კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კიკ კიმ

კიკეთი


(ქც 4: 327,14). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 327,14), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალანი საქ. სტატ. 1907: 114, 116; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 124; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 90, 91; ქართულ-სპარსული ... 1955: 157), 1459 წ. სომხური ხელნაწერი (სომხ. ხელნაწერთა ... 1978: 76).

მდებარეობს გარდაბნის მუნიც-ში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, ასურეთის ხევის მარჯვენა მხარეს. დიდების სამხრეთით, კაბენის მონასტრის ჩრდილოეთით (ლორთქიფანიძე 1935: 319).

1641 წ. სოფელი როსტომ მეფემ (1632-1658) უბოძა თავის დისწულს ხუარეშან ბატონიშვილს (ქართულ-სპარსული ... 1955: 157).

1921-1923 წწ. კიკეთის მიდამოებში დაზვერვები და გათხრები ჩაუტარებია ე. პჩელინას. კიკეთის მახლობლად, კოჯორ-მანგლისის გზასთან ე. პჩელინას გაუთხრია სამარხი, სადაც აღმოჩნდა თიხის რამდენიმე ჭურჭელი, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესო იყო ფრინველის გამოსახულებითა და სპირალური ორნამენტით შემკული მოზრდილი ჭურჭელი. სამარხი ეკუთვნოდა ენეოლითურ ხანას (პჩელინა 1930: 156-159; კუფტინი 1944ა: 86-89).

ე. პჩელინას კიკეთის მიდამოებში სამ ადგილას დაუმოწმებია ქვის სამარხები. პირველ პუნქტში გათხრილია ჩრდილო-დასავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთ ხაზზე დამხრობილი 4 სამარხი. დაკრძალვის წესის დადგენა მხოლოდ ერთ მათგანში მოხერხდა. მიცვალებული ესვენა მოხრილი კიდურებით, მარცხენა გვერდზე. მეორე პუნქტში იმგვარადვე დამხრობილი ერთი ქვის სამარხი შეუსწავლია. მიცვალებული ესვენა მარცხენა მხარეს, ძლიერ მოკეცილი ფეხებით. მესამე პუნქტში გაუთხრია ქვის სამარხი, რომელიც აღნაგობითა და დამხრობით აღწერილ სამარხებს იმეორებდა. ძვლების ცუდად დაცულობის გამო, მიცვალებულის დაკრძალვის პოზის დადგენა არ მოხერხდა. ქვის სამარხები ყველა უინვენტარო გამოდგა. ადგილობრივ მოსახლეობას ე. პჩელინასათვის კიდევ ოთხ ადგილას მიუთითებია კიკეთში ქვის სამარხების არსებობა. ე. პჩელინას მოსახლეობისაგან შეუძენია ბრინჯაოს ხვეული საკიდები, საკინძი, მსხვილი მავთულისაგან დამზადებული სამაჯური, თიხის ჭურჭელი და სარდიონის მძივები. დაზვერვებისას მიუკვლევია ყორღანებისათვის. მანგლისის ძველი გზის მიმდებარე მიწებზე, სადაც ობსიდიანის უამრავი ანატკეც-ანამტვრევები იყო გაფენილი, შეუკრებია იარაღების მცირე კოლექცია, რომელთაგან 38 ცალი გადაუცია მოსკოვის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმისათვის. გათხრებისა და დაზვერვების დროს აღმოჩენილი დანარჩენი მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). (პჩელინა 1930: 147-162).

1948 წ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ბ. კუფტინი) ე. პჩელინას განათხარ სამარხთან შეისწავლა 7 სამარხი და სამეურნეო დანიშნულების 2 ორმო. სოფლის ტერიტორიაზე კი გაითხარა ძვ. წ. V ს-ის 6 ქვის სამარხი.

1961 წ. ენეოლითური ხანის სამაროვანზე გათხრებს აგრძელებდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თეთრი წყაროს არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. გ. გობეჯიშვილი), რომელმაც გამოავლინა რამდენიმე სამარხი და ნამოსახლარის ნაშთები (ფხაკაძე 1963: 17).

