-ით (სძა 1990: 241); ახ. წ. III ს-ით (ლორთქიფანიძე 1971: 152). ბაგინეთის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
შიდაციხის ჩრდილო კარიბჭესთან გაითხარა რიგით მეორე, რომაული ტიპის აბანო ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებით. გამოვლინდა: აბაზანები, წყალსადენები, გათბობის სისტემა, ჰიპოკაუსტი ცხელი აბანოს ქვედა სართულში. აბანო ნაგებია ქვატეხილით კირხსნარზე. შიდაპირი და აბაზანები შელესილია ჰიდრავლიკური ხსნარით. არმაზციხის პირველ ტერასაზე, ორსენაკიანი ნაგებობის მახლობლად გაითხარა გეგმაში ოთხკუთხა ფორმის წარმართული ტაძარი, რომელიც ქვიშაქვის ქვათლილებზე ამოყვანილი ალიზის კედლებითაა ნაგები. ტაძარი გადახურული ყოფილა წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებური კრამიტით. ტაძრის ფასადი აღმოსავლეთითაა დამხრობილი. ცენტრალური დარბაზი (ფართობი 200 კვ მ) დერეფნების მეშვეობით უკავშირდება დასავლეთის მინაშენსა და მარანს, რომელშიც 16 ქვევრია. დარბაზის ცენტრში დგას ქვიშაქვის მოჩუქურთმებული ბაზა (დმ 1,27 მ, სიმაღლე 0,3 მ), რომელზეც ხის სვეტი იყო აღმართული და მასზე ქვიშაქვის მოჩუქურთმებული კაპიტელი იდგა. ტაძარში ატიკური ორდერით შემკულ კვარცხლბეკზე (0,7X0,7X0,3 მ) ქანდაკება მდგარა. იატაკზე და მის გარშემო აღმოჩნდა არქიტექტურული დეტალები (კარნიზის ფრაგმენტები, მარმარილოს მცირე ქანდაკების ნაწილები – სტილიზებული ლომის თავით), წითლად და ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (მათ შორის საწყაო-სარიტუალო ჭურჭელი), თიხის შეკიდული ბულა პანთეისტური ღვთაების გამოსახულებით, რკინის სამფრთიანი ისრისწვერები, აბჯრის ფირფიტები, ქვის ბირთვები, ახ. წ. I ს-ის პართიული ვერცხლის მონეტები და სხვ. ტაძარი ახ. წ. პირველ საუკუნეებში ფუნქციონირებდა. მისი განადგურება უნდა მომხდარიყო ახ. წ. IV ს-ის პირველ ნახევარში (ნიკოლაიშვილი 1996: 23-25).
აბანოს მახლობლად, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სხვადასხვა დანიშნულების სათავსებში კერამიკულ ნაწარმთან ერთად აღმოჩნდა 3 ეპიგრაფიკული ძეგლი. ერთზე ამოკვეთილია ბერძნული წარწერა: „მეფის ... მამამძუძემ და ეზოსმოძღვარმა გააკეთებინა თავისი საზრდელით (ან სახსრით) მიწისქვეშა გაყვანილობა (ან წყალსადენი) და აბანო (ან წყალსადენი აბანოსათვის) და შესწირა დრაკონტის დედოფალს“. წარწერა თარიღდება II-III სს-ით. მეორე ფილაზე იკითხება: „არმენიის მეფის, ვოლოგეზეს ასულს, ხოლო იბერთა დიდი მეფის ამაზასპეს მეუღლეს, ანაგრანესმა, მამამძუძემ და ეზოსმოძღვარმა, საკუთარი სახსრით (გაკეთებული) აბანო შესწირა“. წარწერა თარიღდება II-III სს-ით. ამავე პერიოდისაა მესამე წარწერა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ იბერთა მეფის ასულებს მეფის მოხელემ რაღაც შესწირა (ყაუხჩიშვილი 2000: 227-229). იქვე აღმოჩნდა ვერცხლის მონეტები (ახ. წ. I ს-ის რომაული დენარები, პართიული დრაქმები) და ძვლის სამი ქანდაკება (საშუალო ზომა 11 სმ). ერთზე გამოსახულია ტერე ფორტუნა, მეორეზე – ღვთაება ეროტია, მესამეზე ლომი (ნიკოლაიშვილი 1996: 24).
