კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კიკ კიმ

კიმოთისმანი

(ტიმოთესუბანი), მონასტერი (ქც 4: 346,23).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 346,23), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 46).

მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, გუჯარეთისწყლის მარჯვენა ნაპირზე, წაღვერიდან 3 კმ-ის დაშორებით, სოფ. ტიმთესუბანთან.

წერილობით წყაროებში ტიმოთესუბანი იხსენიება კიმოთისმანად (ქც 4: 346, 23; ბაგრატიონი 1986: 46).

ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სამონასტრო კომპლექსი მოიცავს გუმბათიან ეკლესიას, დარბაზული ტიპის მცირე სამლოცველოს, სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს. მონასტრის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის მიძინების XII-XIII სს-ის გუმბათიანი ტაძარია. აგებულია აგურით. ტაძრის გეგმის სამი მხარე სწორხაზოვანია, მეოთხე შვერილი. საკურთხევლის სამივე აფსიდა სწორხაზოვნად გარეთ გამოდის. ცენტრში აღმართულია გუმბათი, რომელიც ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის პილონებს. ტაძრის გვერდითი მკლავები მოკლეა, ორი დანარჩენი – შედარებით გრძელი. საკურთხეველი სამნაწილიანია. შუა ნაწილი მიღებულია აფსიდისა და ბემის შეერთებით. გვერდითი სათავსოებიც აფსიდით მთავრდება. საკურთხეველს გასდევს ერთი საფეხური. საკურთხევლის გვერდითი სათავსოები ორ-ორ სართულიანია. ქვემოთ მოთავსებულია სამკვეთლო და სადიაკვნე. სამკვეთლოში შემორჩენილია ერთი მთლიანი ქვისგან გამოკვეთილი ტრაპეზი. ქვედა და ზედა სართულებს აქვთ თითო სარკმელი. ასასვლელი ორივე სათავსოს ცალ-ცალკე აქვს კამარების დასავლეთ მონაკვეთში. სადიაკვნესა და სამკვეთლოში შედიოდნენ დასავლეთის კარით. ტაძარს შესასვლელი აქვს დასავლეთ და სამხრეთ კედელში. ტაძარი ნათდება გუმბათის – 12 და ქვედა კორპუსში განლაგებული სარკმლებით. ინტერიერში შემორჩენილია კედლის მხატვრობა. ფასადები სადაა. ლორფინების სახურავი არ უნდა იყოს თავდაპირველი, რადგან ეზოში და ტაძრის ირგვლივ ბლომად გვხვდება მოჭიქული კრამიტები. გუმბათის ყელს შემოუყვება ცისფრად მოჭიქული შორენკეცები (ზაქარაია 1978: 101-103).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 46; ბაქრაძე 1875: 83; ზაქარაია 1961: 71-102; 1978: 99-111; მაკალათია 1957; პრივალოვა 1975: 56-64; ქც 4: 364,23; ყაუხჩიშვილი 1951: 303.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9