კიკეთის ენეოლითური ხანის სამაროვანი მდებარეობს კოჯრიდან კიკეთისაკენ მიმავალი გზატკეცილის მარცხენა მხარეს, ფერდობზე. წყენეთისა და კოჯრის გზისსაყარიდან 1,6 კმ მანძილზე. სამაროვანზე სხვადასხვა დროს შეისწავლეს სულ 21 სამარხი და 6 სამეურნეო ორმო. ცალკეული სამარხების ქვეშ, ან მათ გვერდით აღმოჩენილია უფრო ძველი ქვის წყობები და მრგვალი ორმოები. ჩანს, სამაროვანი უფრო ადრეული ნასახლარის ერთ-ერთ უბანზე გაუმართავთ. სამარხები სამი ტიპისაა. 1. ნალისებური მოყვანილობის ქვის სამარხები ხუთია. ისინი დამხრობილია ჩრდილო-სამხრეთით, ან მცირე გადახრით ჩრდილო-დასავლეთ–სამხრეთ-აღმოსავლეთ ხაზზე. სამარხების ჩრდილოეთი კედელი მომრგვალებულია, სამხრეთისა სწორხაზოვანი და ღია, რაც აქ შესასვლელის არსებობაზე მიუთითებს. ერთ შემთხვევაში შესასვლელში დირეა დატანებული. ქვები ერთმანეთზე დევს ჰორიზონტალურ ფენებად და ქვევიდან ზევით ამცირებს გადასახურავ ფართობს, რაც თაღოვანი გადახურვის არსებობაზე უნდა მიუთითებდეს. №№7, 12 სამარხებში შეიმჩნევა კედლიდან თაღზე გარდამავალი მორკალულობაც. ნალისებური სამარხებიდან ერთი (№7) ინდივიდუალურია, დანარჩენები (№№8, 9, 12, 14) კოლექტიური. 2. სამარხთა უმრავლესობა (№№2, 3, 4, 5, 10, 13) ქვაყრილიანი ორმოსამარხებია. ისინი წარმოადგენენ ოთხკუთხა ან ოვალურ ორმოებს, რომლებშიც მიცვალებულის ჩასვენების შემდეგ უსისტემოდ ჩაუყრიათ სხვადასხვა ზომის ქვები, რის გამოც ჩონჩხები დაზიანებული და კერამიკა ძალზე დამტვრეულია. ქვაყრილიანი ორმოსამარხები კოლექტიურია. მათში ასვენია 2-იდან 7-მდე მიცვალებული. ნალისებურ თუ ქვაყრილიან ორმოსამარხებში დაკრძალვის დადგენილი წესი არ შეიმჩნევა. მიცვალებულები დაკრძალულია კიდურებმოკეცილი ან ზურგზე გაშოტილი. ზოგჯერ მიცვალებულთა ძვლები კედელთანაა მიხვეტილი. სხვადასხვაგვარია მიცვალებულთა დამხრობაც. ქვაყრილიანი ორმოსამარხებიდან საყურადღებოა №№2, 3, 4, 5. მათში დაკრძალულ მიცვალებულებს თავის ქალა და კისრის ძვლები არ გააჩნიათ. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს თავები მოკვეთილი აქვთ. არც ერთ მათგანს ინვენეტარი არ ახლავს, მაშინ როცა სხვა სამარხები მდიდარია კერამიკით მაინც. 3. სამარხთა მესამე ტიპი გარკვეულწილად არ განსხვავდება ქვაყრილიანი ორმოსამარხებისაგან. ძირითადი განსხვავება შეიმჩნევა სამარხ ორმოებში, რომელებიც ყოველთვის ოთხკუთხა მოყვანილობისაა და ყოველი მხრიდან შემოწყობილი აქვთ ცერად ჩადგმული ქვები, ისე რომ ისინი ქვის სამარხის შთაბეჭდილებას ტოვებენ. მიცვალებულებს ზევიდან ჯერ ქვის ბრტყელი ფილები ადევთ სახურავივით, ხოლო შემდეგ ჩაუყრიათ სხვადასხვა ზომის ქვები. ასეთი სამარხი სამია №№1, 6, 11. ერთსა და იმავე სამარხში დასტურდება როგორც სხვადასხვა მხარეს დასვენებული მოკრუნჩხული ჩონჩხები, ისე გულაღმა მწოლიარე მიცვალებულები (ფხაკაძე 1963: 72-75).