მტკვრის მარჯვენა მხარეს, მცხეთის რკინიგზის სადგურის აღმოსავლეთით 300 მ დაშორებით, კლდოვანი ფერდობის საგანგებოდ ამოჭრილ, ნატეხი ქვითა და თიხით შელესილ ქვაბულში (9,10X4,48 მ) გამოვლინდა მავზოლეუმის ტიპის აკლადამა, რომელიც წარმოადგენს სწორკუთხოვან, ერთსათავსიან ნაგებობას (2,33-2,37X1,75-1,80X1,9 მ). აკლდამა აგებულია ქვიშაქვის თლილი ფილებით, უდუღაბოდ. აღმოსავლეთის კედელი, რომელშიც კარია დატანილი, ამოყვანილია მოყვითალო ქვიშაქვის კარგად დამუშავებული კვადრებით. დანარჩენი კედლები გარედან უსწორმასწოროდ დაწყობილი ქვებითაა ნაგები. იატაკი მოგებულია სწორკუთხა ფილებით. ორფერდა სახურავი გადახურულია წითლად შეღებილი, დამღიანი ღარისებური და ბრტყელი კრამიტებით. აკლდამა გაძარცული იყო, მიცვალებულის ძვლები არეული. მიცვალებული სარეცელზე დაუსვენებიათ. აკლდამაში აღმოჩნდა: ოქროს სამკაული – აბზინდა, მძივები, საკიდი, კილიტა, საკიდი – ავგაროზი (ლომისა და ფრინველის გამოსახულებით); ვერცხლის ჯამებისა თუ პინაკების ფრაგმენტები; ბრინჯაოს ღრუ ქანდაკება (ჭაბუკის); ორი ნიჟარა; მინის ჭურჭელი: 2 თეფში, 1 ფიალა, 15 სანელსაცხებლე; თიხის წითლად გამომწვარი ჯამი და ჭრაქი; ოქროს მონეტები – რომაული აურეუსები: ტიბერიუსის (14-37), ნერონის (54-68), ვიტელიუსისა (69) და ვესპასიანესი (69-79); ვერცხლის სპარსული დრაქმები: ოროდ I-ის (54-37) – 47 ცალი; არტაბანის (88-77), სინეტრუქსის (77-70), ფრაატ III-ის (70-75) და ფრაატ IV-ის (37-2). აკლდამა თარიღდება ახ. წ. I ს-ის დასასრულით (ლომთათიძე 1951: 541-544). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
მცხეთის რკინიგზის სადგურის წინ, მთაქართლის ჩრდილო კალთის ძირას გაითხარა გვიანანტიკური ხანის სამაროვანი და ნამოსახლარი (იხ.
მოგვთაკარი).
რკინიგზის სადგურის დასავლეთით 2 კმ დაშორებით, არმაზისხევისა და მდ. მტკვრის შესართავთან, ერთ-ერთ ტერასაზე გაითხარა: II-IV და IV-IX სს-ის სამაროვანი, აბანო, ზღურბლიანი ნაგებობა, ერთსენაკიანი და ორსენაკიანი ნაგებობები და მარანი. სულ გაითხარა 144 სამარხი: ორმოსამარხები, სარკოფაგები, ქვის ფილებით ან ფლეთილი ქვით ნაგები სამარხები და რამდენიმე კრამიტსამარხი. ყველა მათგანი ინდივიდუალური ან საოჯახო იყო. მიცვალუბულები დაუკრძალავთი გაშოტილნი, თავით აღმოსავლეთით (აფაქიძე ... 1955: 15-21). II-IV სს-ის სამარხებში გამოიყო ე. წ. ერისთავთა სამარხები: ბანურსახურავიანი და ორფერდასახურავიანი ორი სარკოფაგი (№№6, 7) და კარგად გათლილი ქვის ფილებით ნაგები შვიდი სამარხი (ორფერდა ან ბანურსახურავიანი), რომელთა კედლისა და სახურავის ფილები გადაბმული იყო რკინის სამაგრებით; იატაკი სამარხებს ქვით ან კერამიკული ფილებით ჰქონდათ მოგებული. ორი სამარხი (№№1, 2) მოქცეული იყო ქვითკირის