სამარხებში უხვად იყო წარმოდგენილი კერამიკა. ლითონის ნივთები საერთოდ არ აღმოჩენილა. კერამიკა ნაძერწია ხელით. თიხას ურევია ქვიშა, ობსიდიანი, ქარსი და ზოგჯერ კვარცი. კერამიკა უმეტესად მონაცრისფრო-ვარდისფერია მუქი ლაქებით. გვხვდება შავად გამომწვარი, ვარდისფერსარჩულიანი რამდენიმე ნიმუშიც.

ნაწილი კერამიკისა ანგობირებული და სუსტად ნაპრიალებია. თითქმის ყველა ჭურჭელი ფენებად შენების გზითაა დამზადებული. ძირი, ყური, ყელი, ცალკეა გამომშრალი. შემდეგ ერთმანეთზეა დადგმული და ორივე მხრიდან შემოლესილია თიხის უფრო თხელი ფენით. ფორმისა და დანიშნულების მიხედვით მათში რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა: 1. ჯამები, რომლებიც უმრავლესობას შეადგენენ; 2. სხვადასხვა ფორმის სასმისები; 3. დიდი ზომის ქოთნისებური ჭურჭელი. ჯამებში სამი ტიპი გამოიყოფა: I ტიპი ხასიათდება სწორი ან ქობიანი პირით, მომრგვალებული მუცლითა და ფართო, ბრტყელი ძირით. ყელიდან მუცელზე გადასვლა თანდათან ხდება. ჯამებს დაძერწილი აქვთ კოპები და შვერილები. ისინი სადაა, მხოლოდ ერთ მათგანზე შეიმჩნევა ამოკაწრული გეომეტრიული ორნამენტი. II ტიპის ჯამებს ახასიათებთ ტანთან შედარებით ოდნავ შევიწროებული პირი, ცილინდრული ყელი, გამობერილი მუცელი და ბრტყელი ძირი. ჭურჭლის ყელიდან მუცელზე გადასვლა მკვეთრი ტეხილით ან წიბოს საშუალებით აღინიშნება. კოპებისა და შვერილების გარდა, თითქმის ყველა მათგანს პირსა და ყელზე დაძერწილი აქვს თითო ყური. ერთ მათგანს ამკობს რელიეფური წყვილი ხაზი. III ტიპის ჯამები მცირერიცხოვანია. ახასიათებთ მრგვალქობიანი პირი, შედარებით კარგად გამოსახული ოდნავ დაქანებული მხრები. მუცელთან შეერთებისას ქმნიან წიბურს. პირსა და წიბოზე დაძერწილი აქვთ თითო ყური, რომლის მოპირდაპირე მხარეს ჰქონდათ კოპი და შვერილი. ერთ მათგანზე რელიეფურად გამოსახულია წყვილი რკალური თავჩახვეული ფიგურები. სამარხებში აღმოჩენილია ე. წ. ჯამ-ქოთნებიც. მათ აქვთ ბრტყელი ძირი. სწორი პირი და ცილინდრული ფორმის ტანი. ერთ მათგანს აქვს ყური და შვერილი. მეორეს კი ორივე ყური პირზე აქვს დაძერწილი (ფხაკაძე 1963: 77-81). ჭურჭლის მეორე დიდ ჯგუფს სასმისები შეადგენს. მათში სამი ტიპი გამოიყოფა. I ხასიათდება სწორი, ქობიანი პირით, მაღალი ცილინდრული ყელით, მომრგვალებული მუცლითა და ბრტყელი ძირით. ყველა მათგანი ცალყურაა. II ტიპის ჭურჭელს აქვთ ცილინდრული ყელი და ბრტყელი ძირი. III ტიპში ერთიანდება ჭურჭელი, რომელსაც ახასიათებს ცილინდრული ყელი, მკვეთრად გამოხატული წიბო და ვიწრო, ზოგჯერ შეზნექილი ძირი. მათ აქვთ თითო ყური. კერამიკის III ჯგუფში ერთიანდება დიდი ზომის ქილები თუ ქოთნები. ყველა მათგანს აქვს მეტ-ნაკლებად მაღალი, ცილინდრული ყელი, დაბრტყელებული პირი, ბრტყელი ძირი. ყელსა და მხარზე დაძერწილია ყურები. ქოთნისებური ჭურჭლიდან ცალკე გამოიყოფა დიდი ზომის პითოსები. ასეთი ნიმუში რამდენიმეა. მათგან 3 შავპრიალაა, ვარდისფერი სარჩულით. დანარჩენები მოვარდისფროა. ყველა ყურიანია. ჭურჭლის უმრავლესობა ორნამენტირებულია. მათი სახურავები დისკოსებურია. სახურავის შუა ნაწილში დაძერწილია პატარა ყური. ჭურჭლის ორნამენტი სხვადასხვა სახისაა. რელიეფური ორნამენტის უმრავლესობა პითოსისებური ჭურჭლის მხარსა და ყელზეა გამოსახული. ზოგჯერ მათზე დაძერწილია ნალისებური ფორმის ორნამენტი ან წყვილი რკალისებური სახეები. ყველაზე დამახასიათებელია ორმაგი სპირალი. ერთ-ერთი პითოსის ყელზე წარმოდგენილია რელიეფური ხაზებით შესრულებული ფრინველის გამოსახულება (ფხაკაძე 1963: 82-89, 90, 99). სამარხებში აღმოჩენილი არაკერამიკული მასალიდან გვხვდება ქვის სალესავი, წაკვეთილი კონუსის ფორმის ძვლის კვირისტავები. მძივები მინისებური პასტისაა. ცილინდრული ფორმის 31 მძივი თეთრი ფერისაა.