ნაგებობაში; ერთ სამარხში (№3) მიცვალებულის ძვლები ვერცხლის ჭურჭელზე იყო დალაგებული (მეორადი დაკრძალვა); სამ სამარხში (№№1, 3, 6) მიცვალებული სარეცელზე დაუსვენებიათ. სამარხებში აღმოჩნდა ოქროს ნივთები: სატევრის გარსაკრავი, საბეჭდავი, სარტყელი, დიადემა, სამაჯურები, ყელსაკიდები, საწვივე რგოლები, აბზინდები, საყურეები, ბეჭდები, კილიტები, საკინძები, თილისმა, ცხენის აღკაზმულობა და სხვ. ვერცხლის ჭურჭელი: სასმისები, სურები, ლანგრები და სხვ. მინის სანელსაცხებლები, რკინის სატევარი; ოქროს მონეტები – რომაული აურეუსები: ტიტესი (79-81), ტრაიანესი (98-117), ადრიანესი (117-138), სეპტიმ სევერიუსის (193-211), ფილიპე უმცროსის (247-243), ვალერიანეს (253-260), გორდიანე პიუსის (238-244), ფილიპე უფროსის (244-249), ტრაიანე დეციუსის (249-251), ჰოსტილიანესი (ახ. წ. 251), ნერონის (54-68), გალბასი (68-69), ანტონინე პიუსის (138-161), კომოდის (180-192); ვერცხლის მონეტები: გოტარზეს (40-51) დრაქმა, ავგუსტეს (ძვ. წ. 27 – ახ. წ. 14 წწ.) დენარი და სხვ. ერისთავთა სამარხები თარიღდება II-III სს-ით (აფაქიძე ... 1955: 22-104).
არმაზის ერისთავთა სამარხებთან დაკავშირებულია შემდეგი ეპიგრაფიკული ძეგლები: 1. №1 სამარხში აღმოჩნდა ოქროს ბეჭედი, რომლის სარდიონის ქვის გემაზე ამოჭრილია წვეროსანი მამაკაცის ბიუსტი. გამოსახულებას შემოუყვება ბერძნული წარწერა: „ასპარუგ პიტიახში“. წარწერა თარიღდება ახ. წ. I ს-ით (ყაუხჩიშვილი 1951: 262); ახ. წ. II ს-ით (აფაქიძე 1963: 140). 2. იმავე სამარხში აღმოჩნდა ასპარუგის საერისთავო სარტყლის ბალთა, რომლის შუაგულში ჩასმულია გემა ორი ადამიანის გამოსახულებით. გემაზე ბერძნული წარწერაა: „კარპაკი, ზევახი ჩემი სიცოცხლე“ ან „ჯავახი სიცოცხლე ჩემი – კარპაკი“. წარწერა თარიღდება: ახ. წ. II ს-ით (ყაუხჩიშვილი 1951: 261); (აფაქიძე 1963: 141). 3. №2 სამარხში აღმოჩენილ ოქროს ბეჭდის სარდიონის თვალზე ბერძნული წარწერაა: „ზევახი“. წარწერა თარიღდება II ს-ით (ყაუხჩიშვილი 1951: 263). 4. №3 სამარხში ოქროს ბეჭდის ქვაზე გამოსახული მამაკაცის პროფილის ქვეშ ამოკვეთილია ნეგატიური წარწერა „პლატონი“. წარწერა თარიღდება ახ. წ. I ს-ით (ყაუხჩიშვილი 1951: 264). 5. №6 სამარხის ოქროს ბეჭდის თვალზე გამოსახული საყურიანი მამაკაცის პროფილის ქვევით იკითხება: „ზვხ“ („ზევახი“) (ყაუხჩიშვილი 1951: 263). 6. №2 სამარხის ვერცხლის პინაკის გარეთა ზედაპირზე საშუალო სპარსულ ენაზე წარწერაა: „პიტიახში ღვთაებრივი არდაშირისა, ღვთაებრივ (პაპაკის?) ძის“. წარწერა თარიღდება III ს-ის მეორე მეოთხედით (აფაქიძე 1963: 142). 7. №3 სამარხში აღმოჩენილ ვერცხლის ლანგრის გარეთა ზედაპირზე ბერძნული წარწერაა ამოკაწრული: „მე, მეფე ფლავიოს დადესმა მივუძღვენი ბერსუმა პიტიახშს“. წარწერა დათარიღდა: I-III სს-ით (ყაუხჩიშვილი 1941: 170, 171); III ს-ის 50-იანი წლებით (აფაქიძე 1963: 145); II ს-ის მიწურულით ან III ს-ის დასაწყისით (ყაუხჩიშვილი 1951: 265). 8. №4 სამარხის სამხრეთ კედლად ჩადგმული იყო ლოდი, რომლის შიგნითა მხარეს აღმოჩნდა ორენოვანი (ბერძნულ-არამეული) წარწერა. ბერძნული ტექსტი ათსტრიქონიანია. მის ქვემოთ ამოჭრილი არამეული ტექსტი თერთმეტსტრიქონიანი. წარწერა ასე იკითხება: „სერაფიტი, მცირე პიტიახშის ზევახის ასული, პიტიახშ პუბლიკიოსის აგრიპას ძის, იბერთა მეფის დიდი ქსეფარუნგის მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრის იოდმანგანის მეუღლე. გარდაიცვალა ახალგაზრდა, 21 წლისა, რომელსაც ჰქონდა უბადლო სილამაზე“ (წერეთელი 1941: 17; ყაუხჩიშვილი 1941: 169-175; შანიძე 1941: 181-186). წარწერა თარიღდება ახ. წ. II ს-ით (ყაუხჩიშვილი 1941: 173). 9. №4 სამარხის ჩრდილოეთის კედლად გამოყენებულ ლოდზე აღმოჩნდა არამეული წარწერა. მასში I ს-ის მოვლენებია მოხსენიებული. (წერეთელი 1948ა: 360; ინგოროყვა 1941: 411, 418, 419).
ერისთავთა სამაროვნის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაითხარა ორი კრამიტსამარხი და ორი ქვის ფილებით ნაგები სამარხი ღარიბული ინვენტარით. მათში აღმოჩნდა თიხის ხელადები, რკინის დანა, ცული, ბეჭედი, ბრინჯაოს აბზინდა, საყურე, მინისებრი პასტისა და გიშრის მძივები, ავგუსტეს ვერცხლის დენარი და სხვ. სამარხები დათარიღდა II-III სს-ით (აფაქიძე ... 1955: 129-134). ერისთავთა სამაროვნის სამხრეთ-აღმოსავლეთით 20-30 მ მანძილზე გაითხარა ქვის ფილებით ნაგები 14 სამარხი (3 ორფერდა, 11 ბანურსახურავიანი). ფილები უხეშადაა გათლილი. იატაკი ქვის ან კერამიკის ფილებითაა მოგებული. მიცვალებულები დაუკრძალავთ გაშოტილნი, რკინის ლურსმნებით შეკრულ ხის კუბოებში. სამარხებში აღმოჩნდა: ოქროს საყურეები, ყელსაბამი, სამაჯურები, ბეჭდები; ვერცხლისა და ბრინჯაოს აბზინდები; რკინის მშვილდსაკინძები, საავგაროზო მილაკი. სამარხები თარიღდება IV ს-ით (აფაქიძე ... 1955: 104-129).
არმაზისხევის უბანზე, ძირითადად აბანოს ნანგრევებისა და „ზღურბლიან ნაგებობას“ შორის და რკინიგზის ლიანდაგს გადაღმა, ე. წ. „ტყის უბანზე“, გაითხარა ქვის ფილებით ნაგები 106 კოლექტიური სამარხი. მიცვალებულები დაუკრძალავთ გაშოტილი, თავით დასავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა: ბრინჯაოსა და რკინის საკინძები (162 ც), მშვილდსაკინძები (76 ც), ბეჭდები (68 ც. აქედან 3 ოქროსი), ოქროს 2, ვერცხლის 8, ბრინჯაოს 5 საყურე; სამაჯურები (19 ც), აბზინდები, ბალთები, მძივები, მინის ჭურჭლის ნატეხები და სხვ. მონეტები: VIII ს-ის 2 არაბული ფელსი. სამარხები თარიღდება IV-IX სს-ით (აფაქიძე ... 1955: 135-146).