მთელი ფართობი, სადაც სამაროვანი მდებარეობს, მოფენილია ობსიდიანის უამრავი ნატეხით, რომელთა შორის ბევრი დამუშავებულია. ზედაპირული მასალა: როდინი, ხელსაფქვავი, ნამგლის ჩასართები, კაჟის ლამელა, ბათქაშის ნატეხები და სხვა, ამ ტერიტორიაზე საცხოვრებლის არსებობაზე უნდა მიუთითებდეს. ფერდობზე გაითხარა მრგვალი ფორმის 6 ორმო, რომლებიც სავსე იყო ნაცრით, ნახშირით, ხელსაფქვავის ნატეხებით, რიყის ქვის სალესებით, ცხოველთა ძვლებით, კერამიკის ფრაგმენტებით. ზოგიერთ ორმოში შეიმჩნეოდა ბათქაშის სქელი ფენა, წნულის ანაბეჭდებით. ორმოებში აღმოჩნდა თიხის ორი სადგარი. ერთი მათგანი კოჭისებური ფორმისაა, გაფართოებული და დაბრტყელებული თავებით. მეორე რქისებურშვერილიანი სადგარია (ფხაკაძე 1963: 60, 61, 100). ორმოებიდან მომდინარე მასალები (ჯამები) უფრო არქაული ჩანს და შესაძლოა ისინი ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანებით დათარიღდეს. სამარხეული კერამიკის თარიღი ძვ. წ. IV-III ათასწლეულის მიჯნით შეიძლება განისაზღვროს (საქ. არქ. 1992: 163). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი).