არმაზისხევის უბნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. მტკვრის მეორე ტერასის კიდეზე გამოვლინდა აბანოს (22,8X8,8მ) ნანგრევები. აბანოს საძირკველი ამოყვანილია რიყის ქვით. გადახურული ყოფილა კრამიტით. აბანო შედგება გასახდელი ოთახის, საცეცხლისა და სამი საბანაო (ცხელი, თბილი, ცივი) განყოფილებისაგან (საერთო ფართობი 67.12 კვ. მ). შენობის დასავლეთით, გასახდელი ოთახია, საიდანაც აღმოსავლეთის კედელში გაჭრილი კარით, საცეცხლის თავზე მდებარე სათავსის გავლით ცხელ აბანოში შედიოდნენ. ცხელი აბანო უერთდება თბილ აბანოს გასასვლელით. თბილი აბანოს აღმოსავლეთით მდებარეობს ცივი აბანო, რომელიც შედგება აუზისა და მასზე მოგვიანებით მიშენებული სათავსისაგან. აუზის კუთხეებში დატანილი წყლის გასასვლელი მილები უერთდება არხს, რომელიც საძირკველს მიჰყვება და ჩადის მდ. მტკვარში. გათბობის სისტემა (კალორიფერი, ჰიპოკაუსტი, ღუმელი და საკანალიზაციო არხები) ცხელი და თბილი აბანოს ქვევითაა მოწყობილი. სათბობის იატაკს წარმოადგენს 0,2 მ დატკეპნილი ფენა (კირის, დანაყილი აგურისა და კრამიტის ნარევი), რომელზეც დგას მრგვალი და ოთხკუთხა აგურებისაგან ნაგები 1,1 მ სიმაღლის 45 სვეტი. მათ შორის მანძილი 0,30-0,35 მ. თითოეული სვეტი შედგება სქელი კირით გამაგრებული 20-21 აგურისაგან. სვეტები გადახურული იყო კერამიკული ფილებით. ცხელ აბანოში ჰაერი ადიოდა კედლებში დატანილი სწორკუთხა კრამიტის მილებით. არმაზისხევის აბანო რომაული ტიპის აბანოებს განეკუთვნება და თარიღდება II-III სს-ით (აფაქიძე 1963:34-38).
აბანოს სამხრეთ-აღმოსავლეთით გამოვლინდა ქვითკირის ორსენაკიანი, ე. წ. ზღურბლიანი ნაგებობის ნაშთები. დასავლეთის სენაკში შემორჩენილია: არქიტრავის ნაწილი, სვეტისთავი და სწორკუთხა ბაზა. აღმოსავლეთის სენაკში აღმოჩნდა კრამიტის ნატეხები, ნაცრისა და ნახშირის ფენა (აფაქიძე ... 1955: 160-163). არმაზისხევის ძირითადი უბნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შარაგზის ჩრდილოეთით აღმოჩნდა ძლიერ დაზიანებული, ერთსენაკიანი ნაგებობის ნანგრევები. შენობის დანიშნულება გაურკვეველია (აფაქიძე ... 1955: 164). აბანოს სამხრეთ-დასავლეთით 40 მ დაშორებით აღმოჩნდა ფლეთილი ქვითა და კირით ნაშენი ორსათავსიანი ნაგებობა (სძა 1990: 238). არმაზისხევის მარჯვენა ნაპირზე, უბნის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთითა აღმოჩნდა მარანი (4,5X9მ) 55 ქვევრით. ქვევრების უმეტესობას დაუყვება რელიეფური სარტყლები; ზოგიერთ ქვევრს შერჩენილი აქვს ქვიშაქვის მრგვალი ან ოთხკუთხა სარქველი. მარანთან დაკავშირებულია საკულტო სამარხები – წითლად ან შავად გამომწვარი, მიწაში 1,8-2,5 მ სიღრმეზე ჩაფლული თიხის 9 ქილა. ზოგიერთ ქილაში აღმოჩნდა ფრინველის ძვლები. აბანო, ზღურბლიანი ნაგებობა, ერთსენაკიანი ნაგებობა და მარანი ითვლება არმაზისხევის ერისთავთა რეზიდენციის კომპლექსად. IV ს-ის დასაწყისისათვის კომპლექსი გადამწვარ-განადგურებულია (აფაქიძე ... 1955: 165-171). ზღურბლიანი ნაგებობის სამხრეთით, 27 მ მანძილზე გამოვლინდა ორსენაკიანი შენობა, რომელიც ქვიშაქვის თლილი ლოდებითაა ნაშენი. თითოეულ სენაკში აღმოჩნდა ორ-ორი ქვის სამარხი. ორსენაკიანი ნაგებობა VI ს-ის მიმდევნო ხანას განეკუთვნება (აფაქიძე ... 1955: 171-174). არმაზისხევის მასალის ნაწილი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
ნაგებობათა დეკორის დეტალები და არქეოლოგიური მასალის ნაწილი ინახება არმაზისხევის ბაზაში.
მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს, რკინიგზის ბაქან „არმაზის“ სამხრეთით, არმაზისხევისა და მარტაზისხევებს შორის, ფერდობის ძირას გაითხარა გვიანანტიკური და ადრე შუა საუკუნეების ახალი არმაზის სამაროვანი. სამარხები ნაგებია ქვიშაქვის ფილებით, ფლეთილი ქვითა და ტალახით; გადახურულია მოზრდილი ფილებით; მიცვალებულები დაუკრძალავთ გაშოტილნი, თავით დასავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა: ოქროს, ვერცხლისა და რკინის ბეჭდები, საყურეები; მინისა და პასტის მძივები; ბრინჯაოს საკინძები, მშვილდსაკინძები, სამაჯურები; თიხისა და მინის სანელსაცხებლეები; პართეული მონეტა. სამაროვნის აღმოსავლეთით გამოვლინდა ფლეთილი ქვითა და თიხით ნაგები კედლები და შუა საუკუნეების კერამიკა (სძა 1990: 241, 242). მასალა ინახება დიდი მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში.
მარტაზისხევის ანუ სანგრისხევის შესართავთან, მარცხენა ნაპირას, არმაზისხევის დასავლეთით 2 კმ დაშორებით შესწავლილ იქნა მარტაზისხევის სამაროვანი, სადაც გაითხარა ფლეთილი ქვითა და თიხით ამოყვანილი, სამ-სამი ფილით გადახურული 47 ქვის სამარხი (დაკრძალვა ქრისტანული წესით) და ერთი ქვევრსამარხი. ქვის სამარხებში გამოიყო 2 ქრონოლოგიური ჯგუფი: IV-V და VI-VII სს. ქვევრსამარხი ძვ. წ. II-I სს-ით დათარიღდა (უგრელიძე, ამირანაშვილი 1971: 89-91).
თბილისი-მცხეთის გზატკეცილის მე-17 კმ-ზე, კარსნისხევში, ბორცვის ძირზე და თხემზე გამოვლინდა ტერასულად განლაგებული ნამოსახლარი, რომელშიც დადასტურდა 3 სამშენებლო ფენა. გაითხარა 6 სახლი. საცხოვრებელი კომპლექსი შედგებოდა საკუთრივ საცხოვრებელი, აგრეთვე დამხმარე ნაგებობებისაგან. შენობები დახურული იყო ღარიანი და ბრტყელი კრამიტით. კედლები ნაგებია ქვიშაქვის ფილებით. იატაკი თიხატკეპნილია. შუა სახლში გამართულია კერა. გათხრებისას აღმოჩნდა: ქვევრები, დერგები, ჯამები, ხელადები; ქანდაკებები: მამააცისა და ქალის გამოსახულება. ნამოსახლარის აღმოსავლეთით, 60-ოდე მ-ის დაშორებით გაითხარა მეთუნეთა სახელოსნო უბანი. სათავსებში გამოვლენილი ქურები შედგებოდა საცეცხლისგან, სანაცრისა და ქურის ყელისგან. ძეგლი დათარიღდა ძვ. და ახ. წელთაღრიცხვების პირველი საუკუნეებით.