სოფლის ტერიტორიაზე 1948 წ. ბ. კუფტინმა შეისწავლა 6 ქვის სამარხი. ისინი ინდივიდუალურია. მიცვალებულები ესვენა თავით ჩრდილო-დასავლეთისაკენ, ძლიერ მოხრილი კიდურებით. ქალები მარცხენა, მამაკაცები კი მარჯვენა გვერდზე. სამარხებში აღმოჩნდა თიხის 8 ჭურჭელი, რომლებიც ძირითადად მოწითალოდაა გამომწვარი. 3 მათგანი წითლადაა შეღებილი. დოქებს ახასიათებს ოდნავ გაშლილი პირი, ფართო, საშუალო სიმაღლის ყელი, სფერული ტანი და ფართო ძირი. ყური მიძერწილია პირსა და მხარზე. კოჭობები უყუროა. გარდა კერამიკისა სამარხებში აღმოჩნდა: რკინის მასრაგახსნილი შუბისპირი, რკინის ცალპირლესული 3 დანა, ბრინჯაოსა (3 ც) და რკინის (3 ც) სამაჯური. ბრინჯაოს სამაჯურებიდან ორი შემკულია ქვეწარმავლის თავის სტილიზებული გამოსახულებით, რკინის სამაჯურების რკალი – ბურთულისებრი შემსხვილებებით. სამარხებში გამოვლინდა: ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები; საყურე რგოლი; რკინის საკინძი; ბრინჯაოს ძეწკვი; 3 ცალი მძივი. №2 სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს ზარი. სამაროვანი თარიღდება ძვ. წ. V ს-ის პირველი ნახევრით. შედარებით ახალგაზრდა ჩანს ზურგდაკეჭნილი სამაჯურების შემცველი სამარხები, რომლებიც ძვ. წ. IV ს-ის მიწურულითა და III ს-ის დასაწყისით შეიძლება დათარიღდეს (დავლიანიძე 1983: 109-115). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

ამავე მუზეუმში ინახება კიკეთსა და მის მიდამოებში სხვადასხვა დროს შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები. 1936 წ. მეტეხის ხელოვნების მუზეუმს სახელმწიფო მუზეუმისათვის გადაუცია თიხის შავად გამომწვარი ქოთანი და ჯამის ფრაგმენტი. 1958 წ. მუზეუმში მოხვდა ბრინჯაოს ვიწროპირიანი სატევარი წაწვეტებული ბოლოთი. პირი შემკული აქვს ამოღარული ხაზებით. სატევრის შემორჩენილი სიგრძე 27,2 სმ-ია. სატევართან ერთად მუზეუმს შეუძენია რკინის ორფრთიანი ისრისპირი. აღწერილი ნივთები მიეკუთვნება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას. 1977 წ. მუზეუმმა შეიძინა კიკეთში შემთხვევით აღმოჩენილი სამარხეული ნივთები: ბრინჯაოს რომბისებური მოყვანილობის ინკრუსტირებული ფიბულა, დათარიღებული II-III სს-ით (აფხაზავა 1979: 11); სხვადასხვა ფორმის 6 ზარაკი, მავთულით შედგენილი 2 სპირალი, წრიული მოყვანილობის, ნაპირებთან გახვრეტილი ფირფიტა, ზურგჩაზნექილი, რკალგახსნილი სამაჯური, გახვრეტილი ფალანის ძვალი, სარდიონის (21 ც), გიშრის (1 ც), ქარვის (1 ც), მინის (26 ც) მძივები, რკინის დანა, თიხის წითლად გამომწვარი სამტუჩა დოქი, რომლის მუცელი შემკულია კოპებით, სპილენძის გახვრეტილი მონეტები (3 ც), რომლებიც დავთრის ჩანაწერის მიხედვით ყალბი უნდა იყოს. კოლექციაში შემავალი ნივთები გვიანი ანტიკური ხანისაა.
 
ბიბლიოგრაფია: აფხაზავა 1979: 11; დავლიანიძე 1983: 4, 7-10, 13, 15, 17, 21, 30, 31, 38, 45, 46, 57, 60-62, 68, 71, 81, 82, 86, 89, 107, 109-115; ლორთქიფანიძე 1935: 319; მასალანი საქ. სტატ. 1907: 114, 116; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 124; საქ. არქ. 1992: 161-163; სომხ. ხელნაწერთა ... 1978: 76; ფხაკაძე 1963; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 124; ქართულ-სპარსული ... 1955: 157; ქც 4: 327,14; ჯაფარიძე 1991: 105-107; კუფტინი 1940: 22; 1944ა: 86-89; პჩელინა 1930: 147-162.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9