კარსნისხევის ნამოსახლართან გაითხარა 30 კრამიტსამარხი, ორმოსამარხი, ხის ძელებით გადახურული სამარხი, თიხის ფილასამარხი და ქვევრსამარხი. მათში აღმოჩნდა: თიხის ხელადები, მინის სანელსაცხებლეები, ბრინჯაოსა და რკინის სამკაულები (სასაფეთქლე რგოლები, ბეჭდები), ბრინჯაოს ზარაკები, სხვადასხვა ფორმისა და მასალის მძივები, მონეტები: ოროდ I-ის (57-37), არტაბან II-ის, ავგუსტუსის (გალიის ზარაფხანა) და სხვ. სამაროვანი თარიღდება ახ. წ. I-II სს-ით (აფაქიძე ... 1978ა: 8-53; ნიკოლაიშვილი 1993)
არმაზის ციხე მდებარეობს არმაზისხევის სათავესთან, რკინიგზის ხაზის სამხრეთით 3 კმ დაშორებით, კლდოვან მთაზე. ციხე შედგება გალავნისა და ორსართულიანი კოშკისაგან. ნაგებია ფლეთილი ქვით. ტრაპეციის ფორმის გალავანს (26X27,5მ) შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰქონია. კოშკი, რომელიც გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას, კუთხეებმომრგვალებულია. კოშკის პირველი სართული ყრუა. შესასვლელი მეორე სართულზე ჩრდილოეთიდანაა (სძა 1990: 235).
არმაზში (ზუსტი ადგილი უცნობია) აღმოჩნდა თეთრი ქვის ნატეხი ასომთავრული წარწერით: „სალოცველად მ დ საწყალობლად“ (თაყაიშვილი 1905: 62). არმაზის ეკლესიის დასავლეთ კედელში, კარის თავზე ჩასმული იყო ფილა, ასომთავრული რელიგიური ხასიათის წარწერით (საქ. სახ. მუზ. ეპიგრ. ძეგ. 1953: 12). ორივე ფილა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
არმაზის ღვთისმშობის ეკლესია მდებარეობს არმაზისხევის მარჯვენა ნაპირზე, მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3 კმ დაშორებით. ეკლესია დარბაზულია (14,2X8,2მ). ნაგებია აგურითა და ფლეთილი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აფსიდა ნახევარწრიულია. აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთის კედელში – ორი. მოხატულობა საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზეა შემორჩენილი. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე ეკვრის, ჩრდილოეთით – მინაშენი. კარიბჭის ჩრდილოეთით საძვალეა. კარიბჭის (3,6X5,19მ) შესასვლელი დასავლეთითაა. შეისრული თაღი აგურით ამოყვანილ სვეტებს ეყრდნობა. მინაშენი (10,8X3,2მ) აფსიდიანია, რომლის ღერძზე ერთი, ხოლო დასავლეთ კედელში ორი სარკმელია. საძვალე (3,7X3,6მ) გუმბათიანია. აფსიდა ნახევარწრეზე ნაკლებია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. შესასვლელის თავზე მოთავსებულია ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. იგი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). წარწერაში იხსენიება გიორგი III-ის (1156-1184) დროინდელი ისტორიული პირები: კათოლიკოსი ნიკოლოზი (1150-1178), სალდუხის ძმისა და აბულეთის დედის ქალიშვილი, ვინმე ხათუნა – მონაზვნობაში მარიამი. ეკლესია 1150-1178 წწ. თარიღდება. კარიბჭე და მინაშენი ცალ-ცალკეა აგებული XII ს-ის მეორე ნახევარში (შმერლინგი ... 1960: 28-30). ეკლესიის დასავლეთით დგას ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც ნაგებია ფლეთილი ქვითა და აგურით. ქვედა სართულის კამარა შეისრულია. მეორე სართული გადახურულია კამარით. მოგვიანებით სამრეკლოსათვის სათავსი მიუშენებიათ. სამრეკლო თარიღდება XVI-XVII სს-ით (სძა 1990: 234).
ღვთისმშობლის ეკლესია („ახალქალაქური“, „ოლღას მონასტერი“) მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის პირდაპირ, მთის კლდოვან ფერდზე, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ეკლესია დარბაზულია (13,6X6,7მ). ნაგებია ფლეთილი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. აფსიდა ნახევარწრიულია. აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში თითო სარკმელია. ეკლესია შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას დასავლეთიდან ეკვრის კარიბჭე, გადახურული ვარსკვლავისებრი კამარით, რომლის ცენტრში ორნამენტიანი მედალიონია. ეკლესია და კარიბჭე თარიღდება XI-XII სს-ით (სძა 1990: 243). სახელწოდება „ახალქალაქური“, „ოლღას მონასტერი“ XIX ს-ის 90-იან წლებში მიიღო ინჟ. გორნიჩის ცოლისგამო, რომელმაც აღმოაჩინა და გაწმინდა ეს ეკლესია (შმერლინგი ... 1960: